საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სააკაშვილის თავისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” დასასრულს ნიშნავს – საერთო მედია
ივლისი 21, 2024

სააკაშვილის თავისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” დასასრულს ნიშნავს

 

გვესაუბრება საინფორმაციო
ანალიტიკური პოტრალის,
ფორ.გე-ს მთავარი რედაქტორი
გიორგი იაკობაშვილი

– ცოტა ხნის წინ მივიღეთ ევროსაბჭოს რეკომენდაცია და უახლოეს დღეებში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსსაც ველოდებით. თუმცა, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გავრკვეულვართ, რას მოგვცემს ეს სტატუსი…
– თუ შეიძლება, ამას ცვლილება დავარქვათ, – „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ნაკლები სალაპარაკო. თუმცა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ სამეულში სტატუსს ყველაზე მეტად საქართველო იმსახურებდა. ეს არის პოლიტიკური თამაში, ვიღაც-ვიღაცებმა საშუალება მისცეს „ნაცებს“, რომ ეს საკითხი ქვეყანაში დესტაბილიზაციის საბაბად გამოეყენებინათ. ისინი ხომ მრავალი წელია, მხოლოდ იმისთვის არსებობენ, რომ ქვეყანაში ქაოსი, დესტაბილიზაცია და პოლიტიკური დუღილის მაღალი ტემპერატურა შექმნან. მორიგი საბაბი შეიძლება იყოს „რას გვიშვება ეს მთავრობა“, „რატომ მისცეს ხვიჩა კვარაცხელიას მეორე ყვითელი ბარათი“ და ასე შემდეგ…
თქვენ ნახეთ, როგორც კი კომისიის რეკომენდაცია მივიღეთ, მაშინვე გადაატრიალეს „პლასტინკა“ და ალაპარაკდნენ იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს გვაძლევს, რაც, პრინციპში, მართალია. მაგრამ ადრე სხვანაირად ჭიკჭიკებდნენ! შემდეგ მიხვდნენ, რომ ასე ლაპარაკი არ შეიძლებოდა და „გამოაცხვეს“ თემა, რომ სტატუსი მიიღო ხალხმა და არა მთავრობამ, რომ მთავრობა ყველანაირად ბლოკავდა ამას, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებმა სახლში ჯდომითა და სერიალების ყურებით დაიმსახურეს, თურმე, ეს რეკომენდაცია…
სცადეს და არ გამოუვიდათ დესტაბილიზაცია არც მარტში და არც გასული წლის ზამთარში, როცა მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ და იმედია, მიხვდნენ, რომ, რაც დრო გავა, ასეთი ყურით მოთრეული საბაბი ნაკლებად „გამოადგებათ“.
რეალურად კი, ჩვენ უნდა ვეცადოთ, ისე გაძლიერდეს ქვეყანა, რომ აქეთ გვეხვეწებოდნენ. თუმცა, რას მოგვცემს თავად ეს წევრობა და თუ იარსებებს ევროკავშირი იმ დროისთვის ასეთივე ფორმით, ესეც საკითხავია. ჯერჯერობით, გარკვევით და პოპულარულ ენაზე უნდა აუხსნან ადამიანებს, თუნდაც ექსპერტებმა და პოლიტოლოგებმა, რას მისცემს საქართველოს ევროკავშირის წევრობა. იქნება ვალდებულებები, პრივილეგიებთან ერთად და, ალბათ, ყველა ქვეყანას ექნება სხვადასხვა ვალდებულება. შეუძლებელია, იგივე ვალდებულებები ჰქონდეს საქართველოს, რაც, დავუშვათ, ირლანდიას ექნება. ერთსქესიანთა ქორწინება, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში არ გამოვა, მაშინ ეს უკვე ჩემი საქართველო აღარ იქნება! ასე რომ, ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა პოლიტიკურ თამაშს შემოგვთავაზებენ და როგორ აისახება შემდეგ ეს ჩვენი ქვეყნის მომავალზე, მის განვითარებაზე.
შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ბოლო დროს ევროპელი დიპლომატები განსაკუთრებით „დატკბნენ“ საქართველოს მიმართ. ეს „დატკბობა“ უფრო მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის კონტრშეტევა, ფაქტობრივად, ჩაიშალა და რაც “ჰამასმა“ ისრაელზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელა. დღეისათვის მიმაჩნია, რომ დასავლეთს საქართველო უფრო სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირის წევრობა. ჩემთვის ევროკავშირის ქვეყნებთან ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება და ორმხრივი ურთიერთობები უფრო მისაღებია, ვიდრე რაღაც გაერთიანებაში შესვლა, სადაც რა ვალდებულებები და უფლებები გვექნება, ჯერ კიდევ არ ვიცით.
– პრეზიდენტი და მისი გარემოცვა აგროვებენ იმ ადამიანების ხელმოწერებს, ვისაც „ევროკავშირში შესვლის სურვილი აქვს“ . გარდა ამისა, ზურაბიშვილი გეგმავს ტელეხიდს ქართველ ემიგრანტებთან. რას ცდილობს ეს ადამიანი?
– რადგან კანდიდატის სტატუსი, ფაქტობრივად, მივიღეთ, ახლა დაიწყება საუბარი იმაზე, რატომ არა ვართ ევროკავშირის წევრები. თუ ეს მოხდა და უცებ წევრებიც გავხდით, კიდევ რაღაცას მოიფიქრებენ… რაც ახლა ხდება, არის აბსოლუტური სისულელე, ეს არის ჩვეულებრივი „აქტივობა“. „ენჯეოშნიკული“ სულით არის გაჟღენთილი მთელი ოპოზიცია და ევროპელი დეპუტატების ნაწილი, სამწუხაროდ. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ორგანიზაციის აქტოვობაში ჩაეთვალოთ და გრანტის მოპოვების მეტი შანსი გაუჩნდეთ. სალომესაც, რა თქმა უნდა, თავისი მიზნები და ამოცანები აქვს. მისთვისაც ეს აქტივობა არის ამ შემთხვევაში, ერთადერთი, რაც შეუძლია გააკეთოს. მას შეუძლია წავიდეს ყავის დასალევად ევროპაში და შემდეგ ამას ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე უწოდოს.
ერთადერთი, რაც შეიძლება ზურაბიშვილმა გააკეთოს, არის ის, რომ გამოუშვას სააკაშვილი ციხიდან. თუმცა აქაც პრობლემებია, რადგან რამდენიმე საქმე სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და ვიდრე არ დასრულდება, ვერ შეიწყალებს. ამავე დროს, რომ შეიწყალონ, სააკაშვილმა თავი დამნაშავედ უნდა ცნოს გარდა ამისა, თუ ის სააკაშვილს შეიწყალებს, სალომე ზურაბიშვილი დასრულდება ქვეყნის თვალში და თუ არ შეიწყალებს, – „ნაციონალური მოძრაობის“ თვალში. წინ – წყალი, უკან – მეწყერიო, რომ იტყვიან, სწორედ ისეა მისი საქმე. რაც უნდა გააკეთოს, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პოლიტიკოსი, მაინც დასრულებულია!
თუმცა, ახლა სადაც სჭირდება „ნაცმოძრაობას“, რომ იყოს მიხეილ სააკაშვილი, ეს საპატიმრო დაწესებულებაა. დღემდე მათი სალაპარაკო თემაა „თავისუფლება მიშას“, მაგრამ მიშა რომ გარეთ გამოვიდეს, ეს თემაც დასრულდება. არანაირად არ აძლევთ ხელს მათ მიშას თავისუფლება, რადგან მისი თავისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულს ნიშნავს.
– ცოტა ხნის წინათ ზურაბიშვილმა სასახლეში ჟურნალისტები მიიწვია. არ იყავით ამ შეხვედრაზე?
– რა თქმა უნდა, არა! ჯერ ერთი, ზურაბიშვილი და მისი გარემოცვა ვერ გამიბედავდნენ, რომ ამ შეხვედრაზე დავეპატიჟე, რადგან იციან, რომ ძალიან უხეში ფორმით გავუშვებდი შორს და მეორე – რომელი იყო მიწვეულთა შორს ჟურნალისტი? ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჟურნალისტობას იბრალებენ. მიშა მშვილდაძეა ჟურნალისტი თუ ვანო ჯავახიშვილი? ნებისმიერ სახელმწიფოს, ნებისმიერ ერს, თუნდაც ნებისმიერ უბრალო დაწესებულებას ჰყავს თავისი ნაგავი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩვენი ქვეყნის „ნაგავი“, ყველა დანარჩენის სირცხვილი კი ის არის, რომ ამ ადამიანებს დღემდე სიტყვა ეთქმით.
სალომე ზურაბიშვილი არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რადგან ყველას გვახსოვს, რომ 2018 წელს ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი რომ არ შესულიყო პრეზიდენტის რეზიდენციაში, მათ შორის – მეც!
– „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი არეულობაა. მელია, მგონი, საბოლოოდ ჩამოიშორეს. როგორ ფიქრობთ, ლევან ხაბეიშვილი არის ის ადამიანი, ვინც მათ მომავალი წლის არჩევნებში სასურველ შედეგს მოუტანს?
– ხაბეიშვილი დროებითი ფიგურაა, რომელიც რაღაც პერიოდის გადასაგორებლად სჭირდებათ. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ის გონებაშეზღუდული ადამიანია. ჩვენ შორიდან ვუყურებთ და ვხედავთ ამას და წარმოგიდგენიათ, რამდენი ხანია, მისი პარტიის წევრებმა, ვისაც მასთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ, ეს იციან?! ახლა გაიჟღერა, რომ ჩატარდება ახალი არჩევენები და დისკრედიტირებული ფიგურა პეტრე ცისკარიშვილი გახდება „ნაცმოძრაობის“ ლიდერი. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ ცდილობენ, როგორღაც გადაირჩინონ თავი, გადაარჩინონ ორგანიზაცია და ის დაფინანსება, რაც მათ ბიუჯეტიდან აქვთ, არა მხოლოდ ჩვენი ბიუჯეტიდან, უცხოეთის ბიუჯეტიდან და დონორი ორგანიზაციებისგანაც. პლუს ამას, შეინარჩუნონ კეზერაშვილის ფული და, შესაბამისად, გავლენა, რომელიც საშუალებას აძლევთ, მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ ვაჭრობაში, რაც მათ დამატებით ფინანსურ სარგებელს მოუტანს.
– რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე 2008 წლის ომს შეეხო და განაცხადა, რომ ეს პროვოკაცია აშშ-მა მოამზადა და სააკაშვილმაც მორჩილად შეასრულა ის, რაც მას ვაშინგტონმა „ასწავლა“…
– ამ ომით ხეირი მიიღო რუსეთმა, ეს ფაქტია და ვისი დაკვეთა შესრულდა, კიდევ საკითხავია. თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს. შეიძლება აშშ-ის დაკვეთაც შეასრულო იმისათვის, რომ რუსეთმა ნახოს ხეირი. სააკაშვილი ყველაფერს რუსეთისთვის ასრულებს 2002 წლიდან და რა არის ამაში გასაკვირი? თუმცა, ლავროვის ნათქვამს ნუ გავყვებით, როგორც ჭეშმარიტების უკანასკნელ ინსტანციას. 2008 წლის ომის შემდეგ, ყველა სამიტზე იყო ლავროვი, ყველა სამიტზე იყო პუტინიც და როგორც „კლოუნი“ ზელენსკი დაგვცინოდა ღიად სცენიდან 2008 წელს, ისე დაგვცინოდნენ დანარჩენი დასავლელი პოლიტიკოსებიც იმით, რომ გულში ჰყავდათ ჩახუტებული აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლები ყოველ სამიტზე და პირზე კოცნით ხვდებოდნენ პუტინს.
იქამდე მივიდა ეს სულელური პოლიტიკა, რომ დღემდე უკრაინაში უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. ფაქტობრივად, განადგურებულია ქვეყანა და გამოსავალი, რაც შეიძლება იყოს დღეს უკრაინისთვის, ის არის, რომ მათ უსიტყვოდ უნდა დათმონ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დიდი ნაწილი, რათა სახელმწიფოებრივობა გადაარჩინონ და, გარკვეულწილად, სახე შეინარჩუნონ. თუმცა, რასაც დღეს არსეტოვიჩი ამბობს, ეს არის კატასტროფის აღიარება, რაშიც დამნაშავე სწორედ „ჯონსონები“ და „ბაიდენები“ არიან.
– სერგეი შამბასა და ვახტანგ ყოლბაიას შორის შემდგარი ონლაინშეხვედრის კომენტირებისას მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ აფხაზ და ოს ძმებს პირისპირ უნდა ველაპარაკოთ და უნდა შევურიგდეთ. თქვენ რას ფიქრობთ, როგორც ერთი რიგითი ქართველი, როგორ და როდის იქნება შესაძლებელი ამ პრობლემის მეტ-ნაკლებად მოგვარება?
– უჩვენოდ როგორ დაელაპარაკნენ ერთმანეთსო, ალბათ ამაზე ბრაზობს „ნაცმოძრაობა“ – ყოლბაია თუ შამბას დაურეკავს, ნებართვა უნდა აიღონ ლევან ხაბეიშვილისგან! ძალიან დიდი პოლიტიკის საგანია ეს თემა და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ქვეყანა როგორმე ეკონომიკურად უნდა გავაძლიეროთ, რათა აფხაზი თუ ოსი რიგითი მოქალაქე ჩვენს სახელმწიფოში ცხოვრებით დავაინტერესოთ. ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი არის ის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და განვვითარდეთ ეკონომიკურად. ამ შემთხვევაში დიდ როლს შესარულებს ჩინეთი, როგორც მეორე პოლუსი, რომელთან კარგი ურთიერთობაც მნიშვნელოვანია როგორც რუსეთისთვის, ასევე დასავლეთისთვის.
არ ვამბობ, რომ ხვალ-ზეგ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ თუ ევროკავშირსა და აშშ-შიც შეიცვალა მიდგომები ჩვენი ქვეყნის მიმართ, საქართველო მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება და, შესაძლოა, ყველა მოთამაშისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაც დადგეს.

ნონა ქარქაშაძე