საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

იურიდიული პირები პარტიებს ვეღარ დააფინანსებენ! – საერთო მედია
მარტი 2, 2024

იურიდიული პირები პარტიებს ვეღარ დააფინანსებენ!

იურიდიულ პირების მიერ პარტიების დაფინანსების აკრძალვის ინიციატივას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით, 80 ხმით – ერთხმად მიიღეს. განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

“ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღებას ვეღარ შესძლებენ. ამავე პროექტით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.

როგორც “ქართული ოცნება” განმარტავს, აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას “დეოლიგარქიზაციის შესახებ”, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.

“შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირების მიერ ვეღარ დაფინანსდებიან, ასევე შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა, რაც თავის მხრივ, პარტიათა შორის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის არსებობას უზრუნველყოფს და ქმნის სამართლიანი სააარჩევნო გარემოს შენარჩუნებისა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობას”, – აცხადებენ “ქართულ ოცნებაში“.