“ბე-ს ორმოცი” როდის გვიწევს, 15 დეკემბერსო?

ჯერ მხოლოდ “ბე” მოგვცეს…
რა წარმატებასა და პროგრესს მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი, ვნახავთ, თუმცა ეჭვი მღრღნის და ვფიქრობ, ჩვენი სწრაფვა ევროპისკენ, ერთგვარად, იმ ვითარებას ხომ არ ჰგავს, რომელიც საბერძნეთის ოსმანური ოკუპაციის პერიოდს ეხება:
ათონის მთის მონასტერში უფლის წინაშე წარსადგენად გერონდა ემზადებოდა (გერონდა _ ბერი; სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; ასაკოვანი მონაზონი; ღვაწლმოსული მოძღვარი). მასთან განშორებას ძლიერ განიცდიდა მისი მოწაფე, ახალგაზრდა ბერი, შენ შემდეგ ერსა თუ ბერში, განკაცებული ანგელოზი როგორ და სად ვნახოო. გერონდამ დაამშვიდა, არის ასეთი, თესალონიაში “კოსტა ვაჭარი” მოძებნე, მისი ტერფის ღირსიც კი არ ვარ მეო. მოძღვარის დაკრძალვისთანავე წავიდა ახალგაზრდა ბერი თესალონიკში და “კოსტა ვაჭრის” ძებნაში დიდ საროსკიპოს მიადგა. გაოცდა ბერი, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, გერონდას ნათქვამს უნდა მიჰყოლოდა. არანაკლებ გაოცებულ როსკიპებს ჩაუარა და საროსკიპოს მფლობელის კარზე დააკაკუნა. გაუღო კოსტამ კარი და როდესაც მოისმინა, ვინ იყო, როგორ და რატომ მივიდა მასთან, საკუთარი სადგომიდან მეორე, საიდუმლო კარი გაუღო და უცნაურ სივრცეში გაიყვანა _ სამონაზვნე სამოსში გამოწყობილი ათობით ქალი ხელსაქმით იყო დაკავებული. “კოსტა ვაჭარმა” ბერს აუხსნა, რომ თვეში ერთხელ იგი სტამბოლის მონათა ბაზარს ესწრება, სადაც საროსკიპოს მფლობელის რანგში, მართლმადიდებელი ქვეყნებიდან გატაცებულ ქალწულებს ყიდულობს და მათ გადარჩენის შანსს აძლევს. რომ, ფაქტობრივად, მის მიერ მოწყობილ “დედათა მონასტერში” ლოცვის, ხელსაქმისა და სულიერი გადარჩენისთვის ყველანაირ პირობას უქმნის საროსკიპოდან შემოსული თანხებით.
ბერმა ჩაფიქრებულმა დატოვა საროსკიპო. ალბათ, ფიქრობდა, რამდენად თავსებადი იყო ერთმანეთთან საროსკიპო და მიწიერი ანგელოზების სამყოფელი, მაგრამ გერონდას მიერ კოსტას უმაღლესი შეფასება გადამწყვეტი და უპირობო იყო მისთვის…
საქართველო ხომ სალხინობელი ქვეყანაა, უჭირს თუ ულხინს, მაინც ილხენს და მოვდივართ ასე. ლეგენდაც კი გვაქვს, დედამიწაზე ადგილები რომ ნაწილდებოდა, ქართველები დაგვიანებით მივიდნენ და როდესაც ჰკითხა არსთა გამრიგემ, სად იყავით, რატომ შეგაგვიანდათო, უპასუხეს, ღვთისმშობლის სადიდებელს ვსვამდით და ამის გამოო. ღვთისმშობელმა ამიტომაც არგუნა ქართველებს საკუთარი წილხვედრი, სამოთხის სადარი წალკოტი დედამიწაზე, საქართველოს ტერიტორიაო. ჰოდა, ახლაც ბუკსა და ნაღარას ვკარით, არიქა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვცესო და 20-ლიტრიან ბოცას ვეცით მწვადი-წალამით, ლხინის მიზეზი მოგვეცა _ ნეტავ, ჭკუიდან არ გადავიდოდეთ…
თუ გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილის მხურვალე გულშემატკივარი ასაკოვანი ქალბატონი საქართველოს (ფაქტობრივად “ნაცების”) დროშას რომ იქნევდა და ნეტარებით მღეროდა: “რა დროშა მოგვცა მიშამა,/ წითელი, გრძელტარიანიიი”, ახლაც იგივე ტექსტი მესმის, ოღონდ ფერი შეიცვალა, წითლის ნაცვლად “ლურჯი და ვარსკვლავიანი” გახდა, ტარის სიგრძისას ვერაფერს ვიტყვი, თუ უფრო არ დაგრძელდა, იმავე სიგრძისა იქნება. საქმე ის გახლავთ, რომ მაშინ ერთი ქალბატონი მღეროდა, ახლა ბევრი ერთად მღერის და კაცებმაც მხარი აუბეს, თან “გილოცავთ! გილოცავთ!” გასდევს ფონად.
ავლიპ ზურაბაშვილს პრეზიდიუმში არ უყვარდა ჯდომა და როდესაც მიუთითებდნენ, ბატონო ავლიპ, თქვენი ადგილი პრეზიდიუმშია, ამობრძანდითო, პასუხობდა, აქედან უკეთესად გაკვირდებითო. ასე ვარ მეც, ვზივარ პარტერში და ვაკვირდები სრულიად საქართველოს. პაპა ავლიპი რა დასკვნას დადებდა, ვხვდები _ რეაქტიული ფსიქოზი!
ნევროზებისგან განსხვავებით, რეაქტიული ფსიქოზებისთვის ფსიქომოტორულ და აფექტურ დარღვევებთან, ბოდვებთან და ჰალუცინაციებთან ერთად, აღინიშნება ისტერიული დარღვევები, რომლებიც ხშირად გონების მოშლით მიმდინარეობს. ავადმყოფები კარგავენ საკუთარი მდგომარეობის კრიტიკულად შეფასების, ქცევის კოორდინირებისა და შექმნილ სიტუაციაში ადეკვატურად მოქცევის უნარს…
“-დალი!
– ჩტო დალი!
– დვაცატშესტ ბე დალი” (“მხ/ფ “მიმინო”)
ფილმის პერსონაჟის, რუბენ ხაჩიკიანისა არ იყოს, ასეა ჩვენი საქმეც, “ბე” მოგვცეს, “ბე” და რა ტაშ-ფანდური ატყდა? ცალკეული წმინდანის წამების დღის მოლოცვისა არ იყოს, რას ულოცავენ ერთმანეთს, რა სჭირთ, სიტყვების მნიშვნელობის აღქმის უნარი დაკარგეს?
რეკომენდაცია _ ვისიმე მუშაობის, საქმიანობის დადებითი დახასიათება წერილობით ან სიტყვიერად.
ჰოდა, რას ულოცავენ ერთმანეთს, რომ სადღაც კარგად დაახასიათეს? ან “პოლიტიკური გამარჯვება” დაარქვან, ან “ტაქტიკური გამარჯვება”, ან რამენაირი რაღაც გამარჯვება, სულაც თუნდაც “ვიწროპარტიული გამარჯვება”, რომ გამარჯვება მაინც გახდეს მისალოცი…
ფაქტობრივად, პაპა ავლიპთან ვაფრინე ელვა-დეპეშა!
“დიახ, საქართველოს სტატუსი აქვს, მაგრამ მას ვერავინ მიიწერსო”, რომ გამოაცხადეს ანონსად _ კარგი, ვთქვათ, ისე გიხარია ვიღაცამ სადღაც კარგად რომ დაახასიათა საქართველო, დამსახურების მითვისება გინდა. ვიღაცა ხარ, ღიმილი და კმაყოფილება მაინც მიიხატე სახეზე, რატომ ჰგავხარ ლიმონნაჭამს? არა, ოპოზიცია ღიმილს როგორ მიიხატავს, ისეთ ნაცარში ჩაუვარდათ კოვზი, ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი ესიზმრება უკვე, ოღონდ ჯერ არ იციან, რანაირად მოქარგონ ეს ამბავი…
პირადად ჩემი პოზიცია ასეთია – რაღაც კავშირს, რომელმაც გაამართლა კონტრაცეპტივებზე თამარ მეფის (ზოგადად, მართლმადიდებელი წმინდანების) მიხატვა, ვერანაირად ვერ მოვიწონებ და ვერ მივესალმები; თუ მაქებს, დავფიქრდები, საჩემოს კი არა, საიმათო საქმეს ხომ არ ვაკეთებ-მეთქი. უპირველესად, ვიტყვი, სულაც არაფრად რომ არ უღირდეს ვინმეს მოცემული რეკომენდაცია და ევროკავშირი, მხოლოდ იმიტომ მაინც არის ფასეული, რომ საფუძველი გამოაცალა დეკემბერში დაგეგმილ ე. წ. მაიდანს და, შესაბამისად, ე. წ. ანტიმაიდანსაც – დანარჩენს კი მივყვეთ, ვნახოთ, რა ხდება საყველიეში…
მეგი გოცირიძემ მიახალა საქართველოს, მიშასი და ევროკავშირის ღირსი კი არა, “მაკდონალდსში” არ ვართ შესაშვებიო. ჩკონია-კოლა-კოკა რა ხასიათზე დადგება, არ მაინტერესებს, მე მხარს ვუჭერ მეგი გოცირიძეს, არ შეგვიშვან “მაკდონალდსში”!
ე.წ. ოპოზიციის, ანუ უცხო ქვეყნების აგენტების ლაი-ლაის ამბავი ასე დაიწყო: თუ რეკომენდაციას მოგვცემენ _ ხელისუფლების კი არა, ხალხის დამსახურება იქნებაო _ იგულისხმებოდა, ჩვენი დამსახურება იქნებაო;
თუ რეკომენდაციას არ მოგვცემენ _ ხელისუფლების ბრალი იქნებაო.
ახლა წინ წაიჩოჩეს: საქართველოს სტატუსი აქვს, ოღონდ ვერავინ მიიწერსო;
თუ 15 დეკემბერს საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, მთავრობა უნდა გადადგესო.
თუ საქართველოს არ მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს და ამიტომ საქართველოს მთავრობა უნდა გადადგეს, რადგან მისი ბრალი იქნება, თუ მიანიჭებენ, რატომ არ არის მთავრობის დამსახურება? მოკლედ, წარმატება ოპოზიციის არის, წარუმატებლობა _ მთავრობის. ამათ რომ ჰკითხო, ხალხი ცალკე შედის ევროკავშირში, მთავრობა _ ცალკე. ესენი თუ ჯანმრთელები არიან, დამსახურება-ბრალეულობას ასე როგორ ანაწილებენ?
ჯერ არაფერი მოუციათ, მხოლოდ “ბე” მოგვცეს, ახალი სტაფილო ჩამოგვიკიდეს ცხვირწინ, მაგრამ ის “ბეც” რომ არ მოეცათ, ამიტომ დაძრწოდნენ ევროპის ქვეყნებში საქართველოს მავნებელი საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნების აგენტები და ცრუ ინფორმაციებს აწვდიდნენ ევროპარლამენტარებს.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოცქრიალდა და გვითხრა: “ვაფიქსირებთ, რომ მთავრობამ გადადგა ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯები. შესაბამისად, კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.” ეს გავეშებული აგენტი-სპეკულანტები დეიდა ურსულასაც კი აღარ უჯერებენ…
იქით ჯოზეფ ბორელი გამოიბარჯღა: “ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა საკუთარი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი. ევროკომისია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას აძლევს. ევროკავშირის კარი ღიაა. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე.”
ეგენი ვინ არიან, როდესაც ზურაბ “გირჩი” ამბობს, ლაზარე გრიგორიადისის დამსახურებაა, მას უნდა ვუმადლოდეთ საქართველოში ევროპული მომავლის შემობიჯებასო. რას ამბობს ეს პოლიტცვედანი, სწორად მესმის? მამის დუნდულაში დაჭრა, მოლოტოვის კოქტეილით პოლიციელის დაწვა, სახის უცნაური მოხატვა თუ უცნაური ჩაცმა (და კიდევ სხვა რამეც) არის ევროკავშირის საშვიო, რაღაც საგანმანათლებლო კლუბებში ამას აჯერებენ გაუნათლებელ მოზარდებს? როგორც ჩანს, ასეა…
რა ამ სიტყვის პასუხია და ახლა ჩვენ “რუსული ოცნების” “რუსული რეკომენდაცია” მივიღეთ?
ბისმარკის სიტყვებია: “100 შავი და 100 წითელი ჭიანჭველა რომ მოვათავსოთ ქილაში, არაფერი მოხდება, მაგრამ თუ ამ ქილას ძლიერად შევანჯღრევთ, ჭიანჭველები დაიწყებენ ერთმანეთის ხოცვას. წითლები შავებს თავიანთ მტრებად მიიჩნევენ, ხოლო შავები წითლებს. სინამდვილეში, ნამდვილი მტერი ის არის, ვინც ამ ქილას ანჯღრევს. იგივე ხდება ადამიანებშიც. ასე რომ, სანამ ადამიანები ერთმანეთს თავს დაესხმებიან, უნდა იფიქრონ, ვინ ანჯღრევს ქილას.”
ვინ ანჯღრევს “ქილა-საქართველოს”, კარგად ვიცით, ამიტომ ატეხეს გნიასი მარტში, ჰოდა, ამიტომაც სასწრაფოდ და აუცილებლად მისაღებია ამერიკული კანონი “ფარა”, სწორედ პირდაპირ გადმოტანილი და არა შერბილებული!
“ბე-ს ორმოცი” როდის გვიწევს, 15 დეკემბერსო?
გამამხიარულა ბატონი დავით ქართველიშვილის ენამახვილობამ: “და აი ისიც – ნიკა გვარამია, თავისი აბდაუბდა ტექსტით, “პირველი მერცხალი” ბრიუსელში გამოცხადებული ვერდიქტის “ქავერისა” და ინტერპრეტაციის ავტორი. მოგვცესო (ამათი დედა ვატირეო)! მაგრამ, მოგვცესო კრედიტის “პონტშიო”! 15 დეკემბერს “ნაფიც მსაჯულთა” სრულმა შემადგენლობამ უნდა დაადასტუროსო, და შეიძლება ისეც მოხდესო, რომ სრული კონსენსუსი (ამის დედა ვატირეო) არ შედგესო. ამიტომ, 40 დღით ადრე ნუ გავიხარებთო მაინც და მაინცო და “ჩერეზჩურო” – “საზვერეები” ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვსო.
თუმცაო, ჩვენ კი არა – ეს “საზვერეები” ხელისუფლებას აქვსო გასავლელი და ჯერ კიდევ დრო გვაქვსო, რომ ჩვენმა ლუციფერის მეზვერეებმა მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან მას. ისეთ დღეში ჩააგდონ, რომ “ჭეშმარიტ” (ანუ, ჩვენებურ) ევროპულ ფასეულობებს ვეღარ გაუძლონ, ქვესკნელს დანებდნენ და “ედემის ბაღამდე” ვეღარ მიაღწიონ. აი ეს არის მოკლედ, ნაცსექტის ბანაკიდან გამოტანილი “სიხარულის” ჩემებური პირველადი შეფასება”.
აქეთ ჭიჭე-ბიჭი გამოვარდა: “ვინ არის ცხრა პირობის შემსრულებელი? ხომ იცით, რომ ჩვენ გამკეთებლები ვართ, მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა ყოველგვარი პრობლემის გარეშე უმოკლეს ვადაში შესრულდება!” ახლა ეს რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში წაიყვანო გამოკვლევაზე, გეტყვიან, ფსიქიურად ჯანმრთელიაო!
სასაცილო ამბავია, ხალხს ის ადამიანები ახსენებენ, რომელთაც ხალხი ფეხზე ჰკიდიათ და, შესაბამისად, ხალხსაც ფეხზე ჰკიდია…
გარკვევით ითქვა, რაგინდ მოგვთხოვოთ და ვინც უნდა მოგვთხოვოს, ქართველი ხალხის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არ წავალთო და ეს სალახანა ყველაფერზე ხელისმომწერი ვარ აგერო. ჩემს სიყრმეში ერთი ველისციხელი სომეხი მოხუცი კაცი იყო, გრიშა ძია, იმან იცოდა ფანდურზე დამღერება, სადაც ტექსტში ასეთი ფრაზა იყო: “ოღონდაცა ფული მამეცით, საიდანაცა გინდათ შა…ცითო”, ასეა ამ კრებსითი ჭიჭეების საქმეც…
გადავხედოთ ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვთ, რომელი წლიდან “დგანან და ელიან, უსაზღვროა მათი ლოდინი”: თურქეთი 1999 წ; ჩრდილოეთ მაკედონია 2005 წ; მონტენეგრო 2010 წ; სერბეთი 2012 წ; ალბანეთი 2014 წ; ბოსნია-ჰერცოგოვინა, უკრაინა და მოლდოვა ვის დაჰკარგვია, ცოცხალი რიგი დგას. 15 დეკემბერს რომც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, თურქეთის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, ალბათ, იმდენი ხანი დაგვაყუდებენ ევროკავშირის ღია კართან, ან ვირი მოკვდება ორპირში დგომით, ან ვირის პატრონი. იმასღა ვდარდობ, ეს “ბე” ისეთივე ხომ არ არის, “მაპზე უკეთესი” რომ იყო? ორპირა, ორგულ და ორმაგი სტანდარტის მქონე მსოფლიოსგან რა უნდა გამიკვირდეს ან მეწყინოს, მხოლოდ წინსწრებით მაინტერესებს, ამბად მინდა საიქიოში წავიღო… თქვენი ჭირიმე, თურქეთის მაგალითი მალაპარაკებს, მათუსალა ხომ არ ვარ, 25 წლის შემდეგ აბა, სად ვიქნები თუ არა საიქიოში?
ჩემდა ჭირად ტელეეკრანს გავხედე და ჩამესმა: “შეასრულებს თუ არა “ქართული ოცნება” დათქმებს დეკემბრამდე კანდიდატის სტატუსის მისაღებად?” _ საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ისეთი სახით იკითხა, ვითომ ძალიან კარგად ესმის, რა იკითხა და ბარემ, მოაყოლა, ოპოზიციას არ აქვს იმედი, რომ “ოცნება” ამ დათქმებს შეასრულებს.
ყველანაირი ლექსიკონი, მათ შორის, საერთაშორისო სამართლისაც, ტერმინ “დათქმას” ერთნაირად განმარტავს. წამყვანის შეკითხვას რომ მოისმენდა მაყურებელი, მხოლოდ ერთს დაასკვნიდა _ “ქართული ოცნება” 15 დეკემბრამდე 9 დათქმას ვერ და არ შეასრულებს, შესაბამისად, არც კანდიდატის სტატუსს მიიღებსო და ერთი წყება გაიხარებდა, მეორე _ ცხვირს ჩამოუშვებდა.
ის რაც ე. წ. ოპოზიციურმა, რეალურად, მავნებელმა დეზინფორმაციულმა ტელევიზიებმა “დათქმად” გამოუცხადეს მათ დამჯერ მაყურებელს, რეალურად, ევროპელი ოფიციალური პირების მიერ “ნაბიჯებად” არის მოხსენიებული.
ევროკომისიის რეკომენდაცია იმის გათვალისწინებით გაიცა, რომ მთავრობა რეფორმების კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს.
დიდი ამბებია “საყველიეში”! ყველას ვერ გადავწვდები, მაგრამ ამ ერთ პერსონას გვერდს ვერ ავუვლი! თამარ ჩერგოლეიშვილი, რაგინდ გაიყონ და დანაწევრდნენ, მაინც ნაცაჯაფსანდალში მოიაზრება, მაგრამ ცალკე ტიპაჟია – ისეთს იტყვის, ისეთს გააკეთებს, ერთი “ტაბულა ბიცოლას” აუცილებლობას მიჩვენებს პარლამენტში. ქალი, რომელიც გადასარევად აღიქვამს რეალობას და არც იქითა მხარისთვის ერიდება სიმართლის პირში მიხლას, არც აქეთა მხარისთვის;
ახლაც, “პირველში” ისე გააოგნა წამყვანი, ვეჭვობ, აღარსად გამოაჩენენ: “ორი წელია, სტატუსზე ვლაპარაკობთ, ანუ თემაზე, რომელიც ჩვენზე დამოკიდებულიც არ იყო, სადღაც გარეთ უნდა მომხდარიყო, ჩვენს მიღმა. მერე რაც მოხდა, ვნახეთ, ოპოზიციაში (ჩვენს გარდა, “ევროპული საქართველოს” გარდა), ვითომ ამ სტატუსისთვის იბრძვიან, მერე შეატრიალეს პოზიციები… ახლა გაცილებით რთული იქნება იმაზე კამპანიის აწყობა, რაზეც დანარჩენი ოპოზიცია კამპანიას აწყობდა “თქვე რუსებო, რუსებო, რუსებო!”
კი, ჩვენც მიგვაჩნდა, რომ რეჟიმი პუტინისტურია, მაგრამ “რეჟიმი პუტინისტურიას” ძახებით ქართველ ხალხს ვერ გადავაწყვეტინებთ, რომ რეჟიმი უნდა შეცვალონ, მათთვისაც უნდა იცვლებოდეს რამე…
ხელში რა გვიჭირავს _ ორი წელი ოპოზიციამ იყვირა “რუსი, რუსი”, რაღაცა “მონა.ჯი-ები” აკეთა და ახლა იმ ხალხს, ვინც მონა-ჯი-ზე განათავსეს, ევროპაში შესვლას ულოცავდნენ. ხალხის გარეშე ჩვენ რეჟიმს ვერ შევცვლით, მისი იმპულსი ჩვენს დღის წესრიგში უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ ჩვენთან ამოყირავებულია ყველაფერი, ძაფებით იმართება მთელი პოლიტიკური სპექტრი.
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ “ოცნებას” სტატუსი უნდა! მთლიანად ოპოზიციაც დააყენა ამ სტატუსის მიღებაზე _ ოპოზიციას ხომ სხვა არაფერზე დაუხარჯავს დრო. ეხლა რას აპირებენ?! ოპოზიცია არაფერს არ აპირებს, სრულიად დეზორიენტირებულია, არცერთი ოპოზიციონერი თავის თავს არ წარმოადგენს, ყველაფერი “რასკლადდება” სადღაც კვიპროსზე, ან სადღაც “ვივამედში”, ანუ ანგარიშვალდებულება არ გააჩნია ქართულ ოპოზიციას ქართველ ხალხთან. დონორი წყვეტს, რომელი ლიდერი სად წავიდეს, როგორ მოვიდეს, ასე არის დალაგებული.
ბიძინა სულ მოგვიგებს! იცით, რატომ? ოპოზიციის შიგნით ჩვენ ძალიან დიდი სისტემური პრობლემა გვაქვს _ ჩვენ ხალხს ძალას ვართმევთ. ბიძინა შეიძლება დაამარცხოს ძლიერმა საპროტესტო ელექტორატმა, მაგრამ საპროტესტო ელექტორატს წართმეული აქვს სიტყვის უფლება, იმიტომ, რომ “ვივამედიდან” იწერება ბელადი, ახალგაზრდა იყოს სიაში თუ “ძველგაზრდა”, არანაირი როლი მათ არ აქვთ; ლიდერები არჩევნების შემდეგ ქრებიან, ან მცდელობა აქვთ, გააქრონ და ახლები ჩნდებიან ისე, რომ ამომრჩეველს არავინ არაფერს ეკითხება, ყველაფერი ჩრდილში იხლართება _ ამომრჩევლს ძალა აქვს გამოცლილი… ბიძინა სტატუსითაც და უსტატუსოდაც იპარპაშებს…
სტატუსით უფრო გართულებულია ჩვენი ამოცანები, იმიტომ რომ, თუ ვინმე ყოყმანობდა, ბიძინა პრო-რუსია თუ პრო-დასავლელი, ახლა გაბრიყვებულია, დარწმუნებულია რომ პრო-დასავლელია, იმიტომ, რომ მიიღო სტატუსი.
შალვა რამიშვილს ჰქონდა ის მესიჯი, რასაც “ოცნება” არჩევნებამდე დააჯდება: ბიძინა არის მაგარი; რუსეთთანაც დაალაგა _ უვიზო მიმისვლა გახსნა, ფრენები დაიწყო _ ამხელა ეკონომიკური სარგებელი შემოგვდის რუსეთიდან; ევროპელებსაც არ დაუთმო, ცალ ფეხზე არ დადგა, ღირსება შეგვინარჩუნა, მაგრამ აქვთ სალაპარაკო, მისცეს. ოპოზიციამ უძახა “რუსი, რუსი” და რა, აგერ სტატუსიც მიიღო, ცალ ფეხზე კი არ დაუდგა, ევროპელებს აგინა და ეგრე გამოსტაცა, რაც უნდოდა; რუსებთანაც დაალაგა; არც უომია _ ეს იქნება მაგათი მესიჯი და როგორ არ გაგვირთულდა საქმე! დამაჯერებელია ეს მესიჯი და იმიტომ! ოპოზიცია არ არსებობს ხალხის მხარდაჭერის გარეშე! ტელევიზიებში რომ ხალხი მიდი-მოდის, ის ოპოზიცია არ არის! ხალხს თუ არ სჯერა იმის, რომ ბიძინა პრორუსია, დედაჩემი და მამაჩემი რომ მეუბნება რამეს, თუ არ მჯერა, იმათ არ ვუჯერებ და ვინ არის ოპოზიცია, რომ იმას დავუჯერო!
კარგი ტაქტიკოსი ის არის, ვინც ჯანდაბაში გაგაგზავნის და მიგიხარია, რა!
იქნებ, მავანთ არ მოგვწონდეს რაღაცები, მაგრამ იმ ახალგაზრდა ბერის მსგავსად ვართ განწყობილი, დაე, ისე იყოს, როგორ პრემიერმა (გუნდმა) გადაწყვიტა!
“საერთო გაზეთი”
ზურა ოშხერელი