საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ურთულესი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომლის მოგვარება რთულია! – საერთო მედია
სექტემბერი 7, 2024

ურთულესი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომლის მოგვარება რთულია!

„ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმით შეფასებისას, საქართველომ ისევე, როგორც რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ, ბოლო ადგილი დაიკავა, რაც გულისხმობს, რომ 2023 წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია.
ტერორიზმი ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. კონტრტერორისტული საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში საქართველო ძალიან დიდი კონტრიბუტორია. სუს-ის ოფიციალური განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე 2023 წლის განმავლობაში არ შეინიშნებოდა არც რეკრუტირების, არც ტერორისტული მოწოდებების ფაქტები. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა, შესაძლებელია, პრობლემები შექმნას, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში.
რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა? რას უნდა ველოდეთ? ამ და სხვა საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტთან დავით კუხალაშვილთან.
ომი ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად მწვავე ფაზაში შედის. ომია ევროპის კონტინეტზე. იმის პროგნოზირება, როდის და როგორ დასრულდება ომი, რთულია. პარალელურად, პალესტინის მხარდასაჭერი აქციები იმართება მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კერძოდ, მარნეულში. ბატონო დათო, შეიძლება ითქვას, რომ ბეწვის ხიდზე გავდივართ?
– ასეთი პროტესტის ორგანიზება არ შეიძლება, სპონტანური იყოს. ალბათობის მაღალი ხარისხით, ეს გახლავთ კონფლიქტში მონაწილე მხრის მიერ მყარად ორგანიზებული სადაზვერვო პროცესი. კერძოდ, მნიშვნელოვანი თანხებია გადაქაჩული სწორედ იმ სახელმწიფოებში, სადაც ამ პროტესტის სახეობას ვხვდებით. ჩავთვალოთ, რომ საპროტესტო გამოსვლები საომარი მოქმედებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. აქციები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია იმ საომარი პროცესისა, რომელიც ამ ორ მიმართულებაზე ფიქსირდება.
– ანუ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია სადაზვერვო პროპაგანდის სახით?
– რა თქმა უნდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პალესტინის მხარდამჭერი აქცია დაფიქსირდა მარნეულში, სადაც ჩვენი მუსლიმი მოქალაქეები ცხოვრობენ, პანკისის ხეობაშიც ასეა. რამდენად შესაძლებელია, ეს რეგიონები გახდეს მოწყვლადი გარკვეული ძალების მიერ თუნდაც პროვოკაციების მოწყობის კუთხით?
– ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რელიგიურად თანხვედრილი ჯგუფები მოხვდნენ დაინტერესებული ქვეყნების ინტერესების ზეგავლენის ქვეშ და ისინი გამოიყენონ სადაზვერვო პროპაგანდისათვის, რათა შეიქმნას სათანადო საზოგადოებრივი აზრი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ შემთხვევაში მე არ შევჩერდებოდი მხოლოდ რელიგიურ ჯგუფებზე. ჩვენ ცოტა უფრო შორს უნდა გავიხედოთ. შესაძლებელია, რომ ეთნიკურად არათავსებად, მაგრამ რელიგიურად მონათესავე ჯგუფებშიც კი შეღწევა შესაძლებელი გახდეს.
– რას გულისხმობთ?
ჩვენ ორ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე ვისაუბრეთ – ეს გახლავთ პანკისის ხეობა და მარნეული, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანლები და ეთნიკურად ჩეჩნები ცხოვრობენ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ორი რეგიონი არ არის საკმარისი. ამ ეთნიკური ჯგუფების გარდა, უნდა ვიგულისხმოთ იმ კონფლიქტში და, ზოგადად, პროპაგანდის ორგანიზატორი მხარის, სახელმწიფოს დომინანტი რელიგიური ჯგუფების თანხვედრი ჯგუფების არსებობა საქართველოში. მასშტაბი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ.
– რა საფრთხეები არსებობს ამ რეგიონებისთვის?
გააჩნია გეგმას, რა გეგმაც არის გაწერილი იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ამ ჯგუფებს მართავენ. ასევე, გააჩნია ფინანსურ შესაძლებლობებს და პოლიტიკური თვალსაზრისით მორალური მხარდაჭერის შესაძლებლობას. ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე ყველაფერი კეთდება საზოგადოებრივი აზრის მობილიზებისათვის, რათა შეიქმნას კონფლიქტის მონაწილე სახელმწიფოსათვის ხელსაყრელი აზრი, როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერის თვალსაზრისით. მეორე და შემდგომ ეტაპზე ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოვლენათა ხარისხიდან გამომდინარე, რა მოვლენები განვითარდება საომარი მოქმედების ზონაში.
– რეგიონები, რომელიც თქვენ დაასახელეთ, ნამდვილად მოწყვლადია, განსაკუთრებით პანკისის ხეობა. სირიაში მიმდინარე ომის პარალელურად ხეობიდან დაიწყო გადინების პროცესი. თითქოსდა სამუშაოდ მიდიოდნენ თურქეთში და ამ მოტივით გავიდნენ ქვეყნიდან, საბოლოო ლოკაცია იყო სირია. რამდენად შესაძლებელია, ასეთი ბმა აღმოჩნდეს ახლო აღმოსავლეთის შემთხვევაშიც?
– ზუსტად ამ თემაზე ვაკეთებ აქცენტს, როდესაც ვსაუბრობ, რომ სასურველი საზოგადოებრივი აზრის მობილიზება უნდა მოხდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე.
– ბატონო დავით, რა დატვირთვა აქვს ქვეყნის შიგნით მხარდამჭერი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას?
– რა თქმა უნდა, მათ ჰყავთ თავისი სამიზნე რელიგიური ჯგუფები და, შესაბამისად, როდესაც შეიქმნება სათანადო განწყობა, ამის შემდეგ აბსოლუტურად შესაძლებლად მიმაჩნია, რომ ანალოგიური ქმედებები განხორციელდეს სწორედ ამ კონფლიქტში საქართველოს მოქალაქეების ჩართვის კუთხით. რა თქმა უნდა, არაოფიციალურად, მაგრამ იგივე მოდელით, რაც უკვე იყო აპრობირებული საქართველოსთან მიმართებაში სირიის კონფლიქტის დროს.
– რაც შეეხება საფრთხეებს, გარდა მხარდაჭერისა, დაპირისპირება დაიწყო რელიგიურ ნიადაგზე. ექსტრემიზმის ნიშნები სახეზეა. როგორ ფიქრობთ, ანალოგიური საფრთხის წინაშე დგას საქართველო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან საქართველოში პროცესების რადიკალიზაციით?
ამ შემთხვევაში აგენტურულ-ოპერატიული ღონისძიებების გასააქტიურებლად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კონფლიქტის მონაწილე მხარეების ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობა, რათა ჩვენს ქვეყანაში არ მოხდეს ამ ჯგუფების მხრიდან და ამ ჯგუფებს შორის კონფლიქტების ინსპირირება.
რა თქმა უნდა, სალოცავები, მასობრივი თავშეყრის ადგილები შეიძლება არ იყოს ტერორისტული აქტების ორგანიზებისთვის გამოყენებული, მაგრამ სხვადასხვა სახის კონფლიქტების ინსპირირებისათვის, ფიზიკური დაპირისპირებისათვის, შეიძლება გამოყენებული იქნას. შეიძლება იყოს კულტურული ძეგლების შეურაცხოფა, ფიზიკური შევარდნა და ფიზიკური ანგარიშსწორება. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს საელჩოები, რომლებიც მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული დაცვის ქვეშ უნდა იყვნენ აყვანილი.
ასე რომ, საკმაოდ დიდი და სერიოზული საზრუნავი გვაქვს და პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. არა მარტო რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები, არამედ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიპლომატიური კორპუსი და იმ სახელმწიფოების წარმომადგენლობები, რომლებიც ამ კონფლიქტში მონაწილეობენ და პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ ერთ, ან მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, დაპირისპირებული მხარეების სამიზნე ობიექტები არიან. სამიზნე ობიექტები საკმაოდ ბევრი გვაქვს სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საფრთხე ცალსახად სახეზეა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საქართველოში არ იქნას დაშვებული ქუჩის პროცესები.
– სურვილი ერთია, მაგრამ მეორეა, რამდენად შესაძლებელია ეს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში. მმართველი გუნდი გეგმავს, განაგრძოს კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან, რათა ორგანიზაციიდან „ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ აღიკვეთოს საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსება…
ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ურთულესი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომლის მოგვარება რთულია, მაგრამ მის მოსაგვარებლად სახელმწიფოს გააჩნია სპეცსამსახურები, რომელთა პასუხისმგებლობა განსაკუთრებით გაზრდილია ასეთ ვითარებაში. ერთიანობის მიღწევა, ჩათვალეთ, რომ გამორიცხულია. მით უმეტეს, რომ ჩვენ წინ გვაქვს საარჩევნო წელი. ეს იქნება, ალბათ, ერთ-ერთი ურთულესი წელი საქართველოს ისტორიაში და გარდამავალი პერიოდი გარკვეული ორბიტის ცვალებადობის თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება.
ამიტომ არის კიდევ უფრო საყურადღებო სწორედ ის, რაზეც თქვენ აქცენტს აკეთებთ და რაზეც მე პასუხს გცემთ, რომ ეს პროცესები, შესაძლებელია, პოლიტიკური მიზნებისათვის იყოს გამოყენებული და ამიტომ, როდესაც მმართველი გუნდი დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს, აუცილებელია შესაბამისი რეაგირება, რათა საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით დროულად მოხდეს კონკრეტული ჯგუფების იდენტიფიცირება და ნეიტრალიზება. თუ ეს მხოლოდ პოლიტიკური პროპაგანდის კონტექსტში გაკეთებული განცხადებაა, ვფიქრობ, რომ ეს ხელს არ შეუწყობს სტაბილური ოპერატიული ვითარების შენარჩუნებას.
– როგორ უნდა შეძლოს საქართველოს ხელისუფლებამ ამ პროცესიდან უსაფრთხოდ გასვლა, რომ შეინარჩუნოს სტაბილურობა და არ აღმოვჩნდეთ ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებში? ურთულესი ვითარებაა მსოფლიოში, დაძაბულობა თითქმის ყველგან იგრძნობა.
ვფიქრობ, რომ აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა, უბრალოდ, აღნიშნულ სიტუაციაში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ახალ ელჩს უფრო დიდი გამოცდილება აქვს, ვიდრე ყოფილს. მას საკმაოდ მაღალი ინტელექტუალური მზაობა გააჩნია, რომ, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს. ვფიქრობ, რომ ვითარება უკეთესობისკენ არ შეცვლილა. ამ მიმართულებით თუ რაიმე კონკრეტული ინტერესები გააჩნია აშშ-ს, შეიძლება ვითარება კიდევ უფრო საშიში გახდეს, რადგან ყოფილმა ელჩმა მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვა.
ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს უფრო გაწონასწორებულ და უფრო საშიშ მოღვაწესთან გვაქვს საქმე, ვიდრე გვყავდა. რაც შეეხება თავიდან აცილების პროცესს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ სახელმწიფოს ამ მიმართულებით რისკები და საფრთხეები იდენტიფიცირებული არ აქვს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პროცესიდან დაზიანების გარეშე გამოვიდეთ. მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ამ კუთხით სახელმწიფო გარკვეულწილად მზად არის ბრძოლისთვის, თუმცა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ვერ ვაფიქსირებთ ბალანსს.
ვფიქრობ, რომ მტრული ძალა საკმაოდ მრავალრიცხოვანია და ამ წინააღმდეგობის გადალახვა შეიძლება კიდევაც გაუჭირდეთ საქართველოს სპეცსამსახურებს. ამას ყველაფერს ხელს უწყობენ საკანონმდებლო ორგანოში მოღვაწე პირები და პირთა ჯგუფები. თუ გავითვალისწინებთ მათი განათლების დონეს, აღქმის კოეფიციენტს სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით და კიდევ ბევრ რაიმეს, რაც აუცილებლად უნდა ახასიათებდეს პარლამენტში მოღვაწე პირს, ვფიქრობ, რომ ისინი, გარკვეულწილად, ხელს უწყობენ დესტაბილიზაციის ინსპირირებას.
არ მინდა დავიჯერო, რომ ამას აკეთებენ რომელიმე სახელმწიფოს ინტერესის დასაკმაყოფილებლად. რაც ჩვენთან ხდება, დესტაბილიზაცია და ვითარების დაძაბვა, ეს რომ დაინტერესებული უცხო ქვეყნის ინტერესებშია, ეს ცალსახაა, მაგრამ არ მინდა იმის დაჯერება, რომ ეს პირები ამას მიზანმიმართულად აკეთებენ უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ.

“საერთო გაზეთი”
ანი გოდერძიშვილი