საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

თუ რუსეთს გლობალური პროცესების მიღმა დარჩენა არ სურს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღიაროს – საერთო მედია
მარტი 2, 2024

თუ რუსეთს გლობალური პროცესების მიღმა დარჩენა არ სურს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღიაროს

 

ნომრის სტუმარია
„ხალხის ძალის“ წევრი
დავით ქართველიშვილი:

– 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნანატრი კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მოხდა ის, რასაც ველოდით და რამაც ჩვენი ქვეყნისთვის ცოტა დააგვიანა კიდევაც…
– მოხდა ის, რასაც საფუძველი ჩაეყარა 1988 წლის ნოემბერში სტუდენტური გამოსვლებით და რასაც მოჰყვა შემდეგ 1989 წლის 9 აპრილი. უკვე ამ პერიოდიდან გამოიკვეთა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დიდი სურვილი, გამოსულიყო საბჭოთა კავშირის რიგებიდან და ქვეყანას დასავლური ცივილიზაციისკენ აეღო გეზი. ეს იყო ქართველი ხალხის პატრიოტული სურვილი და ეს იყო ჩვენ მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი, რამაც დღეს შედეგი მოგვცა. ამის შემდეგ გავიდა ოცდაცამეტი წელი და ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის ბოლოც არის ევროკავშირში გაწევრიანება, მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, რაც შარშან, პირველ რიგში, საქართველოსთვის უნდა მოენიჭებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ – უკრაინისა და მოლდოვასთვის.
არა მხოლოდ დასავლელი პოლიტიკოსები, თვით უკრაინის მოქმედი ხელისუფლების უკვე ყოფილი მაღაჩინოსნები ხმამაღლა ამბობენ, რომ უკრაინა კორუფციის დონით ლიდერობს ევროპის სივრცეში. მოლდოვაში კი, რომელიც დღემდე პარალელურად დსთ-ის წევრია, უმძიმესი პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისია და ეს ქვეყანა არათუ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებს, დსთ-ის მიერ დაწესებულ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. უსამართლობა გამოასწორეს 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს ხელისუფლება კი ამას ღირსებით შეხვდა, განსხვავებით იმ ოპოზიციური ძალებისგან, რომლებსაც სტატუსის მისაღებად, შეეძლოთ ცალ ფეხზე ეხტუნავათ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არც ცალ ფეხზე და არც ორ ფეხზე არ უხტუნავია, საქართველოს არავისთვის ხვეწნით არ მიუმართავს. იყო მოლოდინი იმისა, რომ გამოასწორებდნენ თავისივე დაშვებულ შეცდომას თავისივე ნებით. თუმცა, საქართველო მხოლოდ მათ ნებაზე არ იქნება დამოკიდებული.
მიმდინარე წლის ივლისში ჩვენმა ქვეყანამ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მან ჩინეთთან გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და ამ ორ ქვეყნას შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა. ამით ევროკავშირს დავანახეთ, რომ არამხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო ემშვიდობება ერთპოლუსიანი მმართველობის წესწყობილებას და გადადის მრავალვექტორული წესწყობილების რეჟიმში. ჩვენ თვალწინ მსოფლიო გეოპოლიტიკა სხვა ფორმატში გადავიდა.
– საინტერესოა, ამ ახალ მსოფლიოში სად იქნება საქართველოს ადგილი?
– საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნები ვალდებული არიან, სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემასთან ლავირების რეჟიმში ჩაერთონ ერთადერთი მიზნით -პოლიტიკურად მიღებული თითოეული ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას და ქვეყნის უსაფრთხოებას. ამიტომ ჩინეთთან გაფორმებული მემორანდუმი ბრიუსელის მისამართით გაგზავნილი მძლავრი სიგნალი იყო – თქვენი მისაღებია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ ისევ უსამართლო იქნებით საქართველოსთან მიმართებაში, საქართველო არ დაიკარგება!
საქართველოს ჰყავს მძლავრი ეკონომიკური პარტნიორი. მიუხედავად ჩვენი მასშტაბური განსხვავებისა, ჩინეთის ლიდერი ესაუბრება საქართველოს ლიდერს, როგორც პარტნიორს, როგორც მეგობარს. ამიტომ, პრაგმატულმა პოლიტიკამ, როგორც ჩანს, ევროკავშირის დონეზეც გაჭრა, მიხვდნენ რომ მორიგი უსამართლობის დაშვებით არის რისკი, საერთოდ დაკარგონ საქართველო ევროპული რადარებიდან – ქვეყანა, რომელიც, მიუხედავად თავისი ტერიტორიული სიმცირისა, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმ გრძელ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო ჯაჭვში, რომელიც ტოკიოდან ლისაბონამდე აერთიანებს დღეს მსოფლიო ეკონომიკურ ინტერესებს. დაიხურა რუსეთი, როგორც ენერგეტიკული სატრანსპორტო ჰაბი. ჩვენს სამხრეთით კი მიმდინარეობს ომი „ჰამასსა“ და ისრაელს შორის, რაც ასევე დიდ პრობლემებს უქმნის ინდოეთიდან ისრაელის გავლით ტვირთების ლისაბონამდე მიღწევას. ერთადერთი ყველაზე სტაბილური სატრანსპორტო ჰაბი დღესდღეობით საქართველოზე გადის. ამიტომ საქართველო არ დაიკარგება, ამას მიხვდა ბრიუსელი და გააკეთა ის, რაც ჯერ კიდევ შარშან უნდა გაეკეთებინა.
– ანუ ჩინეთის ფაქტორმაც დადებითად იმუშავა, გარკვეულწილად…
– მეტსაც გეტყვით. მრავალპოლარული მიდგომა საკუთარი ინტერესების დაცვის გზაზე საქართველოსთვის მხოლოდ ევროპაზე, ან მხოლოდ ჩინეთზე არ გადის. ველოდებით აშშ-ში ისეთი ადმინისტრაციის მოსვლას, რომელიც ასევე სტარტეგიული პარტნიორის როლს ითამაშებს საქართველოსთან და არ გააგრძელებს ვასალური დამოკიდებულების ხაზს, რასაც, სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი უკანასკნელ წლებში. ასე რომ, ამ მრავალპოლარულ მიდგომაში გათვალისწინებულია აშშ-ის მომავალი პარტნიორობაც. პირობითად ტრამპის ადმინისტრაციას ვგულისხმობ. შეიძლება პრეზიდენტი სხვა იყოს, მაგრამ „რესპუბლიკელების“ მიდგომაზე მაქვს საუბარი და არა მმართველი დემოკრატიული პარტიის მიდგომაზე.
თუ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ დაშვებული უსამართლობის გამოსწორების სურვილს დავინახავთ, ალბათ, დღის წესრიგში დადგება „სამს პლუს სამის“ ფორმატში საქართველოს მონაწილების საკითხიც. ოღონდ, რუსეთთან ერთად ერთ ფორმატში მონაწილეობა საქართველოს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მისი ტერიტორიული მთლიანობის ცნობის უპირობო საფუძვლებზე – ამ ფორმატის მონაწილე ყველა სუბიეტის მხრიდან, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რუსეთის. საქართველო უნდა მიესალმებოდეს აშშ-სთან სტარტეგიული ურთიერთობების გაღრმავებას და არ უნდა გვაშინებდეს, მათ შორის, მეზობელ პარტნიორებთან სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, თუკი ეს ჩვენ ცხინვალამდე და სოხუმამდე მიგვიყვანს.
– თუმცა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინი ისევ აპირებს მონაწილეობის მიღებას, ამჯერად, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. როგორ ფიქრობთ, ვიდრე ეს კაცი ფედერაციის პრეზიდენტი იქნება, საქართველოს ექნება კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნების შანსი?
– უკრაინაში მიმდინარე რუსეთ-დასავლეთის ომის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი დასავლეთის მხრიდან რუსეთის დასუსტება და რუსეთ-ჩინეთის შესაძლო ალიანსისთვის სერიოზული დარტყმის მიყენება იყო. დასავლეთისთვის, სამწუხაროდ, მიიღეს აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგი. რუსეთის დამარცხება ვერ შეძლეს და რუსეთი იმაზე მეტად გახდა ჩინეთზე დამოკიდებული, ვიდრე ეს უკრაინის ომამდე იყო. დღევანდელი მოცემულობით, ძალიან საინტერესო გზავნილი მიიღო საქართველომ ჩვენთან აკრედიტებული ჩინეთის ელჩის მხრდან. რომელმაც თქვა, რომ ჩინეთი მზად არის შუამავლის როლი იტვირთოს რუსეთთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით.
რაც უნდა ანტაგონისტურად იყოს განწყობილი პუტინი, მედვედევი თუ სხვა კონკრეტული პიროვნება, რომელსაც 2008 წლის უსამართლობის საქმეში ძირითადი როლი აქვს შესრულებული, თუ მსოფლიოს ახალი კონფიგურაციისთვის ჩინეთი ითამაშებს ერთ-ერთ წამყვან როლს, მას დაჭირდება სტაბილური საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუკი ასეთი საქართველოს მიმართ მსოფლიოს გლობალური ინტერესები გაიზრდება და ჩინეთს მოვუხმობთ. დიდი იმედი მაქვს, ჩინეთი შეძლებს პუტინის დაყოლიებას და მის დარწმუნებას იმაში, რომ დაიცხროს იმპერიალისტური ამბიციები საქართველოსთან მიმართებით. სწორედ ეს ამბიციები აფერხებს საერთაშორისო გლობალურ პროცესებს. თუ რუსეთს სურს, არ დარჩეს პროცესების მიღმა, რომელზეც ჩინეთი და ჩინეთის უკან აღმართული უზარმაზარი აზიის რეგიონი დგას, მაშინ უნდა წავიდეს დათმობებზე და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
– ანუ ჩინეთს შეუძლია, ფაქტობრივად, რუსეთსა და საქართველოს შორის მედიატორის როლი შეასრულოს…
– რა თქმა უნდა. ჩინეთი, პირველ რიგში, მზად არის საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადასაწყვეტად. სულ მალე, 13 იანვარს, სეპარატისტული ტაივანის კუნძულზე დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. თუ ამ არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციიდან ერთიანი კანდიდატი გაიმარჯვებს, რომლის გამარჯვების იმედი აქვს პეკინს, შესაძლოა, ტაივანის საკითხი ყოველგვარი საომარი მოქმედებების გარეშე მშვიდობიანად გადაწყდეს და ეს იქნება, 70-წლოვანი გაწყვეტილი ურთიერთობების შემდგომ ჩინეთის გამარჯვება. წარმოიდგინეთ, ამის შემდეგ რამხელა ენთუზიაზმი ექნება ჩინეთს, მსგავსი პრობლემის მოგვარებაში სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს დაეხმაროს. დაველოდოთ, წესით, ყველაფერი ძალიან კარგად უნდა დამთავრდეს საქართველოსთვისაც. პუტინი კი, დარჩება თუ არა ფედერაციის პრეზიდენტად, ეს მხოლოდ რუსეთის პრობლემა იქნება.
– საქართველოს მიმართ გლობალური ინტერესების გაზრდა ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ამისათვის, რა ნაბიჯები უნდა გადადგას? ყველა საკითხშიც, ალბათ, ვერ დავეთანხმებით ევროპას…
– ჩვენ კი არა, თვით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც ყველაფერში არ ეთანხმებიან ბრიუსელს და ამის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა გვქონდეს. მთელ რიგ საკითხებში არ ეთანხმება ბრიუსელს უნგრეთი, მაგრამ დამიჯერეთ, ევროკავშირისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი წევრი ქვეყანაა. ბევრ რამეში არ ეთანხმება ავსტრია, თუმცა ისიც ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ევროკავშირისთვის. მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა ნიდერლანდებში. ქვეყნის სათავეში მოვიდა პარტია, რომელიც მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა ევროკავშირისგან გასვლის დაანონსების შემდეგ, რომ ბრიტანეთის მსგავსად შესაძლოა, კავშირი მასაც დაეტოვებინა. ძალიან საინტერესო არჩევნები შედგება ბელგიაში, სადაც ლიდერობს პარტია, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აპირებს ქვეყნის ორ ნაწილად გაყოფას. ჩვენ კი ყოველთვის ძალიან ვუსწრებთ მოვლენებს, ვქმნით ისტერიას და სერიოზულად ვნერვიულობთ ისეთ თემებზე, რაც ჯერ ჰორიზონტზეც არ გამოჩენილა.
თუ ბრიუსელი მოითხოვს მათ კანონმდებლობასთან კონკრეტულ ჰარმონიზაციას, ჩვენი გადასაწყვეტია, აქედან რომელ კანონს მივიღებთ და რომელი კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს საბაზისო ღირებულებებს თუ ფასეულობებს. არავინ არავის არაფერს დააძალებს. ვერავის აძალებენ ისეთი კანონების მიღებას, რაც ამ სახელმწიფოს ტრადიციულ და სარწმუნოებრივ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება და რატომ ვეძებთ წინასწარ ბნელ ოთახში შავ კატას, როდესაც ის იქ არ არის?!
– ისტერია ახსენეთ და სწორედ ეს სიტყვა შეეფერება ხშირად ჩვენი რადიკალების ქმედებებს. ამჯერადაც აღშფოთდნენ ისინი და განაცხადეს, რომ ასეთ უმნიშვნელოვანეს დღეს პრეზიდენტს ხელისუფლებამ სიტყვით გამოსვლის საშუალებაც არ მისცა!
– გასული წლის დეკემბერში, ზუსტად ერთი წლის წინ, წინასაახალწლოდ, პრეზიდენტის ამომრჩევლები მივიდნენ ორბელიანის სასახლესთან თავიანთ პრეზიდენტთან დასალაპარაკებლად. პრეზიდენტმა კი, რომლის ასარჩევადაც ამ ადამიანებმა ორ ტურში მიიღეს მონაწილეობა, ამომრჩეველს „მოვარდნილები“ უწოდა – აქ რას მომივარდითო! ახლა კი მისივე ლექსიკას მივმართავ და ვიტყვი, რომ ქართულ საზოგადოებას აბსოლუტური უფლება ჰქონდა, კითხვა შეებრუნებინა პრეზიდენტისთვის და ეთქვა: რას მოვარდით აქ, რა გინდათ ჩვენგან?! ამით ჩვენსა და პრეზიდენტს შორის 1:1 დამთავრდა უთანხმოება. ამიტომ არ უნდა იყოს ნაწყენი, სავარაუდოდ.
– ბატონო დავით, პირველივე დღეს გავრცელდა მოსაზრება, რომ კანდიდატის სტატუსი ახდენილ რეალობად, შესაძლოა, 2030 წლისთვის იქცეს. რას იტყოდით ამაზე?
– ოცდაცამეტი წლის განმავლობაში ქართველობის მთავარი მანკიერება, რამაც დაღუპვის პირას მიგვიყვანა, იყო ჩვენი სულსწრაფობა და მოუთმენლობა. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრმა მთელმა რიგმა ქვეყანებმა შეიძლება გადახედონ საკუთარ ადგილს ამ ორგანიზაციაში, როდესაც ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები მსოფლიოში, როდესაც არის ალბათობა იმისა, რომ ევროკავშირი დაიშალოს და პირველ ნაწილში შევიდეს ეგრეთ წოდებული ძველი ევროპის ქვეყნები; მეორე ნაწილში – ჩრდილოეთ ევროპისა და სკანდინავიის ქვეყნები; უნგრეთისა და ავსტრიის გარშემო კი სულაც, შესაძლოა, ცალკე ცენტრი შეიქმნას… დღეს საუბარი იმაზე, თუ რომელ წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა – უბრალოდ, სასაცილოა! ყოველთვის გამოჩდება ნებისმიერი გვირაბის ბოლოს სინათლე, რომელსაც ჩვენ გავყვებით. ამჯერად ჩვენ დავიბევეთ სურვილი, გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი ქვეყანა! საკუთარ ღირსებას მივხედოთ, გავაძლიეროთ ეს ღირსება, ევროპული ღირსების საკითხებსაც ყურადღებით დავაკვირდეთ. როდესც მსოფლიო ჩამოყალიბდება, შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტიელება და იმ ჰარმონიზაციის გზაზე დავდგეთ, რაც ჩვენში ერთმანეთის გაუცხოებას არ გამოიწვევს და ჩვენს ძირითად საბაზისო ფასეულობებს არ შეეწინააღმდეგება.
– ქვეყანაში არსებობს მეორე უკიდურესობა – ადამიანთა ნაწილი, ვინც კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება და ამას გარკვეულ საფრთხედ მიიჩნევს…
– ჩვენს „განრისხებულ“ ოპოზიციას, ეგრეთ წოდებულ„ ნაცმოძრაობასა“ და მის გარშემო გაერთიანებულ ძალებს დიდ ნაცარში ჩაუვარდათ პატარა კოვზი, რადგან არ მოელოდნენ ევროკომისიის ასეთ გადაწყვეტლებას და დიდი სურვილი ჰქონდათ, ეს ყველაფერი რევოლუციის ტრიგერად გამოეყენებინათ. თუმცა, არანაკლებ აგრესიული და მიუღებელი პოზიცია გააჩნია საქართველოში არსებული კონსერვატიული ძალების დიდი ნაწილს, რომლებიც უკვე დაღუპვის კონტურებს ხედავენ საქართველოში ამ სტატუსის მონიჭების გამო. ხდება ვითარების სრული დემონიზაცია. „ნაცმოძრაობის“ სექტანტიზმი უკვე შესწავლილი გვაქვს და ვიცით, ვისათან გვაქვს საქმე, მაგრამ ბარიკადების აქეთ გვყავს ადამიანები, რომელთათვისაც „ენა, მამული, სარწმუნოების“ ცნება უცხო არ არის. მინდა მივმართო მათ, ნუ მიეცემიან გადაჭარბებულ პანიკას და ისტერიას! საქართველოს განვითარების პოპულარული გზა არის მისი გადარჩენის გზა, რომელიც ქვეყანას საშუალებას აძლევს, გადაულახავი პრობლემების არსებობის შემთხვევაში, შეცვალოს ეს კონკრეტული ვექტორი. სანამ ამის საშიროება არ დგას, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების ყველა შესაძლებლობა ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან. ნუ დავძაბავთ ერთმანეთს! ჩემთვის ძალიან საწყენია, როდესაც ამ კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლები დაუფარავად ლანძღავენ უწმიდესს იმის გამო, რომ მან თავის განცხადებაში მადლობა გადაუხადა ქვეყნის ხელისუფლებას და ევროსაბჭოს მიერ გადადმული ნაბიჯი მოიწონა. უნდა ჩამოყალიბდნენ ჩვენი „ტრადიციონალისტები“, „კონსერვატორები“, „პატრიოტები“… თუ რომელ მხარეს არიან ისინი – პატრიარქის მაგინებელთა ბანაკში თუ უწმიდესის გარშემო გაერთიანებულთა გუნდში. თუ ვინმეს რამე არ ესმის, გააძლიეროს ლოცვა, გაძლიეროს მარხვა და უფალი აუცილებლად გაუნათებს გონებას!

ნონა ქარქაშაძე