საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ქათამაძეს 2 თუ 3 სიმღერის შესრულებაში 100 ათასი ლარი მოუთხოვია – საერთო მედია
ივნისი 16, 2024

ქათამაძეს 2 თუ 3 სიმღერის შესრულებაში 100 ათასი ლარი მოუთხოვია

“ნინო ქათამაძეს და სხვებს

ნინო ქათამაძე, მიშას სხვა მომღერალ-დამკვრელები ჩივიან, ოცნების ხელისუფლება პოლიტიკური პოზიციის გამო გვდევნის და სადღესასწაულო კონცერტებზე არ გვიწვევსო.

საბჭოთა დისიდენტებმა თითქმის ნახევარი საუკუნის წინ სწორედ ადამიანთა პოლიტიკური დევნა-შევიწროვების წინააღმდეგ დავიწყეთ ბრძოლა და მას შემდეგ არც არასოდეს შემიცვლია პოზიცია, მაგრამ როდესაც ამ ტიპის ადამიანები აპელირებენ კულტურის სფეროში არსებულ პოლიტიკურ ცენზურაზე, იძულებული ვარ სხვა კუთხიდან შევხედოთ ამ პრობლემას და შევეცადოთ ქათამაძის ნაირებს დავანახოთ სიღრმისეული პრობლემა და ამ პრობლემის ფონზე საკუთარი სახე.

დავიწყოთ იმით, რომ მიშას მომღერლებს და დამკვრელებს თავიანთი ბელადის ზეობის დროს ერთხელაც არ გახსენებიათ მართლაც პოლიტიკური ნიშნით შევიწროვებული და დევნილი კოლეგები ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ბასა ფოცხიშვილი და სხვები.

ვერავინ ვერავის აუკრძალავს პოლიტიკურ მომხრეობას, მაგრამ როდესაც დღესაც აგრძელებენ იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას, რომელსაც ქართველმა ხალხმა სისხლიანი 9 წელი და ფაშიზმი უწოდა, ცოტა უხერხულად ხომ არ გეჩვენება ტაშის დაკვრის სურვილი იმავე ხალხისგან? როდესაც იმასაც კი ვერ გრძნობთ, რომ წარსულში მხარდაჭერაზეც ბოდიში გაქვთ მოსახდელი და დღემდე შეუცვლელ პოზიციაზეც?

რაო, მომღერალ ბულბულს არაფერი გსმენია, ასი ათასობით ციხის ჯოჯოხეთგამოვლილ თანამოქალაქეებზე? ასზე მეტ ქუჩებში დახვრეტილ საჯიშე ბიჭებზე? არ გაგიგიათ შენ და შენ მაგვარ “შევიწროებულებს” დედ-შვილი გირგვლიანების ტრაგედიაზე, რომელშიც თქვენი ბელადის შშს მინისტრის ცოლი, დაცვა და მინისტრის მოადგილე მონაწილეობდნენ. არც მამა-შვილ ვაზაგაშვილებზე გსმენია მსგავსი ისტორია, რეჟიმის მსხვერპლ შვილს მამა საფლავზე მხოლოდ იმიტომ რომ ააფეთქეს, შვილის მკვლელების და დამკვეთების დასჯას რომ მოითხოვდა?

სხვების დასაშინებლად სანიმუშოდ ნაწამებ თეთრაძესა და მოლაშვილზე არ გექნებათ თქვენ გაგებული და არც წამებაში ჩაკლულ მრავალ სხვა პატიმარზე. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ჩვენ რომ აქ ვტიროდით და ვგმინავდით, თქვენ იქ მოსკოვში პუტინს უმღეროდით. ეტყობა, თქვენ მაშინაც იქ მღეროდით, როდესაც თქვენი ბელადი ჩვენს მიწებს რუსეთს აბარებდა, კოდორს ზემო აფხაზეთს არქმევდა, ცხინვალის ოლქს 150-მდე სოფელს უმატებდა და მერე 3 დღიანი ომის კაპიტულაციით დასრულებით პუტინს გადასცემდა.

თქვენ ალბათ პუტინს უმღეროდით ნაშინაც, როცა ჩვენ აქ საკუთარი თვალით ვხედავდით, როგორ ფიქციად აქციეს მიშამ და ნაცებმა ტელევიზიების და ენჯეოების დამოუკიდებლობა და ამ ფონზე როგორ უმტკივნეულოდ, ცეკვა-თამაშითა და ზარზეიმით ჩაატარეს ტერიტორიების გასხვისებაც და ხალხის განკულაკებაც… ეს ისე, სიტყვის მასალად, თორემ რეალურად ზედმიწევნით კარგად მოგეხსენებათ ყოველივე ზემოხსენებული, მაგრამ არასოდეს აღიარებთ, რომ ის სისხლიანი 9 წელი ქვეყანაში იყო სწორედ ფაშიზმი და არა თუნდაც ცუდი ხელისუფლება თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, რომლის მომხრეობა არ მომხრეობა მართლაც პოლიტიკური გემოვნების საქმეა და ასეთი გემოვნების გამო ხელოვანისა თუ არახელოვანის შევიწროება ხელისუფლების მხრიდან, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა.

ისე ქართულ ფაშიზმს დავუბრუნდეთ და ვთქვათ რატომ არ უღიარებია მსოფლიოს ეს ისე, როგორც გერმანულის აღიარება მოხდა. ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ ჰიტლერის ფაშიზმისგან განსხვავებით, მიშას ფაშიზმი მთელ მსოფლიოს არ შეხებია, შეგვეხო მხოლოდ ჩვენ, ლოკალური მასშტაბით, მაგრამ ეს ტკივილი დღესაც ცოცხალია ჩვენში და გვტკივა. ახსოვს და ვერ ივიწყებს ქართველი ხალხი ტკივილს, რომელსაც რეჟიმის დასრულების შემდეგ ყველა ახალი არჩევნების დროს გამოხატავს.

ამ ფონზე, როდესაც არ გესმის, რომ “მომღერალი ბულბულის” ხმის გარდა საზოგადოების წინაშე მორალური ვალდებულებები გაგაჩნია, დღესაც ფაშიზმს გულშემატკივრობ, არ უნდა გიკვირდეს, რომ ამ ფაშიზმით გატანჯულ და მის უარმყოფელ მოქალაქეებს გულზე არ ეხატებოდეს შენთვის ტაშის დაკვრა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე კონკრეტული სიმღერა ხარისხიანად გამოგდის.

რომ არა ეს რეალობა, სწორედ ჩვენ ვიქნებოდით ის ხალხი, რომელიც პოლიტიკური შევიწროებისგან დავიცავდით ქათამაძეს და მისნაირებს, ისე, როგორც მიშას დროს ვიცავდით პოლიტდევნილებს. როგორც საბჭოთა დროს ვებრძოდით რეჟიმს და საბჭოეთის დაშლის შემდეგაც ვიყავით ყველა ხელისუფლების ოპონენტები, როცა ისინი არღვევდნენ ვინმეს უფლებებს.

ასე რომ, მიშას დამკვრელებო და მომღერლებო, იყუჩეთ და შეირგეთ ქართველი ხალხის დიდსულოვნება, რომ დღეს თქვენი ფაშიზმთან სოლიდარობის გამო მართლაც არავინ არაფერს გერჩით. ეს არის ის დიდსულოვნება, რომელსაც ერი ავლენს თავისი მრწამსიდან და მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე ისტორიიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ თქვენ ამას იმსახურებთ.

ამ „კოჰორტიდან“ ნინო ქათამაძე რამდენიმე მიზეზის გამო გამოვარჩიეთ. ჯერ ერთი, მან განაცხადა, „წელსაც გადაწყვიტეს, რომ მთელი წელი ჩუმად უნდა ვყოფილიყავი“-ო. ქათამაძე ცოტა უფრო ღრმად რომ ჩაფიქრებულიყო თავის მდგომარეობაზე, თვითონვე უნდა გადაეწყვიტა, რომ ჩუმად ყოფილიყო, მაგრამ ეტყობა მას ჰგონია, ხალხს მასობრივი დემენცია დაემართა. ქართველებს აღარ გვახსოვს მთელი ცხოვრება რუსეთში იქაურ მაყურებლებს რომ უმღეროდა. დღეს “ჩაგრულ” ნინოს მხოლოდ 2008 წლის შემდეგ გაუგია, რომ ეს ქვეყანა საქართველოს ოკუპანტი ყოფილა.

და კიდევ ერთი, როგორც ამბობენ, მისთვის შეუთავაზებიათ კიდეც საახალწლო კონცერ¬ტზე გამოსვლა, მაგრამ ამ „მსოფლიო ვარსკვლავს“ 2 თუ 3 სიმღერის შესრულებაში 100 ათასი ლარი მოუთხოვია. ეს თუ მართალია და ამის შემდეგ მაინც საჯაროდ წუწუნს მოჰყვა, არიქა, არ მამღერებენო, მაშინ კიდევ უფრო უარესად ყოფილა საქმე.”

წერს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.