საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

პოლიტიკური საუკუნე ჩინეთის ამობრწყინებით დაიწყო – საერთო მედია
სექტემბერი 18, 2024

პოლიტიკური საუკუნე ჩინეთის ამობრწყინებით დაიწყო

 

„თუკი ვინმეს არ აწყობს რუსული თემის „სიკვდილი“ საქართველოში, ეს არის მხოლოდ ოპოზიცია, რადგან თუ ეს თემა „მოკლეს“, მათ აქვთ გარანტირებული მარცხი კიდევ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში“ – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ „საერთო გაზეთთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ახალი პოლიტიკური საუკუნე ჩინეთის ამობრწყინებით დაიწყო, მსოფლიო ხდება მრავალპოლუსიანი, სადაც რუსეთი, როგორც პოლიტიკური თემა, აქტუალურობას კარგავს.

– წინასაახალწლოდ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი სიურპრიზი გაუკეთა ოპოზიციას, სრულიად მოულოდნელად დაბრუნდა პოლიტიკაში. ამით, რა თქმა უნდა, შოკში ჩააგდო ოპოზიციური სპექტრი და არამხოლოდ ისინი.
რაც შეეხება დაბრუნების მიზეზს, მან ეს ძალიან კარგად ახსნა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება საჭირო იყო ამ ეტაპზე და თუ რატომ იყო საჭირო, ამას ჩვენ, ალბათ, პროცესებიდან გამომდინარე, გაზაფხულზე ვნახავთ.
ჩვენს ოპოზიციასთან დაახლოებული ევროპარლამენტარები ქართველ პოლიტიკოსებზე მეტად არიან შეშფოთებული მისი პოლიტიკაში დაბრუნებით, რადგან თუკი აქამდე შეეძლოთ ესაუბრათ ივანიშვილზე, როგორც ჩრდილოვან მმართველზე, როგორც ოლიგარქზე, – ის გამოვიდა პოლიტიკურ არენაზე და მსგავსი საუბარი უკვე ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.
– როგორ აღარ ეცადნენ რადიკალები ქვეყნის იმიჯის დაზიანებას და დესტაბილიზაციას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ეკლესიაზე შეტევაც, ბენებრივია, ამ გეგმის ნაწილი იყო…
– რა თქმა უნდა! ძალიან მძიმე დღეშია დღეს ქართული ოპოზიცია, რადგან მათი ორწლიანი „ბრძოლა“ ამაო აღმოჩნდა. ვერც ომში ჩაითრიეს ქვეყანა, ვერც მეორე ფრონტი გახსნეს, ვერც რევოლუციის მოწყობა შეძლეს, ვერც სააკაშვილი დაიხსნეს ციხიდან, რომ ქვეყანა აეოხრებინათ. მათი ბოლო იმედი ევროპელები იყვნენ, რომლებსაც ყელგამოწეული ემუდარებოდნენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ, თორემ კიდევ კარგა ხანს ვერ მოიშორებდნენ ამ ხელისუფლებას. ესეც თავად აღიარეს და აღმოჩნდა, რომ არამხოლოდ სალომე სამადაშვილი დადიოდა კაბინეტიდან კაბინეტში, რიგში მდგარან ჩვენი ოპოზიციური ლიდერები და სთხოვდნენ თურმე ევრპარლამენტარებს, რომ არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის… არც ეს გამოუვიდათ!
რაღა დარჩათ წინასაარჩევნოდ, რის გამოც შეიძლება ატეხონ ერთი ამბავი? – პირდაპირ შტურმს ვეღარ ახორციელებდნენ, რადგან ხალხი, თავიანთი ამომრჩეველი აღარ ენდობა, საყვედურობენ სრულიად სამართლიანად და ეკითხებიან – რა თქვით და რა გააკეთეთ? მართლაც, რა თქვეს და რა გააკეთეს? გახსოვთ ერთი რამ მაინც, რაც თქვა ოპოზიციამ და შემდეგ რაც გააკეთა? – არა! უმოქმედობით, ტყუილებით, ცრუ დაპირებებით გაანაწყენეს თავიანთი ამომრჩეველი და დათესეს ნიჰილიზმი მათში. მათ დაკარგეს ამომრჩევლის ნდობა. ნდობა და რეპუტაცია კი უმთავრესი გადამწყვეტი ფაქტორია საარჩევნოდ ხმის მიცემისთვის.
დარჩა ძალიან დიდი თემა და ვნახეთ როგორ ტექნიკურად შეუტიეს – ეს არის ქართული ეკლესია. ეს არის ბასტილია მათთვის, რომელიც უნდა აიღონ, რადგან ქართული ეკლესიის მრევლის უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია; ქართული ეკლესია მტკიცედ ინახავს საქართველოს ეროვნულ ღირებულებებს და იმ ფასეულობებს, რწმენას, პრიორიტეტებს, რაც ჩვენთვის საუკუნეების განმავლობაში უმთავრესია. ამავე ღირებულებებს უფრთხილდება და ინახავს ხელისუფლებაც. მიზანი, იდეოლოგია და ზოგადი პოლიტიკა ეკლესიისა და ხელისუფლების, სრულ თანხვედრაშია. აქედან გამომდინარე, თუკი ოპოზიცია გაანადგურებს ეკლესიის იმიჯს, ასევე შეძლებს ხელისუფლების იმიჯის განადგურებას. ამით ირიბად ურტყამენ ხელისუფლებას, რადგან ეკლესია არის, ფაქტობრივად, ხელისუფლების ძალა, საერთო ფასეულობების თვალსაზრისით.
თუმცა, მათ ეს ბრძოლაც წააგეს. შედეგად მივიღეთ ის, რომ ეკლესიას მრევლი მოემატა. თუკი გასულ წლებში ცოტა შეთხელებული იყო მრევლის რაოდენობა, ამ შტურმის შემდეგ, რაც შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაიწყო, ვნახეთ რამდენი ხალხი იდგა შობას ტაძარში, რამდენი ხალხი იდგა ნათლისღების დღესასწაულზე და რამდენი ხალხია ყოველ კვირას წირვაზე. ანუ ეკლესიას მრევლი დაუბრუნდა და პლუს, მათი რაოდენობა გაიზარდა, რადგან ადამიანებმა დაინახეს საფრთხე, რომ თუ არ დადგებიან ჩვენი ღირებულებების დასაცავად, ქართული ეკლესიის დასაცავად – ქვეყნის მტრები საქართველოს დაღუპავენ.
ეკლესია არის საქართველოს უმთავრესი საყრდენი და სწორედ ამ საყრდენს ურტყამენ. 2000 წელზე მეტია, საქართველო მოდის, როგორც ქრისტიანული სახელმწიფო. გარეშე მტერმა და ურჯულომ ვერ შეძლო ქართული ეკლესიის განადგურება და ვერც ეს „ბოლშევიკები“ შეძლებენ, ვერც ეს „უღმრთოთა კავშირი“ შეძლებს. მათი მცდელობა ამ შემთხვევაშიც იქნება ამაო.
– ნამდვილად სამარცხვინო ფაქტია, რომ ქრისტეშობასაც კი „ეროვნულობა“ მიანიჭეს, „რუსული“ უწოდეს და ხელისუფლების წინააღმდეგ ამის გამოყენებაც სცადეს.
– საქართველო შობას 7 იანვარს აღნიშნადა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთი, როგორც ქვეყანა, არ არსებობდა. მას კიევის რუსეთი ერქვა და სამოციქულო ეკლესიაც არ გააჩნდა. ელემენტარული ისტორია არ იციან, მაგრამ მთავარია, ყველაფერს სიტყვა „რუსული“ დაარქვან.
რატომ ერჩიან მაინც და მაინც სამების ტაძარს? – მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ წმინდა მატრონას ხატია იქ დაბრძანებული. სამების ტაძარი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის აშენებული და პირდაპირ მის სახელთან ასოცირდება. ამიტომ ნატა ფერაძეს სიტყვები, რომ ეს არის თბილისის სიმახინჯე, ეს არის საშინელება, კორუფციის ბუდე და ასე შემდეგ, მიუთითებს იმისკენ, რომ პოლიტიზირებულია რელიგიური თემა საქართველოში და ეკლესიის მიზანში ამოღებაც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური საკითხი.
აქაც რუსული თემით არიან შეფუთული და ცდილობენ, როგორმე აქედან დაარტყან ხელისუფლებას, რომ თითქოს ხელისუფლება და ეკლესია ერთად მუშაობს რუსეთის სასარგებლოდ.
იმდენად უვიცები არიან, თემები აღარ აქვთ. ვეღარ ბედავენ ჩინეთზე ხმამაღლა საუბარს, თუმცა მაინც საუბრობენ, რაც ასევე, ჩვენი არაკეთილმოსურნეების მიერ არის დაკვეთილი. ჩინეთი არ არის თუნდაც რუსეთი, ჩინეთი ბევრად დიდია, ბევრად ძლიერია, დიდი გავლენა აქვს, ის არის 21- ე საუკუნის წამყვანი სახელმწიფო და ამიტომაც მის განაწყენებას ყველა ერიდება, ამერიკაც კი. დიდი სახელმწიფოები განცხადებებს არ აკეთებენ, მაგრამ აყეფებენ ამ პატარ-პატარა ენჯეოებს და პოლიტიკოსებს მხოლოდ იმის გამო, რომ ჩინეთს გაუფუჭონ პოლიტიკური იმიჯი. თუმცა, მათ აქაც ეშლებათ. ჩინეთი არ არის რუსეთი და ის არავის მისცემს საშუალებას, რომ ამომავალ პერიოდში, როდესაც ძალებს იკრებს და მსოფლიო ერთპიროვნულ მმართველობაზე აქვს პრეტენზია, მისი იმიჯი გაანადგურონ.
– არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ დადგა დრო, როდესაც მსოფლიო მრავალპოლუსიანი უნდა გახდეს. რომელ პოლუსზე იქნება ამ შემთხვევაში საქართველოს ადგილი?
– ძალიან რთული, თუმცა ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყო მსოფლიოში. ზოგადად, საუკუნის შემდეგ მსოფლიო პოლიტიკა იცვლება. ახალი პოლიტიკური საუკუნე დაიწყო ჩინეთის და შორეული აღმოსავლეთის ამობრწყინებით. მე არ ვამბობ რომ ამერიკა და ევროპა გაქრება პოლიტიკურ ორბიტიდან, მაგრამ მსოფლიო ხდება მრავალპოლუსიანი, სადაც რუსეთი, როგორც პოლიტიკური თემა, აქტუალურობას კარგავს.
რუსეთი აღარ არის საქართველოში სალაპარაკო თემა. რუსეთი აღარ არის ჩვენს შიდა კონფლიქტებში სალაპარაკო თემაც კი. აფხაზებსა და ოსებზეც კი აღარ ვილაპარაკებთ რუსეთთანაც, რადგან ჩინეთმა განცხადა, რომ ის იქნება მოდერატორი ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების საკითხში. ჩვენ, ფაქტობრივად, აქაც ჩავეხსენით რუსეთთან პირისპირ საუბარს. ამიტომ რუსული თემის შემოტანა არის მკვდრის გაცოცხლება და თუკი ვინმეს არ აწყობს საქართველოში რუსული თემის „სიკვდილი“, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიცია, რადგან თუ ეს თემა „მოკლეს“, მათ აქვთ გარანტირებული მარცხი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. ამიტომ ცდილობენ, დეზინფორმაციის საშუალებით შეძლონ რუსული თემის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება საქართველოში და ამით ხელისუფლების და ეკლესიის იმიჯის განადგურება.
დღეს საქართველოში საუბარია ახალ მიმართულებებზე, ჩინეთზე, დასავლეთზე, ევროკავშირზე… ჩვენ გვჭირდება დასავლეთი, გვჭირდება ამერიკა, გვჭირდება ევროპა და რა თქმა უნდა, – აღმოსავლეთი. ჩვენი ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია დავაბალანსოთ საგარეო პოლიტიკა. მათ შორის, უნდა დავარეგულიროთ ურთიერთობები რუსეთთანაც და, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსაზღვრე ისლამურ სახელმწიფოებთან. ეს არის ჩემი პრინციპული დამოკიდებულება. უფლება არა გვაქვს ჩავიკეტოთ მხოლოდ ერთ ვექტორზე და ყველა დანარჩენს ვუთხრათ უარი. რადგან სახელმწიფოების ინტერესები საქართველოს მიმართ ეკონომიკური კუთხით არის გამოხატული, ვერ ვიქნებით პირდაპირ მიბმული რომელიმე ქვეყნის პოლიტიკაზე და თუკი რომელიმე ქვეყანა დაიწყებს პოლიტიკურ და საომარ ქმედებებს, ჩვენ ამაში ვერ მივიღებთ მონაწილეობას.
ჩვენ გვჭირდება ევროპა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება აღმოსავლეთთან პარტნიორობაც. ასევე, აღმოსავლეთს და ევროპას სჭირდება ერთმანეთთან პარტნიორობა, საქართველოს გავლით. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ოქროს პერიოდი, ჩვენ ქვეყნის უსაფრთხო და უზრუნველი ცხოვრებისთვის? – რა თქმა უნდა, უნდა გამოვიყენოთ!
– ახლახან საქართველოს მთავრობა დავოსიდან დაბრუნდა, სადაც ისინი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარსდგნენ. რა მიგაჩნიათ ამ ფორუმის მთავარ გზავნილად?
– ორი მთავარი მესიჯი გახმოვანდა „დავოსის ფორუმიდან“ – პირველი, ეს იყო დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც მივესალმებით! დეზინფორმაცია იყო სწორედ ის, რამაც გაზაფხულზე ლამის რევოლუცია მოახდინა საქართველოში, როცა ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ხალხი მოტყუებით გამოიყვანეს ქუჩაში. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი იარაღი არის გამჭვირვალობა.
მეორე გზავნილი დავოსიდან იყო ქვეყნებს შორის ნდობის აღდგენა. ესეც უმნიშვნელოვანესი მესიჯია დღესდღეობით მსოფლიოში. ეს მესიჯი გაუგზავნეს სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ შედარებით კონფლუქტური სიტუაცია. დასავლეთი ალაგებს თავის პოლიტიკას. ხედავთ, პაკისტანსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა. დღეს უკვე სხვა პოლიტიკური რეალობის წინაშე დგას მსოფლიო და ვნახოთ როგორ შეძლებენ ნდობის აღდგენას ის სახელმწიფოები, რომელთა შორის ნდობა იყო დაკარგული. აქ იგულისხმება როგორც პოლიტიკური, ასევე დიპლომატიური ურთიერთობები.
ჩვენთვის უმთავრესი საზრუნავია ჩვენი სახელმწიფო და მის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია, რაც საქართველოს მომავალს განაპირობებს.

ნონა ქარქაშაძე