საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ივანიშვილი არ მისცემს ჩინოვნიკებს ქურდობის, ტყუილის და უსაქმურობის საშუალებას! – საერთო მედია
მარტი 2, 2024

ივანიშვილი არ მისცემს ჩინოვნიკებს ქურდობის, ტყუილის და უსაქმურობის საშუალებას!

რა საჭიროა კატა ბეღელში, თუ თაგვების დაჭერას აუკრძალავენ?!

გასული წლის 30 დეკემბრიდან ისეა გარინდული ქართული პოლიტსივრცე, რომ ერთი-ორი და ისიც ნაძალადევად გადმოგდებული მოკლე ფრაზა ცალკეული მსუნაგი ვირთხისგან, ატმოსფეროს ვერ ცვლის.
რა ქნა ამ კაცმა? _ ჯერ ხომ საოცრად მოდის, შემდეგ საოცრად მიდის; შემდეგ ისევ მოდის და ისევ მიდის, მიდის და მოდის _ ისედაც ჟამკარარეულ ე. წ. ოპოზიციას ესღა აკლდა!
ბატონი ბიძინას პოლიტიკაში კიდევ ერთხელ ჩართვისკენ მობრუნებას წინ “ხალხის ძალის” განცხადება უძღვოდა, რომელიც მოკლედ ასე იკითხება: ნაცმო უნდა გასამართლდეს!
დიახ, მართალი ბრძანა “ხალხის ძალის” ყველა წარმომადგენელმა, რომ ხალხის მოთხოვნაა, გასამართლდეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მათ მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო, როგორც პიროვნულ, ისე სახელმწიფოებრივ დონეებზე.
ხალხი მეტსაც ითხოვს _ “ნაცმო”, როგორც პარტია, აიკრძალოს, აღნიშნული პარტიის წევრებს კი აეკრძალოთ სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში მუშაობა, რადგან ეს იმ ადამიანთა გაერთიანებაა, რომელთაც ერთხმად ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან “სამშობლოს ღალატის” მუხლი და აბსოლუტურად გამიზნულად უღალატეს სამშობლოს, სისხლით თუ უსისხლოდ ტერიტორიები ჩამოაჭრეს საქართველოს მეზობლებს მიართვეს.
კი, უნდა გასამართლდეს, გვარიანადაც კი დაიგვიანა სამართალმა, მაგრამ სანამ ბატონი ბიძინა უცნაურად და მოულოდნელად კიდევ წასულა, აუცილებლად უნდა გავიხსენო არცთუ შორეული წარსული.
როდესაც ბატონმა ბიძინამ დააკონკრეტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წავიდოდა, იმ დროში ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. წერა-კითხვასთან მწყრალად მყოფმა “ნაცებმა”, “არიქა, გვეშველა, ივანიშვილი მიდისო!” _ სიხარულისგან ლამის საყოველთაო “მაღარიჩი” გადაიხადეს, ივანიშვილის ავტორიტეტზე ჩამოკიდებულმა “ძალიან ქოცებმა” კი გლოვა გამართეს წინსწრებით; ოპტიმისტებმა _ ტესტი ჩაატარაო, პესიმისტებმა _ რას ჰქვია, წავა! ბიძინას უჭირავს ხელში ყველა და ეგ რომ წავიდეს, თავზე დაგვემხობა პირველი ოქტომბერი, მობრუნდებიან “ნაცები” და ზოგს ციხეებში ამოგვალპობენ, ზოგს გაგვჟუჟავენო.
ხალხის რეაქციას მეორე დღესვე გამოეხმაურა პრემიერი, პოლიტიკიდან წასვლის განზრახვა არ ნიშნავს ქვეყნიდან წასვლას, ეს მხოლოდ საზოგადოებრივ სექტორში გადასვლას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გეგმებს უკავშირდება, იქ ვიქნები, სადაც ყველაზე რთულადაა საქმეო. ახლაც იმავე მოტივით დაბრუნდა, კარგად ხედავს, სად აქვს ყოფნა-არყოფნის სირთულე საქართველოს და დასცა კიდეც შიშის ზარი ბარე ორს…
იმ დროს საქმეში წერა-კითხვის მცოდნენიც ჩაერთვნენ ორივე მხრიდან და პრემიერ ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში, სავარაუდოდ, როგორ წარიმართებოდა მოვლენები, ამის შესახებ სცენარები წარმოადგინეს. ვიღაცამ ამოღერღა, თუ ბიძინა მართლა წავიდა, სამი სცენარი შეგვიძლია წარმოვიდგინოთო და მოკლედ ჩამოაყალიბა. (მოგეხსენებათ, ჰაი-ჰარად არ მახსენდება ხოლმე “რაღაც” ამბები).
1. იმპერატორ დიოკლეტიანეს სცენარი _ იმპერატორმა თავისი საქმე გააკეთა და გადადგა, რის შემდეგაც, როგორც ამბობენ, უმეტესად თავისი ბაღჩის მოვლით იყო დაკავებული.
ძირითადი განსხვავება ჩვენს შემთხვევასთან _ ხსენებულმა იმპერატორმა 31 წელი მართა ქვეყანა და, ისტორიკოსთა შეფასებით, ბევრიც მოასწრო.
2. ივანე მრისხანეს სცენარი _ ბოიარების ქცევით გაბეზრებული მეფე მიდის, რათა შემდეგ იგივე ბოიარები მუხლებზე ხოხვით შეევედრონ, დაბრუნდიო, დაბრუნების სანაცვლოდ კი მეფე მეტ მორჩილებას მოითხოვს. ანალოგიური რამ ვნახეთ დაახლოებით ოცი წლის წინათ თბილისში, როცა ხალხი მუხლებზე დაუდგა გადამდგარ ედუარდ შევარდნაძეს. ისიც დაბრუნდა და ამ მანევრით “მხედრიონზე” პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.
ძირითადი განსხვავება ჩვენს შემთხვევასთან _ ივანიშვილს თითქოს მისი გარემოცვა არ ეურჩება, ამაზე მეტი რაღა ქნან?
3. დენ სიაო პინის სცენარი _ 1992-1997 წლებში ჩინეთის მთავარ არქიტექტორს ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ რეალურად სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელად მიიჩნეოდა.
ძირითადი განსხვავებები ჩვენს შემთხვევასთან _ ფორმალურ გადადგომამდე დენი დიდხანს იყო ხელისუფლებაში და უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა. მისი არაფორმალური ძალაუფლება ამ რეფორმებით მოპოვებულ ავტორიტეტს ეყრდნობოდა და არა მის პირად ფინანსებს.
ამ სამიდან რომელი სცენარით მოქმედებას აპირებს ბიძინა ივანიშვილი გადადგომის შემდეგ? _ როგორც მინიმუმ, ვალდებულია, რომ ესეც ახლავე გვითხრასო.
ქვეყნისთვის კარგი არც ერთი არ არის, თუნდაც პირველი ვარიანტი, რადგან მეოცნებე კოალიცია თავისი ლიდერის გარეშე ქმედითუნარიანი არ არის და ღმერთმა იცის, მასში რა დატრიალდება. თუმცა, უკვე ის, რომ თავადვე იცის, ვინ ეყოლება მემკვიდრედ, მიანიშნებს, რომ დენ სიაოპინობას აპირებს, ანუ უნდა ძალაუფლება პასუხისმგებლობის გარეშე. რეალურად რა გამოვა ამ ყველაფრიდან, ეს უკვე სხვა ამბავიაო, _ ასკვნიდნენ.
რა გამოვიდა “იმ ყველაფრიდან”, ვხედავთ, მშვიდობიანი უღრუბლო ცით შევხვდით 2024 წელს, ხელში კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გვიკავია, მაგრამ ქვედა დინებებს რომ სათავე გადაეკეტოს, დიდზე დიდად საშური საქმეა, ამისთვის მობრუნდა კიდევ ერთხელ ეს დიდი მოთამაშე და ეგებ, ვაცალოთ?
“როცა ძალაუფლების გარეშე გავლენა ჰქონდა პიროვნებას პოლიტიკაზე, თუ არ ვცდები, სულ 2-ჯერ იყო, ერთი ინდოეთში განდი და მეორე ჩინეთში _ დენ სიაო პინი. ორივე ამ ფიგურას ჰქონდა ქვეყნის განვითარების არსებითი კონცეფცია. ჩინეთის ეკონომიკა სხვა საფეხურზე აიყვანა დენ სიაო პინმა და ინდოეთის პოლიტიკური განვითარების გზა მაჰათმა განდიმ, ამ პირობებში კი, ძნელი სათქმელია ანალოგიური ფუნქცია ჰქონდეს ივანიშვილს, რადგან კონცეპტუალური ამოცანა არ დგას დღეს საქართველოს წინაშე. კონცეფციაში ყველა შეთანხმებულია _ ევროპული ორიენტაცია, დემოკრატია, თავისუფალი ბაზარი და ა. შ. ძირითადი პრობლემა, რაც საქართველოს უდგას, ეს არის საშემსრულებლო პრობლემა და არა კონცეპტუალური. ის, თუ მინისტრები და სხვა დონის ჩინოვნიკები როგორ ასრულებენ ამ დასახულ მიზნებს, აი, აქ აქვს საზოგადოებას ივანიშვილის გარანტია, რომ ის, როგორც შეძლებული, პატიოსანი ადამიანი, არ მისცემს ჩინოვნიკებს ქურდობის, ტყუილის და უსაქმურობის საშუალებას. ამდენად, ის სისტემაშია საჭირო და არა სისტემის გარედან მაყურებლად”, _ ეს რამაზ საყვარელიძის მაშინდელი კომენტარია.
ბატონი პრემიერი რა “სცენარს” გეგმავდა, არავინ იცოდა; არც ის იცის ვინმემ, ახლა რას გეგმავს, მაგრამ რატომ გამახსენდა კვლავ დენ სიაო პინი, რომელმაც განათლება მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის უნვერსიტეტში მიიღო, ვინ იყო იგი, ვფიქრობ, ვინც არ იცის, დაინტერესდება, ხოლო ვინც იცის, ნართაულად შევახსენებ.
დავიწყოთ იმით, რომ პინი პირადად მონაწილეობდა 1917 წლის მოვლენებში რუსეთში, იცნობდა სტალინს, ლენინს, ტროცკის და შემდგომში პინის აქტიური მონაწილეობით მოხდა რევოლუცია ჩინეთში.
ტანმორჩილი მაგრამ გამჭრიახი გონების პინი მიხვდა, რომ აუცილებელი იყო გრანდიოზული რეფორმა ჩინეთში და დაიწყო კიდეც. პინი იმასაც მიხვდა, რომ ამერიკელ ინვესტორს უპირველეს ყოვლისა, სტაბილურობის დონე აინტერესებს ამა თუ იმ ქვეყანაში და არა დემოკრატიულობის ხარისხი და ამის მკაფიო მაგალითი დაიდო კიდეც _ იმ დროისათვის, როდესაც აშშ, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა ჩინეთს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, ჩინეთის ეკონომიკაში ასეულობით მილიარდი დოლარის ინვესტირებას ახდენდა, უკვე აფუთფუთებულ საბჭოთა კავშირ-რუსეთში კი მხოლოდ 170 მილიონი დოლარისას…
დიდი რეფორმატორისა და ჩინეთის ეკონომიკის ამყვავებლის დენ სიაო პინის ხსენებისას ყველას “ავიწყდება”, რომ იგი სიცოცხლის ბოლომდე ჭკვიან და სასტიკ დიქტატორად დარჩა და მის კისერზეა 1989 წლის მაისში ტიან-ან-ძინის მოედანზე ჩინეთის არმიის მიერ მისი ბრძანებით 10 000 მოკლული სტუდენტის სისხლი.
წლების წინათ დასავლეთის პრესაში პოპულარული იყო გამოთქმა “ვინ არის მისტერ ჰუ?” _ რადგან სიტყვაძუნწი ჰუ ძინ ტაო მხოლოდ პარტიისა და ქვეყნის მართვის შესახებ საუბრობდა ჟურნალისტებთან და ისიც ძალიან მშრალად და ოფიციალურ ენაზე.
რადგან დღეს უკვე ვიცით, ვინ არის ჰუ ძინ ტაო, ახლა ის ვიკითხოთ, საიდან მოდის?
ჰუ თავდაპირველად საკუთარმა ქალიშვილმა წარუდგინა დენ სიაო პინს 80-იანი წლების დასაწყისში. შემდეგ, უკვე 1989 წელს, როდესაც ტიბეტში ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა ამბოხება, ჰუც ისევე სწრაფად და სასტიკად გაუსწორდა ამბოხებულებს, როგორც დენ სიაო პინი. ჰუმ პინის დიდი ნდობა და სიმპათია დაიმსახურა, შესაბამისად, 1992 წელს დენმა იგი ჩინეთის კომპარტიის ყრილობაზე პოლიტბიუროს მუდმივმოქმედ ჯგუფში შეიყვანა, ამასთანავე ძიან ძე მინის ოფიციალურ მემკვიდრედ დაასახელა. ძიან ძე მინს მემკვიდრედ საკუთარი მოადგილე ძენ ცინ ხუნი ეგულებოდა, მაგრამ დენის ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ გაბედა.
ისევ სწორად გათვალა დენმა და ჰუმ საკუთარი მენეჯერული ტალანტის სრულად რეალიზება შეძლო, ქვეყნის ეკონომიკა მეორე ადგილზე გავიდა აშშ-ის შემდეგ. ჩინეთის სავალუტო რეზერვებმა კოლოსალურ ციფრს (3,4 მლრდ) მიაღწია და ჩინეთი მსოფლიოს უდიდეს კრედიტიორად აქცია. (ბლუმბერგის მონაცემებით, “ზეცისქვეშეთის” რეზერვები საკმარისია იმისათვის, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებში შენახული ოქრო ორჯერ გამოისყიდოს).
სწორედ ჰუს მმართველობის პერიოდში გახდა ჩინეთი გლობალური მოთამაშე და მისი ეკონომიკური ინტერესები დაფიქსირდა მსოფლიოს ყველა, შორეულ კუთხეებშიც კი.
როდესაც ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცად პირველი ადგილი ჰუს არგუნა და გვერდზე ჩააჩოჩა ბარაკ ობამა, უძლიერეს ქალბატონად კი ანგელა მერკელი დაასახელა, ეს რატომღაც ჟურნალისტურ თამაშად მონათლეს, მაგრამ მერკელისა და ჰუს ტანდემმა სეულში თავისი სიტყვა თქვა. “დიდი ოცეულის” სამიტზე მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ქვეყანათა სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებმა საკუთარი თვალით იხილეს, როგორ განსაზღვრავენ მსოფლიო სტრატეგიას ძლიერი პიროვნებები…
2011 წელს არაბულ ქვეყნებში დაწყებულმა საპროტესტო ტალღამ ჩინელი აქტივისტებიც გამოაცოცხლა, მაგრამ ჩინეთის მთავრობამ რეპრესიული მანქანა მომართა, გამკაცრდა კონტროლი ინტერნეტზე, დაიწყო როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ჟურნალისტებზე ზეწოლა, დააკავეს და დაკითხეს ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტები და ბლოგერები, რომელთაგან ზოგი ჩინეთის მთავრობის წინააღმდეგ მოქმედებების ბრალდებით დააპატიმრეს, ზოგს ანტიკომუნისტური ფიქრების ტვინიდან გამოსაბერტყად შინაპატიმრობა მიუსაჯეს, ჩინეთს ბუზიც ვერ აუფრინა მსოფლიომ და ადამიანის უფლებების უდიდესმა დამცველმა _ აშშ-მა…
ისევ დენ სიაო პინს მივადექით _ ჩინეთის მიერ აღებული პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი მისი მოდელია, რომელიც სამ საყრდენზე იყო დაფუძნებული. დენმა კომუნისტური პარტიის ლეგიტიმურობა არა იდეოლოგიაზე, არამედ ეკონომიკურ წარმატებაზე დააფუძნა. ეკონომიკურმა პრაგმატიზმმა (თავისუფალ ბაზარზე გადასვლა და საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია) მოუტანა ჩინეთს არნახული ეკონომიკური ზრდა.
მეორე საკვანძო რეფორმა პოლიტიკაში მოხდა _ გააუმჯობესა ურთიერთობები აშშ-სთან და საგარეო პოლიტიკაში იდეოლოგიურ აქცენტებზე უარი თქვა. ჩინეთმა გადაწყვიტა, ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობები ჰქონოდა ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელიც მას (არა ტაივანს) აღიარებდა ქვეყნის ტერიტორიების ერთადერთ წარმომადგენლად. მისი პოლიტიკა კონფლიქტების თავიდან აცილებასა და საერთაშორისო საკითხებზე რაც შეიძლება მცირე პასუხისმგებლობის აღებას ითვალისწინებდა.
მესამე _ მისი მოდელი არ გულისხმობდა შიდაპოლიტიკურ რეფორმებს, მმართველობა ისევ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელში უნდა დარჩენილიყო.
დენ სიაო პინის რეფორმების სტაბილურობას ხელი შეუწყო იმან, რომ ქვეყნის სათავეში ძალაუფლების გადაცემის ინსტიტუციონალიზაცია მოხერხდა და დღეს სახეზე გვაქვს დენ სიაო პინის რეფორმებისა და მისი მემკვიდრეების ჩინეთი.
1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ეკონომიკურ განვითარებას ჩინეთში ამბიციების გაზრდაც მოჰყვა. ჩინეთს გაუჩნდა საკუთარი, ტრადიციული, პოლიტიკური თუ კულტურული ღირებულებების წინ წამოწევის საშუალება და, ამავდრულად, არ სურს კრიტიკის ან მეტი თავისუფლების მოთხოვნის მოსმენა, მისთვის რადიკალური ნაციონალიზმი მისაღებია.
თვით ჩინელი ხალხი _ ჩინეთის ქალაქებში ხშირადაა ნაციონალისტური გამოსვლები, რომლის მონაწილეები მთავრობისგან უფრო აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ან პრინციპულ გადაწყვეტილებებს მოითხოვენ…
ათასი ჯურის თვალთმაქც დამპყრობთა კლანჭებში მოქცეულ პაწაწუნა საქართველოს, რომელსაც ქართული ტრადიციული ღირებულებებისგან განზე გამდგარი თვისტომელებიც ტილივით ახვევია თავს, აქვს კი ძალა, რომ ფეხი გაიქნიოს? როგორც დავინახეთ, რიგ საკითხებში, რაც საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის საზიანო იქნებოდა, მსოფლიო არენაზე მტკიცე პრინციპულობაც შეგვძლებია და ლავირებაც, მთლად უნდილები არ ვყოფილვარ…
და კიდევ, დენ სიაო პინისა არ იყოს, მეც მივხვდი და სხვა ვეღარ მიხვდებოდა, რომ ამერიკელი იქნება თუ კუალალუმპურელი, ინვესტორს, უპირველეს ყოვლისა, სტაბილურობის დონე აინტერესებს ამა თუ იმ ქვეყანაში და არა დემოკრატიულობის ხარისხი (9 წელი სისხლში გვახრჩობდა “ნაცრეჟიმი”, მაგრამ ყველა ქეყნის ელჩს დაბრმავებული ჰქონდა თვალები, მოსწონდათ სტაბილურად მორჩილი ქვეყანა, რა საჭირო იყო დემოკრატია…)…
“არ აქვს მნიშვნელობა რა ფერისაა კატა, მთავარია, თაგვებს იჭერდეს კარგად”, _ ეს ცნობილი ფრაზა დენ სიაო პინის ეკუთვნის, თუმცა არაფერია ნათქვამი იმ შემთხვევაზე, როცა კატას თაგვებით სავსე ბეღელს უთმობენ სანადიროდ, თუმცა ვირთხების დაჭერას და შეჭმას უკრძალავენ…

მაია ჭელიძე