რა თანხა შესთავაზა აზერბაიჯანმა სომხეთს, ყარაბაღის დათმობის სანაცვლოდ
„აშკარაა, რომ ფაშინიანმა დემონსტრაციულად არაფერი გააკეთა ყარაბაღის დასაცავად, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მას ყარაბაღის ჩაბარება გადაწყვეტილი ჰქონდა“, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ „საერთო გაზეთთან“ ისაუბრა.
მისივე თქმით, ყარაბაღის დათმობის სანაცვლოდ, აზერბაიჯანი სომხეთს, წლების წინ, 5 მილიარდ დოლარს სთავაზობდა:
„აზერბაიჯანი სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით ცდილობდა დაებრუნებინა თავისი ტერიტორიები, პირველ რიგში – მთიან ყარაბაღს გარეთ ოკუპირებული 7 რაიონი. არსებობს „იუტუბზე“ ვიდეო, სადაც ლუკაშენკო სომხეთის მაშინდელ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს ეუბნება, რომ აზერბაიჯანი 5 მილიარდ დოლარს გადაუხდის შეთანხმებაში, მაგრამ სარგსიანი უარს ამბობს. შემდეგ, 2018 წელს, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, პროდასავლური ჟურნალისტი ნიკოლ ფაშინიანი მოდის ხელისუფლებაში. ვფიქრობ, ფაშინიანი შეგნებულად აკეთებდა ისე, რომ ყარაბაღი მთლიანად დაეთმო და როგორც ვხედავთ, დათმო კიდეც.
საქმე იმაშია, რომ სომხეთს, 1998 წლიდან შემდეგ, ე.წ. ყარაბაღის კლანი მართავდა. რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარგსიანი სწორედ ამ კლანის წარმომადგენლები იყვნენ. გამოდის, რომ ამ კლანს დასაყრდენი გამოეცალა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ყარაბაღის კლანი მთლიანად რუსეთის მოკავშირეა. სომხეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან თუ შევხედავთ, ყარაბღის გამო, სომხეთი გამოაკლდა თითქმის ყველა რეგიონალურ მსხვილ პროექტს. მაგალითად, ის მილსადენები, რომელიც საქართველოზე გადის, რომ არა კონფლიქტი, სომხეთზე გაივლიდა, რადგან სწორედ სომხური მარშურტი იყო უფრო მოკლე.
ამას გარდა, სომხეთს უწევდა დიდი სახსრების დახარჯვა სამხედრო სფეროში. შედეგად, მივიღეთ 2020 წელს 44-დღიანი ომი, რის შემდეგაც აზერბაიჯანმა გაათავისუფლა თავისი 7 რაიონი, მთიანი ყარაბაღის ნაწილი და ახლა კიდევ ერთდღიანი ოპერაცია ჩატარდა, როდესაც მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე აღდგა აზერბაიჯანული კონტროლი. სომხეთის არმია კი წინასწარ გაიყვანეს ყარაბაღიდან და იქ მხოლოდ ყარაბაღელების 10,000 კაციანი შენაერთი დარჩა.
აშკარაა, რომ ფაშინიანმა დემონსტრაციულად არაფერი გააკეთა ყარაბაღის დასაცავად, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მას ყარაბაღის ჩაბარება გადაწყვეტილი ჰქონდა. მაგრამ აქ ისმის კითხვა, თუ ფაშინიანს გადაწყვეტილება უკვე ჰქონდა მიღებული, რა საჭირო იყო ამის სამხედრო გზით გაკეთება?! ყარაბღის გადაბარება მშვიდობიანადაც შეიძლებოდა, მსხვერპლის გარეშე. ამ კითხვებს აუცილებლად დაუსვამენ ფაშინიანს. აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის და აზერბაიჯანის 7 ოკუპირებული რაიონის დაბრუნებით, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპმა გაიმარჯვა“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.
ირაკლი გოგავა: ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკური ხასიათის „მინი ევროკავშირი“ ჩამოვაყალიბოთ
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა „საერთო გაზეთთან“ სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მთავრობას რომ სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკა ჰქონდეს, 5-6 წელიწადში ეკონომიკის გაორმაგებას შევძლებდით.
მისი თქმით, ქვეყნის განვითარების ბუნებრივი გზა სამხრეთ-კავკასიურ ერთობაშია და სამხრეთ-კავკასიურ სამეულის ინტეგრაციულ მოდელზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკური ხასიათის „მინი ევროკავშირი“ ჩამოვაყალიბოთ:
„ვხედავთ, რომ 10 წელია, არ გვიომია. ხელისუფლება, ეკონომიკის საკითხებში, ციდან ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ ხსნის, გეგმაც კი არ აქვს ეკონომიკური განვითარების, მაგრამ მხოლოდ ამ მშვიდობის გამო, ქვეყანა მაინც წინ მიდის. მთავრობას რომ სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკა ჰქონდეს და არ რჩებოდეს ნეოკოლონიალურ სისტემაში, რომელიც „ვაშინგტონის კონსენსუსის“ სახით გარედან თავს მოგვახვიეს, ორ-სამჯერ მეტი ტემპი გვექნებოდა. ამაზე ბევრი მაქვს ნამუშევარი. ციფრებით დავადასტურებ, რომ 5-6 წელიწადში ეკონომიკის გაორმაგება თავისუფლად შეიძლება, თუ სუვერენულ ეკონომიკურ პოლიტიკას ვაწარმოებთ, ეს კი ყველაფრის გაორმაგებას ნიშნავს: ხელფასების, პენსიების, განათლების და ჯანდაცვის ხარჯების, მეცნიერების, სპორტის, ხელოვნების და ასე შემდეგ. სამხრეთ კავკასიაში მოგვარებული კონფლიქტები დიდ ბიძგს მისცემს სამივე სახელმწიფოს ეკონომიკას. ჩნდება ახალი შესაძლებლობა ერთმანეთთან თანამშრომლობის და ჭკვიანური ინტეგრაციის.
30 წელია ვხედავთ, რომ რასაც დასავლეთიდან გვპირდებიან, მხოლოდ დაპირებაა. არავინ ჩვენს მიღებას არსად აპირებს. გვიყენებენ ეკონომიკურად და პოლიტიკურად. ევროკავშირში რომ მიგვიღონ, აქეთ უნდა დაგვეხმარონ და რად უნდა ახლა ეს ბრიუსელს?! რომ დავთვალოთ, ყოველ წელს 12 მილიარდი დოლარის სარგებელი აქვს ევროკავშირს საქართველოსგან: 300,000 ადამიანი მესამედ ფასში მუშაობს ევროპის ეკონომიკაში, ქართულ საბანკო სფეროში ევროპული კაპიტალი ზემოგებებს შოულობს, საგარეო ვაჭრობაში 2 მილიარდიანი მეტობა აქვთ, 30 წელია აქედან გააქვთ მეტალი, ფერადი ლითონი, ანტიკვარიატი, რესურსები იაფად. ამ სისტემას ეგენი არ მოშლიან, თანაც ექსტერიტორიულად არ მიგიღებენ წევრად, თურქეთსაც კი უარს ეუბნებიან უკვე 50 წელია. სამხედრო ასპექტს რაც შეეხება: მაპი, მაპიო, გვპირდებოდნენ და ფინეთი-შვედეთის მაგალითმა აჩვენა, რომ ნატო-ს წევრობას სულ არ სჭირდება თურმე მაპი. ნატო-ში რომ მიგვიღონ, შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ტორპედოს როლს ვეღარ მოგვარგებენ, როგორც ეს 2004 და 2008 წელს გააკეთეს, როგორც ეს უკრაინას გაუკეთეს. ნატო-ს წევრი რომ გავხდეთ, რუსეთთან ჩვენი ომი გამოირიცხება, რადგან მაშინ ნატო-ც უნდა ჩაერთოს. ჩვენი განვითარების ბუნებრივი გზა სამხრეთ-კავკასიურ ერთობაშია. მე ვსაუბრობ სამხრეთ-კავკასიურ სამეულზე: საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანის ზომიერ ინტეგრაციულ მოდელზე. ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკური ხასიათის „მინი ევროკავშირი“ გავაკეთოთ. საერთო ბაზარი, ერთიანი საგადასახადო და საბაჟო სივრცე, კომპანიათა რეესტრი, ერთობლივი განვითარების ბანკი, საერთო ენერგეტიკული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელები, თუ გნებავთ საერთო ჩემპიონატი ფეხბურთში. ეს 17-მილიონიანი ბაზარი იქნება, ბევრი პროდუქტის წარმოება რენტაბელური გახდება. გადაწყვეტილებები კი მხოლოდ კონსენსუსის გზით მიიღება. ეკონომიკური ფუნქციების ჭკვიანური გადანაწილება ამ სამ სახელმწიფოს შორის დიდ ეფექტებს მოიტანს. მეცნიერული მიდგომით, ბუნებრივი რესურსების, ადამიანური კაპიტალის, ლოგისტიკური შესაძლებლობების, რეგიონის და მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურის ჯვარედინი ანალიზით გადანაწილდება, თუ ვინ რას აწარმოებს და ვინ რა სფეროს ავითარებს. ზოგიერთ სფეროში კი კონკურენციაც სასარგებლო იქნება. მაგრამ 17 მილიონიანი გარანტირებული ბაზარი ნებისმიერი წარმოებისთვის, ბიზნესისთვის დიდი საქმეა,“- განმარტავს პოლიტოლოგი.
„აზერბაიჯანის რესურსები, სომხური დიასპორის გავლენები, საქართველოს გასასვლელი ზღვასა და ოკეანზე, ერთად დიდი ძალაა“
„აზერბაიჯანის რესურსები, სომხური დიასპორის გავლენები, საქართველოს გასასვლელი ზღვაზე და მსოფლიო ოკეანზე – ერთად დიდი ძალაა. ერთ ნავში ჩასხდომა და რესურსების საერთო საქმისთვის მობილიზება დიდ შედეგებს მოიტანს“, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ „საერთო გაზეთთან“ ისაუბრა.
პოლიტოლოგი „სამხრეთ-კავკასიური სამეულის“ შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს და სამი ქვეყნის ერთობლივ რესურსსა და ინტეგრალური ეკონომიკის პოლიტიკას განიხილავს:
„მსყიდველობითი პარიტეტით, ამ სამი ქვეყნის ეკონომიკა, 2022 წელს 310 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ეს სახუმარო ციფრი არ არის. არსებობს ასევე, „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ წილიც. აზერბაიჯანის რესურსები, სომხური დიასპორის გავლენები, საქართველოს გასასვლელი ზღვაზე და მსოფლიო ოკეანზე – ერთად დიდი ძალაა. აქამდე მხარეები ერთმანეთთან ღია თუ ფარულ ქიშპზე ხარჯავდნენ თავის რესურსებს და ენერგიას. ერთ ნავში ჩაჯდომა და რესურსების საერთო საქმისთვის მობილიზება დიდ შედეგებს მოიტანს. ერთ-ერთი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისგან ვიცით, რომ მხოლოდ მდიდარ ქართველებს უცხოეთში 50 მილიარდის რესურსი აქვთ, სომხებს და აზერბაიჯანელებს გაცილებით მეტი. ამ თანხის ნაწილი აუცილებლად მოიზიდება. ამ „სამეულში“ თავისუფლად შეიძლება ინტეგრალური ეკონომიკის პრინციპების დანერგვა. ეს უდიდესი გარღვევა იქნება, ასეთ შემთხვევაში სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ რეგიონად იქცევა. ცხადია, როგორც ყველა საქმეში, რისკებიც არის. მაგალითად, აუცილებელი იქნება, რომ კომპანიის 51% ადგილობრივ მოქალაქეს ეკუთვნოდეს, რომ გამოირიცხოს ჭარბი ექსპანსია ერთმანეთთან. შრომით ბაზარზე უნდა იყოს დაცული პროპორციები 80/20-ზე ადგილობრივების სასარგებლოდ. უნდა შეიქმნას მიუკერძოებელი საერთო არბიტრაჟი, რომელიც დროთა განმავლობაში ცალკე ბიზნესი იქნება და საერთაშორისო დავებს განიხილავს. „სამხრეთ-კავკასიური სამეულის“ პროექტი აუცილებლად გულისხმობს, რომ ამ ტერიტორიიდან არავის მიმართ საფრთხე არ უნდა არსებობდეს. უშუალო მეზობლებთან ვაჭრობაც სამართლიანობის პრინციპს უნდა დაეფუძნოს და ყველა ვექტორის მიმართულებით სატრანსპორტო კომუნიკაციები გაიხსნას“, – აცხადებს გოგავა.
პოლიტოლოგის განმარტებით, ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტა ავტომატურად გულისხმობს ყველა პრობლემის, მათ შორის, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხების სამართლიან მოგვარებას:
„აქვე დავძენ, რომ ცალ-ცალკე გაგვსრესენ, სამივე ერთად თუ დავდგებით – მეტი შანსი გვაქვს, – ძალა ერთობაშია. ჩვენ ვხედავთ და „თეთრი შურით“ გვშურს, თუ რა შედეგები მოიტანა ილჰამ ალიევის სუვერენულმა პოლიტიკამ. ჩვენ კი „ვაშინგტონის კონსენსუსის“ ნეოკოლონიალურ ჭაობში გვახრჩობენ, ხოლო საზოგადოების გახრწნას, დეგრადაციას, დეჰუმანიზაციას და ქვეყნის დეპოპულაციას ასეულობით მილიონს ახარჯავენ ყოველ წელს. ასე არ უნდა გაგრძელდეს.
რომ შევაჯამოთ, ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტა დადებითი მოვლენაა, რადგან იზეიმა საერთაშორისო სამართლის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპმა; მკაფიოდ გამოჩნდა, რომ სუვერენულ, ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს და გაჩნდა შესაძლებლობა სამხრეთ-კავკასიურ ზომიერ ინტეგრაციულ ერთობაზე სამუშაოდ. ამ პროცესის დაწყება კი, ავტომატურად გულისხმობს ყველა პრობლემის და გამაღიზიანებლის, მათ შორის, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხების სამართლიან მოგვარებას,“- განმარტა ირაკლი გოგავამ.