“ნაცმოძრაობა” ფართხალებს და სასუნთქ აპარატზე მიერთებას ცდილობს
“საერთო გაზეთი” მწერალ
მერაბ შათირიშვილს ესაუბრა:
_ ბატონო მერაბ, საქართველოსთვის სტატუსის მონიჭების რეკომენდაცია ნაცების თავმჯდომარემ ასე ახსნა: ხელისუფლებას საბოტაჟი არ გამოუვიდა, რუსულ მთავრობას მოვუგეთო…
_ პირველ რიგში, თავად ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე მოგახსენებთ: ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აქ გარკვეული ნაღმებიც არის ჩადებული და სიფრთხილე გვმართებს. კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე გაცემულმა რეკომენდაციამ ქართული საზოგადოება მეტად უნდა გამოაფხიზლოს. ზოგჯერ ზედმეტი მაძღრობა სხვადასხვა დაავადებების წარმომშობია. ამიტომ, თავი მაძღრებად არ უნდა წარმოვიდგინოთ. ევროპულ ინსტიტუციებზე ბევრი კარგი რამ გვსმენია, თუნდაც სასამართლო სისტემაზე, მაგრამ კორუფცია იქაც არის, ბევრი მაღალჩინოსანი ამის გამო დაიჭირეს კიდეც. აღსანიშნავია, რომ იქ სახელმწიფო მოხელე ჩვეულებრივი მოქალაქის ცხოვრებით ცხოვრობს _ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ასე შემდეგ. საქართველოში ევროკავშირის წესების გადმოღება ასეთი დადებითი კუთხით თუ მოხდება, ეს კარგია. მაგრამ არსებობს მეორე, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საშიში მხარეებიც. კერძოდ, საქართველოში სხვადასხვა იდეოლოგიების დამკვიდრება, რისი კონტურებიც გამოკვეთილია. მაგალითად, ლგბტქ+ პრაიდების ჩატარებისა და დაკანონების მცდელობები. კაცმა რომ კაცი ცოლად შეირთოს, ასეთი კატასტროფა ევროკავშირის წევრობად არ გვიღირს. ქართველ ერს ჩვენი ტრადიციები, კულტურა, ფასეულობები გვაქვს, მართლმადიდებლობასთან გაზიარებული სულიერება, მეობა გაგვაჩნია, რასაც გაფრთხილება სჭირდება. ევროპულ ქვეყნებში თავიანთ კულტურას, ტრადიციებს საკანონმდებლო დონეზე პატივს სცემენ. ჩვენთანაც ანალოგიურად უნდა იყოს. მაგალითად, ჩვენი განათლების სისტემა შავ დღეშია და არსებობს საშიშროება, რომ შემოტანილ გამრუდებულ იდეოლოგიებს ვერ გაუმკლავდეს. ჩვენთან სწავლება პატრიოტული მიმართულებით არ ხდება. ეს სერიოზული პრობლემაა. ასე რომ, კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე დადებით რეკომენდაციას მივესალმები, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი მყობადობის, კულტურის საწინააღმდეგო იდეოლოგიების შემოპარებას ვერ დავუშვებთ.
ავიღოთ თურქეთი, რომელსაც ოცდაათი წელია, კანდიდატის სტატუსი აქვს, მაგრამ ევროკავშირის წევრი ჯერ ვერ გახდა. ვფიქრობ, ჩვენთან მიმართებით პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამიტომ ხიბლში არ უნდა ჩავვარდეთ. ევროკავშირისთვის ამჯერად სასწორზე დგას საკითხი: მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გარშემო ძლიერი ქვეყნებია, როგორებიცაა აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი და ასე შემდეგ. ცხადია, ევროკავშირი დილემის წინაშე დგას: თუ საქართველოს სტატუსს არ მიანიჭებენ, ჩვენზე მეზობელი ქვეყნების გავლენები გაძლიერდება. თურქეთისა და რუსეთის გავლენები რომ შეამცირონ, ეს გადაწყვეტილება ამიტომაც მიიღეს. თურქეთისთვის დღესდღეობით ევროკავშირის კარი დაკეტილია. ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ელიტა, რუსეთს გმობს და არც აზერბაიჯანს წყალობს. რადგან ჩვენთან მიმართებით გაცემული რეკომენდაცია დადებითია, ეს არ ნიშნავს, რომ ცხვირი უნდა ავიპრიხოთ და მეზობელ ქვეყნებს ისე ველაპარაკოთ, როგორც ევროკავშირის წევრებმა და მათ ანგარიში არ გავუწიოთ. ეს კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.
პირველ რიგში, ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას უნდა ვეცადოთ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატია უკრაინაც, მაგრამ ვხედავთ, იქ რა უბედურებაც დუღს. ასევე, კანდიდატობა აქვს მოლდოვასაც და იქაც დაძაბულობაა. ასე რომ, ეს რეკომენდაცია არ ნიშნავს, რომ ჩვენ გეოპოლიტიკური ჭადრაკის დაფაზე დამკაში გავედით. პირიქით, მეტი სიფრთხილე, დაკვირვება გვმართებს _ ის არ უნდა გაგვაკეთებინონ, რაც თავად აწყობთ და მათი გლობალური პოლიტიკის შემცველი ამოცანაა.
_ სტატუსის მონიჭების საკითხი თხუთმეტ დეკემბერს გადაწყდება. როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია ისევ გააგრძელებს მოთხოვნას, რომ სანქციები დაგვიწესონ და სტატუსიც ხელისუფლებაში მათ მოსვლამდე არ მოგვცენ?
_ ოპოზიციას და ევროდეპუტატების იმ ფლანგს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ესკალაციაში ჩვენ ჩართვას ცდილობდნენ, ცივი წყალი გადაესხათ. ჩვენ პატარა ერი ვართ და ამიტომ ძლიერი ქვეყნების გავლენების ქვეშ ვექცევით. სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ ფეხზე დამდგარი ქვეყანა, ამიტომ ეს გავლენები ჩვენზე აისახება. ბრალდება, რაც ოპოზიციამ ხელისუფლებას წაუყენა, ქვეყანა რუსეთისკენ მიგყავთო, შესუსტდა, წელში გაწყდა. იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც რუსეთთან რაიმე ტიპის გარიგებაშია მხილებული, ევროკომისია სტატუსის მინიჭებაზე დადებით რეკომენდაციას არ მისცემდა. ეს მითი დაიმსხვრა. რუსეთის თემას რომ ვეღარ ეჭიდებიან, ახლა გაიძახიან, რომ დადებითი რეკომენდაციის გაცემა ხელისუფლების კი არა, ქართველი ერის დამსახურებაა. კი ბატონო, მაგრამ ვისი არჩეულია ეს ხელისუფლება?! ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციებს, არეულობის გამოწვევის მცდელობებს, ადგილი კვლავ ექნება. თუმცა, ნაცებს მთავარი კოზირი _ ბრალდება, თითქოს “ქართულ ოცნებას” ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, ხელიდან გამოეცალათ _ ფუჭი აღმოჩნდა მცდელობა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სტატუსი არ მიგვეღო.
“ნაცმოძრაობა” პოლიტიკური გაყოფისთვის ემზადება, რისი კონტურებიც გამოკვეთილია. მელიას ფლანგი ჯერჯერობით პარტიაში რჩება, მაგრამ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრისას ის წარმოადგენს არა ნაცების, არამედ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ლიდერს. მელია ღიად საუბრობს: კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა პარტია შპს-დ გადააქციეს და ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოსო. ცხადია, ამ ორი ფიგურის გარეშე “ნაცმოძრაობა” სუნთქვას შეწყვეტს. ვფიქრობ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მელია მონაწილეობას თავისი დამოუკიდებელი ძალით მიიღებს. კულისებიდან, ალბათ, მელიას ფინანსური მხარდაჭერაც ექნება, რისთვისაც იგი ხარკს არ გადაიხდის.
_ ხაბეიშვილი-ვაშაძის ტანდემი აცხადებს, სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს, თუ ხელისუფლება არ შეიცვლებაო. მათი ახალი გეგმა არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება ხომ არ არის?
_ არჩევნებს არჩევნების დღეს არ იგებენ. სპორტშიც ასეა _ იმარჯვებს ის, ვინც თამაშის დაწყებამდე სათანადო მომზადებას გადის და მოწინააღმდეგეს სწორედ ამ პოტენციით უგებს. ნაცები თუ ორად გაიყვნენ, ამომრჩეველიც გაიყოფა. გარდა ამისა, მათ ყალბ ბრალდებებს ხალხი პასუხს გასცემს. ასე რომ, არჩევნებს ვერ ჩაშლიან.
_ ოპოზიცია საუბრობდა, რომ სტატუსის მიღება სააკაშვილის გათავისუფლებაზე გადიოდა, რაც ევროპარლამენტარების შედგენილ რეზოლუციებში პირდაპირ ეწერა. ამ თემით სპეკულირება დღესაც აქტუალურია?
_ ევროკომისიამ ეს რეკომენდაცია სააკაშვილის ფიგურაზე დაყრდნობით კი არა, გლობალური პოლიტიკის კონტექსტში გასცა. ევროპამ დაინახა, რომ ხელისუფლებაც და ქართველი ხალხიც ევროინტეგრაციისკენ სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ. ეს გლობალური პოლიტიკის ნაყოფია. ევროპამ დაინახა ჩვენი მონდომება. ამაში დიდი როლი ითამაშა საერთაშორისო ტრიბუნებზე პრემიერის საყვედურნარევმა გამოსვლებმაც: შარშან სტატუსი რომ არ მივიღეთ, ეს უსამართლო გადაწყვეტილება, შეცდომა იყოო. დიახ, ჩვენ არანაკლები მიღწევები გვქონდა, ვიდრე მოლდოვასა და უკრაინას, თუმცა მათ მისცეს სტატუსი, ჩვენ _ არა. ასე რომ, სააკაშვილი ამ თემაში აქტუალური ვეღარ იქნება. ევროპამ დაინახა საშიშროება, რომ შესაძლოა, საქართველოზე გავლენები დაეკარგა. მათ არ აწყობთ საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება. კანდიდატის სტატუსი რომც არ მოგვანიჭონ, ეს არ ნიშნავს, რომ სხვის ნავში უნდა გადავხტეთ. ასე ვერ მოვიქცევით თუნდაც იმიტომ, რომ არავინ გვეუბნება, აქეთ გადმოხტიო. დიახ, სხვა არავინ გვიღებს კარს, არავინ გვთავაზობს: აფხაზეთს, სამაჩაბლოს დაგიბრუნებთო. არც არის იმის პერსპექტივა, რომ ევროპასთან ინტეგრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს. საზოგადოება ყოველთვის ევროპულ გზას ირჩევდა, თუმცა ოპოზიცია მაინც წავიდა პროვოკაციებზე, იგეგმებოდა მაიდნის გამეორებაც, მაგრამ ეს აღარ გამოუვათ.
_ ბატონო მერაბ, სააკაშვილმა ერთობის მანიფესტი გამოსცა _ ვინც ხელს არ მოაწერს, პარტიას დატოვებსო. ამას მელიამ ნდობის საბჭო დაუპირისპირა…
_ პოლიტიკა სცენაა, სადაც კარგად ჩანს, ვინ როგორ ირგებს პოლიტიკურ როლს და ვინ შეიძლება ლიდერი გახდეს. ცხადია, მელიას ხაბეიშვილით ჩანაცვლება შეცდომა იყო. “ნაცმოძრაობაში” მელიას წარმატებებმა შექმნა საშიშროება, რომ იგი სააკაშვილის საპირწონედ, ალტერნატივად ყალიბდებოდა. ამიტომ მელია პოლიტიკიდან უნდა ჩამოეშორებინათ. გათვლა იმაზე იყო, რომ მელიას პარტიის პოლიტიკური ნაწილი არ გაჰყვებოდა. აგერ, გახარია “ქართული ოცნებიდან” ოპოზიციაში გადავიდა და ახლა მისი პარტია სულს ღაფავს. მელია სააკაშვილს უტოლდებოდა. მისი ფიგურა ვითარებამ შექმნა. პოლიტიკურ ვითარებას ასეთი ინკუბაცია სჩვევია. მას თავის მომხრეები ჰყავს. ვიმეორებ, მელია პირდაპირ ამბობს: მერაბიშვილი და კეზერაშვილი “ნაცმოძრაობას” უნდა ჩამოშორდნენო. ასე რომ მოხდეს, “ნაცმოძრაობა” ფინანსების არქონის გამო ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილებასაც ვეღარ შეძლებს. კეზერაშვილი მათ რუპორ ტელევიზიასაც აფინანსებს. მელიას განცხადება ლიდერის სერიოზული განაცხადია. სააკაშვილის პარტიიდან, ვინც ხაბეიშვილს უსმენს, ვინ გაბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას?! _ ვერავინ. მელია ბედავს, რადგან გადაწყვეტილი აქვს, დამოუკიდებელი პოლიტიკა ითამაშოს.
_ როგორ ფიქრობთ, სად შედგება “ნაცმოძრაობის” სია _ “ვივამედში”, თუ კვიპროსზე?
_ სიის შედგენაზე დაკა-დაკაა, რაც უკვე კომედიას ემსგავსება. “ნაცმოძრაობა” ფართხალებს, სანამ საბოლოოდ არ გათიშულა, სასუნთქ აპარატზე მიერთებას ცდილობს. მათ ბელადს ვითომ აქაური ექიმები ხან კლავდნენ, ხან ციხეში წამლავდნენ, ახლა კი ის პოლიტიკურ არენაზე გამოსასვლელად ემზადება. სააკაშვილი აღარ არის ის ფიგურა, რომლის მიერ “ვივამედში” დაწერილ სიას ტაშისკვრით შეეგებებიან.
თამარ შველიძე