საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

რატომ მოიშორა უკრაინამ მიშა ომის წინ – საერთო მედია
მაისი 20, 2024

რატომ მოიშორა უკრაინამ მიშა ომის წინ

 

გვესაუბრება
მოძრაობა „ხალხის ძალის“
წევრი თამარ ჩიბურდანიძე

– რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს საქართველო. როგორია გარანტიები, თუ გავითვალისწინებთ, რომ უნგრეთისგან ნაკლები მხარდაჭერა შეიძლება გვქონდეს, რასაც ოპოზიცია ასევე სპეკულაციისთვის იყენებს?!
– ევროკომისიის რეკომენდაცია იყო გადამწყვეტი. გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. რაც შეეხება უნგრეთს, უნგრეთიც მხარს უჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხს, ოღონდ, მათ სხვა თემაზე ჰქონდათ საუბარი. ჩვენ სტატუსს გვაძლევენ გარკვეული დათქმების შემდეგ, ხოლო უკრაინას და მოლდოვას წინსწრებით მისცეს სტატუსი. ასე რომ, ეს სამი ქვეყანა ერთ პაკეტში ვართ – უნდა გადაწყდეს, ჩვენ მოგვცემენ თუ არა და მათ შეუნარჩუნდებათ თუ არა სტატუსი. ეს პაკეტი იყო ცალკე. ახლა კი ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფომ დაამატა მეორე პაკეტი, რომლის მიხედვითაც უკრაინამ უკვე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ვისი იდეა იყო, მაგრამ გადაწყვიტეს, ორი პაკეტი გაეერთიანებინათ. ანუ, ფაქტობრივად, უკრაინას სურდა, დაეწყო გაწევრიანებაზე ღიად საუბარი, რაც უნდა ყოფილიყო შემდგომი ნაბიჯი. სწორედ ამას ეწინააღმდეგება უნგრეთი, მისი პრეტენზიაა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება ჯერ ადრეა. ამ შემთხვევაში უკრაინას უნდა მიეცეს კიდევ 50 მილიარდი ევრო დახმარების სახით ევროკავშირისგან, რაც ძალიან დიდი თანხაა. შეძლებს თუ არა უნგრეთი თავისი პოზიციის გატანას, ვერ გეტყვით, თუმცა იმედი გვაქვს, რომ საქართველოს თემას ეს არ შეეხება და არ შეგვიშლის ხელს სტატუსის მიღებაში.
– სააკაშვილი აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის, ხალხი, რომელმაც 2021 წელს მისი საქართველოში დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის მიერ ჩანერგილი აგენტები იყვნენ…
– რუსეთის ჩანერგილი აგენტი თვითონ არის, უფრო კი ორმაგი აგენტია მიხეილ სააკაშვილი. მოტყუებით და ძალით რომ არის ჩამოყვანილი საქართველოში, ამაზე არავინ დავობს. ფაქტობრივად, გამჟღვანებულია, ვისი „პროექტი“ იყო ის და ვინ ჩამოიყვანა საქართველოში… ამერიკული კომპანიიდან არის შემოპარული და რა მიზნით შემოიყვანეს, რა იყო დაგეგმილი, კი ვნახეთ. ბუნებრივია, ნანობს, რომ დაბრუნდა, ნატრობს, რომ საქართველოდან როგორღაც გავიდეს და აქეთ აღარასდროს მოიხედავს. რა პატრიოტიზმზეა ლაპარაკი! მაქვს უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილს არ სურდა საქართველოში დაბრუნება, უსაბუთებდა თავის „უფროსებს“, რომ მისი ჩამოსვლით აქ არაფერი შეიცვლებოდა და არწმუნებდა, რომ მათ არ იცოდნენ ქართველი ხალხის განწყობა; რომ „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ ჰყავდა მყარი ამომრჩეველი. ეს იყო სააკაშვილის პოზიცია და ის უფრო ჭვიანი აღმოჩნდა, ვიდრე მისი „პატრონები“.
თუმცა, უკრაინის ომი რომ დიდი ხნის წინათ იყო ჩაფიქრებული, უკვე ყველასათვის ნათელია. ზელენსკი წლების წინ დაგეგმილი „პროექტი“ იყო, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც მრავალსერიიანი ფილმი გადაიღეს მისი მონაწილეობით და გმირად აქციეს. შემდეგ მას მონაწილეობა მიაღებინეს არჩევნებში და ქვეყნის პრეზიდენტადაც გაიყვანეს, მესამე ეტაპი კი იყო ომი. ღიად ისაუბრა უკვე არისტოვიჩმა და სხვებიც ამღერდნენ სხვადასხვა ხმაში, რომ რუსეთ-უკრაინის ომი სულაც არ ყოფილა უკრაინის გადაწყვეტილება. დასავლეთსა და ბორის ჯონსონს ჩაუშლიათ რუსეთთან მოლაპარაკებები და სწორედ მათი „რჩევებით“ და ძალდატანებით შესულა უკრაინა რუსეთთან კონფლიქტში, რითაც, ფაქტობრივად, რუსეთი აიძულეს, რომ ომი დაეწყო.
თუკი ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო უკრაინაში, მაშინ სააკაშვილი არ იქნებოდა მისაღები პერსონა მათთვის, მისი ადგილი იქ აღარ იქნებოდა და ის უნდა განერიდებინათ ქვეყნიდან. მაგრამ საინტერესოა, რატომ გამოიყვანეს სააკაშვილი უკრაინიდან? ერთი ვიცით, ჩვენთან შემოიყვანეს იმის გამო, რომ ქვეყანა აერიათ, მაგრამ მხოლოდ ეს იყო მიზეზი? მხოლოდ იმის გამო ჩამოიყვანეს, რომ საქართველში რევოლუცია მოეწყოთ და ხელისუფლება შეეცვალათ? ვინმე ფიქრობდა, რომ მიშას თუ დაინახავდნენ ქვეყანაში, საქართველო ფეხზე დადგებოდა? – არ ვიცი, ვინ ატყუებდა ასე მწარედ ამ ხალხს! ან, იქნებ, მხოლოდ ეს არ ყოფილა მიზეზი და მათ არ სჭირდებოდათ სააკაშვილი უკრაინაში ამ ომის პერიოდში? რატომ გამოიყვანეს სააკაშვილი უკრაინიდან ამ უმნიშვნელოვანესი პროცესების წინ, როდესაც დაგეგმილი იყო რუსეთ-უკრაინის ომი და რატომ ჩამოაშორეს ის სიტუაციას? რა საფრთხეს შეიცავდა სააკაშვილის იქ ყოფნა ამ ხნის განმავლობაში? რაში შეუშლიდა სააკაშვილი ხელს უკრაინას? არის თუ არა ის ნამდვილად რუსეთის აგენტი? ითამაშებდა თუ არა ორმაგი სტანდარტებით? რატომ არ ენდობოდნენ სააკაშვილს? – ეს დღეს ეს კითხვებია მთავარი. თუკი მიშა მართლაც რაღაც პოლიტიკურ ამინდს ქმნის უკრაინაში, მაშინ პირიქით, ის ქვეყანაში უნდა დაეტოვებინათ.
ერთ-ერთი, ვინც მის სანახავად უკრაინაში დადიოდა, ვინც დაბრუნებაში დაარწმუნა და დაეხმარა, ნიკა მელია იყო. მე არ ვიცი, რაზე ლაპარაკობდნენ ისინი ერთმანეთში, მაგრამ იმ პერიოდში მელია იყო პარტიის თავმჯდომარე და, ალბათ, ბევრი ურთიერთბრალდება და ბევრი აღიარება იქნება მათ შორის სხვადასხვა ფაქტორის გამო. ვნახოთ, კიდევ რა ბრალდებებს წაუყენებენ ერთმანეთს! სააკაშვილი აშანტაჟებს ამ განცხადებებით თავის „პატრონებს“, რომ თუკი არ უშველიან, ყველაფერს იტყვის! აშანტაჟებს მათ პირველივე დღიდან და სიმართლე გითხრათ, სწორადაც იქცევა, რადგან ვინც აიღო პასუხისმგებლობა მიშას საქართველოში შემოყვანაზე, დიახაც, უნდა მოსთხოვოს მას პასუხი!
– ნიკა მელიამ ახალი, დამოუკიდებელი პარტიის ჩამოყალიბება დააანონსა, შესაძლოა, გვარამიაც „დამოუკიდებელ“ პოლიტიკოსად მოგვევლინოს…
– ბუნებრივია, მელია წაართმევს ხმებს „ნაცმოძრაობას“ და ასევე წაართმევს ოპოზიციურ პარტიებს ხმებს ნიკა გვარამიაც, თუ პარტიას შექმნის. ყველა ოპოზიციური პარტია: ნაცმოძრაობა, ლელო, გახარია, მელია, გვარამია, ნათელაშვილი თუ სხვა, თუკი ვინმე არსებობს ამ სპექტრში, ყველა მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩეველთა ერთ სეგმენტზე მუშაობს. ყველა, ვინც ამ პარტიებშია გადანაწილებული, 2012 წელს „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი იყო. „ნაცმოძრაობას“ წაართვეს მათ ხმები და ახლაც მათგან ნაწილდება ეს ხმები. ასე აგროვებს მთლიანი ოპოზიცია ხმათა რაოდენობის 20-25 პროცენტს. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები ლელოში იქნებიან, გახარიასთან, გვარამიასთან თუ მელიასთან… შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მაგრამ ეს ის პროცენტია, ვისთვისაც გამარჯვება შეუძლებელია. ერთიანმა ოპოზიციამ ვერ შეძლო გამარჯვება და დაქსაქსული და ეკლექტური პარტიები როგორ შეძლებენ, რომელთაც სულ სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგია და უდიდესი ამბიციები აქვთ? ყველას პირველკაცობა უნდა.
– „ევროპის მოედანზე“ ევროკავშირის გიგანტური დროშა გაშალეს. მსვლელობას სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა…
– მათ იციან, რომ 15 დეკემბერს სტატუსის მონიჭებას ხელს ვეღარაფერი შეუშლის და დასწრებაზე არიან, როგორმე აღნიშნონ ეს ფაქტი. სინამდვილეში, 9 დეკემბრის აქცია ხელისუფლებასთან პაექრობა იყო, სტატუსის თემაში რომ მთლად ხელმოცარულები არ დარჩენილიყვნენ. არადა, ისინი უკვე ხელმოცარულები არიან ქართველ ხალხთან.
სხვისი ბრძოლით მოპოვებულ შედეგზე ხელს ითბობენ ის ადამიანები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში ომს ნატრობდნენ ქვეყანაში და რომლებიც მსოფლიოს ამცნობდნენ, რომ საქართველო არ იყო ევროპული ოჯახის ღირსი.
თქვენს ლიდერებს რომ თავისი გაეტანათ და სტატუსი დაებლოკათ, ევროკავშირის დროშას ვეღარ ააფრიალებდით. რაც შეეხება იმას, რომ ევროპაში ჯერ კიდეც არ არის გადაწყვეტილება მიღებული და თქვენი დროშის ფრიალი რაიმეს გადაწყვეტს, სულ მცირე, პოლიტიკას ამოფარებული სიცრუეა. იქ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და საქართველოს მომავალიც ჭკვიანი ხალხის დამსახურებით არის განსაზღვრული.
– ახლახან პოს-ტვ-მ შეკრიბა და გამოაქვეყნა გიორგი გახარიას მიერ გამოთქმული შეფასებები „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის შესახებ. მაინც, რა შანსები აქვა გახარიას და „ლელოს“ მომავალი წლის საპარლამენტი არჩევნებში?
– გახარიამ ძლიერი პოლიტიკოსის იმიჯი შეიქმნა მხოლოდ იმის გამო, რომ მას ჰყავდა ძალიან ძლიერი გუნდი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სახით. გუნდის გარეშე ლიდერი რომ ვერაფერს აკეთებს, ეს აქსიომაა. ამის გარდა, გახარია იყო ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: ის იყო ბიზნესომბუდსმენი, ფინანასთა მინისტრი, შს მინისტრი და ბოლოს პრემიერ-მინისტრი. დღეს რომ გვიცხადებს, 25 კაცია ქვეყანაში, ვინც ხალხის ფულს ინაწილებსო, მისი მინისტრობის თუ ომბუდსმენობის პერიოდში არ იყვნენ ეს ადამიანები საქართველოში და ახლა გახდნენ ხალხის ფულის მიმთვისებლები? სანამ თბილ სავარძელში იჯდა, ხმას არ იღებდა, რადგან ასე აწყობდა! გიორგი გახარია ლიდერად აქცია მისმა ძლიერმა გუნდმა. როდესაც მან თანამდებობა დატოვა და თავდაპირველი ეიფორია დაცხრა, გახარია „ქართული ოცნების“ წევრებსაც კი ბიძინა ივანიშვილის „პროექტი“ ეგონათ. სწორედ ამ მოარულმა ჭორებმა შეკრიბა ადამიანები მის გვერდით და ააღებინა არჩევნებში ის ხმები, რაც აიღო… ეს იყო მთლიანად „ოცნების“ ამომრჩევლის ხმები. შემდეგ კი, როცა მან საკრებულოებში დაიწყო კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“, ამომრჩეველი მიხვდა, რომ შეცდა. აქედან გამომდინარე, გახარიას, როგორც ცალკე აღებულ პოლიტიკურ სუბიექტს, ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი არა აქვს. ის არის ხელმოცარული პოლიტიკოსი და მას პარტია აღარ ექნება ამ არჩევნების შემდეგ. რაც შეეხება „ლელოს“, ის თავიდან ბოლომდე არის „ნაცმოძრაობის“ და „რესპუბლიკელების“ ერთობა. „ლელო“ არის ნარჩენებისგან „შეკერილი“ პარტია და როგორ ფიქრობთ, საქართველოში გამარჯვებას ნარჩენებისგან შექმნილი პარტიით შეძლებს? „ლელოს“ მაშინაც კი არ ექნება შანსი, თუ სამი-ოთხი სუბიექტი გაერთიანდება, რადგან ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ლიდერობას არც ერთი დათმობს.
პარლამენტში უმრავლესობით შევა, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“; შევა, აგრეთვე, „ხალხის ძალა“, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“ 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავს; მელიაც, ალბათ, გადალახავს, რადაგან ის ნახევარ „ნაცმოძრაობას“ წამოიყვანს… მაგრამ თუკი ამ ხალხმა მანამდე სრულიად ჩაიქნია ხელი მათზე და ნარჩენების პარტიებში წავიდნენ, ლელო იქნება ეს თუ გახარიას პარტია, მაშინ მათ დაემატებათ ხმები. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რამდენ ხმას აიღებს სათითაოდ. გამორიცხულია, მათ შეძლონ რელური წარმონადგენლობის შეყვანა პარლამენტში ისეთი რაოდენობით, რომ ხელი შეუშალონ სახელისუფლებო გუნდს, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაში. აუცილებლად მოვა დღევანდელი ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში. ის 47 პროცენტიც, ვინც დღეს ამბობს, რომ ჯერ კიდევ არა აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, სახელისუფლებო გუნდს დაუჭერს მხარს და ამით ყველა იმ სიკეთეს დააფასებს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში ქვეყნისთვის გააკეთა.

ნონა ქარქაშაძე