საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ჩინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე იზრუნებს – საერთო მედია
მარტი 2, 2024

ჩინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე იზრუნებს

 

გვესაუბრება
პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი
რამაზ საყვარელიძე:

_ ბატონო რამაზ, როგორი იქნება ახალი პოლიტიკური წელი, რას შეცვლის პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ივანიშვილის დაბრუნება?
_ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას უპრიანია, თავად ივანიშვილს დავეყრდნოთ, რადგან მას გულახდილად საუბარი სჩვევია. და, დიდწილად, გულახდილი ადამიანია. “ქართული ოცნების” მეშვიდე ყრილობაზე მან საინტერესო პასაჟები გააჟღერა იმის შესახებ, თუ რატომ დაბრუნდა კვლავ ქართულ პოლიტიკაში _ “ქართული ოცნება” პრაქტიკულად კონკურენტის გარეშეა, რამაც შესაძლოა, ხარვეზები წარმოშვასო. იმაში, რომ “ქართული ოცნების” ნებიერი მდგომარეობა მისთვისვეა ცუდი, საკამათო არაფერია.
ივანიშვილმა ერთ-ერთ პრობლემად კორუფცია და მეორე მხრივ, პარტიაში მისი წევრების მიერ ჯგუფების შექმნის სურვილი დაასახელა. სავადაუდოდ, ივანიშვილი ეცდება, დამოუკიდებელი ჯგუფების შექმნის ცდუნება მოთოკოს და პარტიას მონოლითურობა შეუნარჩუნოს. ჩემი აზრით, “ქართული ოცნების” პრობლემის გადაწყვეტა მის მონოლითურობაში ვერ იქნება. მიმაჩნია, რომ პირიქით, მმართველი პარტიის პრობლემები მისმა მოზაიკურმა ვერსიამ შეიძლება გადაწყვიტოს. კერძოდ, კარგი იქნება, თუკი ერთი მონსტრისგან რამდენიმე ოპოზიციური პარტია შეიქმნება. თუ ვინმეს ცალკე გასვლა უნდა, დაე, გავიდეს. ამით მრავალპარტიულობის შანსი გაჩნდება.
ვთქვათ, ივანიშვილმა, მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, მოახერხა და განცალკევების იდეა ჩაახშო. ხვალ, ზეგ ხომ იგივე პრობლემა გაჩნდება?! ცნობილია, ეგრეთ წოდებული ბანდის ეფექტი. როცა კრიმინალურ ბანდას პოლიცია დევნის, ის შიგნიდან მტკიცეა. მაგრამ როგორც კი აღმოჩნდება, რომ მას მდევარი აღარ ჰყავს, თანდათან ბანდის შიგნიდან დაშლა იწყება, რაც ბუნებრივი პროცესია. ეს არ არის არც ივანიშვილის ან ვინმე სხვის შეცდომაზე ან კაპრიზზე დამოკიდებული. ჩემი აზრით, ივანიშვილმა პროცესები თავისუფალ დინებაზე უნდა მიუშვას და არ აკონტროლოს. თუმცა, შესაძლოა, ბატონ ბიძინას უნდოდეს, რომ თავისი ავტორიტეტით პარტიის ერთიანობა შეინარჩუნოს და პროცესები აკონტროლოს. ეს არც მისი პარტიისთვის იქნება კარგი გამოსავალი და არც ქვეყნისთვის.
_ როგორ შეხვდა ოპოზიცია ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, რატომღაც გასუსულები არიან. რა ტაქტიკა აირჩიეს?
_ რა კარგ სიტყვებს იყენებთ ოპოზიციასთან მიმართებით _ მათთან ტაქტიკა რა მოსატანია. რა სფეროში დაინახეთ, ოპოზიციის ტაქტიკა?! მართალი ბრძანეთ, ოპოზიცია გასუსულია, მისგან სულ სხვა რეაქციას ელოდნენ. ყველამ შენიშნა, რომ რაღაც სხვა ხდება. მიზეზი ის არის, რომ ივანიშვილის გამოჩენა ოპოზიციისთვისაც მოულოდნელი იყო. რაც უნდა თქვან, მათ იგი ძლიერ ფიგურად მიაჩნიათ. ასე რომ, ივანიშვილის გამოჩენა ოპოზიციისთვის მოულოდნელიც არის და საშიშიც. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ვერ ხვდებიან, რისთვის დაბრუნდა. რაც უნდა ბევრი იყვიროს ოპოზიციამ, ჩვენ ვიმარჯვებთო, ხომ მშვენივრად იციან, სინამდვილეში, მარცხისთვის არიან განწირულნი. და ამ განწირულმა ადამიანებმა, უცებ დაინახეს, რომ მათ კარზე იმ პიროვნებამ დააკაკუნა, რომელიც სწორედ მათ დამარცხებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ეს მათთვის დიდი დისკომფორტია.
_ ღარიბაშვილმა დავოსში განაცხადა, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს 60%-ს მივიღებდითო…
_ … და ამაზე ოპოზიციამ მაშინვე ქილიკი დაიწყო. არადა, თვითონ სულ გადაჭარბებული ციფრებით გვესაუბრებიან. გირჩი-ზურაბმა ორიოდ დღის წინ განაცხადა: დღეს ოპოზიცია ისეთ ფორმაშია, უფრო მეტად შეუძლია მოგება, ვიდრე 2020 წლის არჩევნებშიო. ეს ხომ გადაჭარბებული ნათქვამია. იქვე მეორე ფრაზაში დააყოლა: ოპოზიცია ფორმაში არ არისო. აბა, როგორ იგებენ?! დიახ, ღარიბაშვილმა 60%-იან მხარდაჭერაზე ისაუბრა. ახლა, თვლა დავიწყოთ, 60%-ს მიიღებენ თუ 55%-ს? ეს ოპოზიციის დღის წესრიგია _ ქართული პოლიტიკა აიძულოს, იმაზე იფიქროს, რა თქვა ოპოზიციამ და არა _ რეალობაზე.
_ ევროპის საბჭომ საქართველოსთვის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. პარალელურად გვეუბნებიან: ცხრაპუნქტიან დავალებას თუ არ შეასრულებთ, მოლაპარაკებები არ გაიხსნებაო. აქვე დეოლიგარქიზაციის პუნქტზეც მიგვითითებენ.
_ თქვენთან შეხვედრამდე, ერთ-ერთ რადიოარხზე ვიყავი მიწვეული, სადაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ. ცხადია, ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი სერიოზულ ფიგურად ვერ ჩაითვლება _ ის მარცხენას და მარჯვენას ვერ არჩევს. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ქვეყანას ვიღაც სხვა მართავს. ამ დროს ამერიკელები გვსაყვედურობენ, ქვეყანაში არაფორმალური მმართვლობააო. სამწუხაროდ, ჩვენ ყველაფერს მნიშვნელობას ვანიჭებთ, რასაც ისინი გვეტყვიან. მოდი, რეალისტები ვიყოთ. გვთხოვენ დეოლიგარქიზაციას, ცხრა ახალი პუნქტის შესრულებას! მაგრამ 12 პუნქტის შესრულებას არ დაელოდნენ და კანდიდატის სტატუსი მოგვცეს. ე. ი. არ იყო ეს პუნქტები მნიშვნელოვანი. მაშინ რატომ გადაგვცემენ ანათემას ამ ცხრა პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში?! პოლიტიკა ასეთი მეთოდებით არ იმართება. ინგლისელების ნათქვამია: პოლიტიკაში მთავარია ინტერესებიო. ისმის კითხვა: რა ინტერესი აქვს დასავლეთს, რომ მაინცდამაინც ეს ცხრა პუნქტი შევასრულოთ?! თუ ამას არ გააკეთებთ, ევროკავშირის წევრები ვერ გახდებითო, ღიმილს მგვრის. ეს დათქმული პუნქტები არ ასახავს არც პოლიტიკურ ინტერესს და არც რეალობას.
_ ბატონო რამაზ, მსოფლიო წესრიგი იცვლება, მრავალპოლარული მსოფლიოს კონტურები მოხაზულია. საქართველო იბრუნებს იმ გეოპოლიტიკურ როლსა და ადგილს, რას საუკუნეების განმავლობაში გააჩნდა?
_ ბრძოლა მიდის არსებობისთვის. ღმერთის წყალობით, ჩვენთვის გაჩნდა ისეთი არენა, სადაც ხმლით არა, მაგრამ საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად დიპლომატიით, ცოდნით ვიბრძვით. ეს ადგილი, თავის დროზე, შევარდნაძემ მოხაზა _ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა მავანი დააფიქრა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია ხომ არ აქვსო. ეს არ არის შემთხვევითი. ახლა სატრანზიტო ფუნქციამ გაცილებით დიდი მასშტაბები შეიძინა. შუა დერეფნის მიმართ ჩინეთის ინტერესი საქართველოს ეკონომიკას მეტ სტიმულს მისცემს. ახალი ეტაპი იწყება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საჭიროა. მხოლოდ ნავთობსადენი საქართველოს პოლიტიკური მიმზიდველობის გაზრდისთვის საკმარისი აღარ იყო. რაც შეეხება იმას, იბრუნებს თუ არა საქართველო თავის გეოპოლიტიკურ როლსა და ადგილს, მე მეტსაც გეტყვით: საქართველოს არც არასდროს გააჩნდა იმ მასშტაბის ფუნქცია, რასაც ახლა იძენს. საქართველოზე აბრეშუმის გზაც კი არ გადიოდა. კი ბატონო, ჩვენი ქვეყანა გარკვეულ შემთხვევებში იყო გზაჯვარედინი, ოღონდ ისეთი მასშტაბური ფუნქცია, რაც ახლა გაჩნდა, არასდროს ჰქონია. საქართველოს არაერთი მტერი შემოესია, მაგრამ არავის აწუხებდა, ჩვენი დაპყრობით სხვა ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა თუ უარესდებოდა. ქვეყნები, რომელთაც ჩვენი დაპყრობის შედეგად ეკონომიკური მდგომარეობა უარესდებოდათ, ჩვენს დასაცავად თითსაც არ ანძრევდნენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მაშინ ჩვენ რაიმე განსაკუთრებული ფუნქცია არ გვქონდა. ახლა კი რა გვესმის? _ რომ შესაძლოა, ჩინეთმა საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაზე იზრუნოს. ანუ, ჩინეთი დაინტერესებულია, საქართველოში მშვიდობა, სტაბილურობა იყოს, რადგან აქ თვითონ უნდა გაატაროს ტვირთი და, ამდენად, კონფლიქტების მოგვარებაზეც ფიქრობს. ასეთი ტიპის ინიციატივა ისტორიის განმავლობაში არასდროს გვქონია.
_ ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია ხუთდღიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა. ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, საქართველოს მიერ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება, პოლიტიკურ დასავლეთზე რევანშიაო.
_ მთელი რიგი სუბიექტები ქართულ პოლიტიკაში ჩინური პოლიტიკის დევალვაციას ცდილობენ. ეს უკვე გაკვირვებას აღარ იწვევს. ოპოზიციამ ევროპა, ევროპაო იძახა და რუსეთის საქმე გააკეთა. ახლახან “იუთუბზე” ერთ-ერთმა ბლოგერმა, რომელიც ხელისუფლების კრიტიკაში აქტიურად არის ჩართული, ფეიგინზე განაცხადა, თავისი ოპოზიციონერობით უშიშროების საქმეს აკეთებს, სხვა შემთხვევაში, უცხოეთში მყოფი რუსების პირადი მონაცემები რად უნდაო. ასე რომ, ეს სტილი ახალი არ არის _ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ადამიანი მაშინაც კი, როცა იგი მის გინებაშია. მე არ მაქვს დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ჩვენი ოპოზიცია რუსეთზე მუშაობს. თუმცა, მიმაჩნია, რომ სწორედ ასეა. ეს ფაქტი, რომ დადასტურდეს, არ გამიკვირდება. ეს ბუნებრივი იქნება. ამას იცით რატომ ვამბობ? _ თუ ვინმესთვის ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობა მიუღებელია, ეს რუსეთი გახლავთ. ჩინეთს საქართველო სჭირდება, რადგან ტრანზიტმა კავკასიაზე უნდა გაიაროს. თუ ტრანზიტი საქართველოზე გაივლის, ვისთვის იქნება ეს წამგებიანი? _ რა თქმა უნდა, რუსეთისთვის. ეს ტრანზიტი ადრე რუსეთზე გადიოდა. ანუ, მის ინტერესებშია, ამ სატრანზიტო ხაზის მიმართ დამოკიდებულება გაფუჭდეს და ამაზე მუშაობს-კიდეც.
_ ევროპის წამების კომიტეტმა დასკვნა დადო, სადაც წერია, სააკაშვილის მიმართ მჩაგვრელ, დამამცირებელ მოპყრობას აქვს ადგილიო.
_ მათგან არაფერი მიკვირს. დასკვნის ნაწყვეტები მოვისმინე, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, თითქოს, მიშა კამერების გამუდმებული კონტროლის ქვეშ რომ არის, ეს სტრესს იწვევს. ეს იმ სააკაშვილზეა ლაპარაკი, რომლის აშენებულ ციხეში პატიმრები ლოგინზე ვერ წვებოდნენ, რადგან ციხის კამერაში მხოლოდ ფეხზე დასადგომი ადგილი იყო. თუ ეს ამ ევროპის წამების კომიტეტმა არ იცის და ისე აკეთებს შეფასებებს, ე. ი. ის კომპეტენტური არ არის. და თუ იცის, რა ხდებოდა სააკაშვილის ციხეებში და ისე აკეთებს მსგავს შეფასებას, ე. ი. პატიოსანი არ არის.

თამარ შველიძე