საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

რუსეთმა ფრონტის ხაზი ახლო აღმოსავლეთში გადაიტანა და ომში “წუთშესვენება” აიღო – საერთო მედია
ნოემბერი 29, 2023

რუსეთმა ფრონტის ხაზი ახლო აღმოსავლეთში გადაიტანა და ომში “წუთშესვენება” აიღო

 

“საერთო გაზეთის” სტუმარია  ანალიტიკოსი,
ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი
იგორ კვესელავა:

_ ბატონო იგორ, რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა. უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებმაც აღიარეს, რომ რუსეთის გამოფიტვის მცდელობა შეცდომა იყო. როგორი გაგრძელება ელის ამ ომს?
_ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, თავიდანვე კეთდებოდა პროგნოზები, რომ ორ-სამ თვეში თუ არა, ერთ წელიწადში მაინც დამთავრდებოდა. მერე პრიგოჟინის თემაზე მოსკოვში განვითარებული მოვლენებისას ამბობდნენ: აი, “ვაგნერი” შევა მოსკოვში და, ფაქტობრივად, რუსეთი დამთავრებულიაო. იცით, რა მიკვირს? _ ამ პროგნოზებს მეცნიერები, მკვლევარები აკეთებდნენ. ეს მაშინაც სასაცილოდ მიმაჩნდა და ახლაც. ამ ომს მე ამერიკა-რუსეთ-უკრაინის ომს ვუწოდებ. მეტიც, ის ამერიკის, უკრაინისა და რუსეთის საზღვრებსაც გასცდა და არგამოცხადებულ მესამე მსოფლიო ომად გადაიქცა. ეს ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში რომის პაპმაც აღნიშნა. ომში მსოფლიოს ბევრი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის, აზიურიც. აუცილებელი არ არის, უკრაინას ზარბაზნებსა და ქვემეხებს უგზავნიდე. როცა მას იდეოლოგიურად, ასევე, ეკონომიკურად ეხმარები და სხვა სახელმწიფოს ბლოკადას უცხადებ, ეს ნიშნავს, რომ მის მხარეს ხარ. იარაღის მიწოდებაც ომში მონაწილეობაა. რუსეთ-უკრაინის ომი მეორე მსოფლიო ომისგან განსხვავდება. ეს გახლავთ ომი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით. აქ სამი კომპონენტია გაერთიანებული, რაც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ომი უფრო მეტად უკრაინას ანადგურებს, ვიდრე რუსეთს.
პარადოქსია, მაგრამ ამ ომით რუსეთი კი არ დასუსტდა, პირიქით, მოგებაც ნახა. ხომ უნდა დაფიქრებულიყვნენ, სანქციების დაწესება რას გამოიწვევდა? _ ბენზინის, ხორბლის ფასმა აიწია, რითაც რუსეთმა მოიგო. ფასების მატება საქართველოზეც აისახა. ეს იმის დასტურია, რომ ეს ომი საქართველოსაც დაეტყო, ევროპასაც, თავად რუსეთსაც და ბევრ სხვა ქვეყანასაც. რუსეთი ამბობს, რომ ეს სამხედრო ოპერაციაა. წარმოგიდგენიათ, ომი რა იქნება?! საინტერესოა, ომისთვის ემზადებიან თუ სამხედრო ოპერაციით აპირებენ უკრაინის დამარცხებას? დღეს უკრაინა განადგურებულია _ დაწესებულებები დანგრეული, ხალხი _ ზოგი დახოცილი, ზოგი დაჭრილი, ზოგიც გაქცეული.
ჩნდება კითხვა: როგორ უნდა აღდგეს უკრაინა _ ლენდ-ლიზის პროგრამით? _ კი ბატონო, ეს უკიდურესი გამოსავალია. ამერიკამ ანალოგიური საბჭოთა კავშირის პერიოდშიც გააკეთა, რასაც სტალინმა მოაწერა ხელი. ეს რას ნიშნავს? _ ვთქვათ, იარაღი თუ ერთი დოლარი ღირს, გადახდის გახანგრძლივების შემთხვევაში მისი ფასი ათ დოლარამდე ადის. ლენდ-ლიზი ჩვენთან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 2006 წელს დამთავრდა, რასაც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრემ _ რუსეთმა მოაწერა ხელი. ამჯერად ლენდ-ლიზის პროგრამა დაახლოებით ორმოცდაათ წელს გაგრძელდება.
_ ბატონო იგორ, რისთვის დაიწყო ომი _ ტერიტორიებისთვის?
_ ეს არ გახლავთ მხოლოდ ტერიტორიების საკითხი. წინა ინტერვიუებში ვისაუბრეთ, როგორ მიიღო უკრაინამ სახელმწიფოებრიობა. რაც შეეხება ყირიმს, ის თავის დროზე ცოტა ხნით დამოუკიდებელი იყო. მის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესი არსებობდა, რადგან შავი ზღვის ერთ-ერთი საზღვაო ცენტრია. ყირიმი სამასი წელი რუსების იყო. იმ პერიოდში ყირიმის გაჩუქება, რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიების ჩამოჭრა და უკრაინისთვის მათი გადაცემა მოხდა. ყირიმი საბჭოთა კავშირს ძალიან სჭირდებოდა. საბჭოთა კავშირი ერთიანი სამშობლო იყო და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ყირიმი ვის შემადგენლობაში იქნებოდა. მაშინ რუსეთთან საზღვრებიც კი არ გვქონდა. ანუ, ტერიტორიების გაცვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო როგორც უკრაინისთვის, ისე კრემლისთვისაც. მოსკოვმა მიიღო ის, რაც მიიღო იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი სამხედრო ძალას წარმოადგენდა, რომელსაც მოწინააღმდეგეებისთვის პასუხი უნდა გაეცა.
უკრაინა ევროპაში წიაღისეულით ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, ასევე, მას აქვს ნავთობი, ხორბალი. ეს წიაღისეული განსაკუთრებით დონეცკსა და ლუგანსკში მოიპოვება და, ალბათ, გასაგებია, რატომ მიდის ბრძოლა ამ ტერიტორიებისთვის… მოსკოვში უკვე ამ ომს აფასებენ მოსკოვში უკვე საუბრობენ, რომ ამ ომთან მიმართებით, ბაიდენმა შეცდომა დაუშვა. მან უკრაინის ხელისუფლებაში მოიყვანა ადამიანი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას დასთანხმდა. თორემ ომი ჯერ კიდევ 2014 წელს მზადდებოდა. ყველას გვახსოვს, როგორ არიგებდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიდანზე ფუნთუშებს. ეს იარაღის დარიგებას ნიშნავდა, მაგრამ იმ პერიოდში ომის დაწყება ვერ მოხერხდა. წლები გავიდა და ფუნთუშა იარაღად გადაიქცა.
საქმე ის არის, რომ ომმა სულ სხვა ხასიათი მიიღო. ის, ძირითადად, პოლიტიკური ხასიათისაა და მასთან ეკონომიკური, სოციალური და სხვა საკითხებია მიბმული. ჩემი ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება გარდაუვალი იყო. მომდევნო წლებში ნათელი მოეფინება, თუ რა და როგორ მოხდა. ამ ომისთვის ემზადებოდნენ ამერიკაც, უკრაინაც და რუსეთიც. რუსეთს ომი ორი ან თუნდაც ერთი წლის მერე რომ დაეწყო, უკვე დაგვიანებული იქნებოდა.
ახლა რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთში დატრიალებულ მოვლენებს, აღსანიშნავია, რომ არაბებს და ებრაელებს ერთი ძირი აქვთ. სტალინმა ებრაელებს საცხოვრებელი ადგილები გამოუყო. ერთი პერიოდი ებრაელების დასახლებას ყირიმშიც აპირებდნენ. იქ ახლა ბევრი ებრაელი ცხოვრობს. მაშინ ჩაფიქრებული იყო, რომ ყირიმში ებრაელთა რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო. მაგრამ სტალინმა ეს გეგმა არ მოიწონა და მათ ადგილები ციმბირის იქით მისცა, სადაც ებრაელების ნაწილი ცხოვრობდა. მაგრამ ებრაელები ჭკვიანები არიან და ამ ტერიტორიიდან წამოვიდნენ. იგივე სტალინმა 1946-47 წლებში, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვიტა ებრაელები ახლო აღმოსავლეთში დაესახლებინა, სადაც დღეს სახლობენ. ეს იყო სადგისი არაბულ საჯდომში. ებრაელებმა სტალინი დააფასეს. მის გარეშე მათ სახელმწიფო არ ექნებოდათ იქ, სადაც ამჟამად არიან. საქმე ის არის, რომ იქ ნავთობით მდიდარი ადგილებია. ვისი იქნებოდა ნავთობი, ამას მსოფლიოსთვის მაშინ უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა. ამას წინათ კატარში მქონდა შეხვედრები, სადაც საინტერესო რამ მითხრეს: ოცდაათი წლის მერე კატარში ნავთობი აღარ იქნებაო. ნავთობი ილევა, ის მუდმივი არ არის. მათ მითხრეს, რომ ემზადებიან ნავთობის ამოწურვის შემდგომი პერიოდისთვის. ორმოცდაათი-ასი წლის მერე არაბული სამყარო საინტერესო არავისთვის აღარ იქნება. რაც შეეხება უკრაინას, ის საინტერესო ქვეყანაა და აქტუალობას არასდროს დაკარგავს _ მას წიაღისეული გააჩნია. ამიტომ ამერიკის გათვლებით, უკრაინა უნდა გამხდარიყო სადგისი რუსეთის, ასევე, ევროპის საჯდომში.
ევროპა ამერიკას სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს. ევროპას ეგონა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდებოდა და ეს მათ ეკონომიკურ აღმავლობას მოუტანდა. არადა, პირიქით ამას ყველაფრის გაძვირება მოჰყვა. სოციალურმა თემებმაც წინ წამოიწია. ევროპა, პირველ რიგში, გერმანია და საფრანგეთი, მიხვდნენ, რომ უკრაინის გაძლიერება, მათ დასუსტებას ნიშნავდა. მაკრონი და შოლცი კონფედერაციული გეგმის შემუშავებას იწყებენ _ ფიქრობენ, რომ ევროპაში ზესახელმწიფოები გახდნენ, კონფედერაციით გაძლიერდნენ და თავიანთი სამხედრო არმია შექმნან. ასე რომ, ამერიკა გულზე არც ევროპას ეხატება.
_ როგორ ფიქრობთ, ახლო აღმოსავლეთის ომის ფონზე, დასავლეთი უკრაინას რუსეთის პირისპირ ხომ არ დატოვებს?
_ დიდი მადლობა, ძალიან გონივრული და ღრმა შეკითხვაა, ამაზე საუბარი ისედაც მინდოდა. დასავლეთი უკრაინას არ მიატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ წნეხს განიცდის. წარმოიდგინეთ, ყველაფერი, რაც ახლო აღმოსავლეთში მოხდა, რუსეთის ნამოქმედარია. “ვაგნერის” მოსკოვში “შეჭრაც” კი კრემლში დაიგეგმა. პუტინი ძალიან ძლიერია. ის რომ არა, რუსეთი დაიშლებოდა. ამერიკელი პოლიტიკოსები ეჭვს გამოთქვამენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომიც კრემლის მიერ იყო შეგულიანებული. დიახ, ეს ომი ბაიდენს რუსეთმა დააწყებინა. აი, ამ ზომამდე მიიყვანა ამერიკა. ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ამ ომს არ დაუშვებდა. ბაიდენი, როგორც პოლიტიკური მოაზროვნე, სუსტია. რუსეთ-უკრაინის ომი დროში გაიწელა. ამიტომ, ახლო აღმოსავლეთში _ ისრაელში, საუდის არაბეთში რუსეთმა ისეთი ვითარება შექმნა, რათა ომი დაწყებულიყო. ამერიკა ორ ფრონტზე აღმოჩნდა. ეს რუსეთმა გააკეთა, რათა თავად ცოტა ამოესუნთქა. მან ამ მსოფლიო ომში წუთშესვენება აიღო. ამერიკის, ევროპის პოლიტიკოსებში ამან დაბნეულობა გამოიწვია. ისინი საბოლოოდ უკრაინის გაწირვას არ დაუშვებენ, მაგრამ არც გამარჯვებას შეეგუებიან. ჩვენი ოპოზიციური ტელევიზიებით მუდმივად უკრაინის ქება გვესმის. ასე არ შეიძლება. ამით უკრაინას ღუპავენ. რუსი კიდევ რას მოიმოქმედებს, კაცმა არ იცის _ შეიძლება უკრაინას სხვა ქვეყანა დაუპირისპიროს. თუნდაც, ბელარუსი. ვფიქრობ, 2024 წელს ომი უნდა დამთავრდეს და მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. მაგრამ ვინ იქნება ამ მაგიდასთან? შესაძლოა, იქ უკრაინის ხელმძღვანელობა _ ზელენსკი ვერ დაჯდეს. დიახ, გამორიცხული არ არის, ყველაფერი ზელენსკის დააბრალონ. რუსეთი რომ დამარცხებულიყო, ყველაფერი პუტინს დაბრალდებოდა. ახლა უკრაინა მარცხდება და ყველაფერს ზელენსკის დააბრალებენ. ვიღაც უნდა გაიწიროს და განტევების ეს ვაცი თავის დროზე ზელენსკი იქნება.
_ ბოლოს გვითხარით, რა ვითარებაა, ამჟამად, ახლო აღმოსავლეთში ფრონტის ხაზზე?
_ როგორც აღვნიშნე, ახლო აღმოსავლეთში რაც ხდება, ეს რუსეთიდან მომდინარეობს. ებრაელები იმისთვის გამოიყენეს, რომ რუსეთს წუთშესვენება მისცემოდა. ებრაელებს არაბულ სამყაროს არ გაანადგურებინებენ და არც ებრაელების განადგურებას დაუშვებს ვინმე. დიახ, ანგლოსაქსური სამყარო ებრაელების განადგურებას არ დაუშვებს. ახლა დიპლომატიამ უნდა იმუშაოს და არა იარაღმა. ებრაელები უნდა მიხვდნენ: თუ იარაღით “მუშაობას” დაიწყებენ, დაიღუპებიან. პალესტინა ახლა ავტონომიაა და მან სახელმწიფოებრიობა უნდა მიიღოს. შეიძლება ებრაელებს უკან დახევა მოუხდეთ, სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული ქვეყნები ისრაელის წინააღმდეგ, მის გასანადგურებლად ერთიანდებიან. ხომ ხედავთ, დაიწყო შიდა გამოსვლები არამარტო რუსეთში, არამედ კავკასიაში, ევროპაშიც, აზიაშიც. არაბული სამყარო უზარმაზარია. ის, რაც ახლა ხდება, ებრაელების მხრიდან არაბული სამყაროსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს. არაბული სამყარო არაფერს დათმობს. პალესტინის ტერიტორია მცირეა, მაგრამ იქ რამდენიმე მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლის საშუალო ასაკი 25 წელია. სიკვდილი მათთვის გამარჯვებაა. რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთის საკითხი უმნიშვნელოვანესია, რაც რუსეთ-უკრაინის ომთან არის მიბმული. ეს მსოფლიო ომის შემადგენელი ნაწილია. რეგიონული ომის კერა ჯერ სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა, მერე უკრაინაში, ახლა კი ახლო აღმოსავლეთში.

თამარ შველიძე