საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

გილოცავთ, ბატონო ბიძინა, გილოცავთ! – საერთო მედია
ივნისი 16, 2024

გილოცავთ, ბატონო ბიძინა, გილოცავთ!

“გაუმარჯოს სიმართლეს!

ვისაც რა უნდა, ის დაიბრალოს… ვისაც როგორი სცენარი უნდა, ისეთი დაწეროს… ვისაც როგორ უნდა, სიტუაცია ისე ამოკემსოს… ვისაც როგორ უნდა, მდგომარეობა ისე მოთარგმნოს… ვისაც როგორ უნდა, კოკას ყური იქიდან მოაბას… ვთქვათ, სიმართლე!

რაც დღეს ხდება, რასაც დღეს ვიმკით, რაც გუშინ და გუშინწინ ხდებოდა, რაც კი რამ კარგი ვნახეთ და ხვალაც ვნახავთ, ამ კაცის დამსახურებაა.
რასაკვირველია, სხვათა გარჯას, შრომას, ღვაწლსა და ამაგს არ ვაკნინებ, მაგრამ ლომის წილი მაინც ამ კაცისაა.
👍
პოლიტიკიდან წავიდა, გაეცალა, თავის საკეთებელს უხმაუროდ აკეთებს, არც არავის აწუხებს, არც არავის ლანძღავს, მაგრამ თავს მაინც არ ანებებენ – ყოველ წამს ახსენებენ, ყოველ წუთს მასზე ლაპარაკობენ, სიუჟეტებს უძღვნიან, ჭორებს ავრცელებენ და ათას სიბინძურეს იგონებენ.
წავიდა, მაგრამ არ წასულა, გავლენა მაინც აქვსო!
სადაც არ უნდა წავიდეს, მარსზეც რომ გადასახლდეს, იმდენი აქვს გაკეთებული ამ ქვეყანაში, გავლენა მაინც ექნება.

პოლიტიკოსი არ არი, მარტო ფულის კეთება იცისო!
ამ კაცმა რომ პოლიტიკა იცის, ცოდნაც ეგეთი უნდა – სხვა ვერავინ გამოუყვანდა წირვას დამნაშავეებს და ვერავინ არბენინებდა აღმა-დაღმა, სხვა ვერავინ დაშლიდა ბერთოლეს მარილივით.
ამ თემაზე უსასრულოდ შეიძლება წერა და ლაპარაკი, მაგრამ ახლა არ ღირს, ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავთ.

უი, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიულოცა და მისი დამსახურება ახსენაო… რათაო?
რას ჰქვია, რათა?
აბა, ვინ უნდა ეხსენებინა და ვისთვის უნდა მიელოცა?
ან კი რატომ არ უნდა ეხსენებინა და რატომ არ უნდა მიელოცა?
ან კი ჩვენ რატომ არ უნდა ვახსენოთ და მივულოცოთ?
დიახაც!
ვულოცავ და ვთვლი, რომ ეს არის არა მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯი, არამედ მტრებისა და მოღალატეების დასამარება – ყველა რევოლუციური სცენარი წყალში ჩაეყარათ.
ამათი რევოლუცია არ გაიშვა ყიზილაჯლოს გადასახვევამდე, მაგრამ ხომ ცდილობენ? ხომ გვძაბავენ? ხომ ურევენ?!

გილოცავთ, ბატონო ბიძინა, გილოცავთ!”

წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.