საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მსოფლიო აირია – პოლიტიკური ელიტა აზრზე არ არის რას ლაპარაკობს – საერთო მედია
ივნისი 16, 2024

მსოფლიო აირია – პოლიტიკური ელიტა აზრზე არ არის რას ლაპარაკობს

 

გვესაუბრება
პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი
რამაზ საყვარელიძე:

_ ბატონო რამაზ, აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. როგორ შეფასებთ ამ მოვლენას?
_ პრობლემა ის არის, რომ არავინ იცის, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს. რამდენიმე ვერსია გაჟღერდა. მათ შორის ერთ-ერთი ვერსიით ბაიდენმა სის უთხრა: ირანს გადაეცი, ახლო აღმოსავლეთის ომში არ ჩაერთოსო. მეეჭვება, ამ წონის ფიგურები ერთმანეთს ფოსტალიონის როლის შესასრულებლად შეხვედროდნენ. ირანის თემა მომავალი საომარი მოქმედებების განხილვის ფონზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ინფორმაციის ირანამდე მიტანას თავისი მექანიზმები აქვს, რაც ასეთ შეხვედრებს სულაც არ საჭიროებს. ვივარაუდებ, რომ შეხვედრაზე ისეთი საკითხები განიხილეს, რაც ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. ერთ-ერთ ვერსიით, ორი ზესახელმწიფო შეთანხმდა, რომ ერთმანეთს კონკურენციას კი არა, არამედ პარტნიორობას გაუწევენ. სიმაც თავის სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთისთვის ამერიკა პარტნიორია და არა მეტოქე. აქვე კისინჯერის ფორმულა გავიხსენოთ: დიდმა სახელმწიფოებმა მსოფლიო გაინაწილეს და ერთმანეთის ტყავს ნუღარ დაგლიჯავთო. აშშ-სა და ჩინეთს შორის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ერთმანეთის ტყავის არდაგლეჯვა შეიძლება ყოფილიყო. სის განცხადება გვაფიქრებინებს, რომ მოილაპარაკეს ურთიერთობების დათბობაზე და არა დაპირისპირებაზე.
_ აშშ ჩინეთთან ურთიერთობას გვიკრძალავს, თავად კი სი ძინპინს პომპეზურად დახვდა. ახალმა ელჩმა გვითხრა: საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობას არ მივესალმებით, რადგან სახეზეა რუსეთის ჩინეთთან დაახლოებაო.
_ რუსეთის ჩინეთთან დაახლოება-არდაახლოების გარდა, სხვა საკითხებიც იკვეთება. შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სიბრძნით სავსე პრეზიდენტმა სი ძინპინს უცებ დიქტატორი უწოდა. გაუგებარია, ქართველებს რატომ გვთხოვენ, ჩინეთთან არ ვითანამშრომლოთ, როცა ბაიდენი თავად ვერ გარკვეულა: სად რა უნდა თქვას. ჩინეთი დიქტატორია _ ეს სტერეოტიპია, მაგრამ ხომ უნდა დაფიქრდე: გაწყობს თუ არა ახლა ამაზე საუბარი?! ამიტომ ნუ ვიქნებით აშშ-ის მიმართ მკაცრი, რადგან ამ დიდი ქვეყნის _ ამერიკის მდგომარეობაზე უფრო გული უნდა შეგვტკიოდეს. თვითონ ამერიკის შიგნით, მის ხელმძღვანელობაში ერთიანი პოზიცია არ არსებობს.
_ საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა, სი ძინპინი დასაჭერიაო. ამაზე რას იტყვით?
_ დიახ, ასე განაცხადა ზურაბიშვილმა და მერე ჩინეთთან ბოდიშის მოხდამ მოუწია, პუტინს ვგულისხმობდიო. ეს განცხადება დიდი სირცხვილი იქნებოდა, რომ არა ერთი მომენტი: თანამედროვე მსოფლიოშიც ანალოგიური ვითარებაა. დიახ, მსოფლიოს უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებს ვერ გაურკვევიათ, სად რა თქვან. ამისთვის ზემოთნახსენები ბაიდენის მაგალითიც კმარა. როცა ეს ამერიკაში ხდება, ქართული პოლიტიკა რა მოსატანია. მსოფლიო არეულია _ პოლიტიკური ელიტა რას ლაპარაკობს, აზრზე არ არის. ღმერთო, გადაგვარჩინე!
ზურაბიშვილის განცხადება სი ძინპინზე, ალბათ, უფრო შეცდომა იყო, ვიდრე გამიზნული პროვოკაცია. პროვოკაციაში სხვა რამ იგულისხმება _ პოლიტიკურ თამაშებში ჩართული პირი სვლებს წინასწარ თვლის და პროვოცირებას უკეთებს მეტოქეს, რათა მან შეცდომა დაუშვას. ჭადრაკში ასეთი პროვოკაციები ძალიან ხშირია. აპლოდისმენტების ღირსია მოჭადრაკე, რომელიც ახერხებს, მეტოქე პროვოკაციაზე წამოაგოს. იმის წინასწარ გათვლა, თუ რა შეცდომას დაუშვებს მეტოქე, ვთქვათ, მეოთხე-მეხუთე სვლაზე, ჩვენს პოლიტიკოსებს არ ძალუძთ. დღევანდელი პოლიტიკა ანალოგიური დაუდევრობებით სავსეა. შედეგს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე მთელი მსოფლიო იმკის.
_ როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, რომ კონკურენცია, რომელიც ამერიკასა და ჩინეთს შორის არსებობს, ესკალაციაში გადაიზარდოს?
_ ასეთ რთულ პირობებში გამორიცხული არაფერია. მით უმეტეს, საქმე გვაქვს პოლიტიკოსებთან, რომელთაც რთული გათვლები არ ახასიათებთ. იმის პროგნოზი, თუ რა და როგორ მოხდება, შეუძლებელია. მოვლენების მსვლელობას თუ გავყვებით, მეეჭვება, აშშ და ჩინეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი, ალბათ, ის იყო, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტმა პროცესში დიდი ძალები არ ჩაითრიოს. თუნდაც ჩინეთისა და ამერიკის ამ ომში ჩათრევა ორივე მხარისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.
_ ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობის ისტორიულ ეტაპზე ვართ. აბრეშუმის გზის პროექტში მისი როლი განუზომელია. როგორ შეხვდება მსოფლიო ჩინეთის მიერ შეთავაზებულ თამაშის ახალ წესებს?
_ ვნახოთ, რა გავლენის მქონე სახელმწიფოები დარჩებიან მსოფლიოში. დღეს შექმნილი ვითარებიდან აშკარაა, რომ ქვეყნებს შორის გავლენის ხარისხი შეიცვლება. მაგალითად, ცხადად ჩანს, რომ რუსეთის გავლენის ხარისხი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ეს რუსეთ-უკრაინისა და ისრაელ-პალესტინის ომამდე იყო. ანალოგიურად, რომელი სახელმწიფოების გავლენაც შემცირდება, მათ პოზიციასაც ნაკლები მნიშვნელობა ექნება, ხოლო ვისი პოზიციაც გაძლიერდება, მის სიტყვას მეტი წონა ექნება.
_ საქართველოსთვის რა სარგებელი აქვს აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრას?
_ თუ ამერიკა და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ პარტნიორები იქნებიან, მაშინ მათ შორის დიალოგიც შედგება. ჩვენთვის საფრთხე იქნებოდა, თუ ისინი მშვიდობიანი დიალოგის პლატფორმას არ შექმნიდნენ. ასეთ შემთხვევაში ამერიკას შეეძლო, საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნით ჩინეთის ეკონომიკისთვის ბორბლებში ჯოხის გაკვეხება. თუკი დიალოგი შედგება, მაშინ ჩინეთი ამერიკის წინაშე თავის ინტერესს დაიცავს, რომ სატრანზიტო ხაზები დარტყმის ქვეშ არ აღმოჩნდეს. ასე რომ, მათ შორის მშვიდობიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება ჩვენთვის უდავოდ მისაღებია.
_ თუ აშშ და ჩინეთი პარტნიორულ ურთიერთობაზე შეთანხმდებიან, სად აღმოჩნდება რუსეთი?
_ რუსეთს იქამდე, სანამ მისი “ადგილმდებარეობა” დადგინდება, ბევრი რამ აქვს გასარკვევი. თუნდაც, რა ვითარება იქნება თავად რუსეთში. საუბარია იმაზეც, რომ პუტინი გარდაცვლილია. ამ შემთხვევაში გასარკვევია ისიც, რა პოლიტიკური ორიენტაციის იქნება მისი მემკვიდრე და ასე შემდეგ.
_ ბატონო რამაზ, რატომ აღიზიანებს აშშ-ს ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა?
_ დასავლეთმა საქართველოში ბორელის ვიზიტის დროს მისი პირით გვითხრა: თქვენ, მოსწავლეები ხართ, ჩვენ _ პროფესორები და რასაც გეტყვით უნდა დაგვიჯეროთო. პროფესორის გარდა არსებობს რექტორის, პრორექტორის თანამდებობებიც. პროფესორი თანახმა იქნება, რომ სტუდენტი რექტორთან სასაუბროდ პირდაპირ შეუშვას, თუ რასაც ის მიუთითებს, მხოლოდ იმაზე უნდა ისაუბრონ?! ამერიკა ჩინეთთან ურთიერთობაზე თანახმაა, მაგრამ სხვა ქვეყნებმა, ვისაც ამერიკა მასზე დამოკიდებულად მიიჩნევს, აშშ-ის მიერ დაწესებული რეგლამენტით უნდა იმოქმედონ, თუ როგორ წარიმართება მათი ჩინეთთან ურთიერთობა?! რის უფლებასაც საკუთარ თავს ამერიკა მისცემს ჩინეთთან ურთიერთობისას, რატომ გვგონია, რომ ჩვენც იგივე უფლებები გვექნება?! ჩვენ ხომ გვითხრეს: თქვენ სტუდენტები ხართ და ჩვენ პროფესიორებიო. ანუ, პარტნიორები კი ვართ, მაგრამ ჩვენ ერთნაირები არ ვართ და არც ერთნაირი უფლებები გვაქვსო. აი, ამას გვეუბნება დასავლეთი.
_ ზურაბიშვილმა “ლე მონდს” დეოლოგარქიზაციაზე დასმულ შეკითხვაზე განუცხადა: საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი ივანიშვილია, რომელიც ფსონს რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის გამარჯვებაზე დებსო…
_ ეს რომ მოვისმინე, გული ძალიან დამწყდა, რადგან ზურაბიშვილს კარგად ვიცნობ და მენანება იმ გზის არჩევისთვის, რისკენაც თავად მიდის. კერძოდ, იგი თავად მიდის იმისკენ, რომ ქართველი ამომრჩევლისთვის მიუღებელი გახდეს. “ქართული ოცნების” ამომრჩევლისთვის ხომ მიუღებელია და დიდად არც ოპოზიცია სწყალობს. მასზე ამბობენ: ეს გამოცდა კარგად ჩააბარა, აბა ვნახოთ, შემდეგ გამოცდაზე რა ნიშანს დაიმსახურებსო. ზურაბიშვილს პოლიტიკურ ფიგურად არც ოპოზიცია აღიქვამს. ასეთი, ღამურას ბედ-იღბალისთვის ეს ქალი მეცოდება. მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში მიშას საგარეო საქმეთა მინისტრობა ყველაზე მაღალი თანამდებობა იყო. ოპოზიციაში გადასვლის მერე მან საკუთარი პარტია შექმნა, მაგრამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მესიჯები ვერ გაახმოვანა. იგი დიდი პოლიტიკისთვის მზად არ არის. პატარა ბავშვს რომ აიძულებ, ჭადრაკის დაფასთან რთული პარტნიორების წინაშე ითამაშოს, ან იმაზე დიდი წონა ასწიოს, ვიდრე მის ასაკს შეეფერება, აი ამას ჰგავს მისი ამჟამინდელი მდგომარეობა.
ზურაბიშვილი ორიენტაციას იღებს იმაზე, თუ რას ამბობს დასავლეთი. სი ძინპინზე თქვა დასაჭერიაო და ორი დღის მერე ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს დიქტატორი უწოდა. ანუ, ზოგად განწყობებზე, რაც დასავლეთში ჩინეთის მიმართ არსებობს, ორიენტირებულნი იყვნენ ცალკე ზურაბიშვილი, ცალკე _ ბაიდენი. ბევრი ჩინეთს ზემოდან უყურებს, მაგრამ ის შეიძლება უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნები. სალომეს ორიენტაცია ევროპულ ქვეყნებზე აქვს აღებული, მათ შორის, საფრანგეთზე. იგი თავისი განცხადებებით ცდილობს, საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ხელი შეუწყოს არა საქართველოში, არამედ დასავლეთში. მან “ქართული ოცნების” მხარდაჭერა სრულიად დაკარგა, ვერც ნაცების მხარდაჭერა მოიპოვა. აქამდე ივანიშვილს საერთოდ არ ახსენებდა. ახლა, როცა პრეზიდენტობის ვადა ეწურება, ნელ-ნელა იქითკენ მიიწევს, რომ მისი ხმამაღალი განცხადებები ევროპელებისთვის მისაღები, მოსაწონი აღმოჩნდეს. ევროპამ დაიმახსოვროს მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის ორიენტაციები, ტენდენციები, რათა სამომავლოდ საშუალება მიეცეს, ევროპულ ოჯახში საკუთარი კაბინეტი გააჩნდეს.
რაც შეეხება მის ფრაზას: ივანიშვილი ცდილობს, რუსეთის გამარჯვებას მოერგოსო, ეს ყოვლად გაუგებარია. ფრანგული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თავად გაიხსენა, როგორ უყვებოდა ივანიშვილს ევროპაში მოგზაურობის შესახებ და როგორი იყო ამაზე ბატონი ბიძინას რეაქცია _ ის, უბრალოდ, უსმენდა. ივანიშვილს არ უთქვამს სალომესთვის: ევროპას თავი დაანებე და რუსეთისკენ წამოდიო. მაშინ გაუგებარია, რა ლოგიკით ამბობს, რომ ივანიშვილი რუსეთისკენ იყურება და არა ევროპისკენ!