საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ზურაბიშვილმა ლიდერობა ვერ შეძლო-ბრიუსელშიც მიხვდნენ – საქართველოს რუსეთთან დატოვება არ შეიძლება! – საერთო მედია
დეკემბერი 7, 2023

ზურაბიშვილმა ლიდერობა ვერ შეძლო-ბრიუსელშიც მიხვდნენ – საქართველოს რუსეთთან დატოვება არ შეიძლება!

ბრიუსელშიც მიხვდნენ – საქართველოს რუსეთთან დატოვება არ შეიძლება
გვესაუბრება “მემარცხენე
ალიანსის” თავმჯდომარე
სოსო შატბერაშვილი:
ბატონო სოსო, რამდენიმე დღის წინ ბერლინში გამართულ შეხვედრაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები მოსაცდელ ოთახში დიდხანს არ უნდა დავტოვოთო. რას ნიშნავს ეს განცხადება საქართველოსთვის?
– ეს კანცლერ შოლცის გამონათქვამის გაგრძელებაა, რომელმაც თავის დროზე თქვა, ევროკავშირი უნდა იყოს ლისაბონიდან თბილისამდეო. ანუ, ევროპის ყველა ქვეყანა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. მთავარია, მან დემოკრატიის გზიდან არ გადაუხვიოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოთხოვნებიდან არ ამოვარდეს. ანალენა ბერბოკის განცხადებამ დაადასტურა, რომ გერმანია _ ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას (რაც, ფაქტობრივად, არაფერს წარმოადგენს) მხარს უჭერს. ეს სიმბოლური ჟესტია. თუმცა, შარშან ევროკავშირს ჩვენთვის სტატუსის მოცემა დაენანა. გვახსოვს მაკრონის საკმაოდ არასასიამოვნო განცხადება ჩვენი ქვეყნის მიმართ: თქვენ, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეზობლები ხართ, ანუ, ევროპისგან შორს ხართო. როგორც ჩანს, ახლა პოლიტიკური სიტუაცია იცვლება. ვგულისხმობ რუსეთ-უკრაინის და ისრაელ-პალესტინის ომებს. ამის გათვალისწინებით, კანდიდატის სტატუსის მონიჭებას უნდა ველოდოთ. აქამდე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ მსოფლიოში ვითარება სწრაფად იცვლება.
შავი ზღვის მიმართ დასავლური სამყაროს ინტერესი იზრდება. პუტინმა ჯერ კიდევ 2007 წელს განაცხადა, შავ ზღვაში ნატო-ს შემდგომ გაფართოებას აღარ დავუშვებთო.
– რაც შეეხება ნატო-ს, საქართველოს იქ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ, რადგან ამას რუსეთი ეწინააღმდეგება. საქართველოს ნატო-ში მიღების შემთხვევაში, რუსეთმა, შესაძლოა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს ერთი-ორი რეგიონი კიდევ მიამატოს. ნატო-სგან განსხვავებით, რომელიც სამხედრო-პოლიტიკური კავშირია, ევროკავშირი პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანებაა, სადაც საქართველოს გაწევრიანებას რუსეთი არ ეწინააღმდეგება. ადრე რუსეთის მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ლავროვს შევხვდი და თავად მათგან მოვისმინე, რომ ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგებიან. ჩემი აზრით, ევროკავშირში უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ ნატო-ში გაწევრიანებაზე ლაპარაკს თავი დავანებოთ, რადგან ეს რუსეთს აღიზიანებს, ეს კი ტერიტორიების დაბრუნების შანსს გვაშორებს. ჩვენ სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა გამოვაცხადოთ. რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ ჩვენი საზღვრებიდან საფრთხე არ ემუქრება. სანაცვლოდ, მანაც უნდა გვითხრას, რომ რუსეთიდან საფრთხე არ გვემუქრება. ასე დამშვიდდება რუსეთთან სიტუაცია.
სამნიძე-დეკანოიძემ ოპოზიციის ნაწილი “ამხილეს”, ევროჩინოვნიკებს არწმუნებდნენ, ჩვენთვის სტატუსი არ მოეცათო. რა მიზნით გააკეთეს ეს?
– მათ კარგად იციან, რომ საქართველო, დიდი ალბათობით, სტატუსს მიიღებს. ამიტომ, როცა გასაჯაროვდება, ვინ ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესს, სამნიძეებს სურთ, კარგებად გამოჩნდნენ. ამ ხალხს მე ოპოზიციას არ ვუწოდებ, ესენი არიან მეხუთე კოლონა, უცხო ქვეყნის ჯაშუშები საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებიც დესტრუქციულ, ძირგამომთხრელ დივერსიულ საქმიანობას ეწევიან. ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, ეს ადამიანები ციხეში უნდა ისხდნენ. ვფიქრობ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე ომი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხს დააჩქარებს. რუსეთი ძალიან გააქტიურებულია, მან ოჩამჩირეში ახალი ბაზის გახსნა გადაწყვიტა. ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც, ვვარაუდობ, რომ სტატუსს მოგვცემენ. ღარიბაშვილმა ბრიუსელში ძალიან სწორად განაცხადა, სტატუსის არმოცემა საქართველოს რუსეთის ამარა დატოვებას ნიშნავსო. ამას ბრიუსელშიც აცნობიერებენ. სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთთან შესანიშნავ ურთიერთობაში არიან. კავკასიაში ევროპისა და აშშ-ის ერთადერთი დასაყრდენი საქართველოა და მისი დაკარგვა არ უნდათ.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას ქვეყანა მიზანმიმართულად რუსეთისკენ მიჰყავს. თუმცა, პრემიერი სამიტებსა თუ სხვა შეხვედრებზე ყურადღებას ამახვილებს წართმეულ მიწებზე, რომელიც უნდა დავიბრუნოთ.
– ამ ხელისუფლებისთვის პრორუსულობის დაბრალება დიდი უსინდისობაა. სწორედ მის პირობებში მიიღეს საქართველო ევროკავშირის ასოცირებულ წევრად, რაც სტატუსზე მეტია; გაუქმდა სავიზო რეჟიმი; მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი; 5 ივლისის მოვლენებში მონაწილე ბიჭები ციხეში ჩასვეს იმ დროს, როცა ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაცების წარმომადგენლები ყველა გარეთ გამოუშვეს ზოგი ევროკავშირის მოთხოვნით, ზოგიც ზურაბიშვილს შეაწყალებინეს. სააკაშვილიც ოროთახიან ლუქს-პალატაში ნებივრობს იმის ნაცვლად, რომ სასჯელს ციხეში იხდიდეს.
ვიმეორებ, ამ ხელისუფლებისთვის პრორუსულობის დაბრალება უსინდისობაა. გაიძახიან, ხელისუფლება სანქციებს არ უერთდებაო. თუ დაფიქრებულან, რუსეთისთვის სანქციების დაწესება რას მოასწავებს?! _ იმას, რომ ზამთარში არ გვექნება გაზი, საწვავი და ასე შემდეგ. პრორუსულობის დაბრალება დემაგოგიაა. მე ვამბობ: მიუხედავად ჩვენი ევროპული გეზისა, უნდა დავიწყოთ რუსეთთან დევნილების უპირობო დაბრუნებაზე მოლაპარაკება. ვინც ამბობს, რუსეთს არ უნდა ველაპარაკოთო, ვეკითხები: აბა, სხვა ვინ დააბრუნებს დევნილებს თავიანთ ტერიტორიაზე?! ვერც აფხაზეთის და ვერც ეგრეტ წოდებული სამხრეთ ოსეთის მთავრობები ამას ვერ შეძლებენ, ინიციატივა რუსეთისგან უნდა წამოვიდეს. დევნილების დაბრუნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. ეს მხოლოდ რუსეთზე არ არის დამოკიდებული. 2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დადგენილება დევნილების უპირობო დაბრუნებაზე, რაც რუსეთმა დაბლოკა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ წელსაც დაადასტურა, რომ ამ მხრივ პოზიცია არ შეუცვლია. ასე რომ, რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ. ეს ჩვენი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. ლავროვმა განაცხადა, რუსეთი წინააღმდეგი არ არის ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ერთიანი სახელმწიფო შექმნანო.
– ბატონო სოსო, 169 არასამთავრობო ორგანიზაციამ და ოპოზიციონერმა ქალებმა ლაიენს მიმართეს, სტატუსი მოგვეცითო. ადრე საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ. რა შეიცვალა?
– არაფერი შეცვლილა, ვითომ კი ითხოვენ, სტატუსი მოგვეცითო, მაგრამ მათ მიმართვაში წერია, რომ: საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს 12-პუნქტიან დავალებას, მისი საგარეო პოლიტიკა ევროპას შორდება, ხელისუფლებას ლანძღავენ და ბოლოს წერენ, სტატუსი მოგვეცითო. იცით, ეს რას მაგონებს? _ ავადმყოფი საავადმყოფოში რომ მიიყვანო და ექიმებს უთხრა, არ უმკურნალოთო. თუ მართლა მივიღეთ სტატუსი, მერე იტყვიან, აი, ჩვენც ხომ ვითხოვდითო. ასეთი ფლიდური, ორმაგი სტანდარტის მქონე პოლიტიკური მოთამაშეები არიან მეხუთე კოლონის წარმომადგენლები.
– თუ სტატუსი მოგვცეს, რა იქნება ოპოზიციის მომდევნო გეგმა?
– სტატუსის მონიჭების შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ოპოზიცია საერთოდ გაბანკროტდება, სახელმწიფო გადატრიალების გეგმაც ჩავარდება, რაც დიდი ხანია, მუშავდება და ფინანსდება არამარტო სოროსის ფონდიდან, არამედ UშAID-ისგანაც. თუ სტატუსი მოგვცეს, ოპოზიცია დაიწყებს ყაყანს, ყეფას, კანდიდატობა არაფერს ნიშნავს, როცა ქვეყანა რუსული ძალისგან იმართებაო. სხვა არაფერი დარჩენიათ. ხოლო თუ სტატუსს ვერ მივიღებთ, დიდი ალბათობით, არეულობა დაიწყება. ოპოზიციას დიდი დაფინანსება და საინფორმაციო მხარდაჭერა აქვს სამი ტელევიზიიდან, რომლებიც დილიდან საღამომდე შხამს აფრქვევენ. ამ ტელევიზიების სარჩენი ფული საქართველოში თავისუფლად, კანონდარღვევით შემოდის. მათი უცხოელი დამფინანსებლები ლიმიტზე გაცილებით დიდ თანხას გზავნიან და მათ ბუზსაც არავინ უფრენს.
– ოპოზიციაში ბევრი ფლანგი შეიქმნა, აგერ, მელიაც პარტიის დატოვებას გეგმავს. ვინ არის დღეს ოპოზიციის მთავარი ვიოლინო?
– ოპოზიციის მთავარი ვიოლინო, პატიმრობის მიუხედავად, სააკაშვილია. დანარჩენი, კოლექტიური ნაცები ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულნი, ვერ იტანენ, სძულთ ერთმანეთი. ასე იყო მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. მომსწრე ვარ, როგორ ჭამდნენ ერთმანეთს ხელისუფლებაში ყოფნისას. ახლა დაშლილები, დანაწევრებულები, ერთმანეთის მხილებით არიან დაკავებულნი. გახსოვთ, კანდელაკი ევროპაში კაბინეტიდან კაბინეტში დადიოდა და იხვეწებოდა, საქართველოს უვიზო რეჟიმი არ მისცეთო. ალბათ, ევროჩინოვნიკებისთვის ძვირფასი საჩუქრებიც ჩაჰქონდა და ფულსაც ურიგებდა. სწორედ მერე გაირკვა, რომ ევროპარლამენტარები კორუფციაში იყვნენ ჩაფლულნი. ბევრი მათგანი დაპატიმრებულია, ბევრზე საქმეა აღძრული, ზოგიც იძებნება. ახლა ახალი კანდელაკები გამოჩდნენ. უსუფაშვილმა განაცხადა, ევროპაში ვიყავი და ვიცი, რომ არაფერი არ არის გადაწყვეტილიო. დეკანოიძე ახლა სხვებისკენ იშვერს ხელს, მაგრამ გამორიცხული არ არის, თავადაც იგივეს აკეთებდეს.
ზურაბიშვილზე ამბობენ, ოპოზიციის ლიდერობისთვის ემზადებაო.
ზურაბიშვილი ვერანაირი ლიდერი ვერ გახდება. როცა მან საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა, თქვა, ქაჯები კი არ მიდიან, მოდიანო. მაშინ იპოდრომი ხალხით გაივსო. მას ოვაციით შეხვდნენ, მაგრამ ზურაბიშვილმა ლიდერობა ვერ შეძლო. ეს ადამიანები პარლამენტისკენ დაძვრის ნაცვლად, სახლში გაუშვა – არჩევნებისთვის მოემზადეთო, სადაც 2% მიიღო. არადა, მაშინ, ფიგურალურად რომ ვთქვათ, თეთრ ცხენზე იჯდა. მერე სააკაშვილის წინააღმდეგ იბრძოდა, ჩვენთან ერთად იყო ბარიკადებზე. ამის მიუხედავად, ყველანაირი რეიტინგი დაკარგა. “ქართული ოცნების” მხარდაჭერა რომ არა, დეპუტატიც კი ვერ გახდებოდა. და მოგვევლინა კიდეც პრეზიდენტად, რაშიც ჩვენს პარტიასაც მიუძღვის წვლილი. არჩევანი ასეთი იყო: ან კაგებეს ნომრიანი აგენტი, შპიონი ვაშაძე უნდა აგვერჩია, ან ზურაბიშვილი. სალომე ლიდერი ვერ გახდება. ეს ქალბატონო პოსტს ბოლო დღემდე არ დატოვებს, რაც მისთვის საოცნებო, საარაკოა, რაც ივანიშვილის დამსახურებით ერგო. სამწუხაროდ, იგი თავის გამაპრეზიდენტებელ “ქართულ ოცნებას” დაუპირისპირდა. ზურაბიშვილი მერყევი ადამიანი გახლავთ, პოლიტიკურად ვერ დაეყრდნობი. ამიტომ მისგან ლიდერი არ გამოვა.

“საერთო გაზეთი”
თამარ შველიძე