ზურაბიშვილი სწრაფი ტემპით ეშვება პოლიტიკურ ჭაობში
„სალომე ზურაბიშვილი სამაგიეროს უხდის „ქართულ ოცნებას“ იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს და იმპიჩმენტის პროცედურა მოუწყვეს. მისი მესიჯია, როგორმე დასავლეთი დაარწმუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული ინტერესების გამტარებელია და სანქციები უნდა დაუწესონ. ეს იყო ინტერვიუს შეკვეთის ამოცანაც და მიზანიც,“ – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფრანგული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. მისივე თქმით, შესაძლოა, დასავლეთის ზეწოლის შედეგად ხელიუფლებამ პოზიციები დათმოს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერიც დასწიოს.
– ბატონო ზაალ, საკმაო დროა 2024 წლის არჩევნებამდე, მაგრამ ოპოზიცია უკვე ღელავს და საარჩევნო ბარიერის დაწევას მოითხოვს. როგორ ფიქრობთ, წავა ხელისუფლება ამ დათმობაზე?
– ბარიერის დაწევას ითხოვენ ისევ და ისევ დასავლეთის იმედად. ხელზე აქვთ დახვეული ის ფაქტი, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმებას მოეწერა ხელი და მმართველმა პარტიამ პირობა დადო, თუ საქართველო სტატუსს მიიღებდა, ბარიერი 5-დან 2 პროცენტამდე დაიწეოდა. ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებიც მომზადდა, მაგრამ მოსმენაზე არ გასულა, რადგან მაშინ სხვა პოლიტიკური მოცემულობა იყო. იმ პერიოდში ჯერ კიდევ არსებობდა იმისი შანსი, რომ პარტიები ერთად, ცივილიზებულად იმუშავებდნენ და ნორმალური ოპონირების რეჟიმში იქნებოდნენ, მაგრამ მას შემდეგ პოლარიზაცია არათუ შემცირდა, პირიქით, იმატა. შესაბამისად, მმართველი გუნდისთვის ბარიერის დაწევის მიზანშეწონილობაც გაქრა.
თუმცა, ასე ცალსახადაც ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა. შეიძლება ისეთი ძლიერი ზეწოლა წამოვიდეს დასავლეთიდან, რომ იგივე განმეორდეს, რაც 2020 წელს მოხდა, როცა მმართველი პარტია ხელების გადაგრეხის პოლიტიკით აიძულეს, ერთჯერადად 5-დან 1 პროცენტამდე დაეწია ბარიერი. უპრეცედენტო რამ მოხდა, ამ შეთანხმებას აშშ-ის საელჩოში მოეწერა ხელი, რაც სუვერენული სახელმწიფოს შეურაცხყოფა იყო. ისევ ამერიკელებისა და ევროპელების ზეწოლით, სალომე ზურაბიშვილს შეწყალებით გამოაშვებინეს დამნაშავე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები… სამწუხაროდ, ჯერ არა ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მედგრად დავუდგეთ ზეწოლას. ზოგჯერ ხელისუფლება ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ, როდესაც ზეწოლა ძლიერდება, ისიც „ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს“. ახლა კი აცხადებენ, რომ ბარიერს არ დასწევენ, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება ახალი წლის შემდეგ, როდესაც პოლიტიკური სეზონი განახლდება. მეტსაც გეტყვით, ევროკავშირის დამატებით რეკომენდაციებში, სადაც არის 2024 წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მოთხოვნა, ერთ-ერთ პუნქტად ჩაწერილია „ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის“ განხორციელება და, შესაძლოა, ეს „ყოვლისმომცველი“ ბარიერის დაწევასაც მოიაზრებდეს. დასავლეთს არაერთხელ უთქვამს და არც მალავენ, რომ მათ ინტერესებშია, საქართველოს ჰყავდეს მრავალპარტიული პროდასავლური პარლამენტი, რომელიც კოალიციურ პროდასავლურ მთავრობას ჩამოაყალიბებს და რომელიც დღევანდელთან შედარებით დასავლეთის ნების უფრო მორჩილი შემსრულებელი იქნება.
– გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ ფრანგულ გამოცემასთან, სადაც ის ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და მას საკმაოდ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს. რა მიზანი აქვს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლებს საკუთარი ქვეყნისა და კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ?
– პრეზიდენტის სამარცხვინო ინტერვიუ და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები იყო, ფაქტობრივად, წითელი ხაზების გადაკვეთა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი სამაგიეროს უხდის „ქართულ ოცნებას“ იმის გამო, რომ მას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს და იმპიჩმენტის პროცედურა მოუწყვეს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელმაც დაარღვია კონსტიტუცია და ეს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა. ასეთი რამ ჯერ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა და ამ ლაქას ის ცხოვრების ბოლომდე ვერ ჩამოირეცხავს. როგორც ჩანს, ძალიან გამწარებულია ამის გამო და რით უნდა გადაუხადოს სამაგიერო მმართველ გუნდს? – შეუძლია გადაუხადოს იმით, რომ აქვს კავშირები ფრანგულ მედიასთან, მათ შორის, საკუთარი შვილებისა და სანაცნობო წრის მეშვეობით საფრანგეთში. თუ მიაქციეთ ყურადღება, სულ ფრანგულ გამოცემებს აძლევს ინტერვიუებს. ფაქტობრივად, მისი მიზანია, როგორმე დასავლეთი დაარწმუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული ინტერესების გამტარებელია და სანქციები უნდა დაუწესონ. – ეს არის მისი გზავნილი. იქიდან გამომდინარე, რომ დასავლეთი სანქციების აზარტშია და მარჯვნივ და მარცხნივ ყველას ასანქცირებს, ვისზეც კი პატარა ინფორმაცია მიუვა. არ არის გამორიცხული, ვინმემ თქვას, მოდი, რადგან ამას ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, ჩავუჯდეთ ამ საქმეს და მოვიძიოთ საჭირო თემებიო. ჩვენ ვიცით, როგორ ხდება სანქციების დადება. მტკიცებულებების შეკრებით მაინცდამაინც თავს არ იწუხებენ. საკმარისია მედიის განცხადებები, ვითომ საგამოძიებო ჟურნალისტური მასალები, რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით მოხდა და ასე შემდეგ.
პრეზიდენტის ყბადაღებული ინტერვიუ „Lე Mონდ“-თან, რომელმაც ასეთი ეიფორია მოჰგვარა ჩვენს მყაყე ოპოზიციურ “ბაბლს”, არის შეკვეთილი მასალის კლასიკური ნიმუში. ანგაჟირებული ჟურნალისტი ანგაჟირებული შეკითხვებით დაუჯდა კიდევ უფრო მეტად ანგაჟირებულ რესპონდენტს, რომელმაც დასავლეთს გაუგზავნა ის გზავნილი, რითაც მას უკვე დიდი ხანია „ბომბავს“ აქაური ოპოზიცია და მის მიერ ნაყიდი დასავლელი ლობისტები – დაასანქცირეთ ივანიშვილი! ეს იყო შეკვეთის ამოცანაც და მიზანიც.
სალომე ზურაბიშვილი სწრაფი ტემპით ეშვება პოლიტიკურ ჭაობში და ამ ინტერვიუს მერე უფრო ღრმად ჩაეშვა. ვფიქრობ, მას დახმარება სჭირდება, ოღონდ არა ჭაობიდან ამოსაყვანად, არამედ ბოლომდე ჩასაძირად!
– ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა. ანუ, ახლა საქართველოში ჟურნალისტიკის „მეტრიც“ გვყავს და უნდა გვიხაროდეს?!
– ის კრიტერიუმები, რითაც მათ გვარამიას ჯილდო მიანიჭეს, ჩემთვის გაუგებარია. ორგანიზაციის ვებგვერდზე წერია, რომ ამ ჯილდოთი ისინი პატივს მიაგებენ მსოფლიოში უამრავ ჟურნალისტს, რომლებიც მოკლეს, დააპატიმრეს, იძულებით გადაასახლეს, ან თავს დაესხნენ უბრალოდ, თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო. ახლა თავად განსაჯეთ, რომელი მათგანია აქედან ნიკა გვარამია და ეკუთვნის თუ არა მას ეს ჯილდო. ის არ დაუპატიმრებიათ ჟურნალისტური საქმიანობის გამო, იქით ესხმოდა თავს საზოგადოებას.
ისინი, როგორც ჩანს, სარგებლობდნენ იმ ინფორმაციით, რაც ეგრეთ წოდებული უფლებადამცველებისგან და ოპოზიციასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიიღეს. შესაბამისად, სულაც რომ ათი პრემია მიიღოს გვარამიამ, ამით საკუთარ წარსულს ვერ ჩამოირეცხავს.
– რამდენიმე დღის წინ „რადიო თავისუფლებამ“ პატიმარ ლაზარე გრიგორიადისთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ არაფერს ნანობს და თავისი თითოეული საქციელით ამაყობს, მათ შორის, საკუთარ მამასთან დაპირისპირებითაც. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ ინტერვიუს გამოქვეყნების მიზანი?
– „რადიო თავისუფლებას“ რომ ჰკითხო, რა იყო ლაზარე გრიგორიადისთან ინტერვიუს მიზანი, წარბშეუხრელად გიპასუხებენ, რომ ჟურნალისტიკის ოქროს წესია, მივცეთ ტრიბუნა ყველას – თუნდაც მარგინალ პერსონებს.
თუმცა, რეალურად, ეს გახლავთ ჩვეულებრივი პროპაგანდისტულ-მანიპულაციური მეთოდი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ახალი ფორმაციის „გმირები“ შემოიყვანონ. რისთვის სჭირდებათ ეს პროპაგანდისტული ფიზკულტურა? – ეს არის საზოგადოების ზომბირების და მისი მანიპულირების მცდელობა, რათა დავიწყოთ ახალი ფასეულობებით ცხოვრება და გრიგორიადისის მსგავსი ხალხი მივიჩნიოთ სამაგალითო ადამიანებად. შეიძლება ცუდად გამომდის, მაგრამ იგივეს ვიტყოდი თამაზ გინტურთან დაკავშირებითაც. უდავოდ ტრაგიკული ფაქტი მოხდა, მაგრამ გინტურის გმირობა რაში მდგომარეობს, მაინც ვერ გავიგე.
ყველამ ვნახეთ ვიდეო, რაც გავრცელდა და მოვისმინეთ ამ ადამიანის მონაყოლი, რომელიც ოკუპანტებმა გაიტაცეს. რომ თითქოს მშვიდობიანად დაშორდნენ ამ რუსს და შემდეგ რუსმა ესროლა. არ ვიცი, იქ რა მოხდა, სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრემ იფიქრა, სასჯელს მივიღებ საზღვრის დამრღვევები რომ გავუშვიო, გვიან გაიაზრა, რაც გააკეთა და შემდეგ ისროლა.
– ნამდვილად მძიმეა ამ თემის შეფასება, მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეულია ის ფაქტი, რომ წლები გადის და ამ მხრივ არაფერი იცვლება. მეზობელ სოფელშიც გადასვლაც არ შეუძლიათ ადგილობრივებს ნეთესავის ან წინაპრის საფლავის მოსანახულებლად.
– მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ, ალბათ, იქაური მოსახლეობა უფრო ფრთხილად უნდა იყოს, რადგან მძიმე მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებისგან „გვერგო“, გვაყენებს მოცემულობის წინაშე, რომ აქ სადემარკაციო ხაზია და მისი გადაკვეთა პრობლემებს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს. როდესაც იცი, რომ საფრთხე გელოდება და მაინც მიდიხარ, გიღირს საკუთარი სიცოცხლე ამის ფასად? კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო, ხომ გაგიგიათ!
როცა გარკვეულ პროექტებზე ვმუშაობდი, მქონდა შეხვედრები იმ სოფლების მოსახლეობასთან, ვინც უშუალოდ კონფლიქტისპირა სოფლებში ცხოვრობს. ისინი ითხოვდნენ, რომ დააყენონ ვიდეოკამერები ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, რათა ფაქტები დაფიქსირდეს, რომ შემდეგ არ იყოს მითქმა-მოთქმა, ვინ რა გააკეთა და ვინ არის დამნაშავე. ამის გარდა, ჩვენი პოლიციის პოსტები უფრო ახლოს უნდა დადგეს სადემარკაციო ხაზთან, რათა თუ ვინმე გადასვლას მოინდომებს, შეაკავონ და არ გაუშვან. უდიდესი რისკის ქვეშ აგდებენ საკუთარ სიცოცხლეს და მეტი სიფრთხილე მართებთ ადამიანებს.
– პატიმარ სააკაშვილს აქვს მოლოდინი, რომ „ნაცმოძრაობა“ პრემიერ-მინისტრად მას დაასახელებს და პოლიტსაბჭოს კოორდინირებასაც საკუთარ თავზე იღებს. რომელ სამყაროში ცხოვრობს ეს ადამაინი?
– ეს არის ტიპიური შემთხვევა, როდესაც მარჯვენა ხელმა არ იცის რას აკეთებს მარცხენა ხელი და ძაღლი პატრონს ვერ სცნობს. ისმის კითხვა: ვინ არის დღეს „ნაცმოძრაობის“ მმართველი? ამ მარაზმის შემხედვარე, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების არასექტანტურ ნაწილს მაინც, ოდნავ ხომ უნდა გაეხსნას გონება და აეხილოს ფართოდ დახუჭული თვალები?!
ნონა ქარქაშაძე