საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

როგორ იცავს ევროპული სამართალი “აღვირახსნილი” მედიის უფლებებს! – საერთო მედია
სექტემბერი 18, 2024

როგორ იცავს ევროპული სამართალი “აღვირახსნილი” მედიის უფლებებს!

მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭოს წევრი გავხდით და საერთაშორისო კონვენციას შევუერთდით, ვალდებულება ავიღეთ, საერთაშორისო სამართლის პრინციპები გაგვეთვალისწინებინა.
ქართული მართლმსაჯულებისთვის სახელმძღვანელოდ მიიჩნევა საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული პრაქტიკა. ჩვენი ქვეყნის სასამართლოს ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ ნახავთ, დატვირთული რომ არ იყოს ევროსასამართლოს პრეცედენტული მსჯელობით.
ევროპული კონვენციის თანახმად, სტრასბურგის სასამართლოს აქვს ფუნქცია, არა მხოლოდ დააკისროს თანხის გადახდა კანონის დამრღვევ სახელმწიფოს (ვინაიდან ნებისმიერ საქმეზე ის მოპასუხე და პასუხისმგებელი პირია), არამედ აკონტროლოს თავისი გადაწყვეტილებების აღსრულებაც.
ევროსასამართლოს უფლება აქვს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასცეს განკარგულება დროებითი ღონისძიების შეჩერების გამოყენების შესახებ, შეაჩეროს ნებისმიერი სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. გვახსოვს, ალბათ, „რუსთავი-2“-ის საქმე, როცა ევროსასამართლომ გამოიყენა ეს ღონისძიება, რაც ანგაჟირებულმა მედიამ მაშინ დიდ გამარჯვებად მიიჩნია. თუმცა, საბოლოოდ, ტელევიზიის წინააღმდეგ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა და ქონება მის ნამდვილ მფლობელს დაუბრუნა. ვიმეორებ, ევროსასამართლოს, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე, სიტყვის თავისუფლების დარღვევის საშიშროებას ემუქრება, უფლება აქვს, შეაჩეროს ნებისმიერი აღსრულება და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება საჩივრის ავტორი.
რა გავლენა შეიძლება იქონიოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ სხვა ქვეყნის წინააღმდეგ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა? ევროპის სამართალი პრეცედენტებზეა აგებული, ხშირად დამცველი ადვოკატებიც სწორედ ამგვარ სამართალზე აფუძნებენ დაცვის სტრატეგიას, რაც, ხშირ შემთხვევაში, წარმატების მომტანია. ქართველმა მოსამართლემაც იცის, რომ განსახილველი დავა სწორად უნდა გადაწყვიტოს, გაითვალისწინოს სტრასბურგის მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც, შესაძლოა, პირდაპირ ან ირიბად ეხება მის განსახილველ საქმეს, უნდა იყოს სამართლიანი და ზედმიწევნით დაიცვას ევროკონვენციის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს მიაყენებს, რადგან ხშირად ევროსასამართლო დამარცხებულ მხარეს სოლიდური თანხით აჯარიმებს, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე ანაზღაურდება. როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები აღნიშნავენ, საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობის შემცირებაც სწორედ ამ ფაქტორებს უკავშირდება.
უსაზღვრო თავისუფლების გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნები თანამედროვე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს მენტალურად ხშირად ვერ ეგუებიან, მაგრამ, როგორც გამოცდილებით აღმოჩნდა, ევროპული კანონმდებლობა სხვებთან შედარებით უკეთესად იცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. კარგად გვახსოვს გირგვლიანისა და რობაქიძის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტების შინაარსი, რამაც მაშინ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნაციონალური ხელისუფლების გარკვეული დოზით შესაჩერებლად.
მაგრამ როგორ უყურებს იგივე ევროსასამართლო ეგრეთ წოდებულ მეოთხე ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს? ამჟამად ჟურნალისტის კონფიდენციალურობის წყაროს დაცვის საკითხს შევეხებით და დეტალურად მიმოვიხილავთ საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულ ერთ-ერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებას. კერძოდ, აქვს თუ არა ჟურნალისტს უფლება, მათ შორის სასამართლოს ვერდიქტის დავალების საფუძველზეც, გაამჟღავნოს კონფიდენციალური წყარო, ანუ ეგრეთ წოდებული ინფორმატორის ვინაობა.
საქართველოს კანონმდებლობით, სიტყვისა და გამოხატვის შესახებ ჟურნალისტს ავალდებულებს, დაიცვას კონფიდენტი, ინფორმატორი, ვინც ინფორმაცია მიაწოდა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს მოწმის სახით მაინც იბარებენ და გამოძიება სახელმწიფო ინტერესების მოტივით, წყაროს გამჟღავნებას სთხოვს.
2010 წელს სტრასბურგის სასამართლომ ნიდერლანდების სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო მედიისთვის სახელმძღვანელოდ იქცა.
ნიდერლანდებში საავტომობილო ჟურნალის კომპანიამ გადაწყვიტა, გამოექვეყნებინა სტატია უკანონო საგზაო რბოლების შესახებ. ჟურნალისტებმა რბოლის ორგანიზატორებისაგან მოიპოვეს ნებართვა, გადაეღოთ ფოტოსურათები იმ პირობით, რომ ისინი არ გაამჟღავნებდნენ მონაწილეთა ვინაობას. რედაქციამ ტექნიკურად ისე დაამუშავა ფოტომასალა, რომ გამოქვეყნებისას ვერ მოხდებოდა ავტომობილებისა და მონაწილეთა იდენტიფიცირება. სტატიის გამოქვეყნებამდე ნიდერლანდების პროკურატურამ დაიბარა ჟურნალის რედაქტორი და მოსთხოვა ფოტოების ჩაბარება, რადგან ეს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საქმეს ეხებოდა.
იმ შემთხვევაში, თუ გამოცემის ხელმძღვანელი პროკურატურას არ დაემორჩილებოდა, მას დააკავებდნენ და გამომცემლობას იძულებით მთლიანად გაჩხრეკდნენ. ვინაიდან გამომცემლობა კონფიდენციალურ წყაროს იცავდა, ფოტოების გადაცემაზე უარი განაცხადა, რის გამოც რედაქტორი ოთხი საათის განმავლობაში დააკავეს, ხოლო სადავო ფოტოები ჩამოართვეს. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა რედაქციიდან საქმის მასალების ამოღების გადაუდებლობის შესახებ და ამის აუცილებლობა იმით დაასაბუთა, რომ ფოტოები საჭირო იყო ავტომანქანის იდენტიფიცირებისათვის, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ის გამოიყენეს შეტევისათვის და, შესაბამისად, გამოძიება საგზაო რბოლას კი არა, უფრო დიდი დანაშაულის პრევენციას ეხებოდა.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და, ფაქტობრივად, გაიმეორა ბრალდების მოსაზრება: როცა საქმე დანაშაულის გახსნას ეხება, ჟურნალისტური პრივილეგია არ არსებობს.
რედაქციამ, რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა ჩხრეკის შესახებ ადგილობრივი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და განმარტა, რომ სასამართლოს ბრძანება უკანონო და რედაქციის საქმიანობაში უხეშად ჩარევა იყო.
ცნობისათვის, ევროპის სასამართლო, კანონის მიხედვით, არ აფასებს, რამდენად სწორად გადაწყვიტა ამა თუ იმ ქვეყნის სასამართლომ საქმე, არამედ აფასებს პროცედურებს, დაცული იყო თუ არა მომჩივანის, როგორც მხარის ევროკონვენციით გათვალისწინებული უფლებები, სამართლიანი სასამართლოს ქონისა და ხელმისაწვდომობის უფლება. ამ საქმეში სადავო სწორედ ის პროცესუალური დარღვევა იყო, რომელიც ნიდერლანდების პროკურატურამ გამომცემლობის წინააღმდეგ განახორციელა, როცა ჟურნალის ოფისში უკანონო ჩხრეკა-ამოღება ჩაატარა.
სტრასბურგის სასამართლომ დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ დააკმაყოფილა გამომცემლობის საჩივარი და განმარტა: „განსახილველ შემთხვევაში კანონის ხარისხი იყო არასაკმარისი იმ პროცედურის არარსებობის ფარგლებში, რომელსაც თან მოსდევდა ადეკვატური სამართლებრივი გარანტიები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა იმის დამოუკიდებელ შეფასებას, სისხლის სამართლის გამოძიებამ გადაწონა თუ არა საჯარო ინტერესი ჟურნალისტური წყაროს დაცვაში. ამგვარად, ჩარევა არ იყო „გათვალისწინებული კანონით“. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს ყოველი ღონე უნდა ეხმარა, დაეცვა ჟურნალისტისათვის კანონით გათვალისწინებული გარანტიები და რომ ნიდერლანდების სახელმწიფოს პროკურატურის ამგვარი ქმედება ძირს უთხრის კონფიდენციალურობის ძირითად არსს.
არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ ჩვენი ეროვნული კანონმდებლობით დაცულია ჟურნალისტის უფლებები. სისხლის სამართლის კანონმდებლობით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადი ქმედებაა და მას (ჟურნალისტს) აქვს უფლება, არ გაამჟღავნოს ის კონფიდენციალური წყარო, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა.

“საერთო გაზეთი”
ლევან ჭიღლაძე