ემზარ ცირდავა – მხატვარი ბევრი მზითა და ბევრი ტკივილით
ხატავს დაჩოქილი, თვალდახუჭული, ამ პროცესის დროს კი ლოცვას ღიღინებს… წერს ლექსებს, რასაც თვითონ გოდებას ეძახის… ცხოვრობს ტკივილით, რომელიც წუთითაც არ ტოვებს და რომელსაც სახელად აფხაზეთი ჰქვია. მისი სახლი მხატვრის სახელოსნოა ფერთა უსასრულო პალიტრით, გამორჩეული ფერწერით, ბევრი მზითა და ბევრი ტკივილით…
მხატვრის ფერწერული ტილო „აფხაზეთის ხმა“, აფხაზეთის დაბრუნების სიმბოლოდ იქცა, ხატად აკურთხეს…
გმირი მშობლების შვილი, ქვეყნისა და პირადი ტრაგედიის გამოვლის შემდეგ, სწორედ საკუთარმა შემოქმედებამ გადაარჩინა. მხატვრის 5 ათასამდე ნამუშევრის მთავარი თემა კი მშვიდობა და სიყვარულია, რაც იმპრესიონიზმის ახალი მიმდევრობით არის გადმოცემული.
სულ ახლახან ფერმწერის პერსონალური გამოფენა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. აფხაზეთიდან დევნილ მხატვარს, აკადემიკოსს, საზოგადო მოღვაწეს, სახალხო დიპლომატს, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მხატვართა კავშირების წევრ ემზარ ცირდავას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სახალხო დიპლომატიურ შემოქმედებით მოღვაწეობაში. ემზარ ცირდავას ფერწერულ ტილოებს კარგად იცნობენ საზღვარგარეთ. მათი ნაწილი დაცულია ინგლისის, მოსკოვის, გერმანიის, იტალიის და ამერიკის კერძო კოლექციებში…
ზეციური სხივი
ხატვა ჩემთვის ყველაფერია – ეს არის ცხოვრება, სიცოცხლის გაგრძელება სიკვდილის შემდეგ. თუ ჩემი ნახატები იარსებებს, ესე იგი მეც ვიარსებებ. ჩემი აზრით, კარგი მხატვარი მაშინ ხარ, თუკი შენი შემოქმედების აღქმა ყველას ერთნაირად შეუძლია, როგორც პროფესიონალს, ისე მხატვრობის მოყვარულ ადამიანს. ძირითადად, ღამით ვხატავ, როცა სიმშვიდეა და მყუდროებას ვერაფერი მირღვევს. თუმცა ზოგჯერ დღე-ღამე ან კიდევ უფრო მეტი დრო მჭირდება სამუშაოდ. ვიდრე ნახატს არ დავასრულებ არც საკვებს ვიღებ, არც წყალს ვსვამ. ვხატავ დაჩოქილი, თვალდახუჭული. როგორც კი ხელში ფუნჯს ავიღებ, ვიწყებ გალობას „უფალო, შემიწყალე“… და ამას ვღიღინებ ნახატის დასრულებამდე, ამ დროს სხვა სამყაროში ვარ. თითქოს სხივი მოდის ზეციდან და თუ სადმე უნდა შევჩერდე, ამასაც ზეციური სხივი მკარნახობს. როდესაც ვხატავ, წინასწარ არასდროს ვიცი, რა გამოვა.
მეცხრე კლასში ვიყავი, როცა ხატვა დავიწყე. ჩემი პირველი ნახატი იყო „რთველი“ – ვაზი, საქართველოს სიმბოლო. მინდოდა, ისეთივე ძლიერი და ხვავიან-ბარაქიანი ყოფილიყო ჩემი ქვეყანა, როგორიც შემოდგომაა. ეს მოხდა სპონტანურად. ცნობილი მხატვრების ტილოებს ვათვალიერებდი და გადავწყვიტე, ბედი მეც მეცადა. პირველივე მცდელობამ შედეგი გამოიღო. ჩემი ნახატებით მაშინვე დაინტერესდნენ ჟურნალისტები და „რთველი“ დაიბეჭდა ოჩამჩირის გაზეთში“. რომ იცოდეთ, როგორ მიხაროდა…
ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მოეწყო ჩემი ფერწერული ტილოების გამოფენა მოსკოვში, საერთაშორისო საკავშირო სტუდენტურ გამოფენაზე, სადაც მეორე ადგილი მოვიპოვე და ჩემს უნივერსიტეტს სოხუმში ვერცხლის მედალი ჩამოვუტანე. ჩემივე სურათებით მოიხატა მოსკოვის გენერალურ შტაბში ორი დიდი პანო, სადაც წინა პლანზე ქართული ხელოვნების სახეები იყვნენ წარმოდგენილი…
დევნილობის დროს ჩემი პირველი შემოქმედებითი საღამო ქუთაისში, „ოქროს ჩარდახში“ მოეწყო. შემდეგ კი ქუთაისის ჟურნალისტთა ფედერაციამ, ლედი ტუკვაძისა და ნატო გუბელაძის მხარდაჭერით და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში ბატონმა ალუ გამახარიამ ქუთაისის სამხატვრო სკოლის დირექტორად წარმადგინეს, რომელსაც თორმეტი წელი ვხელმძღვანელობდი…
კარგა ხანს ვერ ვბედავდი უწმიდესის პორტრეტის დახატვას ისევე, როგორც უფლის დახატვას ვერ ვბედავ. თუმცა, ერთი საოცარი ამბავი გახდა სტიმული და ერთგვარი ინსპირაციაც იმისა, რომ გამებედა და პატრიარქის პორტრეტი შემექმნა.
მეუფე დანიელმა ხატად აკურთხა ჩემი ფერწერული ტილო „აფხაზეთის ხმა“. აფხაზეთის დაბრუნების სიმბოლოდ იქცა ჩემი ნამუშევარი, რომელიც წინ წაუმძღვარეს შემდეგ მშვიდობიან მსვლელობას ქუთაისში. სწორედ ამ წარმატებით გათამამებულმა გავბედე და პატრიარქის პორტრეტი შევქმენი. ჯერ მეშინია, მაგრამ, ალბათ, მოვა დრო, როცა უფალი უფალსაც დამახატინებს!..
შეხვედრა ცხოვრების თანამგზავრთან
არ დავმალავ, ლამაზი ქალები მიყვარს და პატივს ვცემ მათ. ასეთივე ვიყავი ადრეული ასაკიდან. სულ რაღაც ოცდაერთი წლისა, სტუმრად ჩავედი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ზუმში, ბიძაშვილთან, ვის მეზობლადაც დარიკო მანჯგალაძე, ჩემი მომავალი მეუღლე ცხოვრობდა. ჩემს მეზობლად ერთი მზეთუნახავი ცხოვრობსო, მითხრა ნოდარმა, შენ რომ მოგეწონება და შეგეფერება, სწორედ ისეთი გოგოაო. მე მაშინ უკვე სტუდენტი ვიყავი, სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში ვსწავლობდი, გარს უამრავი ლამაზი გოგონა მეხვია. ვინ უნდა იყოს ისეთი ეგ შენი მეზობელი, ჩემს ნაცნობ გოგონებს რომ სჯობდეს-მეთქი, ვუთხარი, თუმცა ისე აღმიწერა უცნობი გოგონა ჩემმა ბიძაშვილმა, რომ დავინტერესდი. დარიკოსაც იმავე საღამოს „მეზობლურად“ დაუძახეს და გადმოიყვანეს. არ მავიწყდება, რა ძლიერად დაიწყო გულმა ბაგაბუგი მის პირველივე დანახვაზე. მართალია, ირგვლივ ბევრი ლამაზი გოგონა მყავდა, შეიძლება მასზე ლამაზებიც, მაგრამ ასეთი გრძნობა არავის მიმართ გამჩენია. შეიძლება ითქვას, რომ პირველივე ნახვით დამატყვევა… სოხუმში კი დავბრუნდი და ჩემი ლამაზმანებიც მოვინახულე, მაგრამ მაინც გამუდმებით მასზე ვფიქრობდი და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქორწინებას არავინ ეწინააღმდეგებოდა, გაცნობიდან ერთ თვეში ჩვენ გავიპარეთ და დავქორწინდით. დარიკო დედაჩემსაც ძალიან მოეწონა და ასევე დარჩა ბოლომდე, – მისი რჩეული რძალი…
ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა. მარტივი არ არის შემოქმედი ადამიანის ცხოვრება და ამ გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ დარიკოს მეტი ვერავინ „გამიძლებდა“. ის, ფაქტობრივად, ჩვენთან, მხატვრებისა და მწერლების წრეში გაიზარდა. მართალია, მე ვხატავ, მაგრამ ის „ფუთავს“, ანუ ყველანაირ საორგანიზაციო საკითხს მეუღლეს ვანდობ. ის ჩემი ცხოვრებით ცხოვრობს. გვყავს ქალ-ვაჟი, შვილიშვილები და ასე მოვდივართ უკვე სამ ათეულ წელზე მეტია…
ომი და ჩემი
ოჯახის ტრაგედია
ოცდარვა წლის ვიყავი, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო და იძულებული გავხდით, სახლის ეზოში დამარხული მამის ნეშტთან ერთად, მშობლიური კუთხეც დაგვეტოვებინა. ხუთი და ექვსი წლისანი იყვნენ მაშინ ჩვენი შვილები.
ახალდაბაში ვგქონდა კერძო სახლი, ზღვასთან ახლოს. სახლის მეორე სართულის აივნიდან ზღვას გადავყურებდით. მამაჩემი, ავთანდილ ცირდავა ფინანსთა სამინისტროს უფროსი კონტროლიორ-რევიზორი იყო, რომელიც შემდეგ უკვე აფხაზეთის ომის გმირი გახდა, მისი სახელი და გვარი გმირთა მემორიალზე ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული. დედა მწერალი, საქართველოსა და აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი, დიდი სამამულო და აფხაზეთის ომის მონაწილე ნადეჟდა ცირდავა იმხანად ახალდაბის კულტურის სახლის დირექტორი იყო. მე ვმუშაობდი ახალდაბის საშუალო სკოლაში ხატვისა და შრომის პედაგოგად, ასევე, მქონდა საკუთარი რესტორანი „ლაშარელა“, დიდი ბარებით, საბილიარდოებით, სტადიონით… ლაშარელა აფხაზურად ამომავალ მზეს ნიშნავს და ჩემს ვაჟიშვილისაც ამის გამო დავარქვი ლაშა. ამავე დროს, ვმუშაობდი რაიკომში, საორგანიზაციო განყოფილების გამგედ და თან ინტიტუტში ვსწავლობდი. შეძლებული და ბედნიერი ოჯახი ვიყავით, თუმცა, აფხაზეთში ყველა შეძლებულად ცხოვრობდა მაშინ.
როდესაც ომი დაიწყო და შემდეგ ეგრეთ წოდებული პერემირიე გამოცხადდა, ანუ ვითომ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო აფხაზებსა და ქართველებს შორის, მამა აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჩვენი მხრის ხალხთან. მას ხარიც კი დაუკლეს ათარაში აფხაზებმა, ხელისგულზე ატარეს, დიდი პატივისცემით გამოისტუმრეს და თითქოს შეაჩერეს ეს ყველაფერი. შემდეგ კი იყო მოთხოვნა რომ სტუდენტები და მოსწავლეები სასწავლებლებში გამოვცხადდებულიყავით, ამით ბევრი ადამიანი მიიტყუეს. მე და ჩემმა მეუღლემაც ახალდაბაში, ჩემს მშობლებთან დავტოვეთ შვილები და სამშვიდობო მოლაპარაკებების იმედად წავედით ზუგდიდში, რომ მალევე მოვბუნებულიყავით და გაგვეგრძელებინა ცხოვრება საკუთარ სახლში. თუმცა, ჩვენი წამოსვლის შემდეგ გზა ჩაიკეტა და ბავშვები ჩემს მშობლებთან დაგვრჩა. ყველაფერი ინგრეოდა უკვე, ყველა გზა ჩაკეტილი იყო და, ფაქტობრივად, არანაირი კომუნიკაცია აღარ არსებობდა.
სწორედ ამ დროს ჩვენთან ერთი მეზობელი მოვიდა და გვითხრა, მე კი არ მინახავს, მაგრამ გავიგე, რომ თქვენი შვილები კისერგამოჭრილი ყრიან ეზოში, მშობლების თავები კი ღობეზეა წამოცმულიო… (ტირის – ნ. ქ.)… იმის გადმოცემა შეუძლებელია, რაც მე და ჩემმა მეუღლემ მაშინ გადავიტანეთ. მე მიკროინფარქტი მივიღე და ლოგინად ჩავვარდი. მთელი ორი თვის განმავლობაში ზღვას ერთვოდა ჩვენი ცრემლი. ამ ხნის განმავლობაში გვეგონა, რომ ბავშვები დახოცეს და მკვდრები ვესვენეთ ჩვენც, ორივე. თქვენ გგონიათ, რომ ახლაც, როცა რაიმე მიხარია, ან ვიცინი, წამით მაინც ტოვებს ჩემს გულს და გონებას ეს საშინელი მოგონება? დღემდე ამაზე ფიქრი არ მაძლევს ძილს და მოსვენებას…
მერე მეზობელმა დაგვირეკა და გვითხრა, თქვენები ცოცხლები ყოფილანო, მაგრამ უკვე აღარ გვჯეროდა ამდენი არასწორი ინფორმაციის ფონზე. გაგვიყვანეს, ჩაგვსვეს მანქანაში. ენგურის ხიდთან რომ მივედით, დავინახეთ, რომ უამრავი ადამიანი გამოუყრიათ ენგურს გადმოღმა და ყველა მათგანი ეძებდა თავის ახლობლებს.. მათ შორის ვნახეთ ჩვენი შვილებიც და დედაც.
დედას მონაყოლი
რეალურად სამჯერ გადაარჩინეს დედაჩემი და ჩემი შვილები თურმე დახვრეტას აფხაზებმა. დედაჩემს ესმოდა ტყვეობაში ყოფნის დროს თუ როგორ ზეიმობდნენ აფხაზები ქართველი ჯარისკაცების ამოხოცვას. იყო ქაოსი, იმედგაცრუება და ღალატი, რითაც მტერმა ისარგებლა და ალყაში მოაქცია ჩვენი სოფელი. მტერს ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. მაგრამ ჩვენებს ავტომატების ტყვიის მაგივრად ტყვიამფრქვევის ტყვია შემოუტანეს. ესეც ღალატი იყო. როცა აფხაზების და გადამთიელების საუბარი მოისმინეს ჩვენს სოფლში დარჩენილი მაცხოვრებლები შეეცადნენ თავი გადაერჩინათ და სოფლის შუაში გამავალ ხრამში იმალებოდნენ ჩემი მეზობლები, ჩემები, ბავშვები და სხვებიც… რომ მიმხვდარან, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, თეთრი ზეწრები დახიეს, ააფრიალეს და „სდაიუს“-ო, იძახდნენ, რათა გადარჩენილიყვნენ. ბევრი აწამეს , ბევრს ნაცნობი აფხაზი გამოუჩნდა და შეიფარეს. მათ შორის ჩემებიც. (ტირის – ნ. ქ.). მერე ვიღაც გამოჩნდა, რომელიც დედას და მამას იცნობდა. ჩემი ნათია აუყვანია ხელში ამ აფხაზს, ჩახუტებია და უთქვამს, – ესენი რა შუაში არიანო, სამშვიდობოს გამოუყვანია ჩემი ოჯახი. მიუყვანია ისინი შემდეგ აძუბჟაში ერთ-ერთ სახლში, სადაც აფხაზ ქალს შეუფარებია. რამდენჯერაც მივიდნენ, მოგვეცით დასახვრეტადო, წინ გადაუდგებოდა თურმე ეს ქალი და მალავდა მათ, რომ არ დაეხვრიტათ. ასე რომ, შვილები აძუბჟელმა აფხაზებმა გადამირჩინეს და თუ დღეს ისინი ჩემ გვერდით არიან და შვილიშვილებით ვხარობ, მათი დამსახურებაა. მამა კი, სამწუხაროდ, დახვრიტეს. ის მაშინ 62 წლის იყო. მისი უსიცოცხლო სხეული ჩუმად, ისე, რომ არავის დაენახა, საკუთარი ხელით დამარხა ჩვენივე ეზოში დედაჩემმა, ბავშვების დახმარებით…
გმირი დედა და ცხოვრება ომის შემდეგ
დედამ თავის ორ შვილიშვილთან ერთად კიდევ სამი ბავშვი გადაარჩინა და შეიფარა. ერთი სულგუნის ყველი ჰქონია თურმე, იმას უზოგავდა, უჭრიდა და აჭმევდა ამ ბავშვებს, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ… მთელი ეს რეალური ისტორია დედამ დაწერა და გამოსცა. მშობლიური კუთხიდან დევნილები იმერეთში ჩამოვედით და ქუთაისში დავსახლდით. მართალია, აფხაზეთიდან ვერაფერი წამოვიღეთ, ერთი ანტიკვარული ბეჭდის გარდა, მაგრამ არც დევნილობაში გვქონია გაჭირვება ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილის, ალუ გამახარიას და ბევრი სხვა კეთილი ადამიანის თანადგომისა და დახმარების წყალობით.
ჩვენი სახლი ოჩამჩირეში ახლა სრულიად გაპარტახებული ყოფილა, ტყედ ყოფილა ქცეული ჩვენი ნასახლარი, სადაც მამაჩემის საფლავი დაგვრჩა. მთელ დაბაში, რომელსაც აგროქალაქი ერქვა მაშინ, აღარავინ ცხოვრობს, მხოლოდ ტყეა. წითელი ჯვრის ორგანიზაციას ვთხოვე დახმარება მამის გადმოსვენებაში, მაგრამ ეს ჯერ ვერ ხერხდება. იმედია, ოდესმე შევძლებთ:
„მენატრება აფხაზეთი,
მამის ნაფეხურები,
ზღვას რომ ვხედავ,
მენატრება აფხაზეთის პალმები.
მენატრება აფხაზეთში
გმირთა ნატერფალები.
აფხაზეთო, ნეტავ სად ხარ?
სად ხარ, რად მემალები!
დამიღონდა გული მე
და დამიმძიმდა თვალები,
გმირთა გმინვა მესმის ღამით,
ვერსად ვერ ვემალები,
აფხაზეთო, საქართველოვ,
შენ კი გენაცვალები!“
მოამზადა
ნონა ქარქაშაძემ