საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

უკრაინა ორ დიდ ნაწილად გაიყოფა! – საერთო მედია
სექტემბერი 18, 2024

უკრაინა ორ დიდ ნაწილად გაიყოფა!

 

გვესაუბრება დამოუკიდებელი
უფლებადამცველი, ყოფილი
პარლამენტარი
დიმიტრი ლორთქიფანიძე:

_ ექსპერტები რთულ 2024 წელს პროგნოზირებენ. აშშ-ში არჩევნებია, რამაც, შესაძლოა, მოვლენები ცუდი მიმართულებით შეცვალოს _ უკრაინის ომი დასასრულისკენ წავიდეს და მიუხედავად შედეგისა, რეგიონში სერიოზული რყევები გამოიწვიოს.
_ დიახ, მართალს ბრძანებთ, 2024 საარჩევნო წელია უკრაინის, რუსეთის, ევროკავშირის, აშშ-ისა და საქართველოსთვის. თითოეული ქვეყნის არჩევნები, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, დონბასის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევა სრულად ჩავარდა, რაც რუსეთის მიერ განხორციელებულმა შეტევამ შეცვალა. ვგულისხმობ ავდეევკის, მარინკის, ბახმუტის, კუპიანსკის პუნქტების აღებას, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვეს, რასაც 1100კმ-იანი ფრონტის ხაზზე სერიოზული ცვლილებები მოჰყვება. დასავლელი ექსპერტების ვარაუდით: თუ ასეთი ტემპი შენარჩუნდა, რუსეთი ძალიან მალე აიღებს ხარკოვს, ხერსონს და შეტევას განახორციელებს ოდესა-ნიკოლაევის მიმართულებით, რითაც უზარმაზარი რკალი იკვრება. შედეგად, დნეპრის მარჯვენა სანაპირო მთლიანად რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა. არადა, მავანს ეგონა, რუსეთის ფედერაცია დაიჩოქებდა _ მისი ეკონომიკა ომით გამოწვეულ ხარჯებს ვერ გაუმკლავდებოდა, ეს მოსახლეობას დააზარალებდა, უკმაყოფილებაც გაიზრდებოდა და სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოიშლებოდა, რაც არ გამართლდა. რეალურად, რუსეთის ეკონომიკა მსოფლიოში მეხუთე და ევროპაში პირველი გახდა, გააძლიერა საწარმო სიმძლავრეები, რამაც ეკონომიკის მზარდი, აღმავალი ტემპი გამოიწვია. გარდა ამისა, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის თაოსნობით შექმნილი ბრიქსი დანარჩენი მსოფლიოსთვის რეალური საპირწონე გახდა. ბრიქსმა მთელ რიგ მნიშვნელოვან სახელმწიფო არტერიებზე აიღო კონტროლი.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდდენტმა ტრიუმფალური საგარეო ვიზიტები განახორციელა როგორც საუდის არაბეთში, ისე ირანში, გაერთიანებულ არაბთა საემიროებში. ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ბრძოლა გრძელდება. ღაზას სექტორში დატრიალებული ტრაგედია, რასაც უკვე 33 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, ჯერჯერობით თავის ლოკაციას ინარჩუნებს. ამ ფარგლებიდან გასვლას, შესაძლოა არაბეთის რამდენიმე ათეული სახელმწიფოს ერთდროული ჩართვა მოჰყვეს. იემენის ჰუსიტები წითელ ზღვაში დივერსიულ აქტებს აწყობენ ყველა იმ გემის მიმართ, რომელიც ისრაელში მიემართება. არაბეთის დანარჩენ ქვეყნებში ჯერჯერობით სტაბილურობა, მშვიდობა ნარჩუნდება, რაც რუსეთის და მისი მოკავშირე ბრიქსის სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევით წარმოებული პროცესის შედეგია.
რაც შეეხება უკრაინის კრიზისის მალე გადაწყვეტას, ამას სასიკეთო პირი არ უჩანს. როგორც ჩანს, რუსეთმა გრძელვადიანი სტრატეგია აირჩია, რაც აშშ-ში 7 ნოემბრის არჩევნებს უკავშირდება. რუსეთი არ იჩქარებს ომის დასრულებას, სანამ საომარი მოქმედებების პროცესში “დემოკრატებს” და ბაიდენის ადმინისტრაციას პრობლემა არ შეექმნებათ. ომის გაჭიანურებით ბევრი ამერიკელის თვალში ბაიდენი ლეგიტიმაციას კარგავს, რადგან ბიუჯეტიდან გამოყოფილი მრავალი ათეული მილიარდი დოლარი უკრაინის სასარგებლოდ არ მუშაობს, პირიქით, იქ სერიოზული ელიტური ხასიათის კორუფცია შეინიშნება. როცა უკრაინის კორუფციაზე ვსაუბრობთ, ამის უკან ის “ატკატებია”, რითაც იმპერიალისტები სარგებლობენ.
ასე რომ, რუსეთთან ჭიდილმა მისი გაძლიერება გამოიწვია, ხოლო დასავლეთისთვის რუსეთ-უკრაინის ომი სერიოზულ პრობლემად იქცა. ეს ასევე, არჩევნების წინ პრობლემად ექცევათ დომინანტ სახელისუფლებო ძალებს აშშ-შიც, ბრიტანეთშიც და ევროკავშირშიც. ეს რუსეთისთვის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი იქნება, რათა პროცესები სასურველი მიმართულებით მართოს და მაქსიმალური გამოივაჭროს საზავო პირობებზე შეთანხმებით, რისი აუცილებლობაც ადრე თუ გვიან დადგება.
_ ფრონტის ხაზზე რუსეთის წარმატებები როგორ აისახება საქართველოზე? “დეილი ტელეგრაფში” დაიწერა, რომ დასავლეთი პუტინს ევროპის გასაღებს მალე ჩააბარებს. იქვე აღნიშნულია, რომ დაღლილი ზელენსკი ძალიან სუსტად გამოიყურება იმისთვის, რომ გამარჯვებას მიაღწიოს.
_ ზელენსკი მართლაც ძალიან სასოწარკვეთილია, მაგრამ ცდილობს, ეს არ გამოამჟღავნოს. ამიტომ უკრაინაში დაგეგმილი არჩევნები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. გლობალური დასავლეთი ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს ყველაფერი რიგზეა. თუმცა საბოლოო მარცხი გარდაუვალია. ზელენსკი მორალურად გატყდა. მას უკან დასახევი გზა არ აქვს. დასავლეთმა ფსონი ზელენსკიზე დადო და თუ საზავო პირობების შეთანხმება მის სასარგებლოდ არ მოხდება, დასავლეთი ამაზე პასუხისმგებლობას სწორედ ზელენსკის აჰკიდებს. რუსეთს მკაფიო მონახაზი გააჩნია _ უკრაინას შავ ზღვაზე გასასვლელი საერთოდ ჩაუკეტოს და მიიღოს უკრაინის არა 20%, არამედ ის რუსულენოვანი არეალები, რაც ისტორიას ნოვოროსიისა და ნოვოსერბიის სახელით შემორჩა.
ეს ის შემთხვევა გახლავთ, როცა უკრაინა ორ კონკრეტულ დიდ ნაწილად იყოფა, რომლის ერთ მხარეს შეგვიძლია, პირობითად, ტარას ბულბას უკრაინა ვუწოდოთ, ხოლო მეორეს _ სტეპან ბანდერას გალიცია. თუ რუსეთმა სამხედრო წარმატების ეს ტემპი შეინარჩუნა, დიდი ალბათობით, ლვოვსაც მიითვლის. ექსპერტების თქმით, რუსეთმა შეიძლება ფრონტის მეორე ხაზიც გამოიყენოს, რათა თავისი გავლენის სფეროების გეოგრაფიული არეალი მკვეთრად მოხაზოს. იგულისხმება, ბალტიის ქვეყნები. სწორედ ყველაზე დიდი შიში, საფრთხე, რაზეც დასავლელი ექსპერტები საუბრობენ, ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ შესაძლო მოსალოდნელი სამხედრო ექსპანსიაა. ამ შემთხვევაში ნიშანდობლივია, რას მოიმოქმედებს ნატო _ გაანხორციელდება თუ არა მისი მხრიდან შეკავების სამხედრო პოლიტიკური აქტი და ბალტიის ქვეყნების მხარდაჭერა.
რაც შეეხება საქართველოს, თუ ის კოლექტიური ნატა ფერაძეების ქვეყანა გახდება, რა თქმა უნდა, საფრთხეები ჩრდილოეთიდან რეალური გახდება. მაგრამ თუ შევინარჩუნებთ საქართველოს იმ განვითარების გზაზე, რაც მას იგივე შუა დერეფნის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ პარტნიორად წარმოაჩენს როგორც დასავლეთისთვის, ისე აღმოსავლეთისთვის; თუ შევინარჩუნებთ მრავალვექტორულობას; თუ მოვახერხებთ რუსეთთან სამეზობლო პოლიტიკის, რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში საერთო ენის გამონახვას, მოვახდენთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სუვერენიტეტის კუთხით პოზიციონირებას, მაშინ რუსეთის საქართველოზე თავდასხმის ვერსია უტოპია, სპეკულაცია იქნება. რუსეთის შემოჭრა ისევ და ისევ ნატა ფერაძეების საქართველოზე დაასხამს წყალს. ვგულისხმობ, “ნაცმოძრაობას”, მასთან დაკავშირებულ თხუთმეტ გეიპოლიტიკურ პარტიას და იმ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ცდილობს, დაკარგული ძალაუფლება დაიბრუნოს.
აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში განხორციელებული უთავხედესი, განსაკუთრებული ცინიზმითა და უტიფრობით ჩადენილი დანაშაული, რაც დღემდე დაუსჯელია. ნატა ფერაძე სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს, რასაც ჩვენ ვითხოვთ და ვასაბუთებთ. ამ დროს, მისი საქმე სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზეც კი არ გადაცემულა. ნატა ფერაძე გადიდგულებულია იმ მხარდაჭერით, რაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებისგან აქვს და იმ იმედით, რომ ხელისუფლება მას ხელს ვერ ახლებს, რადგან ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო და საქართველო ვერ გაბედავს, ევროკავშირის ადეპტი დაიჭიროს. ამით დაიმედებული უარეს და უარესს აკეთებს, ყოველდღე საპატრულო პოლიციას იძახებს და დაცვას ითხოვს მაშინ, როცა სასტიკი დანაშაულისთვის სასჯელს უნდა იხდიდეს. ეს ქართულ საზოგადოებაში განრისხებას იწვევს, რაც ქვეყანას შეიძლება ძვირი დაუჯდეს, თუ ხალხის მოთმინება კონტროლს აღარ დაექვემდებარება. როგორც ჩანს, ნატა ფერაძის მიერ ჩადენილი დანაშაული კარგად ინსპირირებული, ორგანიზებული იყო. მას ჰყავს როგორც დამხმარეები, ისე გულშემატკივრები. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი სახელისუფლებო სტრუქტურებშიც არიან და ფერაძის არანაკლები გულშემატკივრები არიან, ვიდრე მთელი ენჯეო სექტორი, რომელიც მას ჰპირდება დაფინანსებას, მხარდაჭერას. აი, უკვე “თბილისი პრაიდმაც” გააკეთა მხარდამჭერი განცხადება. პრაიდის უკან მონსტრი _ მსოფლიო ლიბერალური ინტერნაციონალი დგას, რომლის ტოტალური ჯამური ბიუჯეტი ოთხი ტრილიონი დოლარია. როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი მნიშვნელოვანი დაფინანსების პირობებში, კოლექტიური ნატა ფერაძეების მიმართ მხარდაჭერა რა ტემპით შეიძლება გაიზარდოს?! მით უმეტეს, რომ ვერ შევძელით, მიგვეღო კანონი, რომელიც გარედან დაფინანსების საკითხს აწესრიგებდა. აქაც უკან დავიხიეთ იმის შიშით: არიქა, რევოლუცია არ მოგვიწყონო. ეს ყველაფერი სერიოზულად გასაანალიზებელია.
_ რას ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე. რა ცვლილებებია მოსალოდნელი?
_ ბიძინა ივანიშვილი “ქართულ ოცნებაში” წესრიგის აღსადგენად დაბრუნდა. იგი გარკვეული ინფორმაციების საფუძველზე, ელიტური კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით აპირებს, გარკვეული პოლიტიკური რევიზია და მკაცრი ზედამხედველობა განახორციელოს. ეს ძალიან ბუნებრივად მეჩვენება, რადგან ბოლო დროს ამის ბევრი საფუძველი შეიქმნა, რამაც თავი არ დამალა. ივანიშვილი აცნობიერებს, რომ მზარდი ელიტური კორუფციის შედეგად დალექილი ფინანსები, შეიძლება მისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის ძალიან სახიფათო ფაქტორი აღმოჩნდეს. პოლიტიკაში დაბრუნების მეორე მიზეზი დეგრადირებული ოპოზიციის პირობებში (იგულისხმება, “ნაცმოძრაობა” და მისი გამონადენები), “ქართულ ოცნებაში” ცდუნების პრევენციაა, რათა არ მოხდეს უმართავი პროცესები და კლანებს შორის დაპირისპირების გაღვივებისა და განვითარების შეუქცევადი პროცესები დროულად აღკვეთოს. მაგრამ ბუნებრივია, ისმის კითხვა: ოპოზიციის დეგრადირების ფონზე, როცა ის “ქართული ოცნების” პირველი პირია, აქვს თუ არა ივანიშვილს გადაწყვეტილი, “ქართული ოცნება” ისევ ერთ მონოლითურ პოლიტიკურ პარტიად წარმოგვიდგინოს, თუ მას გარკვეულ პლასტებად შემოუერთებს ახალ პოლიტიკურ ძალთა ერთობას ისე, როგორც ეს 2012 წელს მოხდა, როცა კოალიცია “ქართული ოცნების” სახით ეკლექტური პოლიტიკური გაერთიანება მივიღეთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მაშინ ივანიშვილმა გარისკა, როცა “რესპუბლიკელებთან” ერთად კოალიცია შექმნა. “რესპუბლიკელები”, კონსერვატიული იდეები და ქვეყნის მშენებლობაზე, განვითარებაზე აქცენტების გაკეთება ერთმანეთში არ ჯდებოდა. ეს მალევე დამტკიცდა, როცა კოალიციიდან პირველები სწორედ “რესპუბლიკელები” გავიდნენ. კოალიციაში იყვნენ ძალები, რომლებიც მსოფლიო ლიბერალური ინტერნაციონალის წარმომადგენლები არიან, იგივე, “თავისუფალი დემოკრატები”. ანუ, ივანიშვილის მიერ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი, ქართული საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, შეიძლება სწორედ “ქართულ ოცნებაზე” ახალი პოლიტიკური ძალების, ერთიანი ახალი პოლიტიკური სისტემის დაშენება იყოს, რომელსაც ლეგიტიმაციის ძალიან მაღალი ხარისხი ექნება. მოგეხსენებათ, ელექტორატის 52% არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და ღრმა პროსტრაციაში, იმედგაცრუებაში იმყოფება. არჩევნები ოქტომბერშია. საბოლოო სურათს, თუ რა სურს ივანიშვილს აპრილი-მაისის თვეებში დავინახავთ. იმედია, ნაცებთან გარიგება არ მოხდება. ეს ათწლიანი კოაბიტაციის მერე იმ პოლიტიკის სამარცხვინო გაგრძელება იქნება, რასაც ქართული საზოგადოების მხრიდან შემწყნარებლობა აღარ ექნება.

თამარ შველიძე