საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მეორედ მოსვლა ოპოზიციაში-ქალები ერთმანეთს თმებით ათრევენ… – საერთო მედია
სექტემბერი 18, 2024

მეორედ მოსვლა ოპოზიციაში-ქალები ერთმანეთს თმებით ათრევენ…

ერთხელ დავწერეთ, ორჯერ, სამჯერ იმის შესახებ, რომ საპარლამენტო სიის ფორმირება როგორც უმრავლესობაში, ისე ოპოზიციაში აქტიურად მიმდინარეობს და გამსვლელ სიაში მოსახვედრად სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული. ამ ყველაფერს უმრავლესობა ჯერჯერობით არ იმჩნევს, არ იმჩნევდა ოპოზიციაც, მაგრამ სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა, პარტიის წევრებისთვის მოწოდება გაეკეთებინა, ერთმანეთის დაჭმას შეეშვით და სიაში ისეთი ხალხი ჩაწერეთ, ვინც აქამდე დეპუტატი არ ყოფილაო. მიშას განცხადებამ ძალიან, ძალიან ბევრი ლიდერი გააბრაზა, მაგრამ ხმამაღლა ამის თქმას ვერავინ ბედავს, რადგან აღნიშნულ მოწოდებასთან ერთად, სააკაშვილმა ნიკა მელიას პირდაპირ მიანიშნა, ან გაუმდი, ან პარტიიდან წადიო და არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, პარტიიდან წასვლა არავის სურს. მელია კი დანებებას არ აპირებს და ისიც გაიხსენა, თავის დროზე, იმავე სააკაშვილმა, ვაშაძეზე რომ თქვ, მოშივდა და ბიძინასთან წავიდა, მისი საქმე აკეთაო, ახლა კი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პარტნიორია.

პირდაპირ ვთქვათ – საპარლამენტო სიაში მოსახვედრად მთავარი ომი გაზაფხულზე გაიმართება და სიტუაცია ახლა უკვე იმდენად მძიმეა, რომ ინფორმაცია და დაპირისპირება კულუარებიდან აუცილებლად გამოჟონავს. თანაც, კანონმდებლობის მიხედვით, საპარლამენტო სიაში გენდერული ბალანსის დაცვაა აუცილებელი და ომში მხოლოდ კაცები არ იქნებიან, ქალებიც აქტიურად მოითხოვენ მზის ქვეშ ადგილს. აი, რას ამბობს, „ალიას“ წყარო: „ამ შემთხვევაში, მმართველ გუნდში სიტუაცია უფრო მარტივია, რადგან სუსტი სქესის წარმომადგენლების დაკომპლექტება იოლად მოხდება (გარკვეულ მიზეზთა გამო), აი, ოპოზიციაში კი შეიძლება ქალებმა ერთმანეთს თმებიც დააწიწკნონ. მითუმეტეს, რომ არსაიდან მოსულ სოფო ჯაფარიძეს, არამარტო გამსვლელ სიაში აქვს ადგილი გარანტირებული, არამედ რამდენიმე დაქალის ჩაწერაც სურს, რაზეც უდიდესი ალბათობით, სააკაშვილს მარტივად დაითანხმებს და ეს ყველამ იცის.“

ავარაუდოდ, სწორედ ამიტომ დაიზღვია თავი მიშამ და ფაქტია, რომ სიის დაკომპლექტებაში არამარტო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, არამედ შესაძლოა, ასი პროცენტით თავად დააკომპლექტოს, მაგრამ…

„სააკაშვილი ხვდება, რომ ამომრჩევლის ოდენობა საკმარისი არ არის და ამიტომ ცდილობს, როგორმე ახალი ამომრჩეველი მონახოს. იმ ადამიანების ჩასმა სიაში, ვინც აქამდე დეპუტატი არ ყოფილა, ერთ-ერთი კარგი გზაა, რადგან ეს ადამიანები აუცილებლად შეეცდებიან ხმების მოგროვებას და სამეგობრო-სანათესაოს გარდა, რიგით ადამიანებთანაც აქტიურად იმუშავებენ. ამასთან ერთად, სააკაშვილი იმასაც კარგად ხვდება, რომ მისი გუნდის ძველი წევრები, ამომრჩევლის თვალში დიდი ავტორიტეტით ვერ სარგებლობენ, რომ ისინი ჩვეულებრივი, ოდიოზური ფიგურები არიან და ამიტომ, თვალს უნდა მოაფაროს ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე მოაფარა თვალს პარტიის ლიდერშიფი და შემდეგ ისინი პარლამენტში აღმოჩდნენ და ფონს მხოლოდ გამოცდილების ხარჯზე თუ გადიან“, – გვეუბნება „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც სიაში მოხვედრის იმედი უკვე აღარ აქვს.

მიშა მას შემდეგ უფრო გააქტიურდა, რაც დარწმუნდა, რომ 99%-იანი სიზუსტით, საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ და გეგმა, რომელსაც უარის შემთხვევაში ქუჩაში ახალგაზრდების გამოყვანა და რევოლუციის მოწყობის მცდელობა ერქვა, ჩავარდა. მეტიც, სულ ტყუილად გადაუხადეს 2 მილიონამდე თანხა სერბ ტრენერებს, რომლებმაც „ნაციონალების“ აქტივი სწორედ დეკემბრის აქციებისთვის მოამზადეს და აუხსნეს, როგორ უნდა მოეხდინათ „მშვიდობიანი გადატრიალება“. კანდიდატის სტატუსის მიღება არის ის, რაც მმართველ გუნდს არჩევნებამდე მშვიდად მიიყვანს, რადგან ოპოზიციას არც მიზეზი და არც რესურსი არ ექნება იმისთვის, რომ ქუჩაში ხალხი გამოიყვანოს.

თუმცა, „ქართულ ოცნებას“ ახლა სხვა საზრუნავი უფრო აქვს. საარჩევნო სიის დაკომპლექტებას ღარიბაშვილი-კობახიძე-კალაძე აპირებენ, რა თქმა უნდა, ივანიშვილთან შეთანხმებით, მაგრამ საკუთარი ინტერესი ისევ აქვს ძალოვან უწყებას და რაც მთავარია, არავინ იცის, რამდენ „უცხო“ ადამიანს ჩასვამს სიაში ივანიშვილი. ჰო, უცხოს, რადგან ყველამ იცის, რომ წინა არჩევნებზე კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა სიაში მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ, რომ ბერას ძმაკაცები არიან და თავისი კვოტა ბერამაც გამოიყენა. თანაც, მომდევნო პარლამენტში მოხვედრა საინტერესო იმითაც იქნება, რომ დეპუტატების ხელფასი 3500 ლარიდან ერთბაშად 8500-მდე გაიზრდება და ეს თანხა 4-წლიან პერიოდში, 400 ათას ლარს აღემატება. ამას დაამატეთ პარლამენტარის მანდატი, რაც თავის თავში მოგებულ ტენდერებსა და კიდევ ბევრ ამქვეყნიურ სიკეთეს გულისხმობს და ჩვენდა საუბედუროდ, დეპუტატობა უკვე ოფიციალურად ასოცირდება მილიონერობასთან.

ბერა ივანიშვილი ტყუილად არ გვიხსენებია. ჩვენი ინფორმაციით, ის სიაში ოთხი კაცის ჩაწერას მოითხოვს და თანაც ისეთების, პოლიტიკურად აქტიურები რომ არ იქნებიან, უბრალოდ მანდატი ექნებათ და არც ამომრჩევლების მიმართულებით შემატებენ გუნდს რამეს. იგივე შეიძლება ითქვას ბიძინა ივანიშვილის რჩეულებზეც, ამომრჩევლის რესურსი არც მათ ექნებათ და ყველაფერი ისევ ძველი გვარდიის კისერზე გადაივლის, იმ გვარდიის, რომელთაგან ბევრი პარლამენტში ვეღარ მოხვდება. 

წყარო