საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ქვის სროლით საქართველოში ხელისუფლება აღარ შეიცვლება! – საერთო მედია
სექტემბერი 7, 2024

ქვის სროლით საქართველოში ხელისუფლება აღარ შეიცვლება!

 

“საერთო გაზეთის” სტუმარია
ანალიტიკოსი
ლევან ნიკოლეიშვილი:

– ბატონო ლევან, რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რა მოლოდინი გქონდათ და კონკრეტულად რას აძლევს ქვეყანას ეს სტატუსი?
– ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია მიგვეღო, თუმცა, ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორის გამო, ამის დიდი იმედი არ მქონდა. თუ გავითვალისწინებთ ოპოზიციის მავნებლურ ქმედებებს, რაც თვითონაც აღიარეს, რომ კარდაკარ დადიოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში და პირდაპირ ითხოვდნენ, საქართველოსთვის სტატუსი არ მიეცათ; ამას ემატებოდა სალომე ზურაბიშვილის ასევე მავნებლური ქმედებები, რაც თავადაც არაერთხელ აღნიშნა პრეზიდენტმა, რომ თითქოს საქართველო ამ სტატუსს არ იმსახურებდა; და რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული ლობისტების განწყობა, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რათა ის დღის წესრიგი მიეღოთ ქვეყანაში, რასაც მათ შემკვეთი აძლევთ; გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს არაერთი რეზოლუცია, არაერთი უსამართლო მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში და ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიცია იყო 50/50-ზე, სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.
ახლა კი ისეთი გახარებული ვარ, როგორც ჩვენი მოსახლეობის მოაზროვნე ადამიანების უმრავლესობა, რადგან ეს ჩემი ქვეყნისთვის წინსვლას, მეტ უსაფრთხოების გარანტიას და მეტ ეკონომიკური განვითარებას ითვალისწინებს, თუმცა, სტატუსი აპრიორი ევროკავშირის წევრობას არ ნიშნავს. ჩვენ ბევრი ქვეყანა ვიცით, ვინც წლების განმალობაში ელოდება კავშირში გაწევრიანებას სტატუსის მიღების შემდეგ, მაგრამ გულხელდაკრეფილი არ უნდა ვისხდეთ და კიდევ ბევრ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ.
არამხოლოდ საქართველოში, საქართველოს გარეთაც არიან პოლიტიკური აქტორები და ქვეყნები, რომლებსაც დიდად არ უხარიათ საქართველოს წარმატებები და ეს შიდა და გარეშე მტრები მუდმივად ეცდებიან, ხელი შეგვიშალონ.
– ოფიციალური წყაროების მიხედვით, ევროკომისიის რეკომენდაცია იმის გათვალისწინებით გაიცა, რომ მთავრობამ რეფორმების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას, ამჯერად უნდა შესრულდეს 9 რეკომენდაცია, თუმცა, რა ვადებში – ეს არავის უხსენებია…
– ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ რაღაც არ შესრულდება, კატასტროფა იქნება და თუ შესრულდება -ავშენდებით, რადგან ყველაფერი, მეტწილად, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. სწორედ პოლიტიკური ნება თამაშობს ძალიან დიდ როლს. გავიხსენოთ, რატომ მიიღო კანდიდატის სტატუსი კორუფციით გამორჩეულმა მოლდოვამ, რომელიც დსთ-ის წევრია და არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ სხვა ფაქტორებითაც საკმაოდ ჩამორჩება საქართველოს. მოლდოვას ჰყავს სერიოზული „ლობი“ რუმინეთის სახით. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოლდოვა უფრო ახლოა ევროპასთან და გეოგრაფიულმა მდებარეობამაც დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ევროკავშირისთვის გაერთიანებაში მისი ხილვა მეტად სასურველია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. და რატომ მიიღო სტატუსი უკრაინამ, რომელიც ნახევარი ქვეყანაა, ფაქტობრივად, დარჩენილი და საშინელება ხდება კორუფციის კუთხით?! – ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო!
მართალია, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს არ ესაზღვრება, მაგრამ ის არის გეოპოლიტიკური კარიბჭე და ყოველთვის სტრატეგიული როლი ექნება თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. კავკასიის ორი რესპუბლიკა, სომხეთი და აზერბაიჯანი დიდწილად არიან დამოკიდებული საქართველოზე და, მათ შორის, საქართველოში არსებულ მდგომარეობაზეც. ერთია, რომ აზერბაიჯანს უნდა ჩვენი ქვეყნის გავლით თავისი ენერგორესურესების გატანა ევროპისაკენ და მეორე – წარმოიდგინეთ სომხეთის მდგომარეობა, საქართველოში რომ არ იყოს მისთვის ხელსაყრელი სიტუაცია – ეს როგორ იმოქმედებს სომხეთის ეკონომიკაზე. ამიტომ ის, რაც ფორუმზე აღნიშნა სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა, მხოლოდ დიპლომატიური ჟესტი არ იყო, მან გულწრფელად მოგვილოცა სტატუსის მისაღებად წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან მის ინტერესებშიც შედის, თუკი მეზობელი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება. კავკასიის ქვეყნებს არ აძლევთ ხელს საქართველოში არასტაბილური მდგომარეობა.
ეს ყველაფერი, საბოლოოდ, ევროსაბჭომაც გაითვალისწინა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გარდა ამისა, იმაზეც დაფიქრდნენ, რომელი ხელისუფლება სჯობს – არსებული, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკას აწარმოებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ქვეყანა სტაბილურად განვითარდეს, თუ დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს, ყველანაირი მეთოდით მოვიდეს ქვეყნის სათავეში და ღიად აცხადებს, რომ საქართველოში საომარ მდგომარეობას დაიწყებს! ნორმალური ადამიანები ფიქრობენ, რომ ქვეყნის სტაბილურად განვითარება და მშვიდობიანი პოლიტიკა სჯობს იმგვარ სიტუაციას, რაც ახლა უკრაინაშია შექმნილი… თუმცა, გამოწვევები გრძელდება, მტრები ისევ არიან, მავნებლები ისევ არიან, მაგრამ ყოველგვარი შეთქმულების თეორიების გარეშე ვამბობ, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და გავაგრძელოთ გონივრული პოლიტიკა.
– გახარებული ვარო, ახსენეთ. თუმცა, ოპოზიცია, ეს დღეებია, გამუდმებით აპელირებს იმაზე, რომ თითქოს ხელისუფლებას და მის მხარდამჭერებს ევროსკომისიის გადაწყვეტილება არ გაუხარდათ, უბრალოდ, სხვა გზა არ ჰქონდათ და ამას ვერც მალავენ…
– ეს არის სასაცილო. სასურველი იქნებოდა, გვყავდეს ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციური ძალა, პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანები, რომელთა ხედვაც რეალობასთან ახლოს იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე რამდენი წელია ეს არ გვეღირსა. კარგი იქნება, რომ მმართველ გუნდს ვინმე ღირსეულ ოპონირებას უწევდეს, სთავაზობდეს საკუთარ ხედვას, პროგრამას, რომელიც უკეთესია, ვიდრე ხელისუფლების მიმართულება და გეზი, რადგან ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრის არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლებაც მეტად მონდომებული იქნებოდა. დასახავდნენ გეგმებს ეკონომიკის თვალსაზრისით, ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ოკუპაციის თვალსაზრისით… და ოპოზიციასაც ექნებოდა საშუალება, უკეთესად ემუშავა. თუმცა, ჩვენ გვყავს გვამებზე მონადირე „ომის პარტია“, რომელიც გამუდმებით ცდილობს, კომპრომატი მოძებნოს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ამით პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს.
არადა, სამყარო შეიცვალა, აღარ არის ისეთი, როგორიც საუკუნის დასაწყისში იყო და რადიკალური გზებით ხელისუფლების დამარცხება უკვე შეუძლებელი იქნება.
ოპოზიციისთვის კანდიდატის სტატუსი გახლდათ ერთგვარი იარაღი, ინსტრუმენტი, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო ქვეყნის კეთილდღეობის წინააღმდეგ. თუმცა, როგორც კი გაიგეს, რომ ევროკომისიისგან დადებითი გადაწყვეტილება იყო მოსალოდნელი, დაიწყეს ერთმანეთის დასმენა, რიტორიკა შეცვალეს და თქვეს, რომ ეს სტატუსი, თურმე, სულაც არ ყოფილა მნიშვნელოვანი…
ან თუნდაც, გამოდის პალიტრანიუსზე „ანალიტიკოსი“ გიორგი რუხაძე და ამბობს, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაცია, თურმე, უკრაინის დამსახურებაა და დღემდე ვერავინ მოიფიქრა ხელისუფლებიდან, აიღოს ტელეფონი, დაურეკოს ზელენსკის და ამისთვის მადლობა გადაუხადოს… – რა კომენტარი შეიძლება გააკეთო ამაზე?! ზელენსკიმ რატომ მიიღო ეს სტატუსი? – იმიტომ, რომ ომში იყო რუსეთთან. გამოდის, რომ რუსეთის დამსახურებაც ყოფილა და თუ რუსეთის დამსახურებაა, იქნებ, პუტინსაც გადავუხადოთ მადლობა! რუსეთს რომ ომი არ დაეწყო უკრაინისთვის, უკრაინა ხომ ამ სტატუსს ვერ მიიღებდა? წარმოიდგინეთ, როგორ აბსურდამდე მიდიან, მზად არიან, ნებისმიერი სისულელე წამოროშონ, ოღონდ რაღაცით ხელისუფლება დააზარალონ.
ვაღიარებ, მაქვს გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები, მაგრამ მომწონს ის პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ატარებს. ზელენსკი ვერ გახდება ჩემთვის გმირი, ადამიანი, რომელმაც თავისი უგუნური მმართველობით უკვე დაკარგა ტერორიტრიების 20 პროცენტი, აბსოლუტურად გაანადგურა უკრაინა, დაახლოებით 250 ათასი ადამიანია დაღუპული და ეს კაცი ჩვენ გმირად უნდა მივიღოთ? უკრაინის თავდაცვის მინისტრი ომის პერიოდში იქნა გათავისუფლებული თანამდებობიდან და როცა ასეთ დროს მინისტრს ათავისუფლებ, ესე იგი, რაღაც დააშავა ან უვიცია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ! ეს ის კაცია, ვინც თქვა, – კარგია, რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ვინაიდან ეს არის შესაძლებლობა, უკრაინა იქნას გამოყენებული პოლიგონად, სადაც ხდება იარაღის გამოცდა, ეს კი დიდ სარგებელს აძლევს იარაღის მწარმოებელ კომპანიებსო! ომი ნებისმიერ შემთხვევაში პოლიგონად განიხილება, მაგრამ ეს მოიწონო იმის ხარჯზე, რომ შენი ქვეყანა განადგურდეს და შენი მოსახლეობა დაიხოცოს – ხომ წარმოუდგენელია! აღარაფერს ვამბობ, რამდენი ლტოლვილი ჰყავთ უკრაინელებს. გაიხედეთ თბილისის ქუჩებში, მათი ძირითადი ნაწილი ახალგაზრდები არიან. მე ვერ ვარჩევ, რომელი რუსია და რომელი უკრაინელი, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ორივე ერის წარმომადგენლები ომს გამოექცნენ, ორივე კატეგორია წამოვიდა იმის გამო, რომ მათ არ უნდათ ომი, არ უნდათ სიკვდილი. არც პუტინის პოლიტიკას ეთანხმებიან და არც ზელენსკისას. ვიღაცები მოგვიწოდებენ, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ და ვიომოთ უკრაინაში, ასეც არის, იღუპებიან ამ ომში ქართველებიც, მაგრამ რის ხარჯზე? – ესაა საკითხავი! იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა კომფორტულად ისეირნონ თბილისის ქუჩებში?
– საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში მას შემდეგ შეხვდა, რაც ევროკომისიისგან ქვეყანამ რეკომენდაცია მიიღო. ვფიქრობ, ეს ძალიან დროული და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ჩვენი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივისთვის.
– იმ დროს, როდესაც შუაგულ ევროპაში ომია გაჩაღებული და არცთუ ისე კარგი სიტუაციაა, ღარიბაშვილის მიღება საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის მიერ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სწორედ ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი ქვეყნისთვის მხარდაჭერის გამოხატვა. როცა ასეთი ლიდერები ხვდებიან, მათ პირად კომუნიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის. აქ არ ხდება უბრალოდ დაპირების მიცემა, ამ დაპირებებს ასრულება უწერია, საფრანგეთი სერიოზული მოთამაშეა, როგორც მსოფლიოში, ასევე ევროპასა და ევროკავშირში, ამიტომ მისი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კიდევ ერთხელ მავნებლება ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან, როდესაც „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ თავიანთ გვერდებზე საფრანგეთის პრეზიდენტის ქართულად მოლოცვა და ფოტო გამოაქვეყნეს. ოფიციალურ სურათში მაკრონი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იყო აღბეჭდილი, მაგრამ მათ ამოიღეს ღარიბაშვილის სურათი და დატოვეს მხოლოდ მაკრონის ფოტო, ისე, თითქოს ჩვენი პრემიერ-მინისტრი იქ არც ყოფილა. ეს არის ისეთი იაფფასიანი ნაბიჯი, შეფასებაც კი, უბრალოდ, სასაცილოა, რა უნდა თქვა! ასეთი გაბოროტებული როგორ უნდა იყო, რომ შენი ქვეყნის სიკეთე გულს გიხეთქავდეს და ყველაფერში სარგებელს ეძებდე!
ჩვენს ოპოზიციას მე ტერორსტებს ვადარებ, რადგან ტერორიზმის ერთ-ერთი მიზანია, აჩვენოს მოსახლეობას, საერთაშორისო თანამეგობრობას და თავიანთ ორგანიზაციას, თუ რამდენად ძლიერები არიან თვითონ და რამდენად სუსტია ხელისუფლება, რომელმაც ვერ შეძლო პრევენციის განხორციელება. ეს არის მათი მიზანი და ამას რომ ვერ აღწევენ, არიან ახლართულები თავიანთ ქმედებებში. დღეს ერთ რაღაცას გამოეკიდებიან, ხვალ – მეორეს, ზეგ – მესამეს…
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ადამიანებს ლიდერად მიხეილ სააკაშვილი ჰყავთ, რომელიც იმდენად ჩამოუყალიბებელია თავის მიზნებში, რომ ხან შიმშილობს, ხან „კვდება“, ხან უკრაინელი პოლიტიკოსია, ხანაც ქართული პოლიტიკის „აღმაშენებელი“, მათგან რა უნდა გაგიკვირდეს! შესაბამისად, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ არ იცის, თუ ვინ არის მისი ლიდერი რეალურად: სააკაშვილი, კეზერაშვილი, ხაბეიშვილი თუ სხვა. ამაშიც ვერ ჩამოყალიბებულან და პლუს, არ გააჩნიათ სამოქმედო გეგმა. ამიტომ გამუდმებით ცდილობენ, აჩვენონ რაღაცნაირად, რომ თითქოს ხელისუფლება სუსტია, მაგრამ არც ეს გამოსდით.
– თქვენი აზრით, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ, როცა ოკუპანტი მის მშვიდობიან მოქალაქეს კლავს?
– რა უნდა გაკეთდეს და, უნდა ავაწრიალოთ საერთაშორისო თანამეგობრობა. მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც ამ ტერიტორიებზე პატრულირებს. უნდა მოვთხოვოთ მათ, რომ უფრო ეფექტიანად იყოს ეს მისია წარმოდგენილი. გრანტების უმეტესობა, რაც საქართველოში შემოდის არასამთავრობო სექტორზე, რომ გადაამოწმოთ, გაოცებული დარჩებით. რაში იხარჯება ეს ფული? ის მილიონები უნდა მოხმარდეს საქართველოს თავდაცვის ძალების და უსაფრთხოების მეტად გაძლიერებას და ამ მისიის უფრო ეფექტიან მუშაობას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უნდა ასრულებდეს თავის ვალდებულებას. მათ უნდა აწარმოონ მუდმივი მონიტორინგი, ვიდეო და ფოტოდოკუმენტაცია ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მითხარით, რა ფუნქცია აკისრია ამ მისიას, თავის ქნევის, ვიშვიშის და აღფოთება-შეშფოთების გარდა?
ვეთანხმები ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდში არცერთი ომი არ მომხდარა. მართლაც ასეა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არის საკითხები, რაზეც, ვფიქრობ, რომ უკეთაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მაგრამ ყველაზე მთავარი, მშვიდობა და ქვეყნის სტაბიულური განვითარება შეინარჩუნა ჩვენმა ხელისუფლებამ და არ დაუშვა, რომ ქვეყანა უფსკრულის პირას დამდგარიყო.
საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა, ძალიან ჭრელი პოლიტიკური გემოვნება გააჩნიათ ადამიანებს და სწორედ ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი გამოხატულება. აქაც მთავარი უნდა გაითვალისწინო, კარგს კარგი უნდა უწოდო და ცუდს – ცუდი და თუ შენ უკეთ შეგიძლია რაღაცის გაკეთება, უნდა თქვა, რას და როგორ გააკეთებდი, უნდა განვითარდე, რაღაც ისწავლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვა. ქვის სროლით და ფანჯრების მსხვრევით საქართველოში ხელისუფლება აღარ შეიცვლება!

ნონა ქარქაშაძე