თუ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, უნდა ვიფიქროთ, რატომ მოგვცეს, რისი დათმობის საფასურად და გვიღირს თუ არა?

ოდითგანვე ევროპა-აზიის გასაყარზე არსებული საქართველო არასდროს ყოფილა არც ევროპა და არც აზია, ამიტომ ფრთიან ფრაზად ქცეული “მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”, ამიტომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ისეთივე აბსურდული აზრის მატარებელია, როგორიც “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ აზიელი” და ჩემი ადგილი “ბრიქსშია”. საქართველოს ადგილი იქ უნდა იყოს, სადაც მას ელიან, სადაც ყოფნა საქართველოს წაადგება და არა იქ, სადაც არ უნდიხარ, ან კაბალურ მდგომარეობაში აღმოჩნდები. პირადად მე, ერთი რიგითი ქართველი ასე ვფიქრობ და ისიც ვიცი, რომ ჩემსავით ბევრი ფიქრობს.
მოდი, გადავხედოთ, სად გვინდა და რას ველით. საკუთარი ისტორიის მოსმენა თუ არ გვინდა, რაღაც კავშირის “ისტორიას” მაინც გადავავლოთ თვალი…
1955 წელს იტალიის ქალაქ მესინაში ექვსი ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები) საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ “ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებაში” შემავალ ქვეყნებს შეექმნათ “ევროპის ეკონომიკური გაერთიანება” და მომზადდა საფუძველი “რომის ხელშეკრულებისთვის”.
1957 წელს რომში ხელი მოეწერა ევროპის ეკონომიკური გაერთიანებების ხელშეკრულებას. იმავე დღეს ცალკე ხელშეკრულებით დაფუძნდა “ევრატომი” (ევროპული გაერთიანება ატომური ენერგიის დარგში), რომლის მიზანს წარმოადგენდა ატომური ენერგიის ინდუსტრიის განვითარება, ენერგიის გაერთიანების წევრ სახელმწიფოებზე გადანაწილება და დარჩენილი რესურსის არაწევრი ქვეყნებისთვის მიყიდვა. ასევე, შეთანხმდნენ ერთიანი ბაზრის შექმნაზე, რასაც მომავალში საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა. საერთო ბაზარი ითვალისწინებდა ევროგაერთიანების ქვეყნებს შორის ბარიერების გაუქმებას საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილების კუთხით. რომის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იქნა საერთო სოფლის მეურნეობისა და საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის ჩამოყალიბება.
1967 წელს (ხელი მოეწერა 1965 წელს), ბრიუსელის ხელშეკრულებით მოხდა ხსენებული სამი ორგანიზაციის: ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანების, ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისა და “ევრატომის” აღმასრულებელი ორგანოების გაერთიანება ერთ ინსტიტუციურ სისტემაში, რომელსაც “ევროპული გაერთიანება” ეწოდა.
1968 წელს ამოქმედდა ევროგაერთიანების საბაჟო კავშირი და გაუქმდა სავაჭრო ტარიფები წევრ სახელმწიფოებს შორის. ასევე, დაწესდა საერთო ტარიფები გაერთიანების არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში.
1985 წელს ხელი მოეწერა შენგენის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები შეთანხმდნენ საერთო სასაზღვრო კონტროლის თანდათან გაუქმებაზე.
1986 წელს ლუქსემბურგსა და ჰააგაში ევროპული გაერთიანების წევრებმა ხელი მოაწერეს ერთიან ევროპულ აქტს, რომლითაც ევროპული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებებში ცვლილებები და დამატებები შევიდა.
1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, ხოლო 1992 წელს, მაასტრიხტის ხელშეკრულების საფუძველზე, “ევროპული გაერთიანებები” ევროკავშირად გარდაიქმნა. მაასტრიხტის ხელშეკრულებით შესწორდა და ერთ დოკუმენტში გაერთიანდა მანამდე არსებული ყველა ხელშეკრულება.
მაასტრიხტის ხელშეკრულებით დადგინდა, რომ ევროკავშირი უნდა ეფუძნებოდეს სამ ძირითად სვეტს.
პირველ სვეტში გაერთიანდა ევროპის არსებული გაერთიანებები (ევროპის გაერთიანება, ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება). მეორე სვეტში შევიდა საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა, ხოლო მესამე სვეტში – თანამშრომლობა მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეებში.
პირველ სვეტი: აქ შემავალ საკითხებად განისაზღვრა საბაჟო კავშირი, სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა, ერთიანი ბაზარი, სავაჭრო პოლიტიკა. ამსტერდამის ხელშეკრულებით შემდგომში ამ სვეტს სხვა საკითხებიც დაემატა.
მეორე სვეტი: არეგულირებდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა თანამშრომლობა საერთო საგარეო პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე, სამშვიდობო მისიები, დახმარება არაწევრი ქვეყნებისათვის, ევროპის უსაფრთხოების, განიარაღებისა და თავდაცვის დაფინანსების საკითხები.
მესამე სვეტი: აქ შემავალი საკითხებში შევიდა წევრი ქვეყნების პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებში, საპოლიციო თანამშრომლობა, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკომანიის, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგისა და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა.
ხელშეკრულების თანახმად, პირველ სვეტში საკითხები განიხილებოდა ზეეროვნულ (ანუ ევროპულ) დონეზე, საკითხი გადაწყდებოდა ხმათა უმრავლესობით და აქ გადამწყვეტი როლი დაეკისრა ევროკომისიას და ევროპარლამენტს, საბჭოსთან ერთად. დანარჩენ ორ სვეტში წამყვანი როლი მიენიჭა საბჭოს – გადაწყვეტილებები მიიღებოდა ეროვნულ დონეზე წევრი ქვეყნის ხელმძღვანელებისა და მინისტრების მიერ. აქ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო არა უმრავლესობის, არამედ ყველა ქვეყნის თანხმობა. მეორე და მესამე სვეტის საკითხებში, ანუ საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის, ასევე მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეებში, კომისია და პარლამენტი ვერ ჩაერეოდა.
ამის მიზეზი გახდა ის, რომ სახელმწიფოებს არ სურდათ ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, საშინაო საქმეები და მართლმსაჯულება, კომისიისა და პარლამენტისთვის მიენდოთ. ვინაიდან, აღნიშნული ორგანოების დანიშნულებას წარმოადგენდა საერთო ევროპული ინტერესების დაცვა და არა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკის გატარება (ანუ ევროკომისიის ან ევროპარლამენტის წევრს, რომელიც ეროვნებით შეიძლება იყოს ფრანგი, არ აქვს უფლება, საფრანგეთის სახელით იმოქმედოს და მარტო საფრანგეთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას დაუჭიროს მხარი).
მაასტრიხტის ხელშეკრულების შედეგად გაიზარდა ევროპარლამენტის ძალაუფლება. კერძოდ, თანაგადაწყვეტილების პროცედურის შემოღებით, ევროპარლამენტს მიენიჭა თანაბარი უფლება, საბჭოსთან ერთად მიეღო მონაწილეობა საკანონმდებლო პროცესში გარკვეულ სფეროებში. კომისიის მთლიანი შემადგენლობის დამტკიცებისთვის აუცილებელი გახდა ევროპარლამენტის თანხმობა. ამასთან, ევროპარლამენტთან შეიქმნა ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელსაც მიეცა უფლება, შეემოწმებინა ევროკავშირის სამართლის დარღვევის ფაქტები.
მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად, გადაწყდა ევროპის ეკონომიკური და სავალუტო კავშირის შექმნა. მაასტრიხტის ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1993 წელს.
1997 წელს, ამსტერდამში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავდა იმ საკითხებს, რომელზეც ვერ შეთანხმდნენ მაასტრიხტში. ამ დროისათვის უკვე 15 წევრი სახელმწიფო იყო გაერთიანებული და იგეგმებოდა ახალი წევრების მიღება.
1999 წლის პირველივე დღეს შეიქმნა მაასტრიხტის ხელშეკრულებით დადგენილი ეკონომიკური და სავალუტო კავშირი. ევრო, როგორც ერთიანი ევროპული სავალუტო ერთეული, ამ დღიდან უნაღდო ანგარიშსწორებაში უკვე გამოიყენებოდა, ხოლო 2002 წლის პირველი დღიდანვე ევრომ ეროვნული ვალუტები ნაღდ ანგარიშსწორებაშიც შეცვალა.
შემდეგ უკვე მოდის “ნიცის შეთანხმება” რაც შემდგომ “ლისაბონის შეთანხმებით” შეიცვალა და ძალაში შევიდა 2009 წლის დეკემბრიდან.
მაასტრიხტის ხელშეკრულების მიხედვით, ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო, ევროსაბჭო ევროკომისიასთან კონსულტაციისა და ევროპარლამენტიდან ნებართვის მიღების შემდეგ, გადაწყვეტილებას ახალი წევრის მიღების შესახებ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იღებს.
ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა ეძლევა, სურვილისამებრს დატოვოს კავშირი წინასწარ დადგენილი წესის შესაბამისად.
გაფაციცებული ელოდება საქართველო, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსაბჭო, ევროკომისია და ევროპარლამენტი, მე კი “ლისაბონის ხელშეკრულების” 50-ე მუხლზე ვფიქრობ უკვე.
დიახ, ვფიქრობ, რადგან არ დამვიწყებია “ბრექსიტი”. თუ ასეთი მომხიბვლელი და სახარბიელოა ევროკავშირი, იმდენხნიანი თანამშრომლობის შემდეგ დიდი ბრიტანეთი რატომ გავიდა აღნიშნული კავშირიდან და რატომ ითქვა, რომ ევროკავშირის წესდების პუნქტები ეწინააღმდეგებოდა დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებს? რომ სარგებელს ბევრად აჭარბებდა გასავალი და ა.შ. რატომ თქვა “ბრექსიტამდე” გავრცელებულ მიმართვაში ბორის ჯონსონმა: “ეს არის წუთი, როცა იწყება განთიადი და ჩვენს დიად ეროვნულ დრამაში ფარდა ახალი მოქმედებებისთვის აიწევა. დიახ, ეს უკავშირდება ახალ შესაძლებლობებს, ხელახლა მოპოვებულ სუვერენიტეტს იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომელსაც ხალხმა ხმა მისცა”.
რატომ გამოდიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები დროდადრო განცხადებებით, რომ დატოვებენ ევროკავშირს? თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრობის გარეშეც არსებობს, სხვა რატომ ვერ იარსებებს?
მატეო სალვინიც ასე ფიქრობს, მარინ ლე პენიც და კიდევ სხვებიც, რომ აუტანელია გარე გავლენები ქვეყნის შიგნით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ევროკავშირის უფლებამოსილების უსაშველოდ გაფართოება, ევროკავშირის წევრობისთვის დაწესებული გაბერილი შენატანები და ა.შ. საქართველოსთან შედარებით ამხელა სახელმწიფოები თუ ევროკავშირში ვერაფერ სახარბიელოს ვერ ხედავენ, ჩვენ რას ვხედავთ, ნეტავ?
ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი გაგვჭირვებია და დამატებით ევროკავშირის ბიუჯეტში ფინანსური ინვესტიციების შეტანას როგორღა შევძლებთ?
მაგალითად, ევროკომისიამ ყველა წევრ ქვეყანას მოსთხოვა დამატებითი შენატანების გადარიცხვა 2027 წლამდე (66 მლრდ ევრო) უკრაინისთვის დახმარების გასაწევად, მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ევროპის კავშირის კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად.
უკაცრავად, მაგრამ ვერ გავიგე, ამ შემთხვევაში ზელენსკის მთავრობის წევრების კეთილდღეობისთვის რატომ უნდა გაისარჯოს ვინმე; ან რომელი მიგრაციის წინააღმდეგ იბრძვიან, როდესაც მიგრაციის პროცესს თვითონ უმაგრებენ ზურგს; ან ვისთან კონკურენტუნარიანობაში მხარდაჭერას გულისხმობენ (ლოზუნგი გამახსენდა “დავეწიოთ და გავუსწროთ აშშ-ს!”)?
კარგად ვხედავთ, რომ ევროპის ე.წ. ხელმძღვანელების შეხედულებისამებრ წესდება წევრ ქვეყნებზე სანქციები და ჯარიმები. იმასაც კარგად ვხედავთ, რომ არც კორუფციაა მათთვის უცხო, კორუფციის ბრალდებით ხან რომელი ევროპარლამენტარი გაეხვია საერთაშორისო სკანდალში და ხან _ რომელი…
ყურმოკვრით ისიც გავიგე, რომ 2020 წლის ზაფხულში ევროკავშირმა პოლონეთის ექვს ქალაქს გაუუქმა დაფინანსება “ევროპის კავშირის ძმადნაფიცი ქალაქების” პროექტის ფარგლებში, რადგან მათ ლგბტ-ისგან თავისუფალ ტერიტორიებად გამოაცხადეს თავი.
იმასაც ვხედავთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ (2014 წელი), რაც ორმხრივი ვაჭრობის მნიშვნელოვან გამარტივებას ითვალისწინებდა, პროცესი სხვაგვარად წარიმართა – საქართველომ მთლიანად გახსნა თავისი ბაზარი ევროპული იმპორტისთვის, მაგრამ ევროპის კავშირმა დაიტოვა უფლება, რომ დააწესოს ქართული საქონლის წვდომის საფასური; ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს საქართველოში თავიანთი საქონლის ნებისმიერი მოცულობით შემოტანის უფლება, საქართველო კი ვალდებულია, დაიცვას მისთვის გამოყოფილი მინიმალური კვოტები.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმია დაწესებული, ქართული მხარისთვის მკაცრი მოთხოვნები მოქმედებს. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და თანხა, დღეში 50 ევრო სულზე, რას მისცემენ საქართველოს, ძალიან მალე ვნახავთ, მაგრამ გვერდზე გვყავს მეზობელი თურქეთი და მის მაგალითზე კარგად ვხედავთ, რაც არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. ოჯახი, რომელიც სახლში გიშვებს, მეგობრად და თანასწორად გთვლის, კარს არ გირაზავს ათასგვარი ურდულით, ულტიმატუმებს არ გიყენებს პუნქტებად და არ გიბრძანებს, შეიცვალო, ისეთი უნდიხარ, როგორიც ხარ…
თუ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, უნდა ვიფიქროთ, რატომ მოგვცეს, რისი დათმობის საფასურად და გვიღირს თუ არა? ხოლო თუ არ მოგვცეს, დადასტურებულად ცხადი გახდება, რომ ძალიან სერიოზულ ძალას მიზნად აქვს, რომ საქართველო აუცილებლად რუსეთის ვექტორზე გავიდეს. რუსეთის მხრიდან არანაირი მინიშნება არ არის, ვიღაც კი ამისთვის წელზე ფეხს იდგამს…
ისეთ პოლიტიკურ კრუნჩხვაშია ჩავარდნილი საქართველოს მავნებელთა არმია, სტატუსი გვეკუთვნის ხალხს და არა ხელისუფლებასო, ვეჭვობ, დადასტურებულად იციან, რომ, ბოლოსდაბოლოს, მოგვცემენ აგრერიგად სანუკვარ სტატუსს.
ვინ იცის, იქნებ იქ, დიად ევროპაში იფიქრეს, ჩვენ მიერ მოსყიდული საქართველოს მოღალატე გოშიები მართლა ცუდები არიან, დაფინანსებას კარგად ქომფლავენ, მაგრამ ვერანაირი საქმის შემსრულებლები ვერ არიან, მხოლოდ წურბელებად გვასხედან კისერზე და იმ პატიოსან ხალხს რაღას ვურევთ ქვეყანას, არ ჯობს, მართლა პატიოსნად ვეთანაშრომლოთო?
კაცმა რომ თქვას, რითი არ არის საქართველო სათანამშრომლოდ მიმზიდველი, ადგილმდებარეობა არ გვივარგა თუ ჰაერი, მიწა თუ წყალი, მაგრამ საქართველოს პარტნიორი პატიოსანი ევროპის წარმოდგენა, მომიტევეთ და, იმავე ევროპელების პრეტენზია-პროტესტების გამო, მიჭირს… ის კი არადა, იმასაც კი ვფიქრობ, რომ ასეთი დაყვავება, შესაძლოა, განგებ მოგონილი იყოს რაღაცა მოულოდნელის გასამჟღავნებლად…
ევროსამზარეულოდან ამბის გამომტანი რიკარდ იოზვიაკი საქართველოსთვის მოსანიჭებელ დანაღმულ სტატუსზე ალაპარაკდა. მე პიქირით ვიტყოდი: რატომ უნდა უნდოდეთ ევროპულ ბუდეში დანაღმული გუგულის კვერცხი?
2017 წელს ვიქტორ ორბანმა განაცხადა: “27 წლის წინათ, აქ, ცენტრალურ ევროპაში, ჩვენ გვჯეროდა, რომ ევროპა იყო ჩვენი მომავალი. დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენ ვართ ევროპის მომავალი”.
რაღაც ისე არ გამოეწყო ევროპის დასახული მიზნები, როგორც “წინწასულ” ევროპასა და “ჩამორჩენილ” ევროპას ერთობლივად წარმოედგინა, ლიბერალურმა დემოკრატიამ არ გაუმართლა არც ერთს და არც მეორეს, ჩვენი _ არ ვიცი…
“საერთო გაზეთი”
ნინო დაუშვილი