დათმობით, დათმენით, სიბრძნითა და სიყვარულით!
მიმდინარე პოლიტიკურ
მოვლენებზე „საერთო გაზეთთან“
საუბრობს პოლიტიკოსი
ხათუნა ხოფერია.
– ქალბატონო ხათუნა, გასული წლის მიწურულს შევიტყვეთ, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?
– ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი საქართველოში და განსაკუთრებით, ქართულ პოლიტიკაში, ბოლო 20 წელია, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უნდა თქვან, თუნდაც თვითონაც არ უწოდებდეს თავს პოლიტიკოსს, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებმა, მისმა ქმედებებმა, მისმა გონივრულმა და დაბალასებულმა პოლიტიკამ აჩვენა, რომ ამ ადამიანს აქვს სერიოზული ანალიტიკური გამჭრიახობა და მისი პროგნოზები საკმაოდ დამაჯერებელია.
დავიწყოთ იმით, რომ მან ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც ორგანიზაცია შექმნა, ორიენტირად 2030 წელი აიღო და საზოგადოება „2030“ დააფუძნა. ეს პერიოდი მიიჩნია საჭიროდ იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა საბოლოოდ წელში გამართულიყო და ევროპული ქვეყნების ეკონომიკას დასწეოდა.
მაშინ გვეჩვენებოდა, თითქოს ეს დრო ძალიან შორს იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი გათვლები ყოფილა ძალიან რეალისტური.
დღეს ჩვენ ვუყურებთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და მსოფლიო გეოპოლიტიკის ცვლილებას, ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, ომებს… ყოველ წელს ერთი ახალი ცხელი წერტილი ჩნდება მსოფლიო რუკაზე… და ვრწმუნდებით, რომ 2030 წელი არის თარიღი, როდესაც ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმ რეალურ შედეგებზე, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ მოიტანა.
მე მაქვს შენახული მისი პირვანდელი პროგნოზები, ეკონომიკური მაჩვენებლები და აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური ზრდის ფაქტორები ძალიან ახლოსაა იმ შედეგებთან, რაც წლების წინ დაიდო. მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა თავისი დაბრუნებით საკუთარ თავზე აიღო პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა. მან ასევე, პირდაპირ განაცხადა, რომ აქამდეც უწევდა კონსულტაციას მმართველ გუნდს, მაგრამ ახლა ბრუნდება, როგორც პოლიტიკოსი.
– ყოველთვის იწონებდით „ქართული ოცნების“ ლიდერის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მაშინაც კი, როცა მის გადაწყვეტილებას გუნდის წევრებიც აპროტესტებდნენ…
– მე ამ ადამიანს ვენდობი და დიახ, მაშინაც კი, როდესაც მას ძალიან აკრიტიკებდნენ, ზუსტად ვიცოდი, რატომ იღებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. პრაქტიკულად, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, დანის პირზე გაეტარებინა ქართული სახელმწიფო. შეენარჩუნებინა მისთვის სახელმწიფოებრიობა, მშვიდობა, ეკონომიკური ზრდის ტემპი და შეენარჩუნებინა, უბრალოდ, ადგილი მსოფლიო რუკაზე, მაშინ როდესაც, რეალურად, გაქრობით გვემუქრებოდნენ.
სულ ვფიქრობ, რა არის ის მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, კაცთაგან შეუფასებელი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, უბრალოდ, სამშობლოსთვის გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა?!
რა იყო ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობდით?.. მე არ ვაპირებ დაჭერებზე, გაუპატიურებებზე, დაკვეთილ მკვლელობებზე, ფარულ ჩანაწერებზე, სახელისუფლებო რეკეტზე და სხვა უამრავ შიდა ტერორზე საუბარს. მე სხვა რაკურსიდან მინდა შევხედო 2011 წლის რეალობას! საერთაშორისო, მსოფლიო პოლიტიკური ინტერესების რაკურსიდან:
1. ხელისუფლება, რომელიც “დემოკრატიის შუქურამ” ჩამოაყალიბა, იმ დროისთვის სრულიად გაწმენდილი იყო “არასანდო ელემენტებისგან!”.
2. სხვადასხვა ენჯეოს მეშვეობით ქვეყანაში შემოსული ათობით მილიარდი დოლარი, ყველა კორუფციული მექანიზმის გათვალისწინებით, მხოლოდ ერთი ჯგუფის ნეოლიბერალური იდეოლოგიის გამყარებას ხმარდებოდა.
3. დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო პარტნიორების, ლობისტური ჯგუფების მთავარი მისია-მონაპოვარი მხოლოდ დაქირავებულ-დაფინანსებული ქართული ხელისუფლების “გაპრავება” იყო.
4. ყველა პროექტი, რომელსაც სააკაშვილის, როგორც მარიონეტის, ხელით ახორციელებდნენ, იყო ანტიქართული და იმთავითვე განწირული ომისთვის, დამარცხებისთვის, სახელმწიფოს შესუსტებისთვის.
დღეს, როდესაც ამერიკას ვუყურებ და ვიხსენებ, თუ რა ხდებოდა ამ ცხრა წლის განმავლობაში მსოფლიოში – უკრაინის ნგრევა, ბელორუსიის მოვლენები, პარიზის ყვითელჟილეტიანების დაუსრულებელი აქციები, ბრიტანეთის ბრექსითი, აზერბაიჯან-სომხეთის კრიზისი, საბერძნეთის ეკონომიკურ-პოლიტიკური ჩამოშლა და უამრავი სხვა – მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება, როგორ შეძლო, რა ძალისხმევად დაუჯდა ბიძინა ივანიშვილს მსგავსი მასშტაბური, პოლიტიკური კატაკლიზმებისგან გადაერჩინა საქართველო?!
მახსენდება, როგორ ვლანძღავდით, შეურაცხვყოფდით, ვეკამათებოდით მას…. პარალელურად კი, თავიდან ვიცილებდით “ქართულ მაიდანს”, რუსულ ექსპანსიას, მსოფლიო ტერორიზმის ბუდედ ქცევის საშიშროებას. ბოკერიას და მის ზურგს უკან მდგარ “პარტნიორებს”.
ავიცილეთ მსოფლიო პოლიტიკური ექსპერიმენტების ცენტრად ქცევის გარდაუვალი, მიშას დროს დაწყებული საფრთხე! დიახ, ჩვენთან არ ჩატარებულა არც ერთი ექსპერიმენტი! ჩვენთან არ გაუტესტავთ არც ერთი მაშტაბური პოლიტიკური პროექტი!
დიახ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ გადავურჩით იმას, რაც დღეს ხდება „დემოკრატიის აკვანში“! სწორედ ეს არის ის მთავარი, რასაც ბიძინა ივანიშვილმა გადაგვარჩინა – დათმობით, დათმენით, სიბრძნით და სიყვარულით!
– ამ ყველაფერზე ჯერ კიდევ სამი წლის წინ საუბრობდით, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ბოლოს და ბოლოს, ქვეყანამ ნანატრი კანდიდატის სტატუსიც მიიღო…
– სამი წლის წინ დავწერე ის, რასაც ვფიქრობდი და რაც ისტორიული ფაქტებით არის დადასტურებული. ამ სამი წლის განმავლობაში, ამ სამი უმძიმესი, ერის სიკვდილ-სიცოცხლისათვის წარმოებული ბრძოლებით დატვირთული 2021-2023 წლების შემდეგ, მაშინ, როდესაც ყველა რუბიკონი თითქოს გადალახულია, მთელი ერი შევცქერით “სატანის მეჯლისზე” აცეკვებულ ვოლანდის სტუმრებს.
არც წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფა ყოფილა შემთხვევითი, არც ის, რომ ივანიშვილს უტევენ და ცოდვა-მადლს უტიფრად ურევენ საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ცოდვის კალოს ანთებენ საქართველოს მტრები და, თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოს “ მოყვარეებიც”!
ეს ადამიანები რეალურად ყველაფერს ხედავენ, ყველაფერი იციან. იციან წარსულის შედეგები, ხვდებიან, სამომავლოდ რა წინსვლა შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას და რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ბიძინა ივანიშვილმა და სწორედ ამის გამო არიან „შოკირებულნი“. გულდასაწყვეტია, რომ ეს არ არის მხოლოდ უკვე დაშლილი, სამარცხვინო, ერთმანეთს დარეული და გაპარტახებული ქართული ოპოზიცია. არამედ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იმავე პლატფორმაზე მოძრაობენ, რომელზეც მე ვარ და ბევრი ჩემი მეგობარია, ესენი არიან, თითქოსდა, ჩვენი ტრადიციების, რელიგიური შეხედულებების დამცველი ადამიანები, მაგრამ მათი მხრიდანაც მოხდა სრულიად გაუგებარი თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე.
ვიღაც არაადეკვატური ქალი ეკლესიაში შედის და შეურაცხყოფს რელიგიურ სიწმინდეებს, – ეს იყო ჩემი რელიგიური შეხედულებების, ჩემი მწრამსის შეურაცხყოფა. ამ კონტექსტში თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე და მისი მოხსენიება, რომ თითქოს არაფერი გაუკეთებია, – გასაკვირია. თუმცა, ამავდროულად, გამიჩნდა განცდა, რომ ეს ადამიანები ან გონებრივად ჩამორჩენილები, ან, უბრალოდ, დაუნახავები და უმადურები არიან.
– ლაშა ბუღაძემ „აღმოაჩინა“, რომ მართლმადიდებლური სამყარო ქრისტესშობას 25 ნოემბერს უნდა აღნიშნავდეს და მას სხვა ცნობილი სახეებიც აყვნენ… ყველაფერი კი სამების ტაძარში ნატა ფერაძის შევარდნით დაგვირგვინდა, სადაც მან წმინდა მატრონას ხატი დააზიანა…
– ეს არ არის სიახლე. ყოველ წელიწადს იყო ამაზე საუბარი კათოლიკე ქართველების მხრდან. ოღონდ, წელს ოდნავ უფრო აქტიურები იყვნენ, რადგან ისეთმა ადამიანებმა ილაპარაკეს ამის შესახებ, რომლებიც ადრე მსგავს საკითხში არ ერეოდნენ. ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა რელიგიურ კონფესიას მიეკუთვნებიან პოლიტიკურ სპექტრში მყოფი ადამიანები. ძალიან კარგად მახსოვს ბატონ სონღულაშვილთან გიგა ბოკერია რომ იჯდა კათოლიკურ ტაძარში… აგერ, ჯაფარიძეს, საერთოდ თავისი ტენტგადაფარებული ეკლესიები აქვს… ასე რომ, ეს ჩემთვის ყურადსაღები არ არის. დიდად არ ჩავრეულვარ, უბრალოდ, ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი. სწორედ ასე ანადგურებდნენ ხატებს, ჯვრებს, სიწმინდეებს ლიბერალ-ტროცკისტ-კომუნისტები.
ძალიან მიყვარს წმინდა მატრონა. ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი მქონია და როგორც ღვთისმშობელს ვედექი მუხლებზე და ვევედრებოდი, როგორც ვევედრებოდი მაცხოვარს, ვევედრებოდი ჩვენს ქართველ წმინდანებს, ანალოგიურად ვევედრებოდი წმინდა სერაფიმეს, წმინდა მატრონას… პეტერბურგშიც კი ჩავედი, ჩემი შვილიშვილის საკითხთან დაკავშირებით, რომ ქსენია პეტერბურგელის საფლავზე გავსულიყავი და მელოცა. ჩვენ ქრისტიანულ სამყაროში ვცხოვრობთ და ჩემთვის ძალიან ძვირფასია როგორც კვირიკეს და ივლიტას, ამ უწმინდესი დედა-შვილის, ასევე, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მკვიდრი წმინდანების ხატები. იმდენი სიკეთე აქვთ ჩემთვის მოტანილი და ისე მიყვარს თითოეული მათგანი…
მე ვფიქრობ, პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩული მიეცათ, რაც არის ცოდვა-მადლის საკითხი. ადამიანთა კატეგორია განწირულია იმისთვის, რომ ასეთი ცოდვა ჩაიდინონ და ღმერთმა უშველოს მათ. ყოველთვის ვცდილობ, რომ სინოდის გადაწყვეტულებები მივიღო ისე, როგორც არის, რადგან ეს ჩემთვის წმინდა სინოდია და მე არ მინდა პოლიტიკა იქ, სადაც არის უწმიდესი და უნეტარესი, ჩვენი პატრიარქი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ ვიცი, როგორ ხდება თემის დამუშავება, აგორება და შემდეგ ამის საპატრიარქოს წინააღმდეგ გამოყენება. ამიტომაც, როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე, ვეცდები, ვიყო ჩასაფრებული, ვიყო ყურადღებით, რათა არ მოხდეს მსგავსი დაპირისპირება და ვიღაც-ვიღაცების „წამოკიდება“.
მე ვიცი, რომ 2024 წელი იქნება დაძაბული, რადგან არჩევნების წელია, არჩევნებია აშშ-ში, ევროკავშირში, რუსეთში და სხვა ბევრ ქვეყანაში… წელს, უნდათ თუ არა, უკრაინის ომი უნდა დაამთავრონ, თუ არადა, უკრაინა, პრაქტიკულად, აღარ იარსებებს.
ამ ფონზე მე ვფიქრობ, რომ საქართველო შეძლებს მშვიდად და წყნარად მისვლას არჩევნებამდე. უბრალოდ, მინდა ვუსურვო ბატონ ბიძინას, რომ ამ არჩევნებისთვის მაინც შეძლოს თავისი გულით და პრაგმატული გონებით ისეთი ადამიანების შერჩევა, რომლებიც შემდგომ უკან არ მოუბრუნდებიან ბოროტებით და არც მას მოუშლიან ნერვებს და არც ჩვენ!
დაბოლოს, ბედნიერ წელს გისურვებთ, მადლის ცოდვისგან განმასხვავებლებო! იხარეთ და იბედნიერეთ მშვიდობიან საქართველოში, სადაც ქრისტიანობის, წმინდანთა ხატების და წმინდა ნაწილების მსუბუქი დასასვენებელი იქნება ღვთისმშობლის კალთის ქვეშ!
ნონა ქარქაშაძე