საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

პარლამენტში ოპოზიცია კი არა, ქუჩის ხულიგნები სხედან – საერთო მედია
მარტი 4, 2024

პარლამენტში ოპოზიცია კი არა, ქუჩის ხულიგნები სხედან

 

გვესაუბრება არასამთავრობო
ორგანიზაცია “ყოფილი
პოლიტპატიმრები ადამიანის
უფლებებისთვის”
თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე:

_ ქალბატონო ნანა, ოპოზიციას სტატუსის არმონიჭების შემთხვევაში დაგეგმილი დესტაბილიზაციის გეგმა ჩაეშალა. რა სტრატეგიით წარსდგებიან ამჟამად ავანსცენაზე?
_ ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ოპოზიცია ქვეყანის შიგნით ხელისუფლებასთან ჯანსაღ ოპონირებას კი არ ცდილობს, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, მისი იმიჯის დაზიანებას, რეპუტაციის შელახვას ემსახურება, რასაც, სამწუხაროდ, წარმატებით ახერხებს. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა დადებითი კუთხით წარმოაჩინონ, მას ძირს უთხრიან და საკუთარ სამშობლოს ყველგან ამცირებენ და აკნინებენ. ეს აგენტები თავიანთი პატრონის _ დასავლეთის დავალებას პირნათლად ასრულებენ. ჩნდება კითხვა: რა ამოძრავებს დასავლეთს, როცა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას საკუთარი ქვეყნისთვის ზიანის მიყენების დავალებას აძლევს?! საქმე ის არის, რომ გლობალური ომის პარტია (როგორც მას სავსებით მართებულად უწოდებს ხელისუფლება), იგივე ნეოლიბერალური ძალები ცდილობენ, ხელისუფლება, რომელიც ვერ დაიმონეს, მმართველობას ჩამოაშორონ და ქვეყნის სათავეში ისევ თავიანთი მორჩილი აგენტები _ სააკაშვილი თავისი “ნაცმოძრაობით”, დააბრუნონ. 2012 წელს დასავლეთი იძულებული გახდა, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ეღიარებინა, რადგან სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს სრულიად ქართველი ხალხი დაუპირისპირდა. დასავლეთი მიხვდა, რომ ხალხის აყოლიებით ამ ხელისუფლებას ვერ ჩამოიშორებდა და სხვა მეთოდებს მიმართა. გადაწყვიტეს, ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჩამოეშალათ _ საქართველო უნდა ყოფილიყო წარუმატებელი, მაჩანჩალა, ჩამორჩენილი ქვეყანა, სადაც არც დემოკრატიაა, არც თავისუფლება, სადაც ვითომ არჩევნები ყალბდება, ადამიანის უფლებები ირღვევა და ასე შემდეგ. მთელი თერთმეტი წელი ეგრეთ წოდებული ოპოზიციაც და მისი პატრონებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში ყველაფერი უარესობისკენ მიდის. მიუხედავად ამისა, არჩევნებში ყოველთვის “ქართული ოცნება” იმარჯვებდა. ამიტომ საჭირო გახდა იმის მტკიცება, რომ ხელისუფლება არჩევნებს აყალბებდა, თუმცა გლობალური ომის პარტიის დაკვეთის გამხმოვანებელი აგენტები _ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ამის მტკიცებულებას ვერ დებდა. ნეოლიბერალური ძალაც მხარს უჭერდა მოსაზრებას, თითქოს აქ დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა. სინამდვილეში, შემდგარ დემოკრატიულ არჩევნებს ჩრდილს აყენებდნენ. ყველას გვახსოვს, როგორ გააყალბა “სამართლიანმა არჩევნებმა”, გარე ძალების დაკვეთით, პარალელური დათვლის შედეგები. მოგვიანებით, ამ ორგანიზაციის მესვეურებმა აღიარეს, რომ იცრუეს და მცდარი დასკვნა დადეს. ამის მიუხედავად, საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები დღემდე “სამართლიანი არჩევნების” მხარდაჭერასა და დაფინანსებას განაგრძობენ. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ “სამართლიანი არჩევნების” მხარდამჭერ ორგანიზაციებს მისი სამართლიანობის ხარისხი სულაც არ აინტერესებთ, არამედ ფულს კონკრეტული დავალების შესრულებაში უხდიან.
აი, ასე ხდება გარკვეული სახელმწიფოების გაერთიანება საქართველოს წინააღმდეგ, რათა, ვიმეორებ, ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჩამოშალონ, ხელისუფლება განდევნონ და მის ადგილას თავიანთი აგენტები დააბრუნონ. აი, ამ დავალებას ასრულებს ოპოზიცია, უფრო ზუსტად, კრიმინალური ძალა, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში სისხლისღვრით, ციხეებში პატიმრების გაუპატიურებით, წამებით, ღირსების შემლახავი ქმედებებით, ბიზნესში რეკეტით, საზოგადოების გაკულაკებით გამოირჩეოდა. ამას ემატება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ მომჩივანი “ნაცმოძრაობა” სტრასბურგის გადაწყვეტილებებით ყველა საქმეში გამტყუნდა. ამ მოცემულობაში ვცხოვრობთ. ამიტომ ჩემი და მედიის მთავარი მიზანი სწორედ სიმართლის თქმა და უცხოელი პარტნიორებისთვის ხმის მიწვდენა უნდა იყოს.
აქვე გეტყვით, ხელისუფლების დიდ წარმატებად მივიჩნევ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ გავხსენით და რუსეთს ომი არ გამოვუცხადეთ. ასევე, ვერ მიგვაერთეს ისეთ სანქციებს, რაც რუსეთს ვერ დააზარალებდა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკას აუცილებლად ჩამოშლიდა. დღეს გარე მტრების დავალებით, შინაური მტრები ცდილობენ, ხელისუფლება, რომელიც გლობალური ომის პარტიის ყურმოჭრილი მონა არ გახდა, მმართველობიდან ჩამოიშორონ.
_ ოპოზიცია აცხადებს, ევროპის ერთ-ერთი რეკომენდაცია _ სამართლიანი არჩევნების ჩატარება, 5%-იანი ბარიერის დაწევას გულისხმობსო. გოცირიძემ ისიც განაცხადა, ოპოზიციამ გაერთიანებაზე უნდა იფიქროს, თორემ კოალიციურ მთავრობას ვერ შევქმნითო.
_ დავიწყოთ იმით, რომ ვერავინ დამისახელებს კვლევას, რომელიც არჩევნების შედეგებს დაემთხვა. ასეთი კვლევების დროს 3%-იანი ცდომილებაა დასაშვები, აქ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს კი 30%-იანი ცდომილებები აქვთ. რაც შეეხება 5%-იან ბარიერს, ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ბარიერი 4% და ზემოთ არის. 4%-ზე დაბალი ბარიერი არსადაა. როცა ხელისუფლებამ ბარიერი დასწია, პარლამენტში საშინელი ბალასტი შეიქმნა, ნულპროცენტიანი პარტიები საკანონმდებლო ორგანოში აღმოჩდნენ. ესენი ქუჩის ხულიგნები არიან. ნულოვანი ბარიერის შედეგად პარლამენტში ისეთი შემადგენლობა მოხვდა, ქუჩასაც კი ჩრდილს რომ აყენებს. ბარიერის დაწევის მიზეზი მრავალპარტიული პარლამენტის შექმნა იყო. მაგრამ ესენი, დიახ, ხულიგნები აღმოჩდნენ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას არ ეწევიან. ვერ დამისახელებთ ვერცერთ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში მათი ინიცირებითაა შესული. მათ კანონებზე არ უმუშავიათ, სამაგიეროდ, მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ. რეალურად ეს საბოტაჟი იყო, რათა პარლამენტს თავის ფუნქცია ვერ შეესრულებინა. ესეც იმ კონტექსტშია, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ _ დავალებას ასრულებენ, რათა ქვეყანა დააზიანონ. დღეს ოპოზიცია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ აგენტურა, რომელიც ხელისუფლების კი არა, ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას ემსახურება. ამიტომ, 5%-იან ბარიერს ვემხრობი _ რაც ნაკლები ქვეყნის მტერი შევა საკანონმდებლო ორგანოში, მით უკეთესი.
ჩვენ მივეჩვიეთ, რომ რაღაცას ვაპიარებთ და არ ვხსნით იმას, ეს რა შინაარსის მატარებელია. მაგალითად, კანდიდატის სტატუსი ისე გაპიარდა, მთელი საქართველო მის მონიჭებას ითხოვს. თუმცა საზოგადოებისთვის არავის განუმარტავს, რომ ეს ცარიელი სიტყვებია, არანაირი პრივილეგია არ გვეძლევა არც ფინანსური და არც სხვა კუთხით. ასევეა კოალიციური მთავრობის შემთხვევაშიც _ ვინმემ იცის, რა შედეგებს მოუტანს ეს ქვეყანას? ან რა პრობლემების წინაშე არიან ქვეყნები, სადაც ასეთი მთავრობები არსებობს! საზოგადოებამ იცის იმის შესახებ, რა მოხდება, კოალიციური მთავრობიდან რომელიმე ერთი პარტია რომ გაიბუტოს? _ მთელი პარლამენტი ჩამოიშლება და ხელახალი არჩევნები უნდა შედგეს. ასეთი მექანიზმი ჩვენი მოღალატე ოპოზიციის ხელში ხომ ავტომატურად სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას ნიშნავს!!! და მერე წელიწადში ორ-სამჯერ არჩევნები უნდა ჩაატარო. ამას საქართველოს ბიუჯეტი გაუძლებს? ჩვენ ისრაელი ხომ არ ვართ. კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, ოპოზიციამ რომელიმე მინისტრს თანამდებობაზე უარი რომ ათქმევინოს, საქართველოს წელიწადში რამდენჯერმე მოუწევს არჩევნების ჩატარება, რასაც ვერც ბიუჯეტი გაუძლებს და სახელმწიფოც ჩამოიშლება. ჯერ უნდა შევთანხმდეთ, როგორი კოალიციური მთავრობა გვეყოლება. ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს. ან ისეთი კანონმდებლობა უნდა მივუსადაგოთ, რომ ის არ მოხდეს, რაც ისრაელში, იტალიაში ყოველწლიურად ხდება. ქართული საზოგადოება ბევრი რთული გამოწვევის წინაშეა. ჩვენ ბეწვის ხიდზე გავდივართ. გაიმარჯვებს ის, ვინც ძლიერია. ამიტომ ჩემს როლს იმაში ვხედავ, რომ საზოგადოებას სიმართლე ვუთხრა. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ხალხის ინტერესებზე არ ფიქრობს.
_ ყოველ არჩევნებზე ოპოზიცია შედეგებს წინასწარ აპროტესტებს. ახლა ამბობენ, ელექტრონული სისტემა გაყალბების მექანიზმიაო. აქვე, ისიც დაამატეს: არჩევნები ლეგიტიმური არ იქნება, სანამ მიშა ციხეშიაო. თავად სააკაშვილმა კი ერთობის მანიფესტი შექმნა და 23 ნოემბერს პარტიის წევრები “ტრაქტატს” ხელს მოაწერენ. ვინც ამას არ გააკეთებს – პარტიიდან გაირიცხება.
_ სააკაშვილი არის თაღლითი, რაც უკვე ყველასთვის ნათელია. მან დაამარცხა დემენცია, კახექსია, დედამიწაზე არსებული ყველა დაავადება, დღეს ჯანმრთელია და პრემიერობისთვისაც კი ემზადება ისე, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. უკრაინის მოქალაქეს უფლება არ აქვს, ამ მასშტაბით ქვეყნის პოლიტიკაში ჩაერიოს. უფლის შეწევნით ამ უბედურებას დავძლევთ და იმ გზას დავადგებით, რაც ქვეყანას წინ წასწევს.
_ რამდენიმე დღის წინ ამერიკის ელჩმა ტელევიზიებს ინტერვიუ მისცა. რა მოლოდინები გაქვთ?
_ ახალი ელჩიც იმ პოლიტიკას აწარმოებს, რა დაკვეთაც თეთრი სახლიდან აქვს. გვარ-სახელებით არაფერი იცვლება. მთავარია, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება თეთრ სახლში შეიცვალოს და მომხმარებლური ხასიათის აღარ იყოს. ოღონდ ჩვენი ქვეყანა სათავისოდ გამოიყენონ და თუნდაც ერთ დღეში გავერანებულა, რუკიდან გამქრალა, ამას არ ჩივიან. ამერიკაში უნდა მიხვდნენ, რომ მათ არა ჩამოშლილი, დანგრეული, თავზე ბომბებდაყრილი, ცეცხლმოდებული, არამედ პარტნიორი, მოკავშირე, შემდგარი, ძლიერი საქართველო უნდა აწყობდეთ. თუ 2024 წლის არჩევნების მერე ამერიკაში ამ განწყობების ადმინისტრაცია მოვა, აქ დეგნანი იქნება, დანიგანი თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს. დეგნანი ან დანიგანი კი არა, ამერიკის ადმინისტრაციაა შესაცვლელი, რომელიც იმაზე იფიქრებს, რომ ამერიკის ინტერესებს საქართველო არ შესწიროს. ამერიკის ინტერესებში ძლიერი საქართველო უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ აშშ-შიც შეიცვლება ანტიამერიკული მმართველობა, რომელიც დღეს არის. რასაც დღეს ბაიდენის ადმინისტრაცია საკუთარ ქვეყანაში აკეთებს, ეს არც ამერიკის ინტერესებში შედის.

თამარ შველიძე