საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

საუნივერსიტეტო დიპლომატია – მშვიდობის ენა – საერთო მედია
მარტი 2, 2024

საუნივერსიტეტო დიპლომატია – მშვიდობის ენა

 

გვესაუბრება სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორი ზურაბ ხონელიძე:

_ ბატონო ზურაბ, განათლება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თქვენ უკვე ექვსი წელია, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის პოსტს იკავებთ. რა არის ამ უმაღლესი სასწავლებლის მთავარი მიზანი, რა დატვირთვა აქვს მას?
_ მოგახსენებთ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი მიზანი ქართულ და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებაა. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ აფხაზეთის თემის გვერდის ავლით ვერავითარი ინტეგრირება ვერ მოხდება. ჩვენ არცერთი უმაღლესი სასწავლებლის კონკურენტი არ ვართ. სოხუმის უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე, მისი თემატიკა სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან აბსოლუტურად განსხვავდება.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც თბილისშია, სოხუმში არსებული აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილია. თბილისში არსებული სოხუმის უნივერსიტეტის როლი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღგვიქვამს ჩვენ აფხაზეთი, მისთვის რამდენად მიმზიდველი ვართ. საგულისხმოა ერთი გარემოება: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი დამოკიდებულება _ ეს გახლავთ აფხაზეთის პრობლემატიკისადმი დამოკიდებულება. ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის, საკუთარ თავზე აიღოს ყველა მტკივნეული, პრობლემური საკითხი, რაც აფხაზეთს, ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, ერთიანობას, მისი მომავლის უზრუნველყოფას, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას უკავშირდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენისთვის ვიმუშაოთ. ჩემი უდიდესი სურვილია, სოხუმის უნივერსიტეტი გახდეს ხიდი ამ ორ უნივერსიტეტს შორის, რომლებიც ერთი ფესვიდანაა წამოსული. ეს პროცესი დიდი ხანია, დაწყებულია და ვიმედოვნებ, მალე სასურველ შედეგს მივაღწევთ.
მინდა, აფხაზეთის უნივერსიტეტთან დაახლოების პროცესი უფრო გაფართოვდეს, აფხაზეთისკენ ისე დავიძრათ, რომ ჩვენი კერა შევინარჩუნოთ. კარგად დავფიქრდეთ: სად შეიძლება მაქსიმალურად ჩვენი დაახლოება, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციულ საზღვრამდე. მიმაჩნია, რომ საზღვართან ზუგდიდში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქოლგა უნდა გაჩნდეს, რითაც ჩვენი აფხაზი ძმების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში შემოყვანა გაცილებით უფრო ადვილი იქნება. აფხაზი სტუდენტის, მასწავლებლის თბილისში ინტეგრირება უფრო რთული პროცესია, ვიდრე საქართველოს იმ ნაწილთან, რომელიც მას ესაზღვრება _ სამეგრელოსთან.
_ ბატონო ზურაბ, სოხუმის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო კუთხით რა სიახლეები დაინერგა?
_ თქვენ იცით, რომ გაერომ მოიწონა სამეცნიერო დიპლომატია. სოხუმის უნივერსიტეტის სწავლებაში გავაჩინე ახალი მიმართულება _ საუნივერსიტეტო დიპლომატია _ სამშვიდობო ენა. სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს. საქართველო კონფლიქტის მონაწილე სახელმწიფოა, რადგან ის არა ჩაკეტილი, არამედ ერთიანი კავკასიური სოციოკულტურული სივრცის შემადგენელი ნაწილია. ამ რეგიონში უამრავი ქვეყნის ინტერესებია გადაჯაჭვული, სადაც ყველა ტიპისა და სახის კონფლიქტი არსებობს.
უნივერსიტეტი თავისი ქვეყნის ბედის თანაზიარია. როგორც ქვეყნის ფუნქცია გადის რეგიონზე, რაც ავტომატურად საერთაშორისო ფუნქციაცაა, ასევე, უნივერსიტეტის საერთაშორისო ფუნქციაც რეგიონზე გადის. ამიტომ ჩემი მიზანია, არსებული შიდა და გარე რესურსების მობილიზებით უნივერსიტეტი რეგიონში სამეცნიერო კვლევით-საგანმანათლებლო ცენტრად, საუნივერსიტეტო ჰაბად ვაქციო. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ უკვე შევიმუშავეთ საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ფორმა, დიპლომატიის ახალი სახეობა _ “საუნივერსიტეტო დიპლომატია”.
_ რა იგულისხმება ამ ტერმინში?
_ “საუნივერსიტეტო დიპლომატია” ისეთ უმნიშვნელოვანეს კატეგორიებს უკავშირდება, როგორიცაა “უნივერსიტეტი” და “დიპლომატია”. მათი ორგანული შერწყმით სრულიად ახალი ფენომენი ყალიბდება. ის თავის არსში მოიცავს პრობლემათა გადაჭრისა და თვითრეგულირების დღემდე ჯერ კიდევ გამოუყენებელ, აუმოქმედებელ უნიკალურ შესაძლებლობებს.
ფაქტია, რომ აფხაზები და ქართველები მუდამ ერთი მიწის შვილები იყვნენ. “საუნივერსიტეტო დიპლომატიის” ფენომენმა პასუხი უნდა გასცეს მთავარ კითხვას: სად არის ბალანსი ქართველებისა და აფხაზების ინტერესებს შორის? რამდენად კავშირშია პირობითი, ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა რეალურ თავისუფლებასთან? რამდენად არის კვდომისკენ მიდრეკილი აფხაზი ერის ერთადერთი ხსნა _ სასიცოცხლო სივრცის გაფართოვება და სამოქმედო არეალის გაზრდა? ასე რომ, “საუნივერსიტეტო დიპლომატიის” ეგიდით შექმნილი ფორმატი ორი ყველაზე ახლობელი ერის წარმომადგენლებს დაგვეხმარება იმის გარკვევაში _ თუ რა გვჭირს, რა სენით ვართ შეპყრობილი. გამოსავალი არა ჩვენგან შორს _ მიუწვდომელ წიაღში, არამედ ორმა ძმამ _ ქართველმა და აფხაზმა, შუამავლების გარეშე, საკუთარი ჯანსაღი წარმოდგენებისა და რეალობის შესაბამისობაში უნდა ვეძებოთ.
აფხაზეთის პრობლემისადმი დამოკიდებულება _ ეს არის დამოკიდებულება ერთიანი ქართული სახელმწიფოსადმი. ცხადია, უნივერსიტეტის ყოველი წარმატება ქართული სახელმწიფოს წარმატებაცაა. ევროპულ არჩევანთან ერთად, რეალური, უმოკლესი გზა არის, ვემსახუროთ სამშობლოს, მის ერთიანობას, დავიცვათ ჩვენი _ ქართველებისა და აფხაზების ეროვნული თვითმყოფადობა, იდენტობა. ეს გზა საუნივერსიტეტო დიპლომატიის პრინციპების დამკვიდრებაზე გადის. მწამს, რომ სოხუმის უნივერისტეტი სწორედ ის კერაა, რომელიც ამთლიანებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. მას ესმის სამშობლოს ხმა.
ჩვენ უნდა დავძლიოთ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა _ კონფლიქტში გადაზრდილი დაპირისპირება (ვგულისხმობ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს) და მისი რეციდივები; მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ დარღვეული ქართული მულტიეთნიკური სახელმწიფოს ორგანული მთლიანობა, უზრუნველვყოთ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და ქვეყნის გარანტირებული უსაფრთხო მომავალი. ამ მიმართულებით გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები: საქართველოში არსებული პრობლემები სცილდება ქვეყნის საზღვრებს. მათი მოგვარება შეუძლებელია უმთავრესი მაპროვოცირებელი მიზეზის _ საგარეო ფაქტორების გათვალისწინების გარეშე. საქართველო, სხვა ქვეყნების მსგავსად, წარმოადგენს სივრცით მოვლენას, ქმნის პოლიტიკურ მოცემულობას, არსებობს, იმართება და ცოცხლობს ამ სივრცით, ვერ იტანს სიცარიელეს, ცვალებადია და ხასიათდება შემდეგი თვისებით: იბადება, იზრდება ან ცალ-ცალკე სივრცეებად ყალიბდება, სადაც აბორიგენი მოსახლეობა შემცირებისკენ არის მიდრეკილი.
ჩვენი კონფლიქტების დარეგულირება და ქვეყნის შემდგომი ბედ-იღბალის განსაზღვრა საქართველოს საზღვრებს სცილდება და მხოლოდ რეგიონულ კონტექსტშია შესაძლებელი. რეგიონში იგულისხმება სამხრეთ კავკასია, სადაც სივრცის მაორგანიზებელი ცენტრის პრიორიტეტული მნიშვნელობა ოდითგანვე საქართველოს ფუნქცია იყო.
_ გამოსავალს რაში ხედავთ?
_ გამოსავალი ეგრეთ წოდებული რეფორმების ნაცვლად, ხელისუფლების გონიერებაში, საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების საფუძველში, დემოკრატიის მთავარ ინსტრუმენტში _ განათლებაში უნდა ვეძიოთ. ეს კი, არა რომელიმე სამყაროსა თუ ცივილიზაციისკენ ორიენტაციით, არამედ გლობალურ გადანაწილებაში ჩართული მსხვილი ინტერესჯგუფების მიერ “პროექტად” ქცეული საქართველოსთვის, არსებული მოცემულობის შეცვლის გარეშე მიუღწეველი იქნება. ხსნის გზა გახლავთ ის, რომ ჩვენ უნდა მოვერგოთ გეოპოლიტიკაში მიმდინარე გარდაქმნებს, საერთაშორისო წესრიგის რეგიონული ნიშნით დაქსელვის გარდაუვალ პროცესს. პოლიტიკის ძირითადი რეგულატორის _ დამატებითი ინტერესისა და მსოფლიო მომწესრიგებელ ძალთა ბალანსის დაცვით შევქმნათ არამხოლოდ ქართული, არამედ რეგიონული გლობალური პროექტი, რომელიც ქართული სივრცით დაინტერესებული მსოფლიოს ძირითადი მოთამაშეების ინტერესს საქართველოსადმი, საქართველოს ერთიანობისადმი ინტერესით ჩაანაცვლებს. ქვეყანას შესძენს გლობალურ გამოწვევებთან თავსებადობის იმუნიტეტს _ საერთაშორისო ფუნქციას და საქართველოს პრობლემურიდან ანგარიშგასაწევ პროგრესულ პოლიტიკურ ძალად გარდაქმნის.
აღნიშნული მიზნის განხორციელების ერთ-ერთ კონცეპტუალურ საფუძვლად მონოგრაფიული ნაშრომი _ “მშვიდობის ქართული პარადიგმა” მიმაჩნია, რომელიც ურთიერთდაკავშირებული ორი პროექტისგან შედგება:
პირველი, ეს გახლავთ “საუნივერსიტეტო დიპლომატია”, რაზეც ზემოთაც ვისაუბრეთ.
მეორე პროექტი გახლავთ სამხრეთ კავკასია _ ახალი სამშვიდობო სივრცე, რომელიც წარმოადგენს რეგიონალიზმზე დაფუძნებულ ახალ, გლობალურ, რეინტეგრაციულ პროექტს, რომლის დედააზრი საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ფორმირებით გლობალური, რეგიონული და ნაციონალური ინტერესების მორგებაშია. ის გამორიცხავს რეგიონისადმი ყოველგვარ ცალმხრივ სტრატეგიას, მოემსახურება გლობალური ფუნქციის მატარებელი ქვეყნის, საქართველოს და მის ბედთან თანაზიარ სივრცის შემადგენელი ქვეყნების – აზერბაიჯანისა და სომხეთის ორგანულ მთლიანობას, მათ გარანტირებულ და უსაფრთხო მომავალს. ეს აჩენს შესაძლებლობას, სამხრეთ კავკასია იქცეს მშვიდობის კოლექტიური წარმატების საფუძვლად, საერთაშორისო უსაფრთხოების ერთიანი სისტემის შემადგენელ და განუყოფელ ნაწილად; ცივილიზაციათა ურთიერთკავშირის, ინტეგრაციული მიმზიდველობის, მათ შორის საერთაშორისო კაპიტალის ფორმირების მქონე რეგიონულ ცენტრად, მსოფლიოს ახალ “მშვიდობის ზონად”.
“მშვიდობის ქართულმა პარადიგმამ”, სიახლის ავტორსა და შემოქმედს, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე _ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუჩინა შესაძლებლობა, აღედგინა ჯანსაღი ურთიერთობა თავის ისტორიულ ფესვებთან სოხუმში _ აფხაზეთის უნივერსიტეტთან. ასევე, ჩაეტარებინა არაერთი პრეზენტაცია და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, გაეხსნა უნივერსიტეტის წარმომადგენლობა ორლანდოში, დაეფუძნებინა სამშვიდობო განათლების კვლევითი ცენტრი, სადაც ქართველი, აფხაზი და ოსი მეცნიერ-მკვლევარები მოღვაწეობენ; კონფლიქტოლოგიის დარგობრივ მახასიათებლებში დაემკვიდრებინა ახალი ტერმინი _ საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ფორმა და დიპლომატიის ახალი სახეობა; გაეჩინა სამმხრივი _ საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი მეცნიერულ-ჰუმანიტარული დიალოგის ახალი პლატფორმა და სხვა. აღსანიშნავია, რომ “პროექტის” მხარდამჭერებად იქცნენ მაღალი საერთაშორისო ინსტიტუციები და პერსონები. მაგალითად, ევროპარლამენტი, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და სხვები.
ბოლოს დასკვნის სახით ვიტყვი: ყველა ერისა თუ ქვეყნის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც სწორი სტრატეგიული ამოცანისა და მისი სარეალიზაციო რესურსის მოძიებიდან გამომდინარე, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეა-მიზნის მიღწევის ახალი გლობალური პროექტის შეთავაზება ეროვნული რწმენის დაბრუნებას ნიშნავს. საქართველოს, რომლის ძალა მრავალფეროვნებაში, ეფექტურობა კი სივრცის გაფართოვებაშია, ვფიქრობ, სწორედ დღეს დაუდგა მსგავსი ისტორიული ჟამი და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნამდვილად შეცდომა იქნება.

თამარ შველიძე