ჩვენ როგორც ერი, ვიზრდებით, პრაგმატულად აზროვნებას ვიწყებთ!
გვესაუბრება სასამართლო
სამედიცინო ექსპერტი
მაია ნიკოლეიშვილი:
_ ქალბატონო მაია, ახალი პოლიტიკური წელიც დაიწყო. რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და, ზოგადად, მსოფლიო 2024 წელს?
_ პირველ რიგში, მინდა, “საერთო გაზეთის” რედაქციას, თქვენს ერთგულ მკითხველს შობა-ახალი წელი მოგილოცოთ. ბედნიერ 2024 წელს გისურვებთ. მჯერა, 2024 უკეთესი წელი იქნება, ვიდრე გასული.
გარე საფრთხეების თვალსაზრისით, 2023 წელი ბევრად რთული იყო. 2024 წელი კი ქართველი ერისთვის გონიერების გამოჩენის წელი იქნება. საინტერესო იყო 2023 წლის დასასრული, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დაუკავშირდა. მან პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც გასული წელი დახურა. ქართული პოლიტიკური სპექტრი _ არც ოფიციოზი და არც ოპოზიცია, ამას არ ელოდა. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო, რაც ბატონ ბიძინას სჩვევია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო პოლიტიკისთვის. გადავხედოთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ამერიკამ ჩვენს მიმართ ტაქტიკა შეცვალა. თუმცა, თავად ამერიკელები არ იცვლებიან _ მათთვის მეგობარი არ არსებობს. ევროპა უმცროს ძმად, შორეულ, ღარიბ ნათესავად მიაჩნიათ, მაგრამ ჩვენისთანა ქვეყნების მიმართ კოლონიალური დამოკიდებულება აქვთ. სხვა ილუზია არ უნდა გვქონდეს. ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, რომლის მიმართაც მათ ავადმყოფური ფობია აქვთ და ამ დამოკიდებულებას ვერაფერი შეუცვლით. დღეს ტაქტიკა იცვლება. თუმცა ამერიკისგან კარგს არაფერს უნდა ველოდეთ, მით უმეტეს, დღევანდელ სიტუაციაში.
დავაკვირდეთ, რა ხდება თავად ამ ქვეყანაში, ანუ ჩვენს მახრჩობელა მეგობარ აშშ-ში. ბაიდენი ქვეყანას ვერ მართავს. ტრამპმა იკითხა: პატარა მარკეტი რომ გქონდეთ, ბაიდენს თუ ჩააბარებდით მის მართვასო. ამ დროს, ის ქვეყნის პირველი პირია.
საინტერესო მოვლენა იყო ლოიდ ოსტინის ავადმყოფობა, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და ამის შესახებ არავის ამცნო. პენტაგონის შეფი რამდენიმე საათი რეანიმაციაში უგონოდ იყო და ამერიკის ბირთვული ტრიადა, ფაქტობრივად, უპატრონოდ რჩებოდა. სახეზე გვაქვს ამერიკული სახელმწიფოს მმართველობის რღვევა. ოსტინი ისე გაქრა, ამის შესახებ ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველმა არაფერი იცოდა. ასეთი პარტნიორისგან, შენი მოკეთეც რომ იყოს, რომლის სახელმწიფოც ასეთ რღვევას განიცდის, კარგს რას უნდა ელოდე?!
დღეს საქართველოსთვის “შუა დერეფნის” თემა უმნიშვნელოვანესია. ეს აბსოლუტურად ყველა ჩვენს მეზობელს აწყობს. ასევე, ახლო და შორეულ მეზობელს ევრაზიის კონტინენტზე. “შუა დერეფნის” ამუშავება შედის თურქეთის, არაბული სამყაროს, ინდოეთის, ჩინეთის, შუა აზიის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის ინტერესში. ევროპას კი ეს სასიცოცხლოდ სჭირდება. თუმცა, ამ პროექტის ამუშავება არ აწყობს აშშ-ს, რომელმაც ევროპა, ფაქტობრივად, მუხლებზე დააყენა. მაგალითად, გერმანიის ეკონომიკამ მეოთხე ადგილიდან უკან გადაინაცვლა. ერთ-ერთი მაღაზიის კარზე ასეთი წარწერა იყო: ყველა პროდუქტი შოლცმა და ზელენსკიმ შეჭამესო. ფერმერებიც გაიფიცნენ _ მათთვის სახელმწიფოს მცირე თანხაც აღარ ემეტება, სამაგიეროდ, თანხებს იმეტებს ომისთვის! არავის ეგონოს, თითქოს ეს უკრაინელების სიყვარულის გამო ხდება. მალე აშშ-ში არჩევნები იქნება, მანამდე კი ცდილობენ, პატრონის დავალებები შეასრულონ. ოღონდ, ვინ არის პატრონი, ვინ მართავს რეალურად აშშ-ს, ეს არავინ იცის. ამერიკას უჩინმაჩინი, ფანტომასი მართავს. საინტერესო ისაა, რომ აშშ-ს რეალურად მართავენ ისინი, ვინც ამერიკელ ხალხს არ აურჩევია. აქ სრულდება ამერიკულ არჩევნებზე და დემოკრატიაზე ილუზია. ეს ხომ ილუზაა _ ქვეყანას მართავს ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც არავის აურჩევია. ამერიკაში, პრაქტიკულად, არჩევითობა დამთავრებულია. პოლიტოლოგების თქმით: “დემოკრატები” და “რესპუბლიკელები” ერთმანეთთან შეურიგებელი ძალებია. ამიტომ ტრამპისა და ბაიდენის არჩევნებში მონაწილეობა ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანს. ზოგი შტატი არჩევნების სიიდან იღებს ბაიდენს, ზოგი _ ტრამპს. ანუ, ამერიკის გახლეჩვის პროცესი მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში, ალბათ, სამოქალაო დაპირისპირება გარდაუვალია, თუ ხელისუფლებაში მესამე ძალა არ მოვა, რომელიც კლანური მმართველობისგან თავისუფალი იქნება. ოსტინის გაქრობამ ეს დაადასტურა. ოსტინი ობამას კლანის წარმომადგენელია, ბაიდენი კი _ კლინტონების. კლანებმა ერთმანეთს ინფორმაცია დაუმალეს.
რაც შეეხება საქართველოს, მინდა აღვნიშნო, რომ მთელი წლის განმავლობაში ღარიბაშვილის საგარეო პოლიტიკა ძალიან წარმატებული იყო. მან მთელი გლობალური სამხრეთი შემოიარა. ასევე, ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროპის წამყვანი ქვეყნების მაღალჩინოსნებთან, რაც, საბოლოოდ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებით დასრულდა. საგარეო პოლიტიკური მოსამზადებელი სამუშაოები მაფიქრებინებს, რომ შემდეგი ეტაპი ამ ქვეყნებთან გახსნილი, უკვე დეკლარირებული ურთიერთობები, “შუა დერეფნის” გაფორმება იქნება. როცა ეს მოხდება, ხელმომწერები აუცილებლად იქნებიან ევროპის წამყვანი ქვეყნები, ევროკავშირის სახელით.
ამ საკითხის მოსაგვარებლად აუცილებელია აფხაზებთან და ოსებთან (თავად ხალხთან და არა ტერიტორიებთან) ურთიერთობების დარეგულირება. ეს რა ფორმით მოხდება, ძნელი სათქმელია. მუდმივად გავიძახით: დავიბრუნებთ ტერიტორიებს, გავმთლიანდებითო, თავად ადამიანებზე კი იშვიათად ვსაუბრობთ. ამ მიმართულებით დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. თაობები ჩვენგან შორს, მტრული განწყობით გაიზარდნენ. მათ მრავალი წელი უჩვენოდ იცხოვრეს. შედეგად, გაუცხოებულები ვართ.
ერთმანეთი თავიდან უნდა გავიცნოთ, საერთო ინტერესები გამოვძებნოთ, მაგრამ რუსეთის კეთილგანწყობის გარეშე ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. ევროპელების შეშფოთებით, აგერ უკვე ოცდაათი წელია, არაფერი იცვლება. მათ შფოთვები და ოხვრები რუსეთს სასაცილოდ არ ჰყოფნის. ნახევარი უკრაინა გაწყდა, უკვე ქალებს ამზადებენ ომში წასასვლელად. ევროპა აღარც შფოთავს _ ესეც მობეზრდა. უკრაინელების სიცოცხლეს მათთვის ჩალის ფასი აქვს. რუსეთის ჩვენდამი კეთილგანწყობა, ჩემი რწმენით, ჩინეთის, ინდოეთის და არაბული სამყაროს ჩარევით, მოლაპარაკებებით მოხდება. მეტი გონიერების გამოჩენით უკეთესი წელი გვექნება. მსოფლიო წესრიგი იცვლება. თუ გარედან დაფინანსებული შიდა მტრების მიერ საომარ პროვოკაციებს ავირიდებთ, ეს მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს, აფხაზეთისა და ოსეთისთვისაც.
_ დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, მუდმივ რყევებში ვართ. რატომ ვერ დავლაგდით? გარეთ ოცდამეერთე საუკუნეა, მაგრამ თითქოს კალენდარი აგვერია…
_ ჩვენ გვგონია, ტექნოლოგიები რაც უფრო წინ მიდის და სამყარო ვითარდება, მით მეტი კულტურა, კეთილი ურთიერთობები, უსაფრთხოება იქნება. შექმნილმა რეალობამ დაგვანახვა, რომ ასე არაა _ რაც გვინდოდა, უტოპიური ყოფილა. ვეფხვები რომ არ იკბინებიან და ადამიანებთან არიან ჩახუტებულნი, ეს ხომ უტოპიაა. საბჭოთა ადამიანებს, როგორც რუსეთს, ლიბერალიზმის ვირუსი შეგვეყარა. მათაც ეგონათ, დათვები, ვეფხვები, ადამიანები ერთად გადასარევად იცხოვრებდნენ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ევროპას ის მივაწერეთ, მასში იმას ვეძებთ, რაც იქ რეალურად არ არის. მე-19 საუკუნის ევროპა განვითარებული იყო ლიტერატურის, ფილოსოფიის დონეზე, თორემ სხვა მხრივ, ებრაელები ქუჩაში რომ მიდიოდნენ და გზად გერმანელს შეხვდებოდნენ, ტროტუარიდან უნდა ჩასულიყვნენ.
ახლა დააკვირდით, რას აკეთებს ჩვენი “მახრჩობელა მეგობარი” ამერიკა _ მან ჩამოუარა სუსტ ქვეყნებს _ სირიას, ერაყს, ავღანეთს, ცეცხლი შეუნთო მათ, ქვეყნიდან აყარა, ჩახოცა. ისრაელი ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური, ძლიერი სახელმწიფო გვეგონა და თურმე, ყოველწლიურად ამერიკიდან იღებდა 4 მილიარდ დოლარს დახმარების სახით. ამის გარეშე ისრაელის სამხედრო ძლიერება ილუზია ყოფილა. 25 ათასი ადამიანი განადგურდა ღაზას სექტორში და ვითომ არაფერი. მიგრანტები ევროპისკენ დაიძრნენ. რა ელის ევროპას ამდენი მიგრანტისგან, რომელიც ამერიკამ თავიანთ ქვეყნებში არ მოასვენა. ის ყველგან ჩაერია და სიკეთე არავის მოუტანა, ქვეყნები გააუბედურა. ჰეგემონია დამღუპველია. ამერიკამ რუსული პოლიტელიტა ლიბერალიზმის ბანგით დაათრო. დღეს ხვდებიან, რომ ბანგით იყვნენ გაბრუებულები და თავიანთ იმპერიულ ხედვებს, აზროვნებას უბრუნდებიან, ლიბერალიზმს კი უკვე ჭირად მიიჩნევენ.
ახლა საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივართ, ოღონდ ეს კარგიც არის _ 24 თებერვლის მერე ნიღაბი ბევრს ჩამოსძვრა, ილუზიები დაიმსხვრა. თუ ევროპა იმიტომ მოგვწონდა, რომ იქ უსაფრთხო, უზრუნველი ცხოვრებაა, იქ კი არ უნდა გავიქცეთ, იგივე თავად ჩვენს ქვეყანაში უნდა შევქმნათ. ჩვენ როგორც ერი ვიზრდებით, საღად, პრაგმატულად აზროვნებას ვიწყებთ. რუსეთს ვეუბნებით: თუ კარგი ხარ, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვბრუნეო. ეს ხომ ინფანტილიზმია. ამერიკას ვეუბნებით: თუ კარგი ხარ, დამიცავიო. ნატო დაგვიცავსო და ჩვენი “ორიენტაცია” კონსტიტუციაში შევიტანეთ. ხომ ვხედავთ, რომ ნატო არავის დამცველი არ არის. განა დაიცვა ნატომ უკრაინა? _ არა. ნატო დაცვა არ არის, პროვოკაცია და გაუბედურებაა. ამას ნელ-ნელა ვაცნობიერებთ. ანუ, ჩვენ ილუზიების მსხვრევაში, როგორც ერი ვიზრდებით. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ჩვენთვის რა სჯობს. კარგ პროცესში ვართ იმ თვალსაზრისით, რომ ნელ-ნელა საზოგადოება ილუზიებიდან გამოდის და უფრო ჯანსაღი, თამამი ხდება. ჩვენი აქილევსის დიდი ქუსლი ახალგაზრდა თაობაა, რომელიც სასწრაფოდ, შOშ-ის რეჟიმში გადასარჩენი გვყავს იმ ცარიელი განათლებისგან, რასაც ჩვენი განათლების სისტემა მას აძლევს. იქნებ, უფროსმა თაობამ, რომელიც გამოფხიზლდა ახალგაზრდების იდეოლოგიურ გადარჩენაზე იფიქროს.
_ ბოლოს სამების ტაძარში დაბრძანებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რაზეც ვნებათაღელვა არ ცხრება…
_ თოხარიკი ქართველი ნეოლიბერალები გაავებულები დარბიან, ხან წმინდა მატრიონუშკა არ მოსწონთ, ხან სტალინი “ემძიმებათ”, ხან უწმიდესის გვარს “თარგმნიან”, ხან მეფეებს “ეხანჯლავებიან”, ხან თავიანთ თავსაბურავზე _ პრეზერვატივებზე მეფეთმეფე თამარს მიიხატავენ… რეალურად, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა როდია. მართლმადიდებლობას და ტრადიციულ რელიგიებს მომაკვდავი ნეოლიბერალები ყველგან უტევენ. თოხარიკი ქართველი ნეოლიბერალები მათ უკან მიჩანჩალებენ და უცხოურ ხელფასს ინფანტილურ-იდიოტურ ქცევებში იღებენ. პროვოკაციების ეს სერიაც გარედან დაგეგმილი, მართული და პოლიტიკურია ისევე, როგორც: შარლ ებდოს პროვოკაცია; ყურანის დაწვა აზრის გამოხატვის სახელით; სატანისტების მიერ უკრაინაში ეკლესიებში როკვა, კიევო-პეჩორის ლავრაში შეჭრა, მღვდელმთავრის დაპატიმრება; ამ შობას იტალიაში მაცხოვრის მშობლებად ორი ქალის ან ორი კაცის გამოძერწვა; ერთსქესიანთა კურთხევის დაშვება და ა.შ. ეს და სხვა მრავალი მკრეხელობა ერთი ჯაჭვის რგოლებია, ლეო ტროცკის ახდენილი ოცნება _ მესამე, ფაშისტურ-სატანისტური ინტერნაციონალი!
ჭინკები ეკლესიას ვერას დააკლებენ, ვერც საქართველოს, მაგრამ გამოძევებული ხატი?!
თამარ შველიძე