მინდა, შემეცოდოს “ზელე”, მაგრამ ვერ და არ მეცოდება, რადგან ბავშვობიდან ვერ ვიტან უმადურ ადამიანებს…

“სისხლი ღვარონ ვირებმაო, ჭამონ ბრიგადირებმაო!”
„რისხვით მობრუნდა ცარგვალი ჩემს თავზედაო“, _ გაიფიქრა მან და პოლიტკულუარებში კი არ მიიმალა, პირიქით, გაერო-ს დიადი ტრიბუნიდან თავდასხმაზე გადავიდა.
არა, ძმაო, რასაც მე ვუყურებ და ვუსმენ, მეღა ვიქმენ უილაჯოდა!
არა, განა რამეა, ვის ვინ არ გადაუგდია, მაგრამ ასე?
ერთიხანობა ვიფიქრე, მოდი, მეც ავტირდები, ვით მეფე ლირი-მეთქი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე, გამახსენდა, რომ მხოლოდ მსოფლიო დონის ლენჩებისთვის არის საქართველო “ლირი, ყველასგან მიტოვებული”, სინამდვილეში კი საქართველო ციდან მოვლენილი ის უდიადესი მსოფლიო ცივილიზაციაა, რომელმაც დასაბამი მისცა დღევანდელ ადომხალებულ ე.წ. ცივილიზაციას და მას ციდანვე მფარველობენ…
ზესკნელიდან გვასწავლეს, რომ უმადურობა ძალიან ცუდი თვისებაა და უნდა დავთრგუნოთ ჩვენვე და ჩვენში, მაგრამ თანამედროვე ე.წ. დემოკრატიული პრინციპებით, პირიქითაა, სარჩული წაღმა კი არა, უკუღმაა…
ნიუ-იორკში, გაერო-ს მორიგ უმაქნის ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს ბრაზილიისა და პოლონეთის პრეზიდენტებმაო.
ბრაზილიის პრეზიდენტი რამ გადარია, თორემ პოლონეთს რომ აქამდეც უნდა ეჟივჟივა, ჩემზე უკეთ მან იცის. დამხრჩვალს თუ იმ დასახრჩობს რომ შეადარა უკრაინა ანჯეი დუდამ, რომელიც არაადეკვატურად იქცევა და მშველელსაც ჩაითრევს, ყველამ მოვისმინეთ. ფაქტობრივად, დუდამ დიპლომატიურ ენაზე თქვა “ერთი თქვენი ნატო-ს ჭკუაც ვატირე, მე რუსეთს არ შევეჭმევინო, მაიტათ ლვოვი (არა მხოლოდ) და ეგააო”.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რომელიღაც თვის დასასრულს, ოკუპანტობის მოყვარულმა რუსეთმა ისეთი რისხვა დაატეხა თავს “წაქეზებულ მურიას”, ერთიანად წაუხდათ საქციელი “იხვის ტოლმა” ზელენსკის და მის წამქეზებლებსაც. დაემთხვა, თუ ასე იყო დროში გაწერილი, არავინ იცის, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ ამბამდე ორი დღით ადრე რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოაცხადეს უკრაინის “მეგობრებმა” და თვითონვე ხარობდნენ მარტივად მოაზროვნე თავები აქაც, იქაც და იმის იქითაც.
იქცევა უკრაინა და კაცი არ არის სიტყვის დამსველებელი, გვეყოს სისხლისღვრა და ხალხის გამეტება, დავილაპარაკოთო. არა, პირიქით, აქეზებენ აქეთაც და იქითაც. პრინციპში, რუსეთს აქეზებენ, თორემ უკრაინა სიტუაციური მძევალია მიზეზთა გამო და მას ვინ ეკითხება, როდის რა შეწყვიტოს. ისე გამოსდით, “სისხლი ღვარონ ვირებმაო, ჭამონ ბრიგადირებმაო!”
კი, ერთი ჩვენ ვიზეიმეთ რუსეთზე გამარჯვება 2008 წელს და მეორე _ უკრაინა იზეიმებს 7053-ში, მაგრამ რაღაც სამარცხვინო რომ ხდება ე.წ. ნატო-ს თავს, ხომ ვხედავთ? რა უკრაინა, მთელი ნატო ებრძვის ერთ რუსეთს და ძვრას ვერ უშვრებიან…
ვინცხა იმისი არ იყოს, ყველაფრის საწყისი ის ხომ არ არის, რომ უკრაინის გადანაწილება ხდება (ყასიდად ვიკითხე, თორემ რა გენიოსობა მაგას უნდა!).
რატომ მგონია პირადად მე, ერთ რიგით ქართველ მოქალაქეს ასე?
ვთქვი და ვიმეორებ: მინდა, რომ გაყინულ აზროვნებაში რამენაირად ლღობას მივაღწიო, რადგან ეჭვის საფუძველი მაქვს. მაგალითად, უნგრეთის დეპუტატმა ლასლო ტოროცკიმ პოლონეთს დამოუკიდებლობის დღე საკმაოდ უცნაურად მიულოცა: “დღეს პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეა. ღმერთმა დალოცოს პოლონეთი! მომავალ შეხვედრამდე უნგრეთ-პოლონეთის საზღვარზე!” ხომ არაფერი გეუცნაურათ?
რაც მე რუკას ვუკირკიტე, დაველმდიღა, მაგრამ ვერაფრით მივასაზღვრე ერთმანეთს ეს ორი სახელმწიფო. პოლონეთის მოსაზღვრე, შეიძლება, იყოს (არის): რუსეთი, ლიეტუვა, ბელარუსი, უკრაინა, სლოვაკეთი, ჩეხეთი, გერმანია, მაგრამ უნგრეთი?
თვალი ხომ არ მატყუებს _ უნგრეთი და პოლონეთი ერთმანეთს როგორ ჩაეხუტებიან, როდესაც შუაში მურმანის ეკალივით არის ჩაჩხერილი უკრაინის დასავლეთი ნაწილი?
ეს გაურკვევლობა არ მქონდა გადაყლაპული და ახლა პოლონეთმა გამოფინა 2022 წლის 11 ნოემბერს თავიანთი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პლაკატი, სადაც წერია: “ლვოვის გარეშე არ არის პოლონეთი!” (ნეტაი, ლვოვში, ისევ არის “ტალკუჩკა”?)
მაიტა, ალალადა ვთქვათ!
თითოეულმა ჩვენგანმა რომ პუტინის ადგილზე წარმოვიდგინოთ თავი, მისნაირი რუსული ოკუპანტურ-პატრიოტული სამხედრო შემართებითა და შესაძლებლობებით, სანამ ყირიმზე სახმელეთო გასასვლელს არ გახსნიდით, შეჩერდებოდით?
რადგან რუსული საბრძოლო მანქანა დაიქოქა, ის აღარ გაჩერდება, ვიდრე “ა” პუნქტიდან გასული მონიშნულ “ბ” პუნქტამდე არ მივა!
საქმე ის გახლავთ, რომ გორბაჩოვისა და შევარდნაძის “პერესტროიკამ” მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების დროს რუსეთი გვერდზე ჩააჩოჩა, ლოთბაზარა ელცინმა სულ ფეხზე დაიკიდა “ბოთლა არყად” დიდი რუსეთი და ჩაამძორა ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნებით გაჯეჯილებული თავისი ქვეყანა.
კარგა ხანს იყო ჩუმად რუსეთი და, კონკრეტულად, პუტინის ხელისუფლება, როცა ჩათვალა, რომ მზადყოფნაშია, ჯერ ტკბილი სიტყვითა და ურთიერთშეთანხმებით დააპირა რუსეთისთვის წაღლეტილის დაბრუნება, შემდეგ ხმა ამოიღო _ ჯერ თითი იქნია, მაგრამ რომ შეხედა, ტურები ნადავლს ნებით არ შეელეოდნენ, გამოწვევებზე მოქმედებით უპასუხა და, ფაქტობრივად, განაცხადა, გეყოთ მარტოს თქვლეფა, ჩემი წილი მიმაქვს, ახლიდან გაიყოფა მსოფლიოო. ახლა ეშარებიან, შე ხიხია რუსეთო, რათა ხარ ეგეთი მავნებელი გრძელხელებაო? იიიიო, მოკლე რა მაქვსო? _ ტლინკები უკუღმა ჰყარა “ვანიამ”.
2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატო-ს მიმართა, გაეუქმებინა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ ნატო-სგან პასუხად მიიღო, ყველას თავისი არჩევანის უფლება აქვს, თავდასაცავად სად გაწევრიანდესო. მცირე ხანში ახლა სხვა რამის შესრულება მოსთხოვა რუსეთმა, დაუბრუნდით 1997 წლის მაისის განლაგებას ნატო-ვ და აშშ-ო და სულაც თავი გაანებეთ უკრაინას, აღმოსავლეთ ევროპას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას, მე მიდევს ტორიო. _ არ გაიგეს, გენავ!
თქვა აშშ-ის ახალი უსაფრთხოების ცენტრის ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების პროგრამის გენერალურმა დირექტორმა ანდრეა კენდალ-ტეილორმა: “რუსეთმა ისწავლა, თუ რამეს პოლიტიკურად ვერ გააკეთებს, სამხედრო ძალით იზამს. ასე რომ, ეს სახიფათოა”-ო, მაგრამ ვინ დაუჯერა, კუნთებს ათამაშებს და სულ ესააო;
რუსეთს ჯავშანტექნიკა და შეიარაღება ღიად გადააქვს დასავლეთის საზღვრებთან და ისე განათავსებს, საბრძოლო დანადგარები კამუფლირებულიც კი არა აქვს, უეცარი თავდასხმა რომ ჰქონდეს განზრახული, მეტი სიფრთხილით მოიქცეოდაო;
ომის დაწყებას რომ აპირებდეს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაამონტაჟებდაო; ინდე, თუ არ აპირებდა!..
ამ ყველაფერს “ფაზლივით” თუ ააწყობს ადამიანი, ყველაფერი ისე ლოგიკურად ჯდება ერთმანეთში და ერთმანეთთან, როგორც კაი ცხელი შოთი პური და გუდის ყველი. ასე რომ, ვერავინ იტყვის, არც არაფერი გვეგონა და არც არაფერს ველოდითო. არ ელოდნენ კი არა, იმდენი უჩიჩხინეს რუსეთს გავა-დუმაში, სანამ არ გადარიეს…
პირველი მკვლელობა ძმის მიერ ძმის მოკვლა იყო. ასე რომ, ფაქტობრივად, არც არაფერია გასაკვირი…
საკუთარი ძმათამკვლელი ომი არ შეგვიცხადებია ქართველებს, არც მშვიდობიანობაში კვლა, რუსეთ-უკრაინის ძმათა კვლის შესაცხადებელი ადგილი სად დარჩათ საქართველოს სახელმწიფო დროშის ლურჯ-ყვითლად გადამღებავებს, გელა მუხაშავრიაც ვერ იპოვის…
ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები არიან საპასუხისმგებლო თანამდებობზე, რომ აბსოლუტურად ცივი გონებით იღებენ ყველანაირ ინფორმაციას და ცივი გონებით შეუძლიათ განსჯა…
ჯერ თავო და თავოო, მერე ცოლო და შვილოო…
ერთს ვიკითხავ: ვითომ რატომ არ ენდომება უკრაინის ყველა მეზობელს მისი დაქუცმაცება და გაცამტვერება, თუ თავისას უკან მიიღებს?
მხოლოდ თურქეთია “შესაბრალისი” _ როგორც ჩვენ გვაქვს აუხდენელი ოცნება თურქეთის მიერ საქართველოსგან მიტაცებული ტერიტორიის დაბრუნებისა, ისე დარჩება მასაც ოცნება “ყირიმის სახანოს” დაბრუნებისა. არადა, ეს საბურთაოდ გამხდარი ყირიმი სულაც კოლხეთის ნაწილი იყო…
მოკლედ რომ მოვჭრათ, რასაც ვხედავთ, მხოლოდ ის ჩანს: რომ უკრაინა ცუდ დღეშია, ერთ ანტილოპას რომ გიენების ხროვა ყველა მხრიდან ჯიჯგნის, ისეთი სურათი იხატება…
ანჯეი დუდას აჟიმჟიმებდა რუსეთთან ომის ხსენებაზე და ახლახან მარცვლეულის ექსპორტის საბაბით მოეხსნა (ჟიმჟიმი). რა სასაცილონი გახდნენ…
რასაც ფაქტობრივად ვხედავთ, რუსეთის წინ არავინ მიხტის და ჩვენ სადღა გვეპატიჟებიან რუსეთთან ომში თავის გასაყოფად, ამ ჩვენისებს “ზემოთა უბანში” მაგრადა ჰყვანან, თუ რა პაპიჩვენის თაფლა ვირი უნდათ, ჰა?
ყველაზე სასაცილო ის არის, რომ უკრაინელებმა, ამ ზემცოდნეებმა, ის რომ ეჩვენებინათ, ცარიელი დარბაზი კი არა, ზელენსკის სიტყვით გამოსვლას მთელი გაერო უსმენდაო, ისე აწებ-ამონტაჟეს კადრები, რომ ორი ზელენსკი მივიღეთ _ ერთი სიტყვაში გამოდიოდა, მეორე _ უსმენდა. არააა, ეს უნდა ნახოს ადამიანმა, მონათხრობით ვერ იხალისებთ და იქნებ, არც დამიჯეროთ….
ის, რომ ზედ გაერო-ს ტრიბუნაზევე მიაფარჩაკეს თავიანთ მიერვე შექმნილი 2023 წლის “დედამიწის ადამიანი”, ეგ არაფერია, სტილი აქვთ ასეთი ე. წ. მსოფლიო დემოკრატებს. ყველასგან მიტოვებულია, მაგრამ ვერ და არ მეცოდება. მინდა, შემეცოდოს “ზელე”, მაგრამ ვერ და არ მეცოდება, რადგან ბავშვობიდან ვერ ვიტან უმადურ ადამიანებს…
არანაკლებ საინტერესო იყო ამერიკის კონგრესის სპიკერ მაკარტნის “რეჩი”, რა უკრაინის დახმარება, ჯერ ის გაგვაგებინეთ, ზელენსკიმ (მისმა ბანდამ) 11 მლრდ დოლარი სად წაიღოვო?
მაკარტნამდე ვინ მიმიშვებს, თორემ ალალად ვეტყოდი: პატივცემულო, რას მიედ-მოედები, ვითომ არ იცი, სად წაიღო (წაიღეს), ალაოდ ხომ არ ხარ-მეთქი! _ გამომივიდნენ ესენიც სიაფანდი ბენტერები!
ზურაბ ოშხერელი