საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

საქართველომ ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმა დაიწყო – საერთო მედია
სექტემბერი 18, 2024

საქართველომ ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმა დაიწყო

 

გვესაუბრება “სტრატეგიული
დაგეგმარების ცენტრის”
ხელმძღვანელი ლევან მამალაძე:

_ ბატონო ლევან, ევროპამ ცხრა ახალი რეკომენდაციის შესრულება დაგვაკისრა, რასაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. ერთ-ერთი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. რა ვითარება გვაქვს ამ კუთხით?
_ პირველ რიგში, გეტყვით, რომ ევროკომისიის მიერ დადებით რეკომენდაციას მივესალმები. მიმაჩნია, რომ სტატუსი ჯერ კიდევ შარშან უნდა მოენიჭებინათ. ევროპის მაშინდელი გადაწყვეტილება სამართლიანი არ იყო. ჩემი დაკვირვებით, ამჯერად სტატუსის მონიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ისევ და ისევ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე გასცეს. საქართველოსთვის სტატუსის მონიჭებაზე უარის თქმა მთლიანად დასავლეთისთვის დიდ რისკებს გამოიწვევს, რადგან ასე ჩვენს ქვეყანას შეეძლება, სხვა გავლენიან ქვეყნებთან ურთიერთობის კუთხით უფრო თავისუფლად იმოქმედოს და ვექტორიც შეიცვალოს. ანუ, დასავლეთი მიხვდა, რომ საქართველოზე გავლენას კარგავდა, რაც ავტომატურად კავკასიაზე გავლენის დაკარგვასაც ნიშნავს. ამიტომ, დასავლეთის შარშანდელი და ამჟამინდელი გადაწყვეტილებაც პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს.
ახლა, რაც შეეხება ცხრა რეკომენდაციის შესრულებას, სამწუხაროდ, დასავლეთი საქართველოსთან თამაშს არ წყვეტს. პირველი საფრთხისშემცველი ტალღა კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემის საკითხი იყო. ჩვენთვის სტატუსზე უარის თქმას ბევრი კონგრესმენი თუ ევროდეპუტატი საქართველოში დაძაბულობის შესაქმნელად იყენებდა, რაც მეხუთე კოლონას საფუძველს აძლევდა, რევოლუციური სცენარი აემოქმედებინა. თუმცა გამოიკვეთა, რომ სტატუსის არმონიჭება ევროპისთვის უფრო სახიფათო იყო. ამიტომ დესტაბილიზაციის შექმნის თემა ამ კონტექსტში, დაიხურა.
მოდი, განვიხილოთ, რას გულისხმობს ახალი რეკომენდაციები: საქართველომ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანა, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კანონგარეშე, დამატებითი უფლებების უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. ანუ, ფაქტობრივად 2024 წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება _ დასავლეთის სურვილია, ახალი ტალღა ააგოროს და არჩევნები ქვეყანაზე ზეგავლენის მოსახდენად გამოიყენოს, მათ შორის, რევოლუციური გადატრიალებისთვისაც. მათი ყურადღება, ძირითადად, არჩევნებზე, დემონსტრაციების მოწყობაზე და მეხუთე კოლონის შემადგენელი ნაწილების უფლებების კანონზე მაღლა დაყენებაზე იქნება მიპყრობილი. როგორც პოლიტტექნოლოგი, გეტყვით, რა მექანიზმია ამაში ჩადებული: დასავლეთს არ სურს, საქართველო ხელიდან გაუშვას. ჩვენ განვიხილებით არა როგორც პარტნიორი, არამედ ტერიტორია, რომელიც თავისი ინტერესებისთვის უნდათ გამოიყენონ. ამიტომაც აფინანსებენ მეხუთე კოლონას _ ამით ახალ საშუალებას ქმნიან, რათა 2024 წლის არჩევნები მათთვის სასურველი ჯგუფების ხელისუფლებაში მოსაყვანად გამოიყენონ. აი, რისთვის ემზადებიან. როცა საგარეო საქმეთა კომიტეტში, სენატში სენატორ რიშისთან ერთად საქართველოს, კავკასიის საკითხი განიხილეს, სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ განაცხადა: საქართველოში დემოკრატიის უზრუნველსაყოფად აშშ არჩევნებზე დაკვირვების მუდმივმოქმედ მისიას გააგზავნისო. არჩევნებს დააკვირდებიან ,თუ სხვა ქმედებებს განახორციელებენ, ზუსტად არ ვიცით, მათგან ყველაფრი მოსალოდნელია. ეს ცხრა რეკომენდაციაც სწორედ ამ მიზნისთვის იქნება გამოყენებული.
რამდენიმე დღის წინ ევროდეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა დასავლეთის ჩანაფიქრი გაამხილა და განაცხადა: რუსთაველის ქუჩის რეკონსტრუქცია იმიტომ დაიგეგმა, რომ დემონსტრაციებს, მასობრივ გამოსვლებს ხელი შეეშალოსო. ანუ, მათ უკვე დაგეგმილი აქვთ, რომ საქართველოში გამოსვლებმა მასიური ხასიათი უნდა მიიღოს. ჩვენ ახალი დაპირისპირების ეტაპზე გადავდივართ. დააკვირდით, როგორ მოქმედებს მეხუთე კოლონა _ წინასწარ აცხადებენ, რომ 5%-იანი ბარიერი ყველამ გადალახა, ზოგი 10%-იანი ბარიერის გადალახვაზეც საუბრობს. ანუ, სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით პოზიციას იმაგრებენ, რათა შემდგომ არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ საფუძველი შექმნან.
დასავლეთს ხელთ აქვს არჩევნების ლეგიტიმაციის მექანიზმი. არჩევნები სამართლიანად ჩატარდა თუ არა, ამას თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე იტყვიან. 2024 წელს ელექტრონული არჩევნები ჩატარდება, რა დროსაც ეგზიტპოლები აზრს კარგავს. თუმცა შეეცდებიან, წინასწარ პრევენციული შეფასება მაინც გააკეთონ _ იქნება თუ არა არჩევნები სამართლიანი. ვიმეორებ, დასავლეთს აქვს ძლიერი ბერკეტი, შეაფასოს, ნებისმიერი მიმართულებით სამართლიანი იყო თუ არა არჩევნები. არჩევნები 100%-ით სამართლიანად რომ ჩატარდეს, მას შეუძლია განაცხადოს, რომ არჩევნები გაყალბდა, ან პირიქით. ეს გასათვალისწინებელია.
_ ბატონო ლევან, თავად ოპოზიცია უკვე არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს იმ მოტივით, რომ სააკაშვილი ციხეშია.
_ ასეთი მცდელობები ექნებათ. საქართველოში არეულობის მოწყობის სცენარები კიევში იწერება. ჯერ იძახდნენ, მიშა კვდებაო, რამაც არ იმუშავა. ახლა მის გასაპრემიერებლად ემზადებიან. უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს, რომელმაც თავის სამშობლოს უღალატა, ისე წარმოაჩენენ, თითქოს, ქვეყნის გადამრჩენელია. თუმცა მიშას თემას ყავლი გაუვიდა, რაც დასავლეთსაც კარგად ესმის, გარდა იმ სენატორებისა და დეპუტატებისა, რომლებიც სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების მიერ ფინანსდებიან _ ევროდეპუტატების, სენატორების, კონგრესმენების გადმობირებაში მილიონებს ხარჯავენ. ეს პირდაპირ დაფიქსირებულია სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე. კორუფცია სახეზეა. 23 ნოემბერს უფრო ნათლად გამოჩნდება, რა გეგმები აქვთ სააკაშვილთან დაკავშირებით.
_ 23 ნოემბერს ისიც გაირკვევა, დატოვებს თუ არა მელია პარტიას. ზოგადად, რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე?
_ მათ სურთ კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და ისე გააგრძელონ ქვეყნის “აღმშენებლონა”, როგორც ამას მიშას მმართველობის სისხლიანი რეჟიმის დროს აკეთებდნენ. ეს ოპოზიცია კი არა, მეხუთე კოლონაა, რომელიც უცხოეთიდან ფინანსირდება და მათ შეკვეთებს ასრულებს. ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ამბობს, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება. ეს სწორედ მათი დამკვეთების ნარატივია. საქმე ის არის, რომ საქართველომ, ბოლო პერიოდში, მართლაც შესამჩნევი სუვერენული ფუნქცია გამოავლინა. ნამდვილად “ქართული ოცნების” დამსახურებაა ის, რომ საქართველომ ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმა დაიწყო. ამიტომაც ვერ მოხერხდა რუსეთთან დაპირისპირებაში, ომში ჩვენი ჩართვა. გათვლა, რაც დასავლეთს ჰქონდა, რომ იმას გაგვაკეთებინებდა, რაც თავად სურდა, არ გამოვიდა. ამიტომ იქნება მცდელობა, ქვეყნის სათავეში ის ჯგუფები მოიყვანონ, რომლებიც მათ დავალებებს პირნათლად შეასრულებენ. ეს ქვეყნები საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედებენ და ჩვენც ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ.
დასავლეთს არ სურს, ჩინეთთან ურთიერთობა გვქონდეს, ასევე, არ უნდა, ოკუპანტს ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე დაველაპარაკოთ. და ეს მაშინ, როცა ბაიდენი სი ძინპინს ხვდება, რათა ურთიერთობები მოაგვარონ. ჩვენ გვეუბნებიან, ჩინეთი რუსეთთან მეგობრობს და ამიტომ მასთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეთო. დასავლეთი მესამეხარისხოვან ქვეყნად განგვიხილავს და ჰგონია, რომ ისევ ისეთი გამოუცდელები ვართ, როგორც 90-იან წლებში. ეს ჩვენთვის სტიმული უნდა გახდეს, რათა ქვეყნის ინტერესები მეტად დავიცვათ.
_ ბატონო ლევან, ბოლო პერიოდში რამდენიმე სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა, სადაც ცდომილებები აშკარად თვალშისაცემია.
_ ცდომილებები იმის მიხედვით იკვეთება, თუ რამდენად სამართლიანად ატარებენ კვლევას და ხომ არ აქვს ადგილი პოლიტიკურ შეკვეთას. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კვლევებს პოზიციების გასამყარებლად ატარებენ. უპროცენტო პარტიებს 5-7% დაუწერეს. როცა შედეგი დადგება, მერე იტყვიან: აი, ჩვენ კვლევებით 5% გვქონდა და ხელისუფლებამ ხმები მოგვპარაო.
სახიფათო ტენდენციად მივიჩნევ იმას, რომ დღეს პარლამენტში არსებული ვერცერთი პარტია, გარდა “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობისა”, 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. გამოდის, რომ საქართველოს ორპარტიული პარლამენტი ეყოლება. ეს, ერთი შეხედვით, ორივე პარტიას აწყობს. ასე, ჯამში, “ქართული ოცნება” მეტ ადგილს მიიღებს, ვიდრე დღეს აქვს. ასევე, ნაცებიც უფრო სერიოზულად იქნებიან წარმოდგენილნი. მიმაჩნია, რომ ეს მომაკვდავი “ნაცმოძრაობის”, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები დაკარგა, კორუფცია დანერგა, ქვეყანა გააუბედურა, გაცოცხლება იქნება. დავაკვირდეთ ერთ რამეს: ხალხი, რომელიც განაწყენებულია და ხელისუფლებას ხმას არ აძლევს, მომდევნო არჩევნებში (2028 წელი), ორპარტიული პარლამენტის პირობებში, იძულებული იქნება, ხმა ნაცებს მისცეს, რადგან სხვა არჩევანი არ ექნება. ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ცესკოს მონაცემებით, საინტერესო მომენტები იკვეთება: 2012 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, არჩევნებში, საშუალოდ, ამომრჩევლის 54% იღებდა მონაწილეობას. 46% კი _ არჩევნებზე არ მოდის. მეორე ფაქტი ის გახლავთ, რომ ორივე პარტიას ხმების კლება აქვს. მაგალითად, “ქართულმა ოცნებამ” 2012 წელთან შედარებით, 2020 წელს 258 858 ხმით ნაკლები მიიღო, ხოლო ნაცებმა _ 344 325 ხმით ნაკლები. ის 46% რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, დაახლოებით, 350 ათასი ამომრჩეველია. თუ მათ მოტივაცია მიეცათ, არჩევნებზე მოვლენ. ეს, დაახლოებით, 17%-ს შეადგენს. ეს ის ხალხია, ვინც მესამე ძალის შექმნას ელოდება. თუ ამ პროცესს ხელი არ შეეშლება, “ნაცმოძრაობის” რეაბილიტაციაც აღარ მოხდება.
_ ბოლოს მინდა, ზურაბიშვილის მიერ ფრანგულ გამოცემასთან გაკეთებულ განცხადებაზე გკითხოთ, სადაც მან ივანიშვილი ერთადერთ ოლიგარქად მოიხსენია…
_ საქართველოს, პრეზიდენტი არ ჰყავს, ეს მხოლოდ დასახელებაა, რასაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ზურაბიშვილი ქვეყანას პრობლემების მეტს არაფერს უქმნის. “ლე მონდთან” ინტერვიუმდე განაცხადა: სი ძინპინი დასაპატიმრებელიაო. საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობის პერსპექტივა აქვს, რაც ბალანსად უნდა იქნას გამოყენებული, რათა მეტად გავძლიერდეთ. ამ დროს ზურაბიშვილი დასავლეთის შეკვეთას ასრულებს და ზემოხსენებული განცხადებით საქართველოს შეურაცხყოფას აყენებს. ჩვენ სხვა ქვეყნის ინტერესების განმახორციელებელი პრეზიდენტი გვყავს. ივანიშვილის ავტორიტეტი და პატივისცემა რომ არა, მას პრეზიდენტად არავინ აირჩევდა. მაშინ ზურაბიშვილისთვის ივანიშვილი მისაღები პიროვნება იყო, ახლა ოლიგარქს ეძახის. საზოგადოებამ თავად გააკეთოს დასკვნა, რას ემსახურება ეს ქალბატონი. იგი იმ ცხოველს დაემსგავსა, რომელიც ჯაჭვით არის დაბმული და რომ აუშვებ ყველას კბენს.

თამარ შველიძე