საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

2024 წლის არჩევნები მსოფლიოში კონსერვატიზმისკენ გადაიხრება! – საერთო მედია
მარტი 2, 2024

2024 წლის არჩევნები მსოფლიოში კონსერვატიზმისკენ გადაიხრება!

 

გვესაუბრება
პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი
რამაზ საყვარელიძე:

_ ბატონო რამაზ, ევროსაბჭომ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭა. როგორ მივედით ამ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენამდე, რა გზა გაიარა საქართველომ ამის მისაღწევად?
_ სტატუსის მონიჭება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ეს ჩვენი _ ქართველი ხალხის, ხელისუფლების დამსახურებაა, თუმცა შედეგი სხვა მიზეზთა გამოც დადგა _ გარკვეული როლი გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმაც ითამაშა. პროცესები დიდი გეოპოლიტიკური კატაკლიზმების ფონზე მიმდინარეობდა. მინდა ხაზგასმით გამოვყო პოლიტიკოსების, ვგულისხმობ, ხელისუფლების დამსახურებას, რომელმაც ამ რყევებში სიმშვიდე, წონასწორობა შეინარჩუნა და ამაზე ორიენტაციით საკმაოდ რთული გზა გაიარა, რამაც შედეგი მოიტანა. საომარ მოქმედებებში რომ ჩავრთულიყავით, როგორც ზოგ-ზოგიერთნი მოგვიწოდებდნენ, მეეჭვება, საქართველოსთვის სტატუსის მონიჭებაზე ისეთივე ერთსულოვანი მხარდაჭერა ყოფილიყო, როგორც ამჟამად მოხდა. ავიღოთ ომში ჩართული უკრაინის მაგალითი. უკრაინა მზად არ არის ევროკავშირში გასაწევრიანებლადო _ ეს მხოლოდ ორბანის მოსაზრებები როდია. როცა ერთი ქვეყანა ომშია, ყველა ცდილობს, რომ კონფლიქტში ჩართულ სახელმწიფოს თავი აარიდოს. საქართველოს ხელისუფლებამ შესანიშნავად შეძლო თავიდან აეცილებინა კონფლიქტში ჩართულობაც და, ამავდროულად, შიდა დესტაბილიზაციაც. ამით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. სწორედ ამიტომ ევროსაბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა.
_ მუდმივად გვესმის, რომ სტატუსი ჯერ კიდევ შარშან გვეკუთვნოდა და ევროპა მაშინ უსამართლოდ მოგვექცა. რა შეიცვალა ამ ერთ წელიწადში?
_ შარშან იგივე მოცემულობა არ გახლდათ _ კი ბატონო, გეოგრაფიული მდებარეობა იგივე დარჩა, მაგრამ გეოპოლიტიკა _ არა. კერძოდ, ვგულისხმობ შემდეგს: შარშან ჯერ კიდევ არ არსებობდა დაპირისპირების ახალი კერა ისრაელსა და “ჰამასს” შორის. ამან გარკვეული როლი ითამაშა, რამაც კონფლიქტების მიმართ ამერიკის დამოკიდებულება შეცვალა. ამერიკის მიდგომები შეიცვალა საქართველოსთვის კანიდატის სტატუსის მონიჭების, ევროპასთან დაახლოების კუთხითაც. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტამდე, ამერიკის პოლიტიკა ასეთი მკაფიო არ იყო. აშშ-ის მოქმედების სტილი საქართველოს მიმართ მკვეთრად განსხვავებული გახლდათ: ამერიკა ქართულ სივრცეში დაძაბულობის გაძლიერებას ცდილობდა. როგორც კი ისრაელის კონფლიქტი გაღვივდა, ჩვენს მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება შეწყდა. ჩემი ვარაუდით, ისრაელის კონფლიქტმა ამერიკა აიძულა, საქართველოს მიმართ უფრო ლოიალური პოლიტიკა ეწარმოებინა.
როცა საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესებისთვის ხელშეწყობას აპირებდა, ვფიქრობ, ეს უშუალოდ ამერიკის ინტერესი არ იყო. საქართველოში რევოლუცია რომ მომხდარიყო (და კიდეც მოხდებოდა, რომ არა ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა. დასავლეთს დესტაბილიზაციის გარკვეული მცდელობები ტყუილად როდი ჰქონდა), მაშინ ამერიკას ჩინეთის პრეტენზიების მოსმენა მოუწევდა. ამერიკამ ამგვარ თამაშს ამჯობინა, ჩინეთი მისთვის მტრობის სივრცე აღარ ყოფილიყო. ამიტომ მან გადაწყვიტა ჩინეთთან “შეჯიბრი” კვლავ ჰქონდეს, ოღონდ შეწყვიტოს ისეთი დაპირისპირება, რაც ჩინეთს ევროპასთან ურთიერთობაში სირთულეებს შეუქმნის. აი, ამ ფაქტორებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ სატრანზიტო გზის აუცილებლობა კიდევ უფრო მომწიფდა, რადგან უკრაინის ომს ჯერ დასასრული არ უჩანს. შესაბამისად, სანქციებიც გაგრძელდება. ამის ფონზე სატრანზიტო ხაზებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან, თუ ტრანზიტი რუსეთზე ვეღარ დაბრუნდება, მაშინ ევროპა ჩინური ტრანზიტის გარეშე დარჩება. ეს დიდი დანაკლისი იქნება, რადგან მსოფლიოში ყველაფერს ჩინეთი აწარმოებს. ამ ფაქტორებმა, რაც ახალი გეოპოლიტიკური ვითარების წარმოქმნის შედეგად გაჩნდა, დიდი როლი ითამაშეს იმ კუთხით, რომ მსოფლიოს დამოკიდებულება ზოგადად, ევროკავშირის გაფართოების მიმართ, შეიცვალა.
_ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება ბევრი თაობის ოცნება იყო. რა ეტაპი იწყება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორ გავივლით გზას კანდიდატის სტატუსიდან წევრობამდე? ჩვენი _ ქართველი ხალხის, ხელისუფლების გასაკეთებელი რა არის?
_ ალბათ, ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი რთული ეტაპი იწყება. თურქეთის მაგალითი დაფიქრების საფუძველს გვაძლევს. ის უკვე 30 წელია, ევროკავშირში გასაწევრიანებლად რიგში დგას, თუმცა თავს არავინ იწუხებს, თურქეთი ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიიღოს. მოგეხსენებათ, ეს ქვეყანა პატარა და თავში ადვილად ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის. თურქული სინამდვილიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: თუკი თურქეთმა ვერ მოახერხა გაწევრიანება, ჩვენ რა ამოცანების წინაშე დავდგებით?! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უამრავი საკითხის დალაგებაში, გაცნობიერების პროცესში უნდა ჩავერთოთ. მხოლოდ შენი ქვეყნის თემასთან დაკავშირებული კომპეტენტურობა საკმარისი აღარ არის, არამედ ზედმიწევნით უნდა იცოდე: რა ხდება სხვა ქვეყნებში; ამა თუ იმ შემთხვევაში როგორ მოიქცევიან სხვა სახელმწიფოები და ასე შემდეგ. ამ სამუშაოს შესრულება, უდავოდ, მოგვიწევს.
_ წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესია: საქართველომ უნდა შეასრულოს დაკისრებული ცხრა რეკომენდაცია, რათა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებები გაიხსნას.
_ იმის რწმენა, თითქოს კანდიდატის სტატუსის არმონიჭების რეალური მიზეზი 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობა იყო, არც ადრე მქონდა. 12-პუნქტიან დავალებას დიდად აღარც ახსენებენ. ახლაც ცხრა ახალი დათქმა, ალბათ, იმიტომ მოგვცეს შესასრულებლად, რომ შერცხვათ, მანამდე იმდენი ილაპარაკეს ამ თორმეტ პუნქტზე. ეს თორმეტი პუნქტი რაღაცაში ხომ უნდა გადაზრდილიყო და გვითხრეს: ამჯერად ცხრა რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა იმუშავოთო. საქართველოს ამ პუნქტების შესრულება სჭირდება არა იმიტომ, რომ ამას ევროპა ითხოვს, არამედ თავად ჩვენ გვჭირდება უკეთესი ქვეყანა. იმისთვის, რომ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების თემა მომწიფდეს, მეტი ყურადღება საგარეო პროცესებზე უნდა გადავიტანოთ. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ამ კუთხით გარკვეული როლი პრემიერ ღარიბაშვილის საგარეო ვიზიტებს უკვე ჰქონდა. იგი საერთაშორისო დონის არაერთ სამიტზე გამოვიდა და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამანაც განაპირობა ის, რომ შარშან მიღებული უარისგან განსხვავებით, ახლა ევროსაბჭომ ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოხატა. დიახ, ამაში ღარიბაშვილის წვლილი საკმაოდ დიდია.
_ ბორელმა სტატუსის მონიჭებამდე რამდენიმე საათით ადრე მედიას განუცხადა, რომ საქართველო სწორ გზას ადგას, მან წარმატებას მიაღწია. თუმცა, თბილისში ვიზიტის დროს პროფესორისა და მოსწავლის მაგალითი მოიყვანა.
_ ნუ გვექნება იმედი, რომ კანდიდატის სტატუსი პროფესორებად გვაქცევს. რიგი ქვეყნები ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ მათ დიდად ყურადღებას არავინ აქცევს. საერთაშორისო ურთიერთობებში წონა რომ შეიძინო, პროცესებში მეტად ჩართული უნდა იყო და მათში უკეთაც ერკვეოდე. ჩვენ, სამწუხაროდ, საგარეო ურთიერთობებში ყოველთვის კარგად ვერ ვერკვევით, პროცესებს მხოლოდ საკუთარი ალღოს დონეზე ვიაზრებთ.
_ რამდენად იქნება კანდიდატის სტატუსი საქართველოს გამთლიანებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი?
_ მეეჭვება, კანდიდატის სტატუსის მონიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დაუკავშირდეს. ევროპულ სტრუქტურებში ქვეყნების გაწევრიანება, რუსეთს მხოლოდ აღიზიანებს. ასე რომ, კანდიდატის სტატუსს, ცალსახად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემასთან ვერ დავაკავშირებთ.
_ მას შემდეგ, რაც კანდიდატობა მოგვცეს, ოპოზიცია ამას საკუთარ წვლილად მიიწერს. მეტიც, ეს ლაზარე გრიგორიადისსაც კი დააბრალეს. ვისი რა წვლილია კანდიდატის სტატუსის მიღებაში?
_ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ეხვეწებოდნენ: საქართველოს სტატუსი არ მიანიჭოთ, იქამდე მაინც, სანამ ჩვენ არ მოვალთ ხელისუფლებაშიო. ამაზე ოპოზიციონერები თავად თავიანთმა კოლეგებმა ჩაუშვეს. ასე რომ, აქ უკვე ოპოზიციის დამსახურებები და ღირსებები იკარგება. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ქვეყნის სტაბილურობის დაცვაა, რაც ხელისუფლების დამსახურებაა. ამიტომ მას ყველაზე მეტი წვლილი აქვს შეტანილი დღევანდელი დღის დადგომაში.
_ ოპოზიცია იმასაც აცხადებს: ამ სტატუსის მიღებას აზრი არ აქვს, ხელისუფლება თუ არ შეიცვლებაო. რამდენად შეიცვლება შიდა პოლიტიკური ვითარება, რა იქნება ოპოზიციის მომდევნო ნაბიჯები?
_ მიჭირს რაიმეს თქმა, რადგან ოპოზიციამ საკუთარი მოღვაწეობა მთლიანად კანდიდატის სტატუსის თემაზე ჩამოჰკიდა და სხვა აღარაფერზე ლაპარაკობს. ამიტომ ძნელი სათქმელია, საით გადაიტანს ყურადღებას. კონცეპტუალურად, ოპოზიცია ძალიან ღარიბულად გამოიყურება. მას ხალხისთვის არცერთი შთამბეჭდავი პროექტი არ წარუდგენია.
_ ბატონო რამაზ, რას შეიძლება მივაწეროთ ის დაძაბულობა, რაც ევროსაბჭოში გადაწყვეტილების მიღებამდე ორბანმა შექმნა?
_ ერთი მხარეა ის, რომ ორბანს თავისი ფული უნდა გამოევაჭრა. ფაქტია, მან ათი მილიარდი მიიღო. გამორიცხული არ არის, უნგრეთის პრემიერს გარკვეული გეგმები კიდევ ჰქნდეს, ამას დრო გვიჩვენებს. სულაც არ არის გასაკვირი, თუ მას მართლა მიაჩნია, რომ უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის. სხვა ბევრ ლიდერსაც ასე მიაჩნია. ეს მხოლოდ ორბანის მოსაზრება არ არის. გამორიცხული არც ის არის, რომ ორბანი სწორედ ამ ჯგუფის მოლაპარაკე თავად გადაიქცა და ამ მოსაზრებას როგორც თავის პოზიციას, ისე წარმოაჩენს. დანარჩენები კი, ამ პოზიციის შედეგებს ელოდებიან და შესაძლოა, ორბანს მერე თავადაც შეუერთდნენ.
_ შარლ მიშელმა აღნიშნა: გაფართოება ნდობაზე დაფუძნებული პროცესია და ევროკავშირი ამას მხოლოდ 2030 წლისთვის განიხილავსო. ეს უკრაინისთვის წინასწარ გაჟღერებული განაჩენი ხომ არ არის?
_ დიახ, ეს განაჩენია. შარლ მიშელი შემთხვევითი ფიგურა არ გახლავთ, რომ ასეთი რამ წამოსცდენოდა. რადგან ევროკავშირის გაფართოების კონკრეტული თარიღი დასახელდა, ეს მინიშნებაა იმაზე, რომ რიგმა ქვეყნებმა არ უნდა იჩქარონ. ერთი მომენტიც არის: ამჟამად ევროპის მოსახლეობა ომს მხარს უჭერს, რადგან აგრესორის დამარცხების იმედი აქვს. მაგრამ თუ მას ომი მობეზრდება, ევროპამ შესაძლოა, უკან დაიხიოს. გამორიცხული არ არის, საქმე სწორედ მობეზრების ასეთ გამოვლინებასთან გვქონდეს.
_ აქვე ბაიდენის უკრაინისადმი მიმართული სიტყვებიც გავიხსენოთ: დაგეხმარებით მანამ, სანამ შეგვიძლიაო. ეს რაზე მიუთითებს?
_ მან გადათქვა ის სიტყვები, რაც ადრე ჰქონდა ნათქვამი _ დაგეხმარებით, სანამ დაგჭირდებათო. ახლა დააზუსტა: დაგეხმარებით, სანამ შეგვეძლებაო. ზელენსკი დახმარებას ითხოვს. ბაიდენის განაცხადის ფონზე, ამერიკას უჩნდება შანსი, თქვას: აღარ შემიძლია, ამიტომ ვერ გეხმარებიო.
2023 წლის პოლიტიკური მოვლენები რომ შევაჯამოთ, ეს წელი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. კონკრეტულად გამოვყოფ ორ მოვლენას, რითაც ეს წელი განსაკუთრებული იყო: ერთი, ეს გახლავთ ევროპასთან და მეორე, ჩინეთთან დაახლოება. ეს ორი საკითხი ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, არამედ ამყარებს. დიახ, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ დათანხმდა შედარებით ადვილად ევროპა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, სწორედ ის გახლავთ, რომ მას ჩინეთი დღეს უფრო აინტერესებს, ვიდრე ადრე. ევროპასთან, ჩინეთთან ურთიერთობების დამყარებას და ქვეყნის შიგნით მშვიდობის შენარჩუნებას, რაც ხელისუფლების დიდი დამსახურებაა, პოზიტიურ მოვლენად მივიჩნევ.
_ მომდევნო, 2024 წელი საარჩევნო წელია. რა მოლოდინები გაქვთ?
_ 2024 წელი ძალიან საინტერესო იქნება. მით უმეტეს, რომ საქართველოს გარდა, არჩევნებია ამერიკაშიც, რუსეთშიც, უკრაინაშიც და ევროკავშირშიც. ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში საარჩევნო წელია და სად, რა მოხდება, ძნელი სათქმელია. თუმცა, გეტყვით, რომ 2023 წელს დაგროვილი მუხტის შედეგად, არჩევნები ყველა ქვეყანაში უფრო მეტ მოულოდნელობებს მოიტანს, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. მეჩვენება, რომ ყველა ქვეყანაში არჩევნები უფრო კონსერვატიზმისკენ გადაიხრება.
_ ვის რა შანსები აქვს არჩევნებში? გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი მეორე ვადით არჩევისთვის ემზადება.
_ ეს ვერსია შეიძლება ლოგიკურად მივიჩნიოთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ გლობუსზე მხოლოდ საქართველო არ არის. გამორიცხული არ არის, ზურაბიშვილი სხვა ქვეყნებში წასასვლელად ემზადებოდეს და არა საქართველოში გინდ პრეზიდენტად და გინდ პარტიის თავმჯდომარედ დასარჩენად. ქართულ პოლიტიკაში ძალიან დაბალი რეიტინგით სარგებლობს. ზურაბიშვილს სხვა ქვეყნების აღმასრულებელ სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება აქვს, შეუძლია იქ მიღწეული შედეგებითაც იტრაბახოს. ამიტომ მგონია, რომ ის უცხოეთში წასასვლელად ემზადება. ახლა საუბრობენ, რომ მან შეიძლება სააკაშვილი შეიწყალოს. პოლიტიკოსების, მით უმეტეს, ქალების გამონათქვამებს, ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. გითხარით, რომ იგი ევროპისკენ მიილტვის. უცებ ევროპამ რომ დააყენოს სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობის საკითხი, ხომ დიდი შანსია, ზურაბიშვილმა სააკაშვილი გაათავისუფლოს და ამით ევროპაში ქულები დაიწეროს. დიახ, მან ამით ქულები დაიწეროს არა ჩვენს ოპოზიციასთან, არამედ უცხოელებთან. მეტიც, ჩვენი ოპოზიცია საერთოდ არ არის დანატრებული სააკაშვილის გათავისუფლებას. მიშა თითოეული დღევანდელი ოპოზიციონერი ბელადის კონკურენტია. პრეზიდენტი მიშას თუ გაათავისუფლებს, დასავლეთთან მისასვლელი გზა უფრო გაეხსნება.

თამარ შველიძე