არჩევნებიც მოგვისწრებს და ერთმანეთთან მისასვლელ ხიდებს საბოლოოდ დავწვავთ!
იურისტი მარიამ გულორდავა რამდენიმე დღიან,მოჩვენებით პოლიტიკურ სიმშვიდეს სოციალურ ქსელში,საინტერესო ანალიზით გამოეხმაურა.
“წლიდან წლამდე დაგროვილი წყენებითა და უთქმელი სიტყვებით ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში.
არეულობისა და უნდობლობის შუაგულ ამბებს დავატარებთ და მხოლოდ წელიწადის იმ ერთ დღეს ვივიწყებთ ყველაფერს და ამას მოჰყვება შემდეგი დღეებიც.
წელიწადში ერთხელ დგება ღამე, როცა ვართ ყველანი ერთად. გუშინდელისგან განსხვავებით დღეს ყველანი ერთად ვართ და საერთოდ არ გვადარდებს ის სიტყვები, რომლებიც ერთმანეთისთვის ჯერ არ გვითქვამს, ჯერ არ გაგვიმხელია, ჯერ არ დაგვიამებია, რადგან ახალი წელია.
გუშინდელი დღე დღევანდელისგან იმით განსხვავდება, რომ გუშინ არავის გვეცალა ასე უმიზეზო სიყვარულისთვის და ერთმანეთს განსხვავებებს ვატოლებდით,მაგრამ დღეს ერთად ვდგავართ, რადგან დღეს – ახალი წელია.
მერე..ახალ წლებს რომ გადავაგორებთ ამ წელს არჩევნებიც მოგვისწრებს და
მთელ 4 წელს ახალი ციკლით გავატარებთ. არჩევნების გამოძახილს სხვადასხვა ნაპირზე დგომას დავატოვებინებთ, ერთმანეთის გაუფრთხილებლობის, გაუცხოებისა და იმედგაცრუების გრძნობით აღსავსეს.
ინკლუზიურობის სიმფონიას დავაწყებინებთ დაკვრას, როგორც ჰარმონიის მაესტროები და ერთმანეთთან მისასვლელ ხიდებს საბოლოოდ დავწვავთ, თვალებში ჩახედვა კიდევ უფრო უცნაურ და უხერხულ განცდებს დაგვიტოვებს.
მერე, წლიდან წლამდე ამბების სკივრს თავს მოვხსნით. ბევრჯერ ვატკენთ. ბევრჯერ ვაქცევთ. ბევრჯერ ავრევთ.
და შემდეგ კვლავ იმ ახალ წლებს დაველოდებით, როცა თავიდან შევძლებთ ერთად დგომას.
წინააღმდეგობა არ ნიშნავს მტრობას.
გილოცავთ ახალ წელს!”
წერს მარიამ გულორდავა.