საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სააკაშვილმა იცის, როგორც კი ციხიდან გამოვა, მაშინვე მოკლავენ! – საერთო მედია
მაისი 20, 2024

სააკაშვილმა იცის, როგორც კი ციხიდან გამოვა, მაშინვე მოკლავენ!

 

გვესაუბრება პოლიტოლოგი,
პროფესორი ლალი მოროშკინა:

_ ქალბატონო ლალი, აფხაზეთის მხარემ ოცდაათი წლის შემდეგ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობის, პირდაპირი დიალოგის სურვილი გამოითქვა.
_ დავიწყოთ იმით, რომ, როცა რუსეთს რომელიმე ტერიტორიის მოვლა, აღდგენა, პატრონობა სურს, შესაბამისად იქცევა კიდეც. მაგალითად, მარიუპოლში, რომელიც ომით მიიტაცა, ბაღების, სკოლების განაშენიანება დაიწყო, ინფრასტრუქტურული მოწყობის პროცესი დაჩქარებული ტემპით მიდის. ასევე, როცა გადაწყდა, რომ ოლიმპიადა სოჭში უნდა ჩატარებულიყო, ქართველებით დასახლებული სოფელი პლასტუნკა რამდენიმე წელიწადში გაშენდა. ის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი თვალწარმტაცი ადგილია. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იგივეს გაკეთების სურვილი რუსებს არ გასჩენიათ. აფხაზეთში სახლებს ახლაც ეტყობათ ნატყვიარი, გალში წლების განმავლობაში სახლებში ხეები იყო ამოსული. ანუ, ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით არაფერი გაკეთებულა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ: რუსეთი საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი მთავრობის მოსვლას ელოდებოდა, რომელთანაც ცივილიზებულად საუბარს შეძლებდა და საქმე არ ექნებოდა ისეთი დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის მუშაკებთან, როგორიც “ნაცმოძრაობა” იყო სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ “ბოდენის დოკუმენტს”, რომელიც მიზნად აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებას ისახავდა და სადაც აღნიშნულია, რომ, პირველ რიგში, ლტოლვილების უპირობო დაბრუნების პროცესი უნდა დაიწყოს. ამიტომ აფხაზური მხარის მხრიდან პირდაპირი დიალოგის დაწყების სურვილს მივესალმები. რუსეთი მორალურად, ეკონომიკურად ვითარდება, ასევე, საქართველოც, მაგრამ აფხაზეთი და სამაჩაბლო სავალალო მდგომარეობაშია თავისი გაურემონტებელი სკოლებით, წარმოუდგენელი ნარკომანიითა და, ზოგადად, დანგრეული ინფრასტრუქტურით.
ამჯერად ახალი პროცესის დასაწყისს ეყრება საფუძველი. ადრე აფხაზები თავს იკავებდნენ მეცნიერების იმ ფორუმებზე გაგზავნას, სადაც ქართველები მონაწილეობდნენ. რამდენიმე კვირის წინ სტავროპოლში კავკასიელი მეცნიერებისა და პოლიტოლოგების პირველ ფართომასშტაბიან ფორუმზე გახლდით, სადაც სახელოვანი აფხაზი მეცნიერებიც იყვნენ, რომლებიც ქართულ ენას ბრწყინვალედ ფლობდნენ.
ბოლოს აფხაზებთან მსგავსი საუბარი 2001 წელს “შლაინინგის პროცესზე” შედგა. მაშინ იწერებოდა ისტორია, თუ როგორ შეიძლებოდა დაშორიშორებული მხარეები ისევ შეერიგებინათ. შედეგად თუ თავდაპირველად, ორი დღე ერთმანეთთან კონტაქტი არ გვქონდა, მესამე დღეს ერთურთს მივესალმეთ, მეოთხე დღეს ოჯახები მოვიკითხეთ, მეხუთე დღეს უკვე ბანქო ვითამაშეთ ერთად, მეექვსე დღეს დავმეგობრდით და მეშვიდე დღეს თვალცრემლიანი დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ანუ, ურთიერთობა რომ აღდგეს, ჯერ ეს ურთიერთობა უნდა არსებობდეს. თუ ადამიანს ვერ ხედავ, მასთან ურთიერთობა როგორ გექნება?!
აღსანიშნავია, რომ სტავროპოლში გამართულ ფორუმზე ქართველები და აფხაზები ერთმანეთთან ჰარმონიულ ურთიერთობაში იყვნენ. ამ დიალოგის გაგრძელება, აუცილებელია. მზადდება ნიადაგი, რათა ჩვენი შერიგების პროცესი რეალურად დაიწყოს. მახსოვს ის დრო, როცა გალის რეგიონს რუსლან ქიშმარია ხელმძღვანელობდა, მასთან ჩავედი და იქ ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა ვითხოვე. ქიშმარია დამთანხმდა, მაგრამ ტვირთის შეტანა საქართველოდან ვერ მოხერხდა, რადგან შევარდნაძის პოლიტიკის თანახმად, ეს კონფლიქტი გაყინული უნდა ყოფილიყო. ურთიერთობის დალაგება არავის სჭირდებოდა. ახლა გამოიკვეთა, რომ ურთიერთობის დალაგებაზე მზაობა არსებობს.
2024 წელს ჩვენ ახალ რეალობაში გავიღვიძებთ. ანუ, საქართველო ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფანი გახდება. მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დადგება _ მისი ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება დაწყებულია, სადაც ჩვენ ღირსეული ადგილი უნდა დავიკავოთ.
2024 წელს მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მთავრობაში კონსერვატორები მოვლენ. ჩემს ფეისბუქზე დავდე ერთ-ერთი სერიოზული გამოცემის “თჰე ნეწ Eუროპეან”-ის ახალი ნომრის ყდა, სადაც წარმოდგენილნი არიან ახალი კონსერვატორები. სწორედ მათ მოიაზრებენ ახალ მმართველებად. მათ შორის არის მარინ ლე პენი, რომელიც რა ხანია ამბობს, რომ საფრანგეთი ფრანგების უნდა იყოს. ჩვენ ახალი რეალობა უნდა მივიღოთ.
_ ოპოზიციამ განაცხადა: დასავლელი პარტნიორების ჩართულობის გარეშე აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის წარმოება სახიფათოაო. თქვენ რას იტყვით ამ პროცესში საერთაშორისო მედიტორების ჩართულობაზე?
_ კატეგორიულად ვაცხადებ: დასავლეთის ჩართულობა აუცილებელი არ არის. მე ვიყავი შერეული საკონტროლო კომისიის წევრი, რომელიც მოლაპარაკებების ოთხმხრივ ფორმატს წარმოადგენდა საქართველოს, რუსეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებით, რომელსაც მოგვიანებით ეუთოს მისია დაემატა.
ამ ფორმატმა შედეგი ვერ გამოიღო. იგივე ითქმის ჟენევის ფორმატზეც. ეს, უბრალოდ, წყლის ნაყვაა. ქართველებსა და აფხაზ ძმებს შორის პირდაპირი დიალოგი უნდა შედგეს. ამაში ევროპის ჩარევა არ გვჭირდება, ერთმანეთში თავად დავილაპარაკებთ. ასე რომ, “ნაცმოძრაობის” რიტორიკა საფუძველს მოკლებულია. მათ ვურჩევ, დიდი ღობე გააკეთონ, ისედაც ზოოპარკის ბინადრებს ჰგვანან და დაე, შემოღობილ ტერიტორიაზე ერთად იყვნენ. ჩვენ კი ტერიტორიების რეალურად დაბრუნებაზე ვიფიქროთ.
საზოგადოებამ ყველას სახელები და გვარები უნდა იცოდეს, ვინც საქართველოს გამთლიანებას ეწინააღმდეგებოდა. დიახ, კრემლის გარეშე დიალოგი ვერ შედგება. რუსეთის პოზიცია ცნობილია _ ის ამ საქმეში ხელს არ შეგვიშლის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რუსული რუბლებით ნაკვები ლიბერალური ფლანგი _ ჩვენი ოპოზიცია საერთოდ სახსენებელიც არ არის. მათი კვალი გამქრალია. ახალი პოლიტიკოსების, კონსერვატორების, ახალგაზრდა თაობის დრო მოდის. პირდაპირ გეტყვით: მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ომი არ მომხდარიყო, რაზეც ეგრეთ წოდებული ომის ანკლავი ოცნებობდა. თავი დავანებოთ იმაზე ფიქრს: რას იტყვის ოპოზიცია და ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ყარაბაღის პრეცედენტი უნდა გავიზიაროთ _ როცა მთელი მსოფლიო პირბადეებით დადიოდა და კოვიდს გლოვობდა, აზერბაიჯანი ტერიტორიებს იბრუნებდა. წმინდა წერილებში ნაწინასწარმეტყველებია, რომ იბერია უნდა გაბრწყინდეს. ანუ, ბევრი შუქი კი არ გვექნება, არამედ ტერიტორიები აღდგება, ქართველები ქართველებს დაიბრუნებენ. აფხაზები და ოსები ჩვენი სისხლის ნაწილია.
_ საქართველოს მხარეს დასავლეთმა პროვოკატორის როლი მოგვაკუთვნა, რუსეთზე ზეწოლის საბაბი რომ ჰქონოდა და ეს კონფლიქტი არ მოგვარებულიყო?
_ ჩვენ რუსებისთვის ბუფერული ზონა ვართ. რუსეთი კავკასიაში საკუთარ ინტერესს არასდროს დათმობს. სხვა შემთხვევაში, პირდაპირ თურქეთს დაეჯახება. ეს უკანასკნელი ნატო-ს წევრი ქვეყანაა. ერდოღანს როდის, როგორ გადაუტრიალდება ჭკუა, არავინ იცის, რადგან ყველაზე არაპროგნოზირებადი მმართველია. დღეს თუ ამბობს: ნატო ცუდია, იქ ყოფნა აღარ მინდაო, ხვალ შეიძლება საპირისპირო რამ თქვას და მოქმედებაზე გადავიდეს. მას ბათუმი ისედაც თავის ტერიტორიად აქვს მონიშნული, სადაც შიდა ფრენები ხორციელდება.
საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ამ დროს თურქეთის შიდა ფრენები ბათუმში ხორციელდება. ჩვენი აეროპორტი თურქეთის შიდა ზონად ითვლება. არსებობს ყარსის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი ტყვიაც რომ გავარდეს, გურიას შუა ნაწილამდე თურქეთი წაიღებს. ყარსის ხელშეკრულების გარდა, სხვა ბევრი ფაქტორი არსებობს, რაც ჩვენთვის სახიფათოა. გამოდის, გარანტია იმისა, რომ ჩვენს ტერიტორიებს არ წაგვართმევენ _ აჭარა და გურია თურქული მხარის შემადგენლობაში არ გადავა, არ არსებობს. ეს თურქების დიდი ხნის ოცნებაა.
გავიხსენოთ, რა პოლიტიკას ახორციელებდა სააკაშვილი, რომელმაც ასი ათას თურქს საქართველოს მოქალაქეობა მისცა. ანუ, ეს საკმაოდ სახიფათო პროცესია. ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: ეუთო-ს თანამშრომელმა, რომელთან ერთადაც ცხინვალიდან ვბრუნდებოდი, მითხრა: როცა რაპორტს შევადგენ, შიგ დავწერ, რომ გვესროლეს და დამიდასტურეო. რატომ-მეთქი _ ვკითხე, მიპასუხა: ასეთ შემთხვევაში ორჯერ მეტ ხელფასს გადამიხდიანო. ანუ, მათ მუდმივი პროვოკაციები აწყობდათ.
ორგანიზაციები, რომელთაც ჩვენთან მოკავშირეობაზე უნდა ეზრუნათ, სინამდვილეში ოცნებობდნენ, ვინმე დაჭრილიყო ან მოეკლათ რომ ეს მერე რაპორტში ჩაეწერათ და მეტი ანაზღაურება მიეღოთ. ამიტომ, ჩვენ საკუთარ თავს თავად უნდა მივხედოთ. სტავროპოლში გამართული კონფერენციის მსგავსი თუ კიდევ იქნება, სიამოვნებით წავალ, რადგან იქ ჩემი ქვეყნის სადიდებლად, იმის დასამტკიცებლად მივდივარ, რომ საქართველო განვითარდა, წინ წაიწია.
_ მაშინ, როცა ჩვენი მთავრობა აფხაზებთან მშვიდობიანი გზით შერიგებას მიესალმება, თემურ ალასანია ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნებისკენ მოგვიწოდებს.
_ ეს ჩვეულებრივი პროვოკაციაა. ამ ოჯახისგან არაფერი მიკვირს. როცა “ვარდების რევოლუციის” დროს სააკაშვილმა მინისტრობა შემომთავაზა, ვკითხე: ჩვენი პირველი ქმედება რა იქნება-მეთქი და იცით, რა მიპასუხა? _ ცხინვალში იარაღით შევარდნაო. სწორედ მაშინ გაიყო ჩვენი გზები და მას მერე ცხრა წელი სახლში ვიჯექი. ზუსტად ვიცი, ამ ოჯახისთვის პროვოკაცია, გენოფონდის განადგურება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ნორმაა. კარგია, რომ ალასანიების და სააკაშვილების დრო დასრულდა და ახალ რეალობაში ვცხოვრობთ. მალე გამარჯვებას ვიზეიმებთ.
_ ეუთო-ს მინისტერიალზე ლავროვიც იმყოფებოდა. ოპოზიციამ დარჩიაშვილს მოუწოდა, მინისტერიალი დაეტოვებინა. თუმცა, 2010 წელს ასტანაში გამართულ სამიტზე, რომელსაც პუტინც ესწრებოდა, სააკაშვილი თავს მშვენივრად გრძნობდა.
_ დიახ, ასტანას სამიტზე სააკაშვილი პუტინს ეხუტებოდა და ჩაისაც ერთად მიირთმევდნენ. იმ ენერგორესურსების ვრცელი სიაც არსებობს, რაც 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილმა რუსულ მხარეს გადასცა. ხომ არ დაგვავიწყდა, ვინ მიართვა მედვედევს ქვეყნის 20% ლანგრით, რომელსაც ქვების ხროვა უწოდა. დიახ, ეუთო-ს მინისტერიალშიც უნდა მიგვეღო მონაწილეობა და 3+3 ფორმატშიც უნდა ჩავერთოთ. დაგვავიწყდა, ლავროვთან ზურაბიშვილი ჩახუტებული რომ იყო, თუ ის სხვა ლავროვი გახლდათ? ოპოზიციის ბჟუტურს ნუ მივაქცევთ ყურადღებას. ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის გამთლიანება, ღირსეული ჯარი, სწავლა-განათლება, ლტოლვილების თავიანთ მიწაზე დაბრუნება და კიდევ ბევრი სხვა რამ არის.
მადლობა ღმერთს, როგორც იქნა, გვყავს მთავრობა, რომლის ხელმძღვანელობა საერთაშორისო ტრიბუნებიდან ღირსეულ სიტყვას ამბობს. “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებამ ჩემი ქვეყანა გაყიდა და ახლა სწორედ ეს გაყიდული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ. ჩვენთვის ტერიტორიები ომით კი არ წაურთმევიათ, ის სააკაშვილმა გაყიდა. წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის ფული აქვს “ნაცმოძრაობას” მიტაცებული, რითაც დღემდე არსებობს. კარგი იქნება, თუ 2024 წელს ნაცები პოლიტიკას საბოლოოდ ჩამოშორდებიან.
_ სააკაშვილმა ზურაბიშვილს შესტირა, შვილებს მამა დაუბრუნე, შემიწყალეო. როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი?
_ ეს თამაშის ნაწილია. სააკაშვილმა იცის, როგორც კი ციხიდან გარეთ გამოვა, მას მოკლავენ. კულუარული ინფორმაციით ვიცი, მიშა ითხოვს, ციხიდან არ გამიშვათო. დიახ, მან იცის, რომ ოპოზიციაში ის არავის სჭირდება და მისი მკვლელობაა დაგეგმილი. კარგად უწყის, რომ მისი “გასაღება” სურთ. ამიტომ რეალურად, ციხის დატოვება სულაც არ უნდა. მიშაზე მთელი ოპოზიციური სპექტრი იმდენად აჭრილია, რომ მისი სიცოცხლის გარანტია ახლა ციხეში ყოფნაა.

თამარ შველიძე