გავაქართველეთ ევროპა, გილოცავთ!
2023 წლის 15 დეკემბერი იყო. ვიჯექი სახლში და თავზე მცვიოდა ზანზარა ბომბები წარწერებით: “ზა როდინუ”, “ზა სტალინა”, ხოლო მათ გვერდზე ნარნარად მოფრინავდა ლამაზი ბომბი, უხმო, უტყვი, ვარდისფერი ბაფთით “ესეც შენა!” ფრიად მეამა, გამიხარდა, ავხტი, დავეცი, სამგზის ამოვტრიალდი! არის, ასრულდა ჩემი ნატვრა რომ სრულფასოვანი ევროპელი ვიყო!
ახლა შავ დღეში ვარ, არ ვიცი, როგორ შევიშნოო ევროპელობა!
მთელი ცხოვრება კავკასიელი ვიყავი, მსოფლიო ცივილიზაციის დასაბამი ქვეყანა და ახლა როგორ ჩამოვქვეითდე?
ჩემი თანამემამულე საქართველოს მოქალაქეეების სულისკვეთებისა არ ვიცი, ვერ ვუგებ, მაგრამ მე დედამიწაზე მოვლენილ პირველ სამეფო ხელისუფლებას ჩამოვყევი ციდან, სხვა გალაქტიკიდან და სხვაგვარად არ ძალმიძს!
სტრაბონი ძველ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მეტალურგიისა და მჭედლობის მფარველი ღვთაებები – კორიბანტები (კირბანტები), ჰელიოსის (მზის) ვაჟიშვილები და კოლხეთის მეფის, აიეტის ნახევარძმები კრეტაზე, ევბეაზე, სამოთრაკეზე, ხმელთაშუა ზღვის სხვა კუნძულებსა და ფრიგიაში კოლხეთიდან იყვნენ მისულები;
წმ. კლიმენტ ალექსანდრიელი უძველესი წყაროების მიხედვით წერს, რომ ქურუმ-ღვთაებებმა – დაქტილებმა შექმნეს დამწერლობა და აღმოაჩინეს მუსიკის რიტმი (ზოგიერთი მითის მიხედვით, მათ ჩაუყარეს საფუძველი არითმეტიკასაც). დაქტილებს მიეწერებათ ბრინჯაოს გამოდნობა, რკინის აღმოჩენა და დამუშავება;
თეოპომპე ქიოსელის, თეოფრასტე ერესოსელის, აპოლოდორე ათენელის, წმ. ოტიოსისა და სვიდას ლექსიკონის ცნობათა მიხედვით, კორიბანტებს კირბების საკრალური, სასულიერო სახის წარწერების შექმნა მიეწერებათ. კრატინეს, ლისიას, პლატონის, ნონუსის, აგათა სქოლასტიკოსის, არისტოტელეს, ტიმეოსის, აპოლონიოს როდოსელის, ძენობიოსის, კომეტას ხარტულარიოსისა და სხვათა ცნობების მიხედვით, ეს საკრალური წარწერები სრულდებოდა თიხის ან სპილენძის ფირფიტებზე, ხის დაფებზე, სტელებსა და სვეტებზე.
აპოლონიოს როდოსელი: “…კოლხებმა შემოინახეს თავიანთ მამათა ნაწერები, ამოკვეთილი კირბებზე, რომლებზეც ირგვლივ, ყოველ მხარეს, მოგზაურთათვის დაბეჭდილია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი… კირბები იყო ფირფიტები და მათ კოლხები იყენებდნენ”.
ძველი ბერძნული წყაროებიდან ასევე ცნობილია, რომ პელასგ-კოლხთა დედა-ღვთაების რეა-კიბელეს (ფასიანეს) ქურუმებს, კორიბანტებს, ძველთაგანვე ჰქონდათ დამწერლობა რომელსაც საიდუმლოდ ინახავდნენ. ხარაქს პეგამონიელი ამ დამწერლობას “ხრისოგრაფიას”, ანუ “ოქროდამწერლობას” (ოქროთი წერას) უწოდებდა. ამ ცნობას იმოწმებს წმ. ევსტათიოს თესალონიკიელი “ოქროს საწმისის” განმარტებისას და წერს “ოქროდამწერლობის მეთოდის გამო “არგოს” ლაშქრობა მოეწყო…”
ძირითადი შედეგები: 1. ძვ. წ VI-III ათასწლეულებში ხმელთაშუაზღვისპირეთის, პელოპონესის, ანუ პელასგიის ნახევარკუნძულის, ეგეოსის ზღვის აუზის კუნძულების, მცირე აზიისა და შავიზღვისპირეთის უძველესი ადგილობრივი მოსახლეობა არა ინდოევროპული, არა ქამიტურ-სემიტური და არა ურალურ-ალტაური წარმოშობის იყო. ეს იყო პროტოქართველური (სამხრეთკავკასიური) მოსახლეობა, სანამ ამ ადგილებში ინდოევროპული ტომების (მაგ., ბერძნების) მიგრაცია დაიწყებოდა. ძვ.წ XX-XV საუკუნეებში ამ არეალში ისევ დომინანტობს პელასგურ-კოლხური (მინოსური) კულტურა და ენა, სანამ გავრცელდებოდა ინდოევროპული (მაგ., ბერძნული) კულტურა და ენა;
2. პელასგურ-კოლხური (მინოსური) კულტურის უძველესი წერითი ნიმუშების, კირბების – ფესოსისი დისკოსა და A კლასის ხაზოვანი წარწერების ლინგვისტურ-ფილოლოგიური და ისტორიულ-ტიპოლოგიური შესწავლა ნათლად აჩვენებს, რომ არსებობდა კონტაქტები პროტოქართველურ, პროტოინდო-ევროპულ და პროტოქამიტურ-სემიტურ ენებსა და კულტურებს შორის. ამ მასალით შესაძლებელი ხდება, უფრო ზუსტად განისაზღვროს საერთოქართველური ენის გავრცელების ტერიტორია;
3. საერთო ქართველურმა ენამ შექმნა მნიშვნელოვანი სუბსტრატი ბერძნული დიალექტებისთვის, როდესაც ძველბერძნებმა დალაშქრეს პელოპონესის, ანუ პელასგიის ნახევარკუნძული. დასტურდება, რომ ბერძნულში გაურკვეველი ეტიმოლოგიის ტოპონიმები საერთოქართველური წარმოშობისაა;
4. ფესტოს დისკოსა და A კლასის ხაზოვან ტექსტებში დასტურდება თ. გამყრელიძისა და გ. მაჭავარიანის მიერ შედარებითი და შინაგანი კონსტრუქციის გზით აღდგენილი საერთოქართველური ენობრივი სისტემის სტრუქტურული მოდელები;
5. ფესტოს დისკოსა და A კლასის ხაზოვანი საერთოქართველური ტექსტების ლინგვისტური, ისტორიული, ეთნოგრაფიული, რელიგიური, სასოფლო-სამეურნეო და არითმეტიკული მასალისა და მრავალი არქეოლოგიური არტეფაქტის შესწავლით ირკვევა, რომ პელასგ-კოლხების (მინოსელების) მიერ შექმნილი ორმოცი საუკუნის წინანდელი საერთოქართველური კულტურა იყო საძირკველი პროტობერძნული ცივილიზაციისა, რომელმაც დასაბამი მისცა ევროპულ ცივილიზაციას.
დროში უფრო ახლოს და ახლო სამეზობლოში
მსოფლიოს გადავწვდით, მაგრამ რა “გვაქვს” ახლო სამეზობლოში?
აღარავინ ახსენებს, რომ 1921 წლამდე კრასნოდარის მხარეში ინახებოდა რუკა, რომელსაც, დაწყებული სინყარის ქვეყნით (ერაყი), დამთავრებული მიმდებარე ტერიტორიებით: ქიმეთი (ეგვიპტე) სუდანი (კოლხ-ქალდების იმპერია), პირენეი, აპენინი, ხმელთაშუა ზღვის აუზი ძველ ლაზიკამდე “მეგრელია” ეწერა;
თუაფსემდე, მდინარე რამდე (ვოლგა), ყაზანი, რიაზანი – მეგრული სახელებია; აზოვის ზღვა (ზღვა “ლაზოვსკოე” – ლაზების ზღვა), მთელი ყირიმი, ჩრდილოეთ ინდოეთამდე, როგორც ძველი ბერძნები ამბობენ, მეწამული ზღვიდან კასპიის ზღვამდე, კოლხეთი იყო. ეს ერთი ქვეყანა, ერთი ეთნოსი იყო და, შესაბამისად, მთელ მის ტერიტორიაზე ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობდა.
ჰეროდოტე (ძვ.წ VI ს.) და სხვა ძველი ბერძენი სწავლულები აღნიშნულ სივრცეში კოლხების გარდა სხვა ხალხებსა და ქვეყნებს ვერ ხედავდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა სახელმწიფოებრივი გაერთიანება, ან სხვა ხალხები ამ ტერიტორიაზე არ არსებობდნენ.
სამეგრელოდან (კოლხეთიდან) დაშორებულ აბსოლუტურად სხვა მხარეში, საინგილოში, დღესაც უამრავი ტოპონიმი და გამოთქმაა მეგრული. “მი რექ” მეგრულად არის “ვინ ხარ”; ვთქვათ, “დაუწერელი”, “გაუკეთებელი” და ა.შ. ინგილო წერდა ასე “უ-დაუწერელი”, “უ-გაუკეთებელი” და ა.შ. საიდან მოვიდა “უ” წინსართი? “უ” წინსართი კი არ “მოვიდა”, არამედ დარჩა იმ დროიდან, როდესაც საინგილოს ტერიტორიაზე იმავე ენაზე (კოლხურად) საუბრობდნენ რა ენაზეც დღევანდელი სამეგრელოში (კოლხეთშო) საუბრობენ. “წერა” მეგრულად არის “ჭარუა”, “დაუწერელი” – “უ-ჭარ”, “გაუკეთებელი” – “უ-კეთებ” და ა.შ.
კასპიისპირეთში რომ დღესაც უამრავი “აიეტიზმებია”, ე. წ. “მეგრელიზმები”, მე ვიგონებ?
თუ გავითვალისწინებთ, რომ საინგილო (ჰერეთის ჩრდილოეთი რეგიონი) ყოფილი ალბანეთის რეგიონი იყო, საფუძვლიანი ეჭვია, რომ ალბანელები მეგრელები იყვნენ…
არსებობს IX საუკუნის “ბიზანტიური ენციკლოპედია”, სადაც ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ “ალბანელები მეგრელები არიან”, ამ დროს ბიზანტია მთელ დასავლეთ საქართველოს “ლაზიკას” უწოდებს, მაგრამ მათ – მეგრელებს. რის საფუძველზე უნდა დაწერილიყო ეს? ერთადერთი ვარაუდია – ენის საფუძველზე.
სახელწოდება “აჭარა” “ა-ბედისწერაა”, “აი, ბედისწერა” – “ჭარა” მეგრულად “ბედი”-ა. აჭარა ტერიტორიულად იყო, მაგრამ როგორც ადმინისტრაციული ერთეული, არ ყოფილა, ჯერ იყო ლაზიკაში შემავალი ტერიტორია, შემდეგ თურქეთის იმპერიაში და სარფის აქეთ რაც დარჩა, იმას დაერქვა გურია, რაც მეგრულად “გული”-ა…
თურქებმა რომ შუა საუკუნეებში ბათუმი და მისი შემოგარენი წაიღეს, მაშინ “სანჯაყი” დაარქვეს და “დიდ-ა-ჭარა” საიდან “მოვიდა?” – ოღონდ მეგრული (კოლხური) ძირი არ ახსენონ და… “ქობულეთი” რა არის – “ქობალეთი”, სახორბლეთი…
“აფხა” მეგრულად არის “ბეჭი” – რუკას რომ დახედავთ, სწორედ ბეჭის ადგილზეა… “გური” ტრაპეზუნიდან ნიკოფსიამდე გულის ადგილზეა. აფხაზს რომ ზღვის სახელი არ ჰქონდეს, “ამორეს” უწოდებდნენ, როგორი წარმოსადგენია – “ზღვა” – მეგრულია – ზღო!..
აფხაზეთში მცხოვრებ მეგრელს ერქვა “აფხაზი”; ლაზიკაში მცხოვრებ მეგრელს – ლაზი; ჭანეთში მცხოვრებს – ჭანი; მარგვეთში მცხოვრებს – მარგველი და ა.შ. გვარი “მარგველაშვილის” ფუძე “მარგველ” ამბობობს, რომ არის “მარგვეთიდან”, “მარგალიდან” – “მეგრელი” მოდის ყველა…
ყველაფერს, მათ შორის ქალაქებსაც, იმ ენაზე ერქმევა სახელი, რა ერის ხალხიც ცხოვრობს იქ. მაგალითად, “მახაჩქალა” მეგრულად არის “მთოხნელი”. წალენჯიხის რაიონში არის სოფელი მახაჩქალა. “ხაჩქუა” არის “თოხნა”. რადგან მათთან არ იყო, რუსული “ქ” გადაკეთდა “კ-დ” და ასე გამოვიდა. ასევეა “განჯა”, მეგრულად – “გაღება”, იქიდან იყო შემოსასვლელი; “ვეჯინი” – “არ დაუცადო”; “არტანუჯი” – “არტანის ყური”, “ყუჯი” – “ყური”-ა და ა. შ.
კრასნოდარისკენ უამრავი დასახლებებია, რომლებსაც მეგრული სახელები ჰქვია… სოჭის ცოტა მოშორებით პატარა დასახლებაა, სახელად “ბარცხა”, მეგრულად “ფრჩხილი”, ალბათ, ტერიტორიის სიმცირის გამო “ფრჩხილისოდენა”; ტუაფსეს გზაზეა “მიტოშყვაჯი” – “მიტოს ყვერები” და ა.შ. – უამრავი სახელი…
პირდაპირ მეგრული ფუძეები აქვთ ქართულ გვარებს, მაგრამ, მაგალითად, “თუთაშვილმა” არ იცის რომ “მთვარის შვილია”… ყამბარაშვილი – “ყამბარ” – ყავარი; ხუჯაძე – “ხუჯ” – ხარი; ტორონჯაძე – “ტორონჯი”, – მტრედი და ა.შ. უამრავი, თუმცა, ეს უკვე სხვა თემაა…
თუ ერის ერთიანობას განსაზღვრავს ხალხის ისტორიული მეხსიერება, მსოფლიოს ბევრ ხალხს შემორჩა კოლხეთის სამეფოს ეპოქიდან ბევრი რამ, რაც მხოლოდ კოლხურია და რატომ არ უნდა ვთქვათ ხმამაღლა, რომ მსოფლიო ცივილიზაციის სათავე მართლაც კოლხეთია?!
და მე ევროპელი ვარ თუ მყარი ქართველი?
კუდაბზუა მარიონეტი ხაბეიშვილის მსგავსი არსებები რას იტყვიან, სრულებით არ მაინტერესებს, 1:0 კი არა, 7-ჯერ ექვსი რომ დაწეროს, მოცემულობა არ იცვლება. მე ქართველი ვარ და არასოდეს დავიღლები! მე ქართველი ვარ და არავითარი “მაშასადამე”!
რომელი “რუსული პარტია”, რომელი მოხარშული წაბლი?!
ისიც კაი ხვითოა, ნატვრისთვალის ნაცვლად წაბლი უდევს ხახაში, მაგრამ მაინც… რაღაც გაერთიანებად გამოდის და აბოდებს, ევროკავშირის დროშა პირველად მიხეილ სააკაშვილმა აღმართაო…
დღევანდელი საქართველო ის საქართველოა, რომელზეც ვერავინ წარმოიდგენდა თუნდაც ხუთი წლის წინათ, რომ ევროპის “ნაწილი” გახდებოდა რამენაირად…
ეს ჩემი საქართველოა, რომელიც აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას მსოფლიო ასპარეზზე და ეს სიტყვა იქნება მსოფლიო დასაბამისა დედამიწაზე!
გავაქართველეთ ევროპა!
გი-ლო-ცავთ!!
მაია ჭელიძე