მშვიდობა გადამწყვეტია!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიიღო “პარიზის მშვიდობის ფორუმში”.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა საქართველოს პრემიერს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ დადებითი რეკომენდაცია მისცეს ევროპულ საბჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდადის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა საფრანგეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ამ გზაზე თანადგომისათვის და ხაზი გაუსვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას. ამასთანავე, იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი კეთილიმეგობრული დამოკიდებულება კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც საქართველოს გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე წარმატებით გადასვლაში დაეხმარება.
სტუმარ-მასპინძელმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი იყო რეგიონისა და, ზოგადად, მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს შესახებაც. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და ისაუბრეს იმ პოზიტიურ როლზე, რომლის თამაშიც სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად საქართველოს შეუძლია. ბატონმა პრემიერმა ბატონი პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
ბატონი ღარიბაშვილი, იმყოფებოდა ემანუელ მაკრონისა და ბრიჯიტ მაკრონის სახელით გამართულ ვახშამზეც, რომელიც “პარიზის მშვიდობის ფორუმის” მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად ელისეს სასახლეში გამართა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა რომელსაც ქართულ ენაზე დაწერილი სტატუსი ერთვოდა: “ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით.”
მნიშვნელოვანი იყო ბატონი პრემიერის გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე “თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში _ მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე.”
ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ უერთდება კოლეგისა და მეგობრის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მადლობის სიტყვებს, რომელიც ეხებოდა აღნიშნული ფორუმის ორგანიზებასა და მათ მიწვევას ამ ფორუმზე და საკუთარ დასმულ შეკითხვას, მსოფლიოში არსებული ამჟამინდელი კონფლიქტებით გამოწვეული კრიზისები ვისზე აისახება, თავადვე გასცა პასუხი, რომ ეს, უპირველესად, თითოეული ამ ქვეყნის (არა მხოლოდ), მოსახლეობაზე, ზოგადად ხალხზე, მოქალაქეებზე აისახება.
პრემიერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გაურკვევლობებისა და არაპროგნოზირებადობის პერიოდში ვცხოვრობთ, რის მაგალითადაც უკრაინაში მიმდინარე ომი დაასახელა, რომლის არც დასასრული ჩანს და არც ამ ომიდან გამოსავალი. დაასახელა კონფლიქტები აფრიკასა და ნებისმიერ სხვა წერტილებში და აღნიშნა, რომ ყველა კრიზისა თუ კონფლიქტში გამოსავალი უნდა იყოს მშვიდობისკენ სწრაფვა; რომ მთავრობებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მშვიდობის მისაღწევად.
პრემიერმა დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ სურდა საქართველოს იმ წარმატების ისტორიის შესახებ საუბარი, რასაც საქართველომ ბოლო ათ წელში მიაღწია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: “როდესაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვედით, საქართველოს სტატუს-კვო იყო ასეთი: ქვეყნის 20% პკუპირებული იყო და კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ _ ეს ჩვენი რეალობის უდიდესი გამოწვევაა.
სამწუხაროდ, 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომი მოხდა; გასული საუკუნის 90-იან წლებში სამოქალაქო ომი გვქონდა; აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც ომები გვქონდა _ ეს ოკუპირებული ტერიტორიებია და მათ რუსეთის ფედერაცია უჭერდა მაშინ მხარს. ამდენად, საქართველოს ბევრი პრობლემა და გამოწვევა უნახავს.
ომი, რომელიც დაიწყო უკრაინაში, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის დიდი გამოწვევაა იმიტომ, რომ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, შემდგომი ესკალაციის ან რთული სცენარების აცილებას ვეცდებით თუ არ ვეცდებით, მას მაინც გავლენა აქვს ჩვენზე.
რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონში, მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში არსებული დაძაბული სიტუაცია ყველას გვაწუხებს. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველო ძალიან ობიექტური და, ვიტყოდი, რომ მიუკერძოებელი მედიატორი, ფასილიტატორი და მეგობარია, რომელსაც ორივე ქვეყანა ენდობა. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, პირადად მაქვს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ორივე ქვეყნის ლიდერთან. საქართველოს ინტერესებშია გრძელვადიანი, ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენს რეგიონში.
ჩვენმა მთავრობამ შეძლო უწყვეტი, უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ნებისმიერი წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა. ეს ერთადერთი პერიოდია, როდესაც საქართველოს არცერთი ომი არ უწარმოებია და არც ტერიტორიები დაგვიკარგავს, პირიქით, ვიზრდებით, ვმდიდრდებით და ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ისეთი რამ არის, რასაც კეთილდღეობა მოაქვს ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის.
რა თქმა უნდა, ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევა კვლავ არსებობს, არ გამქრალა, მაგრამ სტრატეგიული თმენის პოლიტიკა ავირჩიეთ. რატომ ვამბობ ახლა ამას? არის რაღაცები, რასაც მყისიერად ვერ მოვაგვარებთ, ხომ ასეა? ამიტომ, საჭიროა მოთმინება გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც უნდა მივყვეთ და თამნმიმდევრულნი უნდა ვიყოთ ამ გეგმის შესრულებაში.
ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ ძალიან მიმზიდველი და შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა და მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწია. მქონდა პატივი, რომ 2014 წელს ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე; თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაც გავაფორმეთ ევროპასთან, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოგვენიჭა ევროკავშირის ტერიტორიაზე; გასული წელიც ისტორიული აღმოჩნდა და ოროიდე დღის წინათ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ევროკომისიის მიერ, მან რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებზე _ ეს ისტორიული მიღწევაა!
რატომ? იმიტომ, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს, ჩემს მთავრობას და ჩვენს მმართველ პარტიას ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომელიც შეუქცევადია და გულისხმობს ევროპასთან დაახლოებას, ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას გულისხმობს. ამ მიმართულებით თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, ამ ეროვნულ, ასე ვთქვათ, გეგმას ვუახლოვდებით.
ამავდროულად, შევძელით ჩვენი ეკონომიკის გაზრდა. ამჟამად სომხეთთან ერთად მსოფლიოს ყველაზე სწრაფმზარდი ეკონომიკა გვაქვს. ეს არ არის შემთხვევითი, რადგან კარგ დარგობრივ პოლიტიკას და ეფექტურ მმართველობას ვაწარმოებთ. მაგალითად, გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეკორდულ მაჩვენებელზე ავიდა; უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები _ ისტორიულ მაქსიმუმზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოში მსგავსი არაფერი მოხდებოდა მშვიდობის გარეშე.
მშვიდობა გადამწყვეტია!
მშვიდობა არის ის, რისკენაც ყველა უნდა ვისწრაფოდეთ. მსოფლიოს ნაკლები ომი და მეტი მშვიდობისმყოფელი სჭირდება, რადგან, რასაც ამჟამად ვხედავთ, ძალიან გვაწუხებს. როდის დასრულდება ომი უკრაინაში? ძალიან გვაწუხებს ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში ან სხვაგან. ამიტომ, საქართველო და მსგავსი პატარა ქვეყნები, მაგრამ ძლიერი ერები, დაინტერესებულები უნდა იყვნენ მშვიდობის შენარჩუნებით, სტაბილურობითა და მოსახლეობის კეთილდღეობით.
ერი ვახსენე და აქვე უნდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი უძველესი ერი ვართ დედამიწაზე. ხალხს და, ზოგადად, მსოფლიოს ერებს სიცხადე, გარკვეულობა სჭირდებათ. ახლა ვერ ვხედავთ ამას, _ არც პრიგნოზირებადობა არსებობს, არავინ იცის, რას მოიტანს ხვალინდელი დღე. ვის შეუძლია ამ ტიპის პრობლემების გადაჭრა? დიდ ქვეყნებს, დიდ სახელმწიფოებს! აქვე გავიმეორებ, რომ საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და მსგავს ქვეყნებს სჭირდებათ ნათელი ხედვა დასავლეთის დიდი სახელმწიფოებისგან. ხომ ასეა? ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და დავადასტურებ, რომ საქართველო დაინტერესებულია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით! აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან ფრთხილი, მაგრამ გონივრული პოლიტიკით მოვახერხებთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას. ეს ერთადერთი არჩევანია, რაც ამჟამად საქართველოს გააჩნია.
ხაზი მინდა გავუსვა _ ბოლო ათი წლისა და მეტი ხნის განმავლობაში არაფერი გვიკეთებია ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან ეროვნული ინტერესების ხარჯზე, ყველაფერს ჩვენი ხალხისთვის ვაკეთებთ და მხოლოდ იმას ვაკეთებთ, რაც საუკეთესოა ჩვენი ხალხისთვის და მომავლისთვის!
ბოლოს, დავამატებ _ ორი წლის წინათ წარმატებით ჩავატარეთ რიგით პირველი მედიაცია და ამის პრეცედენტი შევქმენით პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ალიევთან ერთად, როდესაც აზერბაიჯანმა 15 დაკავებული პირი გაათავისუფლა საქართველოს მედიაციის გზით, ხოლო სომხეთმა მას გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. ამდენად, საქართველოს შეუძლია ამ შედეგების მიღწევა და მიმაჩნია, რომ აქ ნდობის ფაქტორია გადამწყვეტი, როდესაც ერთი მხარე მეორეს სთავაზობს მედიატორს, მას ორივე უნდა ენდობოდეს _ თუ ნდობა არ იარსებებს, არც მედიაცია იქნება წარმატებული.
და კიდევ ერთი რამ _ წლევანდელი წლის იანვარში დავოსში მაქვს ნათქვამი, რომ შეიძლება, მხარეები ერთმანეთს არ ენდობოდნენ, მაგრამ თანამშრომლობა უნდა შედგეს. თანამშრომლობისა და მშვიდობიანი დიალოგის გარეშე არ იარსებებს მშვიდობა!
საქართველოს პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა აქვს როგორც სომხეთთან, ისე _ აზერბაიჯანთან. ამდენად, ამ სიტუაციაში საქართველო ვერ იქნება მიკერძოებული, ვერცერთის მხარეს ვერ დავიჭერთ, საქართველო ნეიტრალურია 100%-ით.
პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულ თვეში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სომხეთისა და აზრებაიჯანის პრემიერ-მინისტრების სტუმრობის დროს რეგიონის სამივე ქვეყანამ შეძლო სამომავლო თანამშრომლობის შესახებ საუბარი, ასევე, განიხილეს არსებული სირთულეებიც და ბარეირების დაძლევის გზებიც.
პრემიერმა დაგმო ტერორიზმი და იმავე პათოსით დაასრულა, რომ, როდესაც საკითხის ომის გზით გადაწყვეტა ვერ ხერხდება, მხარეები უნდა დასხდნენ და დაილაპარაკონ.
“საერთო გაზეთ”