საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

საქართველო ჩამორთმეულ “აბრეშუმის გზას” გზატკეცილად იბრუნებს! – საერთო მედია
სექტემბერი 18, 2024

საქართველო ჩამორთმეულ “აბრეშუმის გზას” გზატკეცილად იბრუნებს!

 

“საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგულნი ვართ ამ შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი გახდა,” _ განაცხადა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა _ ეს მუდამ ასე იყო ასეა!
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე “ევრაზიის ახალი განთიადი” გამოსვლისას, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება და, შესაბამისად, ამჟამად, მსოფლიოში ერთ-ერთ სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნად მიიჩნევა;
რომ საქართველოში სტაბილური სიტუაციაა და ფართოვდება სავაჭრო ურთიერთობები და კავშირები;
რომ გასულ წელს, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეკორდულად მაღალ ნიშნულზე იყო და კიდევ უფრო მეტი ინვესტიციების შემოდინებას ველით;
რომ ორი წლის წინათ საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, რადგან ძალზე ნათელი და მკაფიო გეგმა გვაქვს “შუა დერეფნის” განვითარებასთან დაკავშირებით და ვიცით, რისი გაკეთებაა საჭირო _ საპორტე ინფრასტრუქტურის გაფართოება, წარმადობის განვითარება, რკინიგზის მოდერნიზაცია, აეროპორტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რომლის დასრულებაც წლევანდელი წლისთვის არის დაგეგმილი. მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდება და 48 მლნ ტონას გადააჭარბებს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ იგეგმება ახალი აეროპორტის მშენებლობაც, რადგან გვინდა, რომ საქართველო პოზიციონირებდეს როგორც ავიაციის რეგიონული ჰაბი მით უმეტეს, რომ მდებარეობა ხელს გვიწყობს და ქვეყანას ამის სრული პოტენციალი აქვს.
პრემიერმა დააკონკრეტა, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიც არის საავტამობოლო გზების მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი _ წელს, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი პროექტები ორ წელში დასრულდება.
პრემიერმა ღიად დააფიქსირა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ინტერესი ამ ალტერნატიული მარშრუტების, ე. წ. შუა დერეფნისადმი. მან ასევე მოკლედ ისაუბრა გასულ წელს პრეზიდენტ სი ძინ პინთან წარმატებული ვიზიტის შესახებ და გეგმაზე, რომ ჩინეთმა და საქართველომ გადაწყვიტეს, პარტნიორობა სტრატეგიულ დონეზე აიყვანონ.
პრემიერმა საჯარო მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებასაც და აღნიშნა, რომ, მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორის 20%-ის ოკუპირებისა და, ამავდროულად, უსაფრთხოების სფეროში არაერთი გამოწვევისა, საქართველოს არსებულმა ხელისუფლებამ შეძლო უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, რამაც საქართველოს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა მოუტანა და კიდევ მეტს ელის, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს არ ჰქონია.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მეზობლები სამხრეთ კავკასიაში _ სომხეთი და აზებაიჯანი, შეძლებენ გამოსავალის მოძებნას და ორმხრივ ფორმატში ურთიერთობას.
საქართველოს პრემიერთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი ალიბეკ კუანტიროვი და კომპანია შაბანცი Hოლდინგ-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩენკ ალპერი.
ბატონმა პრემიერმა და ოდილ რენო ბასომ განიხილეს თანამშრომლობის ახალი მიმართულებებიც და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც დასახეს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც 289 პაკეტში დაახლოებით 5 მილიარდ ევროს შეადგენს.
ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ფორუმის ფარგლებში გამართულ დიალოგში “დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში” მიიღო მონაწილეობა და სიტყვით მიმართა დიალოგის მონაწილეებს. შეკრებილებმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ახალი ქვეყნების გაწევრიანება გააძლიერებს ევროკავშირს. დიალოგში მონაწილეობდნენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპის ცალკეული ქვეყნების პრეზიდენტები და საგარეო საქმეთა მინისტრები.
პანელური დისკუსიის მოდერატორი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მირეკ დუშეკი იყო.
ბატონმა პრემიერმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში “ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ” და აღნიშნა, რომ ტყვიით მოწავლა ნამდვილად არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა და დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით, რამაც 2018 წლის სავალალო მონაცემების 75%-იანი კლება აჩვენა ოთხ წელში.
ბატონი ღარიბაშვილი შეხვდა კომპანია Aლსჰაყა Gროუპ-ის აღმასრულებელ თავმჯდომარე მოჰამედ ალიაშს, რომელმაც თავის მხრივ, კომპანიის პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, ხოლო ბატონმა პრემიერმა საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური ეკონომიკური ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და ამ მიმართულებით კონკრეტული სფეროები განიხილეს. აღნიშნული კომპანია ქუვეითის უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ფრენჩაიზის ოპერატორია, რომელიც 70-ზე მეტი საცალო ბრენდისთვის ოპერირებს. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს არაერთ სექტორს: ჯანმრთელობის, სილამაზის, ავეჯის, მოდის, კვების, დასვენებისა და გართობის სექტორებს და მსოფლიოს მასშტაბით ფლობს ათასობით მაღაზიას, კაფეს, რესტორანს, ონლაინ და ციფრულ ბიზნესს. ათვისებული აქვს უძრავი ქონების, სამშენებლო, სასტუმროებისა და ავტომობილების სფეროები. კომპანია ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს.
ბატონი პრემიერი დაესწრო დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ვახშამს სახელწოდებით “ვაშენებთ ხვალინდელ ევროპას” და მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს სახელწოდებით “გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა.”
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის, ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ მიღებასაც დაესწრო, რომელიც, ტრადიციულად, დავოსში გაიმართა.
პარალელურად, “ქართული ოცნების” დელეგაცია ჩინეთში მართავდა შეხვედრებს პეკინსა და შანხაიში. დელეგაციას მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ხელშეკრულების გამოფორმების ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი ამ ვიზიტის მიმართ. მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების მთავარ მიზნად ჩინეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელ “შუა დერეფნის” მომავალზე მსჯელობა იყო, რადგან ტვირთებისა და ენერგორესურსების გადაზიდვის ალტერნატიულ მარშრუტში საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულია. უკრაინა-რუსეთის ომისა და ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისის ფონზე კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ფაქტობრივად, საქართველო “აბრეშუმის გზას” იბრუნებს გზატკეცილად. ოფიციალურ პეკინს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი უკვე დეკლარირებული აქვს.
პეკინში საქართველოს დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილე ლინგ ძისთან და განიხილეს ყველა საკითხი, რომელიც ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობას უკავშირდება. საუბარი ეხებოდა როგორც ვაჭრობის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობასაც. ცხადია, ვიზიტის კიდევ ერთი მიმართულება ქართული ბიზნესგარემოს გაცნობა და ჩინეთიდან ახალი ინვესტიციების მოზიდვაც იყო.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, მინისტრის მოადგილე სუნ ხაიანს, სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტს ჩანგ ლაიმინგს და ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეს სიაო ძიენს. მმართველო პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე.
“ქართული ოცნების” დელეგაციის შეხვედრები პეკინსა და შანხაიში ორივე მხრიდან როგრც საერთო, ისე პირად ინტერესებს ეფუძნებოდა, ჩინეთის მხრიდან არის განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს საკვანძო გეოპოლიტიკური ფუნქციის ჭრილში, ხოლო საქართველოს მხრიდან ახალი ინვესტიციების მოზიდვა, პოლიტიკურ და ბიზნესწრეებთან კონტაქტების გაძლიერება და აბრეშუმის გზის მომავლის უზრუნველყოფაა.
“ქართული ოცნების” დელეგაცია შანხაის განვითარების საგამოფენო ცენტრში შანხაის განვითარების გეგმას გაეცნო და შეხვდა შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ჩენ ძინგს, შეხვედრის შემდეგ კი სტუმრების პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
“გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები. ჩვენი სურვილი და მიზანია, გავაღრმავოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებული პოტენციალი გვაქვს ეკონომიკის სფეროში _ ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ”, _ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ს.გ.” მიმომხილველი