საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

არახამიას ქართულ პოლიტიკაში გადმოსასვლელად ამზადებენ! – საერთო მედია
მარტი 2, 2024

არახამიას ქართულ პოლიტიკაში გადმოსასვლელად ამზადებენ!

 

გვესაუბრება
დამოუკიდებელი
უფლებადამცველი,
ყოფილი პარლამენტარი
დიმიტრი ლორთქიფანიძე:

_ ბატონო დიმიტრი, არესტოვიჩმა დასავლეთი უკრაინის გაწირვასა და მისი ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობის მცდელობაში დაადანაშაულა, ნატო-ს ალიანსს უმოქმედობაში დასდო ბრალი, უკრაინის ხელმძღვანელობა კი სულელად და კორუმპირებულად მოიხსენია. რას ემსახურება ეს განცხადებები?
_ არესტოვიჩის პოზიცია არ ნიშნავს, რომ ის რაიმეს ნანობს. მას უკრაინის კრიზისის მიმართ დამოკიდებულება არ შეუცვლია. არესტოვიჩმა განაცხადა: იძულებული ვარ, საზოგადოებას სიმართლე ნაწილ-ნაწილ მივაწოდო, რადგან ერთბაშად ყველაფრის თქმამ, შესაძლოა უკრაინაში დიდი ქაოსი გამოიწვიოსო. ანუ რა გამოდის? არესტოვიჩი, რომელიც ფსიქოლოგი, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელია, დღეს უცებ ამბობს, რომ უკრაინის კრიზისი ჩიხში შედის, უკრაინელი ხალხისთვის ერთადერთი სწორი გამოსავალი ომის შეწყვეტა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებააო. არადა, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არსებობს ზელენსკის ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ გამოცემული საგანგებო დადგენილება იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებზე არ წავა. სინამდვილეში, არესტოვიჩმა კრიზისის განვითარების მოცემულ ფაზაში არსებული რეალობა გააჟღერა, რაც უკრაინის უკან მდგომი დასავლელი პარტნიორების მხრიდან წინასწარ იყო განსაზღვრული. მათ ამ ომში რამდენიმე ტრილიონი დოლარი იშოვეს, ასევე, შეცვალეს გეოპოლიტიკა ევროპის კონტინენტზე მათთვის სასარგებლო პირობებით და მთელი ევროპის მასშტაბით საშინელი კრიზისი გაამეფეს.
უკრაინის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. როგორც ჩანს, ოთხი რეგიონის რუსეთთან შეერთების საკითხი, რაზეც ფედერაციაში გადაწყვეტილება ადგილობრივი რეფერენდუმის ჩატარების გზით მიიღეს, კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დადგება. დღეს საკითხი დგას ყირიმთან დაკავშირებით _ რამდენად ექნება ყირიმს ლეგიტიმური სტატუსი, რათა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იწოდებოდეს. როგორ განვითარდება მოვლენები ამ კუთხით, დაახლოებით, ორ თვეში გვეცოდინება, მას შემდეგ, რაც ზამთრის კრიზისი პიკს მიაღწევს; ასევე, როცა აღმოჩნდება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დასავლეთ ევროპიდან სამხედრო დახმარებას ვეღარ იღებს და მას მერე, რაც აღმოჩნდება, რომ აშშ-ის კონგრესისთვის მსოფლიოში უკრაინაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები არსებობს.
აქვე, შეგახსენებთ ზალუჟნის განცხადებას: თავდაცვის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ყველაფერი გააკეთეს და ახლა ჯერი პოლიტიკოსებზეა. თუ პოლიტიკური სპექტრი ვერ გაერთიანდება იმ იდეის გარშემო, რომ უკრაინის შეიარაღება შემდგომშიც გაგრძელდეს, მაშინ სხვა ტიპის გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებულიო. ზალუჟნი არ აპირებს, წაგებულ ომზე პასუხისმგებელი გახდეს. ბუნებრივია, მას არ უნდა ზელენსკის პასუხისმგებლობას საფლავში ჩაჰყვეს. ამიტომ დასავლეთი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი სწორედ ზალუჟნი იყოს. ეს, ერთი მხრივ, გამართლებული იქნება იმ კუთხით, რომ ისტორიული წარმატებები, რაც მსოფლიოს მეორე არმიის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიჩინეს, უდავოდ ზალუჟნის დამსახურებაა. სავარაუდოდ, ის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება და არანაირ შანს არ დაუტოვებს ავანტიურისტ ზელენსკის, რათა მან თავის ავანტიურა უკრაინელი ხალხის სიცოცხლის ხარჯზე გააგრძელოს.
ახლა მთავარი შემდეგი საკითხია _ დარჩება თუ არა უკრაინას შავ ზღვაზე გასასვლელი. ეს დიდი ვაჭრობის საგანია მარცვლეულის გაყიდვების შემდგომ. თუ რუსეთ-უკრაინის ომი ორ-სამ თვეში არ შეწყდა, დიდი ალბათობით, ოდესა და ნიკოლაევი სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დნეპრისპირეთის ყველაზე დიდ რუსულ სამხედრო ბაზებთან, სადაც დაახლოებით ოთხი მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა ინახება, მისვლა სწორედ ოდესა-ნიკოლაევის გზით არის შესაძლებელი, მოლდოვას მიმართულებით.
დავუბრუნდეთ არესტოვიჩს, რომელიც შეიძლება ყველაზე სარისკო პოზიციების გამხმოვანებლადაც მივიჩნიოთ. ეს დასავლეთის მხრიდან ერთგვარი სიგნალია _ ზელენსკიმ თავისი როლი, ფუნქცია ამოწურა. ცოტა ხანში, ალბათ, ზელენსკის მხრიდან პოზიციების დათმობის შესახებ გაკეთებულ ხმამაღალ განცხადებებს მოვისმენთ. ის გრძნობს, რომ ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი, მას, შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.
_ დასავლეთის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა არახამიაც, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინას კაპიტულაციისთვის ამზადებენ…
_ არახამიაც იმ პროცესის გამხმოვანებელია, რამაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ცერეუს აგენტი დავით არახამია უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია შეიარაღების დარგში. მისი ნებართვის გარეშე უკრაინის ტერიტორიაზე არანაირი იარაღი, ტყვია-წამალი არ შედის. ბუნებრივია, ის აშშ-ის კარზე ნდობით აღჭურვილი პირია. მას შეიარაღებაზე ზედამხედველობა 2014-24 წლებში, ყველაზე კრიზისულ პერიოდში დაეკისრა. აქვე გეტყვით, რომ აშშ-ის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი უკრაინის ბიუჯეტის ერთ-ერთი უმთავრესი დონორია, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს.
დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში გადმოსასვლელად ემზადება. არახამია ნიკა გვარამიას ერთ-ერთი მთავარი პრომოუტერი იქნება, რომელსაც ბრიტანეთის კარზე სპეციალური მომზადების პროგრამით ამზადებენ, დაწყებული ქცევებით, მანერებით, დამთავრებული მნიშვნელოვანი საპროგრამო დებულებებით, რაც გვარამიამ თავის გუნდთან ერთად პოლიტიკური მოღვაწეობის პროცესში უნდა განახორციელოს. არახამია 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პროცესში უნდა გააქტიურდეს.
საქართველო მთავარ აქილევსის ქუსლად რჩება. იმიტომ, რომ უკრაინის ხელისუფლების, მისი პრეზიდენტისგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი დასავლური კბილებისთვის მეტად კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. დასავლეთს სურს საქართველოში ხელისუფლება შეცვალოს, ამისთვის მაქსიმალური მობილიზებაა დაწყებული _ გამოიყენება ყველა საშუალება, რესურსი, მათ შორის, დავით არახამიას სახით, რომელიც ამ მომენტში უკრაინაში მისი ერთ-ერთი დასაყრდენია.
2024 წელი გეოპოლიტიკური და ეპოქალური ცვლილებების დაწყების თვალსაზრისით მსოფლიოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება. სწორედ 2024 წელს გადაწყდება რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სტრატეგიის შემდგომი ბედი. მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, პუტინის გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთის პოლიტიკა არსებითად შეიცვლება. რუსეთი იმ ყალბი გლობალისტური იდეოლოგიის დარტყმის ობიექტი, მსხვერპლია, რომელმაც მთელ მსოფლიოში სცადა გაბატონება. უკრაინის კრიზისი არის გლობალური დასავლეთის ცივილიზაციური ომი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც ასევე უზარმაზარ ცვლილებებს, დარტყმას, მსხვერპლს განიცდის. ამიტომ ცივილიზაციურ ომს, რუსეთი აფასებს როგორც ახალი ცვლილებების დაწყების შესაძალებლობას. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის არჩევნების შემდგომი პერიოდი ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლეთის ყოველგვარი გამოვლინება ამოიძირკვოს, რაც გადამდები იქნება პოსტსაბჭოური სივრცისთვის და ამ მხრივ არც საქართველო იქნება გამონაკლისი. უმნიშვნელოვანესია, ამ პროცესს საქართველო კონსერვატიული ძალთა გაერთიანების მძლავრი პლატფორმით შეხვდეს.
ერთი რამ კარგად უნდა ვიცოდეთ: ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორი მთელ ამ პოლიტიკურ პროცესში არის ხალხი, მისი განწყობა, სიბრძნე, სწორი დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესის მიმართ. ძალიან მალე, თებერვალში ჩამოყალიბდება პოლიტიკური სპექტრი, რომელიც მზად იქნება, საზოგადოებას სანუკვარი იდეების განსახორციელებლად საკუთარი შესაძლებლობები შესთავაზოს, რასაც ქართული სახელმწიფოს მდგრადი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების შეუქცევადი პროცესი ჰქვია. მანამდე წინ ევროკავშირის სტატუსის მიღების პროცედურაა. ბევრი ძალაა ჩასაფრებული იმისთვის, რათა ესა თუ ის ვითარება რევოლუციური პროცესების მომზადებისთვის გამოიყენოს. მათ ამის საბაბს ღარიბაშვილი არ აძლევს. ირაკლი ღარიბაშვილს გემი რიფებს შორის ისე მიჰყავს, რომ მას ზიანი არ მიადგეს. ერთ მშვენიერ დღესაც ის პოლიტიკაში თავისუფალ ნაოსნობას შეძლებს. ამისთვის საჭიროა კომპასი, სწორი იდეოლოგია, იმის ზუსტი ცოდნა, სად მივდივართ, რა გვინდა. მაგალითად, გვინდა თუ არა ის მრავალვექტორული საგარეო პრიორიტეტები, რასაც აზერბაიჯანი ავითარებს, რომელიც სუვერენიტეტისთვის ხმალამოღებული იბრძვის. სუვერენიტეტის შენარჩუნების ბრძოლაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვაობა ოთხმოცი ოცდაათის წინააღმდეგაა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდობლობა გამოუცხადა UშIAD-ს, რომელიც ქვეყნის საქმეებში უხეშად ერევა. ეს სერიოზული განაცხადია. საქართველოში განსხვავებული სიტუაციაა. აქ ოპოზიციას მძლავრი პატრონი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპოზიცია თხუთმეტი გეი-პოლიტიკური პარტიის სამარცხვინო ერთობაა, გლობალური დასავლეთი მას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს და მფარველობს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი საპირწონეა იმისთვის, რომ ხელისუფლება ამა თუ იმ მოქმედებებზე დააფიქროს.
დასავლეთთან ურთიერთობა საჭიროა, მაგრამ არა ევროკავშირისეული იდეოლოგიური დოქტრინების შესრულება. საზოგადოებამ ევროპასა და ევროკავშირს შორის განსხვავება უნდა დაინახოს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ვართ, რომელსაც თავისუფალი, ყოვლისმომცველი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გააჩნია. სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებშიც გვაქვს სერიოზული წინადადება _ მონაწილეობა მივიღოთ 3+3 ფორმატში, სადაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით განიხილავენ. ე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია. ამიტომ უნდა ვეცადოთ, აღმშენებლობის პროცესზე ვიყოთ ორიენტირებულნი.
მინდა “ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” სახელით გითხრათ: ჩვენ სახალხო დიპლომატიის ფარგლებში აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა კონფერენციებში, დიალოგებში. ახლახან ჩამოვედი ადიღეიდან, მაიკოპიდან, სადაც “კავკასიური დიალოგი-2023”-ის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონფერენცია, რაც ჰარმონიული თანაცხოვრებისა და ძლიერი კავკასიის რეგიონის განვითარებას მიეძღვნა. ასევე, მოსკოვმა უმასპინძლა აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდ საერთაშორისო ფორუმს, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩინეთის, აშშ-ის, ინდოეთის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. მოდი, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ქვეყანას კრიზისიდან გამოვიყვანთ. ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის უმთავრესი ამოცანა კი ხალხის შენარჩუნებაა.

თამარ შველიძე