დროა, დავიწყოთ მშვიდობიანი მოლაპარაკება აფხაზ და ოს ძმებთან
„ომები უნდა დასრულდეს დედამიწაზე. ყველანაირი საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს და ჩვენც უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა მოლაპარაკება აფხაზ და ოს ძმებთან,“ – ამის შესახებ საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი „საერთო გაზეთთან“ საუბრობს. მისი თქმით, ყარაბაღში მცხოვრებმა 1000-ზე მეტმა სომეხმა უკვე მოაწერა ხელი აზერბაიჯანის მოქალაქეობას და ვისაც ამის სურვილი აქვს, შეუძლია დაბრუნდეს ყარაბაღში.
პირველ რიგში, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო იმ საოცნებო მიზანთან მიახლოება, რასაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანების შესაძლებლობა ჰქვია და რის გამოც, თაობები წლებია, იბრძვიან. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და იმედია, მალე ის დღეც დადგება, როცა ჩვენი ქვეყანა დიდი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გახდება.
პოლიტიკა ისეთი საქმეა, რასაც მარგინალები არც თუ იშვიათად, პირადი კეთილდღეობისთვის, ფუფუნებისთვის და კარიერის ასაწყობად იყენებენ და ავიწყდებათ, რომ ისინიც ამ ქვეყნის შვილები არიან. მრავალი ასეთი მაგალითის მოწმე გავხდით წლების განმავლობაში, როცა ადამიანები ყველაფერს ანგრევენ პირადი ინტერესების გამო და ყველა ბინძურ მეთოდს იყენებენ, თუნდაც ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. მათგან აღარაფერი გვიკვირს, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველო ომის ქარცეცხლში იქნებოდა გახვეული, ასეთი ძლიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრემიერ-მინისტრი რომ არ გყოლოდა.
რადიკალებისგან არაფერია მოულოდნელი, მაგრამ მიკვირს, ამდენი ადამიანი როგორ შევცდით და ეს ქალბატონი, სალომე ზურაბიშვილი ჩვენი ქვეყნის სახედ როგორ წარვადგინეთ! ვფიქრობდით, რომ მისი ქართული წარმომავლობა და ევროპული გამოცდილება ჩვენს ქვეყანას სასიკეთოდ წაადგებოდა, მაგრამ სწორედ აქ შევცდით. იმის გარდა, რომ მან „ფეხებზე დაიკიდა“ საქართველოს კონსტიტუცია, ფაქტობრივად, დაუმორჩილებელიც გახდა. სამწუხარო კი ის არის, რომ ამ „შანტაჟისტებთან“ ერთად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოდის, მის წინააღმდეგ იბრძვის და ცდილობს, მსოფლიოს თვალში ამ უდიდესი ქველმოქმედის რეპუტაცია შელახოს. მას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, ბატონი ბიძინას სახელსაც არ ახსენებდა, ისე ჩუმად აბრძანდებოდა იმ სავარძლიდან და დატოვებდა თანამდებობას მას შემდეგ, რაც საკუთარმა ამომრჩეველმა კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და იმპიჩმენტისთვის გაწირა.
– ბატონო ალი, საქართველო ერთგვარი მედიატორის როლს ასრულებს კავკასიური სამეულის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოგვარების პროცესში. საინტერესოა, რა შედეგი გამოიღო შერიგების მცდელობამ, რა მდგომარეობაა ახლა ყარაბაღში?
– დღევანდელი მონაცემებით, ყარაბაღში მცხოვრებმა 1000-ზე მეტმა სომეხმა უკვე მოაწერა ხელი აზერბაიჯანის მოქალაქეობას. ვისაც ამის შემდეგ კიდევ გაუჩნდება სურვილი, მიიღოს აზერბაიჯანის მოქალაქეობა, შეუძლია დაბრუნდეს ყარაბაღში, ქალაქსა თუ სოფელში და ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რასაც აზერბაიჯანი თავის მოქალაქეებს სთავაზობს.
ცოტა ხნის წინათ, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში იმყოფებოდა, აღნიშნა თავის გამოსვლაში, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ძალისხმევას არ იშურებს, რათა რეგიონში მშვიდობა იყოს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება იქნება ისტორიული ფაქტი და რაოდენ საამაყოა, თუკი ეს თბილისში მოხდება. ამ საქმეში ჩარეული არიან ამერიკის სახელმწიფო მდივანი და საფრანგეთი, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ ეს ხელშეკრულება გადაიდოს, მაგრამ სომხებმა იციან, ერთადერთი გზა მათთვის არის ის, რომ მოეწეროს ხელი მშვიდობიან ხელშერულებას საქართველოში და რეგიონში იყოს მშვიდობა, გაიხნას კორიდორი, შედგეს ქვეყნებს შორის კომუნიკაცია… როგორც ილჰამ ალევმა თბილისში განაცხადა, მივცეთ საშუალება ინვესტორებს, რომ გლობალური მნიშვნელობის პროექტები, რომლებიც ხორციელდება აზერბაიჯანსა და საქართველოში ევროპის მიმართულებით, განხორციელდეს სომხეთშიც და სომხეთმაც შეიტანოს თავისი წვლილი რეგიონის განვითარებაში. ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ და გვქონდეს საერთო ბაზარი, საერთო სავაჭრო სივრცე, ენერგეტიკული თუ ბუნებრივი რესურსი, ვაწარმოოთ თითოეულმა ქვეყანამ ის, რისი წარმოებაც შეგვიძლია… ეს ყველაფერი გააძლიერებს ქვეყნების ეკონომიკას და სამხრეთ კავკასია გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონი.
– როგორ გესახებათ საქართველოს როლი სამხრეთკავკასიური სამეულის ქვეყნების განვითარების მიმართულებით?
– უმნიშვნელოვანესია საქართველოს როლი კავკასიური სამეულის ქვეყნებში და ეს ძალიან კარგად აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაცნობიერებული. რაოდენ დასაფასებელი და საამაყო ფაქტია თუნდაც ის, რომ ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველო, როგორც მშვიდობისმყოფელი ქვეყანა, მედიატორის როლს ასრულებს. ირაკლი ღარიბაშვილი არის ძალიან პრინციპული, ეროვნული ადამიანი, ქვეყნის პატრიოტი. როგორც აზერბაიჯანელი, როგორც მუსულმანი ვაცხადებ, რომ ეს ადამიანი პატივს სცემს არამხოლოდ თავის სარწმუნოებას, ასევე სხვა ხალხების სარწმუნოებასაც, რაც არაერთხელ ვნახეთ. ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან, ირაკლი ღარიბაშვილი თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. მისი წყალობით გვაქვს უვიზო ხელშეკრულება ევროპულ ქვეყნებთან, მისი წყალობით შეიძინა ქვეყანამ ბევრი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი, რასაც გაცილებით დიდმა ქვეყნებმაც კი ვერ მიაღწიეს… ყველაფერი, რაც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს, ამ ადამიანის ხელმოწერითაა დადასტურებული. პირველად სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარევით დააბრუნეს აზერბაიჯანელებმა 15 სომეხი მძევალი და სანაცვლოდ, დანაღმული ტერიტორიების რუკა მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურება იყო, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა პირველად სწორედ საქართველოში შედგა. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანასა და რეგიონში სტაბილური სიტუაცია იყოს. მშვიდობა თუ არ იქნება, ის უმნიშვნელოვანესი პროექტებიც ვერ განხორციელდება, რომელიც ჩინეთიდან, ევროპიდან მოდის… რაც თუნდაც „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებშია გათვალისწინებული. სატრანზიტო მიმართულებების, სამხრეთ-კავკასიური დერეფნის განვითარება… ყველა ეს სიკეთე მშვიდობასა და ქვეყნის სტაბულურ განვითარებაზეა დამოკიდებული. თუ სტაბილურობა არ იქნება, არცერთი ინვესტორი არ შემოვა და არც არავის ექნება საქართველოსთან პარტნიორული თანამშრომლობის სურვილი.
ჩვენ ვნახეთ ძმათა ომი 1990-იან წლებში, ვნახეთ სამოქალაქო ომი, დავკარგეთ ტერიტორიები შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, რასაც შემდეგ სააკაშვილის მიერ გასხვისებული ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი დაემატა. 2012 წლიდან დღემდე კი საქართველოს არაფერი დაუკარგავს, მხოლოდ შეიძინა – უამრავი მეგობარი და პარტნიორი. ერთი ეს არის, რომ ქვეყნის შიდა დესტრუქციული ძალები გვებრძვიან, მაგრამ ხომ ხედავთ, მათაც არაფერი გამოსდით. ის ადამიანებიც კი, ვინც აქამდე ოპოზიციის გულმხურვალე მხარდამჭერები იყვნენ, დღითიდღე კარგავენ მათ ნდობას და ხედავენ, რომ ესენი არიან ქვეყნის მტრები! ჩვენს მიტინგებზე 200-250 ათასამდე ადამიანი გამოდიოდა და ესენი ფულით 500 კაცსაც ვერ აგროვებენ. იმიტომ, რომ ჩვენ ვიბრძოდით რეჟიმის წინააღმდეგ, ესენი კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იბრძვიან.
ჩვენ არ გვინდა მსგავსი უბედურება, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არ გვინდა ის, რაც ხდება პალესტინასა და ისრაელს შორის, რამდენი ბავშვი და ქალი იხოცება, რამდენი მშვიდობიანი მოსახლე იღუპება… ჩვენ ვნახეთ 2008 წელს, ომის დროს, როგორ გარბოდნენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები წითელ ხიდზე და სადახლოს საზღვრებით და დღეს ესენი მოგვიწოდებენ ჩვენ „გმირობისკენ“… არ გვინდა, რომ ეს უბედურება ხალხმა კიდევ გადაიტანოს, ჩვენ გვინდა ყველასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში – ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.
– რუსეთსა და უკრაინას შორის ომი წარმოუდგენლად გაგრძელდა და ჯერაც არ იციან, როდის დასრულდება. ამ დღეებში კი კიდევ ერთი ქართველი ჩამოასვენეს, რომელიც უკრაინის ომში იბრძოდა…
– უკვე საქართველოს 40-მდე მოქალაქე დაიღუპა უკრაინაში, თუ არ ვცდები… მოვა დრო და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. ისტორია გამოუტანს განაჩენს უკრაინის პრეზიდენტს და მიუჩენს მას საკადრის ადგილს. ომი შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, თუ, რა თქმა უნდა, უკრაინა ზელენსკის პოლიტიკას გააგრძელებს. სხვათა შორის, მისი გუნდის წევრები არიან ჩვენი „ნაცმოძრაობის“ კრიმინალები, რომლებიც ხოცავდნენ, ბიზნესს ართმევდნენ და აწიოკებდნენ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში. ახლა სწორედ მათ ეკითხება ჭკუას ზელენსკი და უფლებას აძლევს ჩაერიონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში…
ომის დასრულების ერთადერთი საშუალება არის, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რაღაც დათმოს როგორც ერთმა, ასევე მეორე მხარემ და სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ბაზა აქვს და ატომური შეიარაღებით პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ამ ქვეყანასთან ბრძოლამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა უკრაინას, რომელიც თავისი სიმდიდრით მეორე ქვეყანა იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის… დღეს უკრაინა განადგურებულია, ამერიკამ ის დახმარებაც შეუჩერა, რასაც ზელენსკი ითხოვდა. ასევე, უარი თქვა უნგრეთმა მათ დახმარებაზე. ჯერ კიდევ ამ ომის დაწყებამდე ვამბობდი, რომ ზელენსკი არ არის პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი უნდა პოლიტიკოსობდეს და „კლოუნი“ უნდა „კლოუნობდეს“ – რაც უკვე დამტკიცდა!
– ბატონო ალი, თქვენ გეცოდინებათ რიგითი აზერბაიჯანელების განწყობა სომხების მიმართ. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, ამ ორ ერს შორის ახლო მომავალში დაძაბულობა მოიხსნას და ურთიერთობა დათბეს?
– სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ყოველთვის იყო დაძაბულობა და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ისტორიიდან ვიცით, რომ 1946 წელს, 1952 წელს და ბოლოს 1988-1989 წლებში, მთლიანობაში, სომხეთიდან დევნილი 350 ათასი აზერბაიჯანელი გვყავს. ოფიციალური სტატისტიკით კი 26 ათასი სომეხი ცხოვრობს დღესდღეობით აზერბაიჯანში და არავითარი საფრთხე ამ ადამიანებს არ ემუქრებათ. ჭკვიანმა ხალხმა იცის, რომ პოლიტიკური თამაშებია და პოლიტიკოსთა სინდისზეა ეს ყველაფერი, ხალხი კი საერთო ენას ყოველთვის გამონახავს.
როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანშიც არის დაჯგუფებები, რომლებიც მშვიდობას ეწინააღმდეგებიან, რომლებსაც არ უნდათ ქვეყნის სტაბილური განვითარება. თუმცა, იმედია, მათ ბოროტ ზრახვებს ასრულება არ უწერია. წინააღმდეგობების მიუხედავად, ილჰამ ალიევის სუვერენული პოლიტიკით ყარაბაღის საკითხი დადებითად გადაწყდა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია არამხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ სამხრეთკავკასიური ქვეყნების ინტეგრაციისთვის, მათი ერთობისთვის.
ხალხი, პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა, მშვიდობა თუ – ომი! თუ მშვიდობა უნდათ – ჩვენ გვერდით დადგნენ, თუ ომი უნდათ – წავიდნენ და გადაიჩეხონ ისე, რომ სხვას ხელი არ შეუშალონ. ომები უნდა დასრულდეს დედამიწაზე. ყველანაირი საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და, რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა მოლაპარაკება აფხაზ და ოს ძმებთან, სხვა გზა არა გვაქვს! ძალიან ბევრი აფხაზის სურვილია, ერთად ვიცხოვროთ. ბევრი ოსის სურვილია, ერთად ვიცხოვროთ. ჩვენი სურვილი ხომ – არის და არის! ამიტომაც, ყველაფერი მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს. მშვიდობას ვუსურვებ როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და მთელ მსოფლიოს!
ნონა ქარქაშაძე