საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ჩვენ შევდივართ ფაზაში, როცა ტერიტორიული პრობლემების მოგვარება უნდა დაიწყოს – საერთო მედია
სექტემბერი 7, 2024

ჩვენ შევდივართ ფაზაში, როცა ტერიტორიული პრობლემების მოგვარება უნდა დაიწყოს

 

გვესაუბრება “სტრატეგიული
დაგეგმარების ცენტრის”
ხელმძღვანელი ლევან მამალაძე:

_ ბატონო ლევან, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მთავარი განსახილველი თემები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება იყო. რა მიმართულებით იცვლება მსოფლიო წესრიგი?
_ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ფორუმზე წამყვანი ქვეყანა ჩინეთი გახლდათ. ჩინელებმა გლობალური, ყოვლისმომცველი პროექტები წარმოადგინეს. მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერესებიც გამოიკვეთა. პრემიერი ღარიბაშვილი ჩინეთის წარმომადგენლობას შეხვდა. საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები ეხსნება. ეს მნიშვნელოვანია. დავოსის ფორუმმა ახალი ეტაპის დასაწყისს ჩაუყარა საფუძველი _ კასპია-შავი ზღვის კორიდორს უფრო დიდი დატვირთვა ექნება. სხვათა შორის, ფორუმის მესამე დღე რეგიონულ პოლიტიკას დაეთმო. კავკასიაში მშვიდობის მიღწევის მიმართულებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება. ეს თემა აქტიურ ფაზაშია შესული. ამ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო როლის შესრულებაში დიდია საქართველოს წვლილიც. გადასაწყვეტია გაყინული კონფლიქტების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხიც. ჩვენ ახლა სწორედ ამ ახალ ფაზაში შევდივართ.
რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს, ყველას ეგონა, რომ ისრაელი ამ ანტიტერორისტულ ოპერაციას, როგორც თავად უწოდეს, მალე დაასრულებდა, მაგრამ ომი გაიწელა, რაც კარგს არაფერს მოასწავებს. საუბარია კონფლიქტის მეტად გაფართოვებაზე. იემენის გააქტიურებამ და შემდგომ იგივე აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო პასუხმა, კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ მოსალოდნელია ომის გაფართოვება. მათ შორის, გარკვეული დაძაბულობის, საომარი მომენტების შექმნა ირანთან, რაც უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება.
უკრაინა კი ისევ მთხოვნელის როლშია. ზელენსკიმ ქვეყანა ისეთ დღეში ჩააგდო, რომ დღეს მხოლოდ დასავლეთის დახმარების იმედად დარჩა. უკრაინის მიერ განხორციელებულმა კონტრშეტევამ შედეგი არ გამოიღო. ყველა ღონისძიება, რაც დასავლეთის მხრიდან გატარდა, უშედეგოდ დასრულდა. უკრაინა წარმატებას ამ დრომდე ვერ აღწევს. არადა, საუბრობდნენ, რომ რუსეთს მალე დააჩოქებდნენ, დაამშევდნენ. თუმცა დაწესებული სანქციების ფონზე რუსეთის ეკონომიკური ზრდა ბევრად მეტია, ვიდრე ომამდე იყო. რუსეთმა ახლა უფრო მეტი ნავთობი გაყიდა, ვიდრე ომამდე. ასე რომ, უკრაინა მძიმე სიტუაციაშია. საუბრები მიდის იმ მიმართულებით, რომ, თუ დასავლეთი ძალ-ღონეს არ მოიკრებს და უკრაინის დასახმარებლად ფინანსების მობილიზებას ვერ შეძლებს, რუსეთი წარმატებას მიაღწევს.
_ ევროკომისიის წევრები ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუპირისპირდნენ, რომელიც მათი აზრით, ორბანის შანტაჟს წამოეგო. როგორ ფიქრობთ, უნგრეთი ხმის უფლების გარეშე დარჩება?
_ რთული ვითარებაა, ევროკავშირმა უკრაინას გარკვეული დახმარებები გაუწია. ამჯერად მის დახმარებას არამარტო უნგრეთი, არამედ სლოვაკეთი და სხვა ქვეყნებიც ეწინააღმდეგებიან. მოტივი შემდეგია _ გაწეული დახმარების მიუხედავად, შედეგი არ დგება. ამ მოტივით, უნგრეთს ხმის უფლებას თუ შეუჩერებენ, ეს დეზინტეგრაციული პროცესების დასაწყისი იქნება. ანუ, ევროკავშირი კარგავს იმ ხიბლს, რაც სტაბილურობის, დემოკრატიის, კეთილდღეობის კუთხით ჰქონდა. ეს უკვე იცვლება. გაიარეთ წამყვანი ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში, თუნდაც პარიზში, ბრიუსელში და მიხვდებით, რომ ევროპა სახეს კარგავს. ამიტომ მეტი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 62 მილიარდის გამოყოფა მოხერხდეს, რასაც “რესპუბლიკელები” ეწინააღმდეგებიან. ეს თანხაც ჰაერშია გამოკიდებული. როგორც მოგახსენეთ, ევროპელი ლიდერები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, რუსეთი გაიმარჯვებს. რუსეთის გამარჯვება არ უნდა დავუშვათ! _ ეს გახლავთ დასავლეთის ლიდერების პოზიცია. რა შედეგი დადგება, დრო გვიჩვენებს.
ამ მიმართულებით დიდი პლუსია ის, რომ საქართველო ვერ ჩაითრიეს რუსეთთან დაპირისპირებაში. მით უფრო, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და კიდევ ერთ სამხედრო დაპირისპირებას ვერ გაუძლებს. ახლა დგება დრო, გაყინული კონფლიქტების შედეგად წარმოშობილ სეპარატისტულ ანკლავებთან დაკავშირებით, რომელთა დამოუკიდებლად ცნობა რუსეთმა სააკაშვილის “გმირული საქმიანობის” შედეგად შეძლო, გარკვეული გადაწყვეტილება მომზადდეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი უნდა დაიწყოს. აქვე გეტყვით, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ხელს შეუწყობს, რათა ტერიტორიული პრობლემების მოგვარების კუთხით რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
_ წეღან ახლო აღმოსავლეთში ომის გაფართოების საშიშროება ახსენეთ. ირანმა ისლამაბადის სივრცე დაარღვია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ პაკისტანი ბირთვული სახელმწიფოა…
_ დიახ, ახლო აღმოსავლეთის ომი რეგიონის სხვა ქვეყნებსაც ითრევს. ისრაელმა ღაზას სექტორში მიმდინარე ოპერაცია ვერ დაამთავრა. ამას მოჰყვა სიტუაციის უკიდურესი გამწვავება წითელ ზღვაში. იემენელი “ჰუსიტების” მხრიდან კომერციულ გემებზე მიტანილი იერიშების გამო საერთაშორისო გადაზიდვები შეჩერებულია, რამაც ქვეყანაში დიდი ეკონომიკური პრობლემები შექმნა. აშშ ხელს ირანისკენ იშვერს და მასზე ზეწოლას ახორციელებს. ირანში ტერორისტული აქტების განხორციელებას 95 ადამიანი შეეწირა. ამაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ის დასავლეთის შექმნილი პროდუქტია, რომელიც შემდგომ კონტროლიდან გაექცა. ახლა ვინ აკონტროლებს, ძნელი სათქმელია. ასე რომ, სახეზეა კონფლიქტის გაფართოება, რაც მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს.
_ 2024 ბევრ ქვეყანაში არჩევნების წელია, მათ შორის, აშშ-შიც…
_ აშშ-ში სერიოზული კრიზისია. ეს არჩევნები მარტივად არ ჩაივლის. ტრამპის, “რესპუბლიკელების” რეიტინგი ბევრად მაღალია, ვიდრე ბაიდენისა და მისი პარტიის. “დემოკრატები” ცდილობენ, ხელისუფლება ხელიდან არ გაუშვან და საკმაოდ რისკიან ღონისძიებებს ატარებენ. ამან, შესაძლოა, აშშ-ში დამატებითი დაძაბულობა შექმნას, რაც ზეგავლენას მსოფლიოზეც მოახდენს. ვინც ადრე ტრამპს მხარს არ უჭერდა, ახლა მის მხარესაა. თვალსაჩინოა, ვინ უნდა აირჩიონ ბაიდენსა და ტრამპს შორის, ანუ დემენციასა და ჭკუას შორის. ტრამპი იმარჯვებს, მაგრამ “დემოკრატებს” ხელისუფლების დათმობა არ სურთ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. გარდა ამერიკისა, არჩევნები ტარდება აზერბაიჯანშიც, მერე რუსეთში, ევროკავშირში, საქართველოში. სხვა ქვეყნებში საარჩევნო პროცესი დამატებით იმედს მაძლევს _ დასავლეთის ქვეყნებს, რომელთაც სურთ, საქართველოზე მუდმივი ზეგავლენა ჰქონდეთ და თავისუფალი მოქმედების საშუალება შეგვიზღუდონ და ხშირად რევოლუციებითაც გვემუქრებიან, ჩვენი პრობლემებისთვის დრო და საშუალება არ ექნებათ.
_ ზემოთ აღნიშნეთ, ივანიშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის გადაჭრას შეუწყობს ხელსო. სხვა რას უკავშირდება პოლიტიკაში მისი დაბრუნება?
_ ივანიშვილი არ მოასვენეს _ ხან ანგარიშები გაუყინეს, “კრედიტ სუისს” სასამართლო მოუგო, მაგრამ თანხა მაინც არ დაუბრუნეს. ამით დასავლეთს სურდა, ივანიშვილზე ზეგავლენა მოეხდინა და მისი ავტორიტეტის წყალობით, საქართველო ისე ემართა, როგორც თავად აწყობდა. ანუ, რუსეთთან მიმართებით საქართველო დაპირისპირების ახალი პლაცდარმი უნდა გამხდარიყო. ივანიშვილს რა ცილი აღარ დასწამეს მაშინ, როცა იგი საკუთარი ფინანსებით უამრავ ადამიანს ეხმარება. უმადურობამ ყველაფერი წალეკა. მისი დაბრუნების მიზეზი “ქართულ ოცნებაში” არსებული პრობლემებიცაა. ასევე ის, რომ ქვეყანას არ ჰყავს ოპოზიცია. მან ყურადღება გაამახვილა კორუფციაზეც, რაზეც რეაგირების მოხდენა მოუწევს. ივანიშვილის დაბრუნება იმ გზაგასაყარზე მოხდა, როცა კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. მისი პოლიტიკაში შემოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რათა ქვეყნის განვითარება უფრო სტაბილურ ფაზაში შევიდეს. ვიმეორებ, ჩვენ შევდივართ ფაზაში, როცა ტერიტორიული პრობლემების მოგვარება უნდა დაიწყოს. ივანიშვილს მეტი შესაძლებლობა ექნება, რათა ამ მიმართულებით, რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს. საქართველომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.
_ არჩევნებზე რა გავლენას იქონიებს პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნება?
_ რიგი ქვეყნები ეცდებიან საქართველოზე გავლენა იქონიონ. ისინი შეეცდებიან მმართველობაში თავიანთი დაქირავებული პოლიტიკური ჯგუფები მოიყვანონ, ანუ მეხუთე კოლონა. ამ ჭიდილში ჩვენ ქვეყნის ერთიანობის, სტაბილურობის შენარჩუნება უნდა შევძლოთ. ნაცებს ექნებათ მცდელობა, არჩევნები თავიდანვე არალეგიტიმურად გამოაცხადონ და ეს დაპირისპირების ახალ ტალღად აქციონ. ევროინტეგრაციის საბოტაჟის მცდელობა ჩაუვარდათ და ახლა გაყალბებულ არჩევნებზე დაიწყეს საუბარი. ამიტომ ივანიშვილის დაბრუნება დადებითი ფაქტორია, რათა მსგავსი სახიფათო მღელვარება თავიდან ავიცილოთ. ნაცებმა გააჟღერეს ისიც: სანამ მიშა ციხეშია, არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლებაო. უკრაინის მოქალაქე ციხეში იჯდება თუ გალიაში იჟღურტულებს, რა მნიშვნელობა აქვს. მას უფლება არ აქვს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს ან ქართულ პოლიტიკაში ჩაერიოს. გარე ძალების აქტიურობა, რომლებიც სააკაშვილის თემის წამოწევას და არჩევნებთან მის მიბმას ცდილობენ, ადასტურებს, რომ მეხუთე კოლონას გარედან აფინანსებენ. ისინი შეეცდებიან, არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და ხალხის მასები ქუჩაში გამოიყვანონ. გარდა ამისა, ნაცები ეცდებიან, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ხელი შეუშალონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. დაქირავებული ევროპარლამენტარები გაიძახდნენ: საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნისო. მაგრამ საქმე ის არის, რომ ევროპა თავად არის დაინტერესებული, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ევროკავშირი ახლა თავად დგას არჩევანის წინაშე _ ჩვენი გაწევრიანების პროცესი უნდა დააჩქაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კავკასიის რეგიონზე გავლენას დაკარგავს.

თამარ შველიძე