საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ადამიანს სიცოცხლეშივე უნდა უთხრა, რომ ხალხს უყვარს! – საერთო მედია
მარტი 2, 2024

ადამიანს სიცოცხლეშივე უნდა უთხრა, რომ ხალხს უყვარს!

 

ნომრის სტუმარია საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის
კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი

– ბატონო დავით, თითქმის ოთხი წლის წინ, როცა ჩვენ შევხვდით, კულტურა ჯერ კიდევ განათლების სამინისტროსთან იყო გაერთიანებული. მაშინ თქვით, რომ ეს ორი სფერო უნდა განცალკევდეს და კულტურის მინისტრად უნდა დაინიშნოს ადამიანი, ვინც ღვაწლმოსილ შემოქმედთა კეთილგანწყობას იმსახურებს. როგორ გაართვა თავი თეა წულუკიანმა ამ გამოწვევებს?
– კულტურის სამინისტრო არის ყველაზე რთულად სამართავი სამინისტრო და, რასაკვირველია, ის განათლების სფეროსგან უნდა განცალკევებულიყო, რის შემდეგაც მეტად ეფექტური გახდა სამინისტროს მუშაობა. აქ არიან სხვადასხვა შეხედულებების და გემოვნების მქონე ხელოვანი ადამიანები, რომელთაგან, ბუნებრივია, ყველას ვერ ეყვარები და ვერც მოეწონები. თუმცა, მიმაჩნია, რომ ქალბატონმა თეა წულუკიანმა რთულ გამოწვევებს საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი. დღემდე ბევრ შემოტევას უძლებს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს ადამიანები მიხვდებიან, რომ კულტურის სამინისტრო ქმნის კულტურის პოლიტიკას და არ შეიძლება მუდამ ჩასაფრებული უყურებდე ყველაფერს, გამუდმებით ტალახს ისროდე და კარგს ვერაფერს ხედავდე. არ შეიძლება ვერ დაინახო, რამდენი ნამუშევარი დაუბრუნდა ქვეყანას, რამდენი რამ გაკეთდა…
– მალე ახალი რეალობის წინაშე დავდგებით. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია. რას აძლევს ეს პრივილეგია ჩვენს ქვეყანას?
– საქართველოსთვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რის გამოც მინდა მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩვენს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს. რადგან ამდენი შემოტევის მიუხედავად, ქვეყანა უბედურებას გადაარჩინეს. მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ბეწვის ხიდზე იარა, მაგრამ საქართველო ბახმუტს არ დაამსგავსა, საქართველო იმ ადამიანების ბოროტებისგან გადაარჩინა, რომლებსაც დღესაც აქვთ სურვილი, ჩვენი ქვეყანა გაანადგურონ.
ხედავთ, უკრაინაში რაც ხდება. უკრაინა გაწირა ზელენსკიმ და მისმა გუნდმა. დიქტატორული რეჟიმი დამყარდა ქვეყანაში, რასაც აღიარებს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და მისი უახლოესი გარემოცვა. მე კი მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით დავუსვა კითხვა ამ ჩვენს ოპოზიციას, რომლებსაც არ უყვართ ჩვენი ქვეყანა – ეს გინდოდათ, რომ საქართველოს გადაეტანა? გაანადგურეს უკრაინა, მოსპეს, როგორც სახელმწიფო და დარჩნენ მარტო, აღარავის აინტერესებს მათი ბედი. ეს უნდოდათ გაეკეთებინათ იმ ადამიანებს ჩვენთვისაც, რომლებიც დღეს „ჭკუას გვარიგებენ“.
როგორც კი ომი დაიწყო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან და ანსამბლ „სუხიშვილებთან“ ერთად ჩავედით უკრაინაში, წავიღეთ ჰუმანიტარიული დახმარება… საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მათ მხარში დაუდგა და თანაგრძნობა გამოუცხადა, მაგრამ რა დაინახა მათმა მთავრობამ?!
რუსეთი ოკუპანტია და მუდამ ოკუპანტი იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინა დამარცხდა მის წინააღმდეგ და დაამარცხა საკუთარი მთავრობის გაუაზრებელმა პოლიტიკამ.
უკვე რამდენი ქართველი დაიღუპა უკრაინის ომში და ახლაც იღუპებიან. მე კი აქ რუსთაველის გამზირზე, ზღვაზე თუ მთაში, ვხვდები უკრაინელ ახალგაზრდებს, რომლებიც ყირაზე გადადიან და დროს ატარებენ…
– ვინც ფრონტზე უნდა იბრძოდეს, აგერ ხართ, ჩემს ქვეყანაში – ეს არის ამაზრზენი! ეს იყო ტრაგიკული კომედია, რასაც მხარს უჭერდა ჩვენი ოპოზიცია. ახლა იმიტომაც არიან დადუმებულები, რომ „რუსეთუმეები“ ევროკავშირში არ შედიან და ლოგიკურია, რომ ჩვენი ხელისუფლება „რუსეთუმე“ არ ყოფილა! პუტინის მონები არიან თვითონ. მე „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთისგან არ ვასხვავებ!
– ბატონო დათო, ახალგაზრდებთან ურთიერთობა როგორ გამოგდით? თქვენ ხომ მათ ყოველდღიურად ხვდებით…
– ვფიქრობ, რომ გამომდის! საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ასწლოვანი უნივერსიტეტი და მე ბედნიერი ვარ, რომ ყოველდღიურად ახალგაზრდებთან მაქვს შეხება. დღეს საქართველოში მოდიან ნიჭიერი, თავისუფალი, გულანთებული ახალგაზრდები, რომელთაგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ. ეს ის თაობაა, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს სულ რაღაც ათი წლისა რომ იყო, ზოგი – არც ამდენის. ამიტომ ძალიან მარტივია ამ გულანთებული ადამიანების თვალის ახვევა და მათი ბოროტი ზრახვებისთვის „გამოყენება“, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი თაობაა და შენს ნებაზე ვერ მიუთითებ, საით წავიდეს! ჩემთვის ყველა ახალგაზრდა ერთია, თითოეულ მათგანში ჩემი ქვეყნის მომავალს ვხედავ.
მინდა, ამ თაობას გავუფრთილდეთ, რათა კიდევ რაღაც უბედურებაში არ გახვიონ, თორემ დაიყენებენ წინ ამ ბავშვებს, დაიწყებენ მიტინგებს, შემდეგ ყველა გაიქცევა და მათ მიატოვებენ, თვითონ კი მშრალი გამოძვრებიან სიტუაციიდან.
მე ვიცი, რომ ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს. ჩვენ რომ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მთავრობა არ გვყოლოდა ქვეყნის სათავეში, დღეს ვიქნებოდით გაუბედურებულები.
– ოპოზიციაში დიდი არეულობაა. ახლახან მორიგი შეხვედრა ჰქონდათ ლონდონში კეზერაშვილთან და, სავარაუდოდ, სამოქმედო გეგმით დაბრუნდნენ. თქვენი აზრით, რის იმედი აქვთ მაინც, ვის შეუძლია „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენა?
– სიმართლე უნდა ითქვას, რომ თუკი დღეს კიდევ არის ვინმე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ის კონკრეტულად მიშას უჭერს მხარს და სხვას არავის. სააკაშვილმა ზუსტად იცოდა სცენარი და ძალიან უნდოდა ამ სცენარის მიხედვით ემოქმედა მაშინ, როცა კონტეინერებს ჩამოჰყვა, მაგრამ არ გამოუვიდა! ის შემოიყვანეს იმისათვის, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადების დროს მოეყვანათ პარლამენტის წინ, მას უნდა დაეწყო ყვირილი, რომ არჩევნები გაყალბდა, გამოეყვანა თავისი მხარდამჭერები და არეულობა მოეწყო ქვეყანაში. არც მე მსიამოვნებს, რომ ჩემი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, მაგრამ კანონის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ და დანაშაულზე სათანადოდ უნდა ვაგოთ პასუხი. სააკაშვილიც მოატყუეს. ადამიანურად, მეცოდება კიდეც და კიდევ მეტად მებრალება, როცა მის გარემოცვას ვუყურებ, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ ადამიანები, რომლებიც, ცუდად თუ კარგად, რაღაცას ქმნიდნენ და ყველანი ქუჩაში გაყარეს.
დაიმახსოვრეთ, რომ ხაბეიშვილს ამ დღეებში გადააყენებენ, რადგან მისი პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნა იყო უდიდესი შეცდომა. რომ თქვა, თითქოს რაღაცის გამო დანიშნეს, – ესეც არარეალური მგონია. ვის შეიძლება სჭირდებოდეს ეს ჩინური მიკი-მაუსი ხელმძღვანელად და ჭკუის დამრიგებლად?! „ქართული ოცნების“ წინააღმდეგიც რომ იყო, ნორმალურმა ადამიანმა ხაბეიშვილს ხმა როგორ უნდა მისცე?!
– „ვარსკვლავებთან“ ასოცირდებით უკვე მრავალი წელია, ამ დროის განმავლობაში კი ბევრი ღისეული შემოქმედი გაახარეთ და აჩუქეთ ბედნიერი წუთები. არადა, წლების წინ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი თქვენი წამოწყების მიმართ…
– პროექტი 2004 წელს დავიწყე და პირველი ვარსკვლავიც ქალბატონ ნინო რამიშვილს გავუხსენით. ჩვენი მიზანი იყო, სიცოცხლეშივე დაგვეფასებინა ადამიანები და მიგვენიჭებინა მათთვის სიხარული. თავიდან ნამდვილად ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამას, მაგრამ ჩანაფიქრმა გაამართლა, პროექტი წარმატებული გამოდგა… მე ბედნიერი ვარ, რომ დღესდღეობით ეს პროექტი რეგიონებშიც გადავიდა და უკვე სპორტსმენებსაც ვახალისებთ. ყველაზე დიდი ვარსკვლავი და ჯილდო ხალხის სიყვარულია და ამიტომაც, ხელოვანს სიცოცხლეშივე უნდა უთხრა, რომ ხალხს უყვარს! ამ ვარსკვლავების უკან დგანან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი შრომით და მიღწევებით ჩვენი ქვეყანა ასახელეს…
წლების წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კულტურის სამინისტროდან გამომაგდო და ეს პროექტიც ჩამომართვა. სამინისტროში ვეღარ დავრჩებოდი, რადგან მას შემდეგ, რაც მათ ზურაბ ჟვანია მოკლეს, ჩემი ამ ადამიანებთან ურთიერთობა დამთავრდა, მათთან საერთო ენის გამონახვა აღარ შემეძლო. მათ კი პროექტიც ჩამომართვეს, ჩემი ვარსკვლავები მიწიდან ამოყარეს და თავიანთი „ვარსკვლავები“ ჩაყარეს. ხშირად მეკითხებიან, რატომ არის ზოგან სხვანაირი ფორმის ვარსკვლავი და სწორედ ამიტომაც არის! როგორც კი „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მათ ეს პროექტი დამიბრუნეს.
დღეს რომ კიდევ ბიძინა ივანიშვილს ლანძღავენ, რომლის ოჯახიც მთლიანად სიცოცხლის რისკზე წავიდა იმისათვის, რომ საქართველო გადაერჩინა, – რა უნდა უთხრა იმ ადამიანებს? ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, დღეს საქართველო სად იქნებოდა, არავინ იცის!
– ყოველთვის ხაზგასმით ამბობდით და ამბობთ, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს, თუმცა ეს არ არის დადასტურებული ფაქტი… მომავალი წლიდან ქვეყანა ახალ რეალობაში გაიღვიძებს და აქვე ყველას გვახსენდება მისი ფრთიანი ფრაზა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. სად, რომელ მხარეს იქნებოდა ახლა თქვენი მეგობარი ზურაბ ჟვანია, ცოცხალი რომ იყოს?
– ზურაბ ჟვანია იყო ჩემი უახლოესი მეგობარი, მისი სიტყვები კი დღესაც აქტუალურია. მე და ზურა ერთ დღეს ვართ დაბადებული – 9 დეკემბერს. ის ნამდვილად იამაყებდა ახლა იმ წარმატებებით, რასაც საქართველომ მიაღწია. დღეს რომ ზურა ცოცხალი ყოფილიყო, საქართველო სულ სხვა რეალობაში იცხოვრებდა. ის იმიტომ მოკლეს და მოიშორეს, რომ მალევე მიხვდა, სააკაშვილი და მისი გუნდი რა მიმართულებითაც მიდიოდა. მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც უკვე გარედანაც ჩანდა. რასაკვირველია, მათ არ აწყობდათ გვერდით ჟვანიასნაირი ჭკვიანი ადამიანი. ამიტომაც მოიშორეს. მე არ მჯერა და ვერც დავიჯერებ, რომ ის არ მოუკლავთ, სანამ სათანადო დასკვნას არ დადებენ. მე ვიცი, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს!

ნონა ქარქაშაძე