საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

თავმოყვარე ერმა საკუთარი კეთილდღეობა თავად უნდა უზრუნველყოს! – საერთო მედია
მაისი 20, 2024

თავმოყვარე ერმა საკუთარი კეთილდღეობა თავად უნდა უზრუნველყოს!

 

გვესაუბრება ეკონომისტი,
პროფესორი სოსო არჩვაძე:

_ ბატონო სოსო, წელი იწურება, ეკონომიკური თვალსაზრისით რით იყო მნიშვნელოვანი 2023 წელი?
_ ვიდრე შეკითხვაზე გიპასუხებთ, მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას ლეიტმოტივად გასდევს ქართველი ერის ისტორიული მისწრაფება, რაც მნიშვნელოვანი ევროპული ორიენტაციის გამოხატულების დადასტურებაა. ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს აღიარებას ნიშნავს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი შრომა მოგვიწევს, რათა ევროპულ ფასეულობათა სისტემაში საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი. თუმცა ფაქტია, ევროკავშირის 27-ვე წევრმა აღიარა, რომ ისტორიულად, კულტურულად საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია.
რაც შეეხება 2023 წლის ეკონომიკურ მიღწევებს, ბოლო სამი წელი საკმაოდ წარმატებული იყო. სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან, საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით 24-ს უსწრებდა, ხოლო 2022 წელს ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით 26 სახელმწიფო ჩამოიტოვა, მას მხოლოდ ირლანდიამ გაუსწრო. წელს კი ევროკავშირის ყველა ქვეყანას ვაჯობეთ და თვალსაჩინო წარმატება გვაქვს _ ჩვენი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია. ამ წლის პირველი ათი თვის მონაცემებით 6,9%-იანი ზრდა გვქონდა მაშინ, როცა ევროკავშირისთვის ეკონომიკის საშუალო ზრდის ტემპი, დაახლოებით, 1%-ის ფარგლებშია. ეს ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ დინამიკურად ვითარდება. ის თანდათანობით აბსოლუტური და შეფარდებითი ეკონომიკური მაჩვენებლებით ევროპის დონეს უახლოვდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა, რითაც 2023 წელი გამოირჩევა, ის გახლავთ, რომ ინფლაცია დავამარცხეთ. მისი ზრდის ტემპი წინა წელთან შედარებით, ნოემბრის მონაცემებით, სიმბოლური _ 0,1%-ია. ეს მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. იმპორტირებულ საქონელში საკმაოდ დიდი წილი ისეთ პროდუქტებს უკავია, რომლებზეც ფასები საკმაოდ მერყევია, პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს ნავთობპროდუქტები. ნავთობის საკუთარი წარმოება მთლიან მოხმარებას რომ შევაფარდოთ, ეს ალბათ, პირველი იანვრიდან შობის დღესასწაულების ჩათვლით გვეყოფა. დანარჩენ პერიოდში მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ამის მიუხედავად, საქართველომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში ინფლაციის საკმაოდ დაბალი დონის უზრუნველყოფა შეძლო.
საინტერესო ტენდენცია იკვეთება სამომხმარებლო კალათის პირველადი დანიშნულების კომპონენტში, რაზეც ფასები საკმაოდ შემცირებულია. ეს ეხება სურსათს და უალკოჰოლო სასმელებს. სასურსათო კომპონენტში ფასები წინა წელთან შედარებით 3,1%-ით არის შემცირებული, რაც ბოლო ათ-ნახევარი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა. სურსათზე ფასების ასეთ მასშტაბურ შემცირებას საქართველოში 2013 წლის აპრილის შემდეგ ადგილი არ ჰქონია.
აქვე მოდი, ხელფასების ზრდის დინამიკა ინფლაციის კლების ტემპს შევადაროთ. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საშუალო ხელფასი 230 ლარით გაიზარდა, წელს კი _ 260-ით. წინა წლის მატებასთან შედარებით, ახლა ზრდა 13-14%-ს შეადგენს. ამ ყველაფერს ინფლაციის ფაქტორიც მივუსადაგოთ _ წელს, რეალურ განზომილებაში, საშუალო ხელფასმა 244,5 ლარით მოიმატა, გასულ წელს მატება მხოლოდ 76 ლარი იყო. ანუ, წელს შარშანდელთან შედარებით საშუალო ხელფასი 3,2%-ით გაიზარდა. შედეგად, მოსახლეობა მეტი საქონლის შეძენას ახერხებს. აღნიშნული დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაშიც გამოიხატა. დაქირავებულ დასაქმებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით ახლა 70 ათასით მეტია. ეს ორი ფაქტორი ჯამში გვაძლევს რეალურ გარანტიას, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა დაბალი ინფლაციის პირობებში გაიზრდება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ 140 სახელმწიფოსთან ექსპორტ-იმპორტით ვვაჭრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ საექსპორტო საქონელზე მსოფლიო ბაზარზე ფასები შემცირდა, ექსპორტის ზრდას ადგილი მაინც აქვს. ამ კონტექსტში, წელს საქართველოს სატრანსპორტო საკომუნიკაციო ფუნქციის როლისა და მნიშვნელობის მკვეთრი ზრდა შეინიშნება. საქართველო შრომის საერთაშორისო საქონელბრუნვაში უფრო აქტიურ როლს თამაშობს. ჩვენს სამშობლოს უფრო მეტად განიხილავენ არა საერთაშორისო ურთიერთობების ობიექტად _ ქვეყნად, რომელზეც შეიძლება ტვირთებმა გაიაროს, არამედ სუბიექტად, რომლის აზრს, დამოკიდებულებას, პოლიტიკას მეზობელი ქვეყნების სასაქონლო უზრუნველყოფაში და ამ ტვირთების უსაფრთხო, უდანაკარგო გატარებაში მზარდი მნიშვნელობა აქვს. ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც საქართველოს ხელისუფლება დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის შენარჩუნებით ახორციელებს.
_ რა იცვლება საქართველოსთვის სტატუსის მონიჭებით, ეკონომიკური კუთხით რა სიკეთეებს უნდა ველოდოთ?
_ ყველა მოვლენას, პროცესს რაციონალურად, ფხიზელი თვალით უნდა შევხედოთ. წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა, ეს არის ქუჩა არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი მოძრაობით. ჩვენ ევროკავშირისგან ეკონომიკური კუთხით სარგებელს, ბენეფიტებს მივიღებთ. შესაბამისად, საქართველოსადმი მისი ეკონომიკური ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. ეკონომიკის სწრაფი ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას გამოიწვევს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის გადახდისუნარიანობის მოთხოვნა გაიზრდება, მათ შორის, იმ მაღალხარისხიან, უსაფრთხო პროდუქციაზე, რომლის მწარმოებელი და ექსპორტიორი ევროკავშირია. ჩვენი კეთილდღეობის ზრდა ორმხრივია. სხვათა შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო და აშშ, ერთიანი დასავლური სამყაროს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და გეოგრაფიულ სივრცეს წარმოადგენენ. ჯამობრივად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის. ინვესტიცია ნიშნავს, რომ მათ საქართველოს მიმართ ეკონომიკური ინტერესი აქვთ: პროდუქციის აქ წარმოება, ბაზარზე გარკვეული სეგმენტის დაკავება და გაფართოება. მერე კი საქართველოს გამოიყენებენ პლაცდარმად იმისთვის, რომ ერთობლივი წარმოების შედეგად მიღებული პროდუქცია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გაიტანონ. ფაქტობრივად, საქართველო შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთი პლაცდარმი იქნება.
ევროკავშირი ეკონომიკური თვალსაზრისით ნიშნავს პროდუქციის მაღალ ხარისხს, მის უსაფრთხოებასა და გარანტიებს, რომ ესა თუ ის პროდუქტი მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის საშიში არ იქნება. ევროკავშირი მაღალ მოთხოვნებს ნიშნავს. შესაბამისად, ჩვენი სტანდარტები უსაფრთხოების კუთხით უნდა გადაიხედოს. ამაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს. ეს პროცესი არამარტო ზეიმს, არამედ მაღალ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ საჯარო სკოლა დავამთავრეთ და ახლა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ვართ, სადაც მოთხოვნები გაცილებით მასშტაბური, კომპლექსურია და პასუხისმგებლობაც ადეკვატური უნდა იყოს. აი, ამ ფორმატში მოგვიწევს ურთიერთობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, პარტნიორებთან.
_ ექსპორტის მოცულობა იმპორტს ჩამორჩება _ ნაკლები პროდუქტი გაგვაქვს, ვიდრე შემოგვაქვს. ამ კუთხით რას შეცვლის ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი?
_ ევროკავშირთან 2014 წელს დადებული ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ საშუალება მოგვეცა, ევროკავშირის ბაზარზე ბევრი საქონელი გაგვეტანა, თუმცა ჩვენი რეალური სექტორის ჩამორჩენისა და არასაკმარისი მობილურობის გამო ამ პოტენციალს სათანადოდ ვერ ვიყენებთ. ევროკავშირის ბაზარი ჩვენი პროდუქციისთვის ღიაა, მაგრამ საკმარისი ოდენობის საქონელი თუ არ გვექნება, რას გავიტანთ?! ამიტომ მეტი ყურადღება ქვეყანაში რეალური სექტორის განვითარებას დაეთმობა, პირველ რიგში, იგულისხმება მრეწველობა, აგრარული სექტორი და ასე შემდეგ. მაგალითად, ქართული ვენახისგან მეტი შემოსავალი რომ მივიღოთ, აქცენტი არა ვენახების პლანტაციების ზრდაზე უნდა გადავიტანოთ, არამედ მაღალი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გადამუშავების საფუძველზე მიღებული პროდუქციის წარმოებაზე, რომელსაც მსოფლიო ბაზრებზე მაღალი დამატებითი ღირებულება ექნება. ამისთვის რეალური სექტორის განვითარებას მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რისთვისაც სპეციალისტების მიგნებების, რეკომენდაციების გათვალისწინებაა აუცილებელი.
_ ბატონო სოსო, ევროკავშირში შესვლა ბევრისთვის პენსიების, ხელფასების ზრდასთან ასოცირდება. რეალურად რა ხდება?
_ ევროკავშირშიც არ არის ერთი დონის ხელფასები, პენსიები. თავად ხელფასისა და პენსიის თანაფარდობა ბევრ ევროპულ სახელმწიფოში განსხვავდება. ჩვენ უნდა დავძლიოთ ცალსახა უტილიტარული დამოკიდებულება, რომ ვიღაცამ უნდა გვარჩინოს, კარგი გენეტიკის, წარსულის გამო დახმარება აღმოგვიჩინოს და ასე შემდეგ. ნებისმიერმა ქვეყანამ, თავმოყვარე ერმა საკუთარი კეთილდღეობა თავად უნდა უზრუნველყოს. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, კანდიდატის სტატუსის მონიჭება უკვე ნიშნავს, რომ გვენდობიან. ადრე ათი წელი გვჭირდებოდა იმისთვის, რომ ვიზა აგვეღო. ახლა ამისთვის ერთ საათსაც არ ვხარჯავთ, დრო დაგვეზოგა. ჩვენი მოქალაქეები ევროპაში თავისუფლად მოგზაურობენ. იგივე მოხდება პროდუქციასთან მიმართებითაც. საბოლოო ჯამში, მოსახლეობას გამოუთავისუფლდება დრო უფრო მეტი შემოქმედებითი, ეკონომიკური საქმიანობისთვის. შედეგად, პროდუქციის თვითღირებულება, რომლის მწარმოებლებიც ჩვენ ვართ, გარკვეული ბარიერების მოხსნის მერე კიდევ უფრო გაიაფდება. ეს პროდუქცია უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდება როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიდა ბაზარზე. ეს არის ის პერსპექტივა, რასაც ევროკავშირთან დაახლოება გვაძლევს, რასაც სწორი გამოყენება უნდა. ეს მოგვცემს საშუალებას, გავზარდოთ შემოსავალი, მოგება და ამის საფუძველზე მოსახლეობის ხელფასები და პენსიები.
_ ბატონო სოსო, საქართველოდან ბევრი ქართველია უცხოეთში სამუშაოდ გასული. ევროკავშირში გაწევრიანების მერე ხომ უფრო მეტი შეძლებს გასვლას და იქ ლეგალურად მუშაობას მაღალ ხელფასზე. ამ კუთხით რა საფრთხეებს ხედავთ?
_ ამ მიმართულებით რიგი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. პირველ რიგში, თუ აქ ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო გაუმჯობესდება, მაღალი ხელფასის საძიებლად ქვეყნიდან გასული მოსახლეობის რიცხვი თანდათანობით შემცირდება. კოვიდპანდემიის მერე ბევრი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. ფიზიკურად ადგილზე ყოფნა საჭირო აღარ არის. შეიძლება თბილისში იჯდე და გერმანიის, საფრანგეთის რომელიმე კომპანიას უწევდე მომსახურებას. ქვეყნიდან გასვლის ზრდას ეს ფაქტორიც შეაჩერებს. თუმცა ფართო ხასიათი ექნება სხვადასხვა სამეცნიერო, კულტურულ ღონსძიებებში მონაწილეობას, სტუდენტთა გასვლას და ევროკავშირის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღებას. ჩვენ მყარი საფუძველი გაგვაჩნია, რაც საშუალებას გვაძლევს, საქართველოთი ვიამაყოთ და, ამავე დროს, თანამედროვე გამოწვევების ადეკვატური შემფასებლები ვიყოთ.

თამარ შველიძე