საქართველო იმსახურებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს, არამედ – გაწევრიანების ეტაპზე გადასვლას

საქართველო არის ევროკავშირისა და დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი რეგიონში, საქართველო იმსახურებს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და არა მხოლოდ სტატუსი, გადავიდეს გაწევრიანების ეტაპზე და გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„საქართველო დღეს არის უფრო ევროპული, თავისუფალი, განვითარებული, მშვიდობიანი, უსაფრთხო სახელმწიფო, ვიდრე იყო 10-11 წლის წინ, მაშინ, როდესაც ჩვენ ხელისუფლება გადმოვიბარეთ. მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის, რომ ამ საქმეში მთელი ამ წლების განმავლობაში და ყველა არჩევნებში მხარს გვიჭერდნენ. ჩვენ ხომ ვიცით, ამ 10 წლის განმავლობაში რა პროგრესი აჩვენა [ქვეყანამ], რა რეფორმები გავატარეთ. შეგვიძლია ფურცელი ორ ნაწილად გავყოთ და ჩამოვწეროთ თუ რა გააკეთეს ჩვენმა ოპონენტებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და რა გავაკეთეთ ჩვენ. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვწეროთ ძალიან ბევრი რეფორმა და საქმე, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში შევასრულეთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. რეალურად, ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს საქართველოში არის არსებითი პროგრესი მიღწეული, როგორც ადამიანების უფლებების დაცვის, ისე კანონის უზენაესობის, მრავალპარტიული პოლიტიკის კუთხით, როცა პარლამენტში არის უკვე 9 ოპოზიციური პარტია, ასევე, საკუთრების უფლების დაცვის კუთხით, როცა ადამიანებს აღარ არეკეტებენ, ატერორებენ და აიძულებენ ღამე აჩუქონ თავისი ქონება სახელმწიფოს. მედია, 4 ტელეკომპანია მუშაობდა და ოთხივეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პროდიუსერი აკონტროლებდა. დღეს, მინიმუმ 20 მედია მაუწყებლობს ქვეყნის მასშტაბით და იცით თქვენ, რამდენად განსხვავებული ხმები ისმის ამ მედიით, ესეც ევროპული მედია გარემო. ამის გარდა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს და თითქმის გავასამმაგეთ საქართველოს ეკონომიკა. ევროპელობას და ევროპულ ოჯახში ყოფნას ძლიერ დემოკრატიასთან ერთად ძლიერი ეკონომიკაც სჭირდება. ამის გარდა, ინფრასტრუქტურა, სკოლები, ჯანდაცვა მოქალაქეებს დაუბრუნდა. ვიღაცის ჯიბეში რომ იყო ჩადებული და ადამიანები სამკურნალოდ სახლებს ჰყიდდნენ, გარეთ რჩებოდნენ იმისთვის, რომ უბრალოდ სიცოცხლე გადაერჩინათ. ჯანდაცვა დღეს დაუბრუნდა მოქალაქეებს და ნახეთ აგერ მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ახალი ინიციატივები, პრემიერის გადაწყვეტილებები თუნდაც ონკოლოგიაზე და მედიკამენტებზე. მარტო ეს რამხელა მნიშვნელობის მატარებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდებათ. ამას კიდევ ბევრი რამ შეიძლება დაუმატო, სასაზღვრო კონტროლი, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან და ა.შ. რეალურად საქართველო დღეს არის ბევრად უფრო ევროპული სახელმწიფო, ვიდრე იყო 10-11 წლის წინ. სწორედ ამიტომ და იმიტომაც, რომ საქართველო არის ევროკავშირისა და დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი რეგიონში, იმსახურებს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და არა მხოლოდ სტატუსი, გადავიდეს გაწევრიანების ეტაპზე და გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ ამისთვის კიდევ გვაქვს დაგეგმილი რეფორმები და მომავალსაც პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ამიტომ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დეკემბერში იქნება დადებითი გადაწყვეტილება და უდავოდ დიდი წინსვლა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს შეცვლის პოლიტიკურ ველსაც და დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული ძალები დატოვებენ პოლიტიკურ არენას. იმედია, ახლა მაინც ის ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება აირჩევს უფრო საქმიან ოპოზიციას და შეძლებს, რომ ჩვენ და ჩვენს ხელისუფლებას საქმიანი ოპონირება გაუწიოს, რომ ჩვენი ძალები შევაერთიანოთ ქვეყნის ინტერესებისთვის“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.