მერაბიშვილი არის ტერმინატორი – მიუშვი პოლიტიკაში და დაანგრევს, თუ რამე დასანგრევი დარჩა
ჭიდაობა მიდის იმაზე, ვინ იქნება “მიშა”
“საერთო გაზეთს” ესაუბრა პოლიტიკოსი პეტრე მამრაძე.
– ბატონო პეტრე, სამნიძის განცხადებას ოპოზიციის ნაწილი ევროჩინოვნიკებთან დახურულ შეხვედრებზე კანდიდატის სტატუსის ჩაგდებას ითხოვსო, დიდი ხმაური მოჰყვა.
– ყველაფერი ლოგიკურად ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ სამნიძის განცხადება დეკანოიძემაც დაადასტურა: ევროპელ პარტნიორებს ოპოზიციის მხრიდან არაერთგვაროვანი ინფორმაცია მიეწოდებათ, მათი ნაწილი ამბობს, სანამ საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, სტატუსი არ მოგვცეთო. ყურადღება შემდეგ გარემოებას მივაქციოთ: ოპოზიცია კონსტიტუციის წესით დანიშნულ კანონიერ არჩევნებს როდი გულისხმობს. სქემა ასეთია: თუ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, ოპოზიცია ამას ბერკეტად გამოიყენებს, რათა ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს, არეულობა მოაწყოს, პარლამენტში შევარდეს და შედეგად, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. რატომ საუბრობენ ახლა ამ თემაზე სამნიძე და დეკანოიძე?! იმიტომ, რომ დიდი ალბათობით, საქართველოს სტატუსს მისცემენ. ოპოზიციის ქმედებების შესახებ ინფორმაცია მაინც გაჟონავდა, ამიტომ სამნიძეებმა ამ თემისგან დისტანცირება გადაწყვიტეს _ ჩვენ კარგები ვართ, ეს ნაცები, “ლელო” მოითხოვდნენ ევროპელებისგან სტატუსის ჩაგდებასო. ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში უცხოელებთან, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს, კონტაქტი მქონდა. ევროპარლამენტარების განწყობა ორად იყოფა. ერთნი ფიქრობენ, რომ სტატუსი ახლა კი არა, ექვსი თვის შემდეგ უნდა მოგვცენ, მეორენი კი ამბობენ: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ, ოღონდ გარკვეული დათქმებით, რომ 12-პუნქტიან დავალებას სრულად შეასრულებენო. მათ იციან, რომ უკრაინა და მოლდოვა ბევრი პარამეტრით საქართველოს ჯერ კიდევ შარშან ჩამორჩებოდნენ. ამიტომ, სტატუსს ახლაც თუ არ მოგვცემენ, იციან, რომ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკაცრი განცხადებები გაკეთდა იმის შესახებ, რომ სტატუსის არმოცემით ევროპამ შეცდომა დაუშვა, უსამართლობა ჩაიდინა. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სტატუსს ვიმსახურებთ. ამიტომ, სტატუსის მონიჭების ალბათობა გაზრდილია. ასე რომ, ოპოზიციას ბოლო ბერკეტიც ხელიდან ეცლება. ისინი ამომრჩეველს ვერაფერს შესთავაზებენ ისეთს, რომ არჩევნების წესით გაიმარჯვონ. ოპოზიცია წინა არჩევნებზე პარლამენტში მოხვდა, რადგან მაშინ ბარიერი არ იყო. ბარიერი რომ ყოფილიყო, “ქართული ოცნებისა” და ნაცების გარდა, პარლამენტში ვერავინ მოხვდებოდა. ამიტომ არის ასეთი დუღილი. ოპოზიცია ხსნის გზას ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს.
– სამნიძემ განაცხადა: გვარ-სახელები ვიცი, ვისაც კანდიდატის სტატუსის ჩაგდება უნდაო. ამ “აღიარებით” სააკაშვილის პარტიის დაზარალება ხომ არ არის გეგმაში?
-რიგმა ვაიპოლიტიკოსებმა დაინახეს, რომ ვერცერთ სიაში გამსვლელ ადგილს ვერ იკავებენ. როცა ხედავ, რომ პარლამენტს გარეთ რჩები, იწყებ საუბარს, როგორი კარგი ხარ და სხვები რა ცუდები არიან. გახსოვთ, სამადაშვილის განცხადება ღია ეთერში: ჩვენ უცხოელ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ საქართველოს სანქციები უნდა დაუწესონ, ისინი კი გვეკამათებიანო. ეს გაწბილებული ტონით თქვა. პარტნიორები ამ წინადადებას ასე პასუხობდნენ: ეს რომ გავაკეთოთ, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისკენ ვუბიძგებთო. სამადაშვილის ვიზიტის მერე, ბალტიისპირეთის ერთ-ერთ ქვეყანაში განცხადება გაკეთდა: საქართველოს სანქციები უნდა დაუწესდესო. ამ ქალბატონის საჯარო განცხადებებს საელჩოები თარგმნიან და თავიანთ დედაქალაქებში აგზავნიან. ასე რომ, იქ ეს განცხადებები ცნობილია. იგივე მეორდება, რაც შუა საუკუნეებში ხდებოდა: მოღალატეები აქედან გარბოდნენ და ოსმალებს, სპარსელებს რას აღარ ჰპირდებოდნენ, რომ ისინი მმართველებად დაესვათ.
– ბატონო პეტრე, სააკაშვილის პარტია გაყოფისთვის ემზადება. ბაჩო დოლიძემ, ჩრდილოვანი მმართველობის პირობებში პარტიაში ვეღარ დავრჩებითო.
– 2008 წლის თებერვლამდე მთავრობის კანცელარიის უფროსი ვიყავი, შემდეგ “ნაცმოძრაობის” სიით პარლამენტში მოვხვდი, ამ პარტიის წევრი არასდროს ვყოფილვარ. აგვისტოში სააკაშვილმა სისხლიანი სამხედრო პოლიტიკური ავანტიურა განახორციელა. მე ოპოზიციაში გადავედი. მინდა გითხრათ, რომ დღიდან დაარსებისა, ეს პარტია სამ რამეზე იყო დაფუძნებული: ტყუილზე, ძალადობასა და სიძულვილზე. აი, რა დათესეს. “ნაცმოძრაობა” პოლიტიკური პარტია კი არა, მაფიოზური ტიპის წარმონაქმნია. ხშირად გვესმოდა, როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად იმ პირებს, ვინც მათ არ ემორჩილებოდა. მათი “ბოევიკები” სცემდნენ ადამიანებს, ვისი აზრიც არ მოსწონდათ. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ პარტიაში რამე ახალი ხდება, იგივე ტენდენციაა. მაგრამ სააკაშვილის პარტიის ყველაზე ძლიერი, რეალური დაშლა 2016 წლის არჩევნების შემდეგ მოხდა, როცა 28 ცნობადი სახიდან პარტია 22-მა დატოვა. იცით, რატომ ჩამოიპარა სააკაშვილი არაჟნებთან ერთად?
– ერთ-ერთი ფაქტორი მელიას პოლიტიკური სპექტრიდან სრულად ამოშლა იყო. სააკაშვილი ხეზე ფეხებით რომ ჩამოეკიდათ და ქვეშ ცეცხლი დაენთოთ, მისთვის ამ წამების ტოლფასი იყო, ნაცების “აჯანყება” და მის ჯინაზე, მის საწინააღმდეგოდ მელიას პარტიის თავმჯდომარედ არჩევა. მიშა ხომ ამ პარტიას ერთპიროვნულად მართავდა. იტყოდა: ბუბა უნდა იყოს სიის პირველი ნომერიო და ასეც ხდებოდა. ასევე, მარიამ საჯაიას პარლამენტში შეყვანის გამო კონსტიტუციაში ცვლილებები შეატანინა. ნეტავ, მოგესმინათ, ნაცები რა სიტყვებით ამკობდნენ ამ ახალგაზრდა ქალსაც და მიშასაც. აი, ასეთი დამოკიდებულება იყო – პატივისცემა, ერთგულება, სიყვარული კი არა, ყველაფერს ძალადობა წყვეტდა. ვინც მას ემორჩილებოდა, რა დონის დანაშაულიც უნდა ჩაედინა, მას წილები ბიზნესში, მიწები, უძრავ-მოძრავი ქონება გარანტირებული ჰქონდა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ყველას სასტიკი ანგარიშსწორება, ციხის ჩათვლით, ელოდა. პირადად ვარ მოწმე, ადეიშვილი და მერაბიშვილი როგორ აკონტროლებდნენ მაჟორიტარებს, ყველა მათგანზე კომპრომატი ჰქონდათ. ასეთი განწყობა იყო ამ ბანდაში და არც ახლა შეცვლილა რამე. ნიკანორზე ტყუილად როდი თქვა ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა: მელია ბოკერიას ბედს გაიზიარებსო. მართლაც, ბოკერიამ ყველაზე ცნობადი სახეები კი წაიყვანა პარტიიდან, მაგრამ შედეგი რა იყო? 2020 წლის არჩევნებში მან შვიდი ადგილი მიიღო, სააკაშვილმა კი _ ოცდათექვსმეტი (5-ჯერ მეტი, ვიდრე ბოკერიამ). მელია განზე რომ გადგეს, ბაჩო დოლიძის მერე დამისახელეთ მესამე, მეოთხე პირი, ვინც რაიმე ღირებულს წარმოადგენს.
ამჟამად, რეალურად პარტიას კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ. მერაბიშვილს ისეთი კადრი სჭირდება, ვინც უსიტყვოდ დაემორჩილება. წინააღმდეგობის გაწევა გამორიცხულია. და ჰყავს კიდეც ხაბეს სახით ასეთი კაცი. მერაბიშვილს პარტიის წევრებთან სამხედრო-პოლიციური ურთიერთობა აქვს. სხვა არაფერი შეუძლია. მერაბიშვილი არის ტერმინატორი – მიუშვი პოლიტიკაში და დაანგრევს, თუ რამე დასანგრევი დარჩა. მასავით დესტრუქციული პრემიერ-მინისტრი, რომელმაც “ნაცმოძრაობას” მაშინ სასტიკი ზიანი მიაყენა, სხვა ძნელად წარმოსადგენია. ვანო ხაბეს რასაც ეტყვის, იმას გააკეთებს.
მაგრამ მიშა ხომ ხედავს, რომ ეს წამგებიანია. ამიტომ სააკაშვილი ასპარეზზე ახალი სახეების გამოყვანას ცდილობს. აგერ, გაააქტიურა სოფო ჯაფარიძე, ანი წითლიძე. მიშა მერაბიშვილს პირდაპირ არ უპირისპირდება, მაგრამ გახსოვთ, როგორ უარყოფით კონტექსტში ილაპარაკა 2007 წლის 7 ნოემბერის თემაზე: დანაშაული მერაბიშვილს გადააბრალა, მე არაფერი ვიცოდი, მეძინაო. სააკაშვილი თან უკრაინის მოქალაქეა, თან – პატიმარი. მოკლედ, კურიოზული ვითარებაა – იციან, რომ მიშას ამომრჩევლების გარდა, პარტიას სხვა ელექტორატი არ ჰყავს. სააკაშვილის ელექტორატი, რაც 12-13%-ს შეადგენდა, მისი ერთგული, თავგანწირული ხალხია. სწორედ მათი დახმარებით აიღო ოპოზიციის სამოცი ადგილიდან – 36 ადგილი, დანარჩენებმა, ყველამ ერთად კი _ 24 ადგილი. ოპოზიციამ იცის, რომ მიშას ელექტორატისგან უნდა მოიპოვოს ხმები. სხვა შემთხვევაში ბარიერს ვერ გადალახავენ. აი, რაზე მიდის ჭიდაობა. გახსოვთ, “ნაცმოძრაობაში” თავმჯდომარის არჩევნების დროს რას გაჰყვიროდა ხაბე? – შევვარდები კლინიკაში და მიშას იქედან ფიზიკურად დავიხსნიო. რატომ ყვიროდა ამ სიტყვებს? – რათა სააკაშვილის ელექტორატს დაენახა, რომ ახლა ხაბე არის მიშა, ისე, როგორც ერთ დროს ბუბა კიკაბიძე. ხმა ხომ სინამდვილეში მიშას მისცეს და არა ბუბას. იგივე მოხდა გრიგოლ ვაშაძის შემთხვევაშიც. ვაშაძის რეიტინგი ნული იყო, ხმას მიშას აძლევდნენ. დავით ბაქრაძეც ასე ლიდერობდა რეიტინგის სათავეში. ანუ, ჭიდაობა მიდის იმაზე, ვინ იქნება “მიშა”. “ნაცმოძრაობის” სივრცეში კურიოზული, მარაზმატული, ღრმად პროვინციული ჭაობია გამეფებული.
– ბატონო პეტრე, ამბობენ, არჩევნებში მონაწილეობას ზურაბიშვილიც აპირებს გახარიასთან და ლომჯარიასთან ერთადო.
– არ ვიცი, მართლა გადადგამს თუ არა ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს, მაგრამ, როგორც პოლიტიკური დამოუკიდებელი აქტორი, იგი ნულოვანი შედეგისთვის არის განწირული. ასე იყო მაშინაც, როცა მიშამ საგარეო საქმეთა მინისტრობიდან მოხსნა. ზურაბიშვილმა სამ დღეში დიდი მიტინგი გამართა, აქციაზე ბევრი ხალხიც მივიდა იმ იმედით, რომ საპირწონე ძალა გამოჩნდა. ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი, საფრანგეთის ყოფილი ელჩი იყო და არსებობდა მოლოდინი, მისი სახით ევროპული ძალა შექმნილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა, ხალხი მოტყუებული დარჩა. მერე საკნების აქციაში მონაწილეობდა და აქციებზე მღეროდა. უცხოელები გაოგნებული საუბრობდნენ მის არაადეკვატურ ქცევებზე. ასე რომ, ვისთან ერთადაც უნდა გაერთიანდეს, მათ შორის, გახარიასთან, ის ნულოვანი შედეგისთვის არის განწირული.
“საერთო გაზეთი”
თამარ შველიძე