საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სტატუსს მოგვცემენ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ჩვენ ქართული საქმე ვაკეთოთ! – საერთო მედია
დეკემბერი 7, 2023

სტატუსს მოგვცემენ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ჩვენ ქართული საქმე ვაკეთოთ!

“საერთო გაზეთის” ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო “იქსნიუსის” დამუძნებელს, ექსპერტ მირიან ყარაულაშვილს ესაუბრა.

ბატონო მირიან, დღეს გახდება ცნობილი ევროკომისიის დასკვნა საქართველოსთვის სტატუსის მონიჭების თაობაზე. ენჯეოებმა ევროკომისიას მიმართეს, 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ ისევ სირთულეებია, თუმცა ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოსო. თქვენ როგორ აღიქვით არასამთავრობო ორგანიზაციების გარჯა?
-პირველ რიგში, “საერთო გაზეთს”, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს დიდ პატივისცემას. რაც შეეხება შეკითხვას, ამ საკითხს მხოლოდ იუმორით თუ შევხედავთ. გავიხსენოთ ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, სადაც ზურიკელა მასწავლებელს ეუბნება: ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა პატივცემულო, ჩვენც რომ გავყოლოდითო. ენჯეოებმა გააცნობიერეს, რომ ევროკომისია დადებით დასკვნას დაწერს და ცდილობენ, ხელისუფლების ეს დამსახურება საკუთარ აქტივში მიითვალონ.

თანაც ევროპას ეუბნებიან, სტატუსი მოგვეცით, რათა რუსეთს უკეთ გავუმკლავდეთ და რუსული გავლენები შევზღუდოთო.
-დიახ, ურცხვად, ღიად ამბობენ, საქართველოს რუსული ხელისუფლება ჰყავსო. 30 წლის განმავლობაში, ჩემი დაკვირვებით, თუკი ვინმე რუსული გავლენის ქვეშ არის, რუსულ სცენარებს ახორციელებს და მის ნარატივს მისდევს, ეს სწორედ ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, ვინც ახლა სტატუსს ითხოვენ. ის, რომ ისინი სხვადასხვა დასავლური სტრუქტურებიდან ფინანსდებიან და გრანტებს იღებენ, არაფერს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ფონდების, დონორების მიერ ფინანსდებიან, მათი პრაქტიკული საქმიანობა ცხადყოფს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა რუსული სპეცსამსახურების გავლენის ქვეშაა. ხელისუფლებასთან გარკვეული პრეტენზიები გამაჩნია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ხელისუფლება არა რუსული, არამედ დასავლური ორიენტაციის მატარებელია. მთავრობის მხრიდან გაუბედავ ნაბიჯად მიმაჩნია ის, რომ არასამთავრობოებს და მათთან აფილირებულ პირებს საკადრისს არ უზღვავენ. არასამთავრობოების, ოპოზიციის გაუთავებელი დეზინფორმაცია ქართულ მედიასივრცეს ანაგვიანებს. ისინი ხალხის მასაზე აქტიურად მუშაობენ. ამ მეთოდს სააკაშვილი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყენებდა. ვგულისხმობ 90-იანი წლების ბოლოს, როცა მთელი ტრანსპორტი, ბაზრობები სააკაშვილის, არასამთავრობოების და მასთან აფილირებული ჟურნალისტების გავლენის ქვეშ იყო. ჭორების გავრცელება კარგად ეხერხებათ – სასურველ ლეგენდას შეთხზავენ და მერე სხვადასხვა არხებით მასობრივი თავშეყრის ადგილებში ავრცელებენ.
ხელისუფლებას მოვუწოდებ – მეტი სიმტკიცე გამოავლინოს, ნუ შეუშინდება მათი მუშტების ბრახუნს, ყვირილს, წივილს, უცენზურო, გარყვნილ ქმედებებს, რასაც ეგრეთ წოდებული პროტესტის დროს მიმართავენ. ხელისუფლება გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვისა და დამტკიცების პროცესს თამამად უნდა დაუბრუნდეს. მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: მოსახლეობა სათანადოდ არ იყო ინფორმირებული ამ კანონპროექტის შესახებ, თორემ კანონპროექტის შინაარსი აბსოლუტურად მისაღები იყო, მეტად გამკაცრებაც შეიძლება და დამატებითი კონტროლის მექანიზმების ჩადებაც.
ოპოზიციამ ევროპისკენ სავალ გზაზე საქართველოს შეფერხებას ერთი წელი მოანდომა. ახლა კი ოპოზიციონერმა ქალებმა ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართეს, სტატუსი დღესვე გვჭირდებაო.
-ენჯეოების მსგავსად, ესენიც სხეულზე ხელის მოსაკიდ ადგილს ეძებენ. ვიმეორებ, ყველა ცდილობს, სტატუსის მიღება საკუთარ დამსახურებად გაასაღოს. არადა, მაგალითად, სამადაშვილი ღია ეთერებში საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორ ითხოვდა ევროპელებისგან საქართველოსთვის სანქციების დაწესებას. სააკაშვილის დროს ეს ქალბატონი ელჩი ბრძანდებოდა. ის პოლიტიკაში ნინო ბურჯანაძემ მოიყვანა და, მგონი, გასაგები უნდა იყოს, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებთან ასოცირდება. აქვე არ შემიძლია, მისი კოლეგა ქალბატონების აღვირახსნილ საქციელზე არ გავამახვილო ყურადღება. მათ ყოველგვარ გარყვნილებას გადააჭარბეს. სოცქსელებში აქტიურად ვრცელდება ვიდეოები, თუ როგორ იქცევიან ქალი ოპოზიციონერები საკომიტეტო მოსმენებზე, პარლამენტის სხდომათა დარბაზში. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეს არის ფსკერი, რომლის ქვემოთ აღარაფერია. ისინი ჩაძირულები არიან ამ სიბინძურეში, რაც მათი სიხარბით, ვერცხლისმოყვარეობით, მორალური სახის დაკარგვით არის გამოწვეული. ხელისუფლება მათ დონეზე არც უნდა დაეშვას. მათ პასუხი ისევ საზოგადოებამ უნდა გასცეს. ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როცა ირაკლი ბერაიას იძულებით ბოდიში მოახდევინეს იმ საქციელზე, რაც სრულებით არ იყო საბოდიშო. მან, უბრალოდ, ფაქტი დააფიქსირა. წარმოიდგინეთ, ამ ფაქტის უარყოფა, ან იმის თქმა, რომ რომელიმე ბრალდება ტყუილია, არავის უცდია. მათი ერთადერთი არგუმენტი, იცით, რა იყო? _ რა საჭირო იყო ამ ყველაფრის გაბაზრებაო. განა უარყვეს, ესა და ეს გამონათქვამი სიმართლეს არ შეესაბამებაო. არა! თურმე, როგორ შეიძლება იმის გაბაზრება, რომ თეონა აქუბარდია სვამს; რომ პარლამენტის წევრები გადასახადის გადამხდელების ხარჯზე დადიან ევროპულ მივლინებებში და, ძირითადად, შოპინგობენ; მივლინებების პერიოდში სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიას ეწევიან და ასე შემდეგ. აი, ამ ფაქტების გაბაზრებაზე გაბრაზდნენ ქალბატონები. ესაა მათი მორალი.
ხელისუფლებასთან სწორედ ეს თხოვნა მაქვს: ამ ფაქტებს სათანადო ყურადღება მიაქციოს. უღირს, არაკანონიერ საქციელზე პასუხი ყველას დროულად უნდა მოეთხოვოს. ბერაიას არაფრის გამო ბოდიშს ახდევინებენ და ამ დროს გვარამიას გამონათქვამებზე პრეზიდენტის მისამართით, არავინ საუბრობს. არც გვარამიას და არც პრეზიდენტს, მორალი არ აქვთ. გვარამიამ აღნიშნა, როცა ამ სიტყვებს ვამბობდი, იმ დროს ფსიქიკური პრობლემები მქონდა და ფსიქიატრთან ვმკურნალობდიო. ადამიანები საკუთარ თავს ამ დონეზე რომ შეურაცხყოფენ, სხვის მიმართ ზრდილობიანები როგორ იქნებიან?! რაც შეეხება ზურაბიშვილს, უნდა მომაწოდონ ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს, ხუთი წელია პრეზიდენტი ვარ და არც ბაიდენი და არც ჰარისი, ჩემი ტელეფონის ზარებს არ პასუხობენო. ეს პირდაპირ მინიშნებაა რუსეთისადმი _ აი, ხომ ხედავთ, ისინი არ მაღიარებენ და თავიდან ბოლომდე თქვენი ვარო. დიდი ხანია, ვამბობ: სალომე ზურაბიშვილი საქართველოში სამი-ოთხი ქვეყნის წარმომადგენელია, უპირველესად, რუსეთისა და ირანის. არასამთავრობო ორგანიზაციებსაც და ზურაბიშვილსაც ერთი პატრონი ჰყავთ, ეს არის რუსეთი.
ბატონო მირიან, როგორ განვითარდება მოვლენები სტატუსის მონიჭების, ან არმონიჭების შემთხვევაში?
-ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. დიახ, საქართველომ, ხელისუფლებამ ქართული სახელმწიფოს საქმე უნდა აკეთოს. ყველა ლოგიკით დადებით პასუხს ველოდები, თუმცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები, სამწუხაროდ, ერთი წლის წინ ამ ლოგიკას ასცდნენ. თუ შეიძლება, ყურადღებას ერთ საკითხზე გავამახვილებ: როცა სამეულში უკრაინასთან და მოლდოვათან ერთად გვახსენებენ, ეს შემთხვევითი არ არის. 90-იანი წლების ბოლოს ამერიკის ხელდასმით რეგიონული ორგანიზაცია _ სუამი შეიქმნა, სადაც საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა ერთიანდებოდა. როგორც რეგიონული ორგანიზაცია, მისი დეკლარირებული მიზნები ცუდი არ იყო, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ამან ძალიან მახინჯი ფორმა მიიღო. სუამი სხვადასხვა პოლიტიკური ინტრიგების საკეთებლად გამოიყენეს. შემდეგ ამ ორგანიზაციას აზერბაიჯანი გამოეყო. მიზეზი ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან დესტრუქციული პროცესების დაწყება იყო. აზერბაიჯანმა სუამში თავის აქტივობა ნულამდე დაიყვანა. ეს ამერიკული იდეოლოგიის გამტარებელი ორგანიზაცია იყო. რა გვესაქმება ჩვენ მოლდოვასთან?! ჩვენ ხომ სხვადასხვა სასტარტო პოზიციები გვაქვს. მოლდოვა დღეს, ფაქტობრივად, რუმინეთის ერთ-ერთი ოლქია. მასთან რა გვაერთიანებს?! ან უკრაინასთან რა კავშირი გვაქვს?! უკრაინა, დაწყებული 2003 წლიდან, ყოველთვის იმ ძალების ფორ-პოსტს და დასაყრდენს წარმოადგენს, რომლებიც საქართველოს მიმართ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან. სააკაშვილისა და იუშენკოს ნათელ-მირონობიდან დაწყებული, იანუკოვიჩის ღირსების ორდენით დაჯილდოვებით დამთავრებული, გასაგებია, საქმე რასთანაც გვაქვს. სხვათა შორის, ზალუჟნიმ უკრაინელ ეგრეთ წოდებულ პატრიოტ ჟურნალისტ გორდონთან ინტერვიუში პირდაპირ თქვა, რომ პოროშენკო და სააკაშვილი ინსტიტუტში სწავლის პერიოდში კაგებეს “დამუშავების” ქვეშ იყვნენ. ამის მერე რაღაზე ვსაუბრობთ. ამიტომ ვამბობ: ჩვენ არაფერი გვესაქმებოდა არც მოლდოვასთან, არც უკრაინასთან. ჩემთვის შეურაცხმყოფელიც კი არის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ამ ტრიადასთან ერთად განხილვა. საქართველოს თავისი გზა აქვს. ამაში პრემიერს მხურვალედ ვუჭერ მხარს, როცა ამბობს: რომ ჩვენ ქართული საქმე უნდა ვაკეთოთ და სხვის ტენდენციურ შეფასებებს ყურადღება ნაკლებად მივაქციოთ.
რადიკალები ახალი გეგმისთვის ემზადებიან _ არჩევნები წინასწარ არალეგიტიმურად გამოაცხადონ. სანამ სააკაშვილი პატიმარი იქნება, არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლებაო.
-ეს გეგმა არახალია, უკვე დაძველდა, რაც გვარამია-სააკაშვილის მიერ ერთხელ უკვე განხორციელდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. არჩევნები ოქტომბერში ჩატარდა, ოპოზიციამ კი უკვე ზაფხულში ის არასამართლიანად გამოაცხადა და ჯერ არჩატარებული არჩევნების შედეგები უარყო. ამ ხერხს ყველა არჩევნების წინ მიმართავენ. გეგმა, რომელიც სტატუსის არმოცემას და ამის ხელისუფლებასთან დაკავშირებას, ასევე, დესტაბილიზაციის შექმნას ემსახურება, მათთვის უფრო ადვილი განსახორციელებელი იქნებოდა. არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება რეზერვია. ეს მეთოდი უკვე დაუძველდათ.

სააკაშვილი ხაბეიშვილისა და მელიას დაპირისპირებას გამოეხმაურა, ჩვენ არ გვჭირდება შიგნიდან რყევა, სჯობს, პარტია დატოვოთ და სხვა საქმე აკეთოთო.

-საერთოდ არ მაინტერესებს ეს ანეკდოტური პარტია და ოპოზიციური დაჯგუფებები. მათ უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც დასცინიან. საქართველოს გამანადგურებელ “ნაცმოძრაობაზე” დასავლეთი იმედებს აღარ ამყარებს. მათ ჰყავთ საკუთარი ტელევიზიები “მთავარი”, “კავკასია”, აქუბარდიები და ეს თემები იქ განიხილონ.

“საერთო გაზეთი”

თამარ შველიძე