პატივსაგები კაცი უმადურების წრეში
12 წელი გავიდა, რაც საქართველომ მხრებიდან მართლაც მოიხსნა სააკაშვილის სისხლიანი უღელი და საქართველოს მოქალაქეებმა მართლაც რომ შვებით ამოისუნთქეს, მაგრამ დახეთ, საოცრებას! – დემენცია დაემართათ, უფრო ზუსტად, დემენციის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი _ მეხსიერების სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა, რაც უმადურობასა და დაუნახაობაში გამოვლინდა. თუ ასე არ არის, სხვას რას უნდა ნიშნავდეს რიგითი ადამიანების პრეტენზიები და გულისწყრომა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში კიდევ ერთხელ მობრუნების გამო, ყველა მათგანი “ნაცკოორდინატორი” ან “ნაცმოსგან” რაღაცით დავალებული ხომ არ არის? კი, სამართალი და სამართლიანობის აღდგენა გარე ძალებისგან არნახული ზეწოლის გამო აუსრულებელ დაპირებად დარჩა და შერჩევითმა სამართლმაც ფხა გამოიღო, გალაღდა, მაგრამ სხვა დანარჩენი?
მარტივად ვთქვათ _ ასობით უკანონო პატიმარი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების ადგილებიდან (კანონიერად დაპატიმრებულებიც კი გამოჰყვნენ ამ ტალღას);
ოფიციალური სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ათასობით ადამიანის წამება, სადისტური ცემა-გვემა, გაუპატიურება და გაუპატიურების მუქარა არა მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და პოლიციის განყოფილებებში, მოდულის შენობასა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში _ შეწყდა;
ბიზნესის “სავალდებულო რეკეტზე” _ ჩამორთმევა-მიტაცებაზე აღარაფერი გვსმენია;
“ნაცმოს” შვილობილი ყველა მედიასაშუალება, თავისი ჟურნალისტებიანად, კვლავ “ნაცმოს” სამსახურშია და უფრო მეტადაც იბარტყა. ყველა მათგანი ისეა მიშვებული, რასაც მოისურვებენ და ვის წინააღმდეგაც დაუკვეთენ ლაფის სროლას, ან რისამე პროპაგანდას დაავალებენ, კაცი არაა პასუხის მომთხოვი და თითის დამქნევი, ანუ აბსოლუტურად თავისუფალ-მიშვებულია თვით შინაგანი ცენზურისგანაც კი;
მამალ თუ ჩუმ “ნაცმოელებს” ბუზიც არ აფრენიათ ცხვირწინ, კვლავ საკუთარ სამსახურებსა და პოზიციებზე დარჩნენ და ძველებურადვე მავნებლობენ…
ჩამონათვალი ვრცელია და ყველა სფეროს მოიცავს , ქვეყნის ქვაკუთხედით _ ძალოვანი სტრუქტურებით დაწყებული, ნებისმიერი სფეროთი დამთავრებული!
ქვეყნის ხორცმეტი ე. წ. ასო-ებიც _ გაშიფრული უცხო ქვეყნების აგენტები თუ გავლენის აგენტები კვლავ ჟივჟივებენ!
და ეს ქვეყნის მთელი ბალასტი ერთად ისევ რომ უკმაყოფილოები არიან “ქართული ოცნებისა” და პირადად ბიძინა ივანიშვილისა და იმაზე მსჯელობენ, რატომ მობრუნდა პოლიტიკაში!
დაუნახავ და უმადურ ბრბოს ვერ გააგებინებ და არც გაიგებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისგან გათავისუფლებული საქართველო, რომ არა ამ პატივსაგები კაცისა და მისი გუნდის სწორი სვლები შინ თუ გარეთ, ახლა ნაცარტუტად იქნებოდა ქცეული…
2024 წლის შემოდგომაზე ღვთის ნებით, კიდევ ერთხელ მოვა 1-ელი ოქტომბერი და ვინც საქართველოში ცხოვრობს და აზროვნებს კიდეც, კიდევ ერთხელ აირჩევს ხელისუფლად “ქართულ ოცნებას”, ხოლო ის პირები და პირთა ჯგუფები, რომელთაც ოცნებები დაუმსხვრია ბიძინა ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ”, კიდევ ერთხელ დააპირებენ არეულობის მოწყობას.
იგესლებიან და საკუთარ გესლშივე იხრჩობიან, რადგან თვითონვე გამოდეს საკუთარი შიშველი რაობა შარაზე, სარგებელი ეკარგებათ პოლიტიკაში ტივტივის გარეშე რადგან, ტრენინგებზე ნასწავლი ფრაზების სროლის გარდა კი არც არაფერი იციან, ხოლო გარე ძალების მატერიალური თუ ტექნიკური შემწეობის გარეშე არაფერი შეუძლიათ.
ბიძინა ივანიშვილმა რა სარგებელი მიიღო 1-ელი ოქტომბრის მოყვანით?
ერთადერთი, თუ მანამდე მხოლოდ მისი გვარ-სახელი ჰქონდათ გაგონილი აქა-იქ, ახლა ყველამ ვიცით მისი არსებობის შესახებ და ვიცნობთ კიდეც; ასევე, გავიგეთ, ვინ არიან მისი ოჯახის წევრები და ზოგ მათგანს სახეზეც ვცნობთ; დანარჩენი, მისთვის არაფერი შეცვლილა სახეიროდ, პირიქით, საქართველოს სახით საზრუნავი და საარჩენი მოემატა მისი ოჯახის წევრებს კი ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორი გაუჩნდათ.
როდესაც პირველად გამოჩნდა ღიად ბატონი ივანიშვილი და თქვა, მე მოვედიო, ვერსიების კასკადი წამოვიდა: რა უნდა, რატომ გამოჩნდა, მჯდარიყო ისევ უხილავად და გაეგრძელებინა ჩვენი კვებაო.
პირველი ვერსია იყო, რომ ფულის საშოვნელად დაბრუნდა.
იმ დროს, როდესაც მისი პირადი ქონება ლამის საქართველოს ბიუჯეტს უტოლდებოდა, იმ ქვეყანაში დაბრუნდა ფულის საშოვნელად, სადაც ყველაფერი გაპარტახებული იყო და ქვეყნის შენების საძირკვლის ჩასაყრელად იქით არიგებდა ფულს?!
ფულის საშოვნელად იმ ქვეყანაში დაბრუნდა და დაპირისპირებულ მხარედ გამოჩნდა, სადაც სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის ქვეშ უნდა დაეყენებინა საკუთარი თავი და ოჯახის წევრები?!
კაცი, რომელსაც საშვილთაშვილოდ უზრუნველად ცხოვრება შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში, საქართველოში “ფულის კეთების სურვილმა” დააბრუნა?
მეორე ვერსია _ ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდოდა.
ხელისუფლებაც ხელში ჰქონდა და თვითონვე აფინანსებდა გარკვეული დროით იმ ხელისუფლების ცალკეულ მიმართულებებს, რაც ქვეყანას წაადგებოდა და რომელსაც სახელად სააკაშვილის ხელისუფლება ერქვა. სააკაშვილი, რომელსაც დღესაც შიშის ფეთება ემართება მისი სახელის გაგონებაზე, უარს როგორ შეჰბედავდა რამეზე ან ნებისმიერ პოსტზე (ან შემდგომ, მის მიერვე მონაპოვარ ხელისუფლებაში ვერ დარჩებოდა ნებისმიერ თანამდებობაზე?)?!
მესამე ვერსიაა, რომ პუტინის, რუსეთის კაცია.
ამ ვერსიაში დღემდე ცოტა არეულად და, ამავდროულად, საინტერესოდ არის საქმე, მძიმე აზრთა სხვადასხვაობაა… ვიღაცებისთვის პუტინი ცალკე კაცია და რუსეთი ქვეყანაა; სხვა ვიღაცებისთვის _ პუტინი და რუსეთი განუყოფელი არიან; კიდევ სხვა ვიღაცებისთვის _ პუტინი ცალკე დაჯგუფებაა, რაც “დიდ რუსეთს” წარმოადგენს, ხოლო რუსეთი ის რუსეთია, რომელიც პუტინს ებრძვის დასავლური ღირებულებების დასამკვიდრებლად.
მოკლედ, რომელი პუტინის ან რომელი რუსეთის კაცია ბიძინა ივანიშვილი, ამის გარკვევაში თვითონვე გაიხლართნენ ამ ვერსიის ქვევერსიების ავტორები.
ვერსია _ ივანიშვილი “რუსეთში მოღვაწე კანონიერი ქურდების” მოყვანილია.
ეს თუ ასე არ არის, აბა, რატომ არ ეხებოდნენ რუსეთში მის ბიზნესს მაშინ, როცა რუსეთში ძაღლი პატრონს ვერ ცნობდაო? ამ ვერსიას ვრცელი გადაცემაც (სიუჟეტებიც) მიეძღვნა, მაგრამ ყოველ ჯერზე უიმედოდ მიინავლა.
ვერსია _ საქართველოს გასანადგურებლად აშშ-იდან ებრაელმა მასონებმა გამოაგზავნეს.
საფლავ-საფლავ და სოფელ-სოფელ სიარულმა ხელმოსაჭიდი ვერაფერი მისცა ვერსიების გამავრცელებელ კანტორას, შესაბამისად, ამ ვერსიამ ხეირიანად ამოსუნთქვაც ვერ შეძლო და მცირე გაფაფხურების შემდეგ ჩაკვდა კიდეც.
მოკლედ რომ ვთქვათ, ვერცერთმა ვერსიამ ვერ იმუშავა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დიდი ხანია, რაც აღნიშნული ვერსიების “ნიშები” თვით ამ ვერსიების გამავრცელებლებს აქვთ დაკავებული და მათთან ერთად იმავე ვერსიებში ბატონი ივანიშვილისთვის ადგილი, უბრალოდ, აღარ დარჩა.
ასეთ მოცემულობაში, კრიმინალურ გაერთიანებას, ერთი კაცის პარტიას, ფაქტობრივად, სექტას, რაგინდ დაშლილ-დანაწევრებული იყოს, სანამ არ ამოიძირკვება, მუდმივად ექნება რევანშისტული აღტკინება, რადგან ძალიან ძნელია, უშრომელ შემოსავალსა და გაბატონებულ მდგომარეობას შეელიო.
იმ სექტაში ყველა ფანატიკოსი ხომ არ არის, ზოგი აზროვნებს კიდეც, მაგრამ რა ქნას, თუ პოლიტიკური “პოროხი” არ ჰყოფნის, უნდა თუ არა, იძულებულია, პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის გზით იაროს, არ დაიხიოს არც ცილისწამებებზე და არც არანაირ უგვანობაზე, რადგან სხვაგვარად, როგორც პოლიტიკას მიტმასნილი ხორცმეტი, უბრალოდ, ვერ გადარჩება.
სწორედ ამიტომ არის, რომ სულ იმის მცდელობაში არიან, მუდმივად იყოს რაიმე მიზეზის გამო დესტაბილიზაცია, ქაოსი, არეულობა, არ აქვს მნიშვნელობა, ამის მიზეზად რას მოიდებენ. ეს წყნარი, მშვიდი, გაწონასწორებული და კანონმორჩილი ხელისუფლება კი დუნე მდინარესავით მიედინება _ სწრედ ეს არის, რაც მოვლენების სწრაფად განვითარებას შეჩვეული საქართველოს მოქალაქეების გულისწყრომას იწევს.
ახლა კი ის ვიკითხოთ, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრისგან რა სარგებელი მიიღო ბიძინა ივანიშვილმა?
პასუხი ცალსახაა: ბევრი მტერი შინ და გარეთ და ბევრი უმადურზე უმადური დაუნახავი შინ!
მაია ჭელიძე