“ხათუნები” ვირთხები არიან, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ ხომალდი იძირება!

“მატარებელი-2024” მალე გამოვა დეპოდან
ზოგადად, როდესაც ფაუნაზეა საუბარი, რატომღაც, როგორც ბრძენი, წინა პლანზე გამოდის გველი. ნამდვილად ვერ განვავრცობ “გველის თემას”, ფორმატი არ მაძლევს საშუალებას, თუმცა, საქართველოს პოლიტიკურ უდაბნოს თუ გადავხედავთ, გველთა მრავალფეროვნებასა და მრავალზნეობაზე კი, უნდა თქვას კაცმა ერთი-ორი სიტყვა მაინც…
დიდი წარმოდგენა არ უნდა, მაგრამ მაინც -საქართველო დიდი და სახარბიელო სივრცეა მსოფლიოს ყველა ძლიერი სახელმწიფოსთვის, რაგინდ შორს იყოს და არანაირი სასაზღვრო შეხება არ გვქონდეს. შესაბამისად, არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ამ საქართველოში ვიღაც “ჭკვიანმა”, მისთვის სასარგებლო გველკუების გამოყვანა გადაწყვიტა. ნეტავ, რომელ ბრიყვს ჰგონია, რომ თანამედროვე გველკუა ამფიბია უნდა იყოს?
ღმერთმა დამიფაროს ვინმეს გარეგნობის განკითხვისგან, მაგრამ რაც აშკარაა, მხოლოდ მე ვატყობ? -ხან დედმაშიშვილები მგონია და ხან სერიულად გამოშვებულები -…ფაქტობრივად, ერთსა და იმავეს ვამბობ ერთსა და იმავე ჰიბრიდებზე…
ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკის გამტარებელი პირი იმავე ქვეყნის სახეა, გნებავთ, სამთავრობო ხაზი იყოს, გნებავთ – ოპოზიციური. ვისაც ვუყურებ – სირცხვილია!
იქნებ, ამდენი არც მეთქვა, მაგრამ ვატყობ, ჩასაძირად განწირული ხომალდიდან კისრისტეხით გარბიან ვირთხები!..
ერთგვარად მეუხერხულება ჩამოთვლა, თქვენ თავად იგულისხმეთ – მათ რომ პოლიტიკოსების სტატუსს მიანიჭებ და ჩვენთვის, საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის პოლიტიკოსს დაარქმევ, იქ საქართველო ხარ თუ აღარ ხარ, საკითხავი ხდება.. რა მნიშვნელობა აქვს, რატომ და რანაირად მოიტანა დროებამ, ფაქტი _ ფაქტია!
“ფაუნა” შემთხვევით არ მიხსენებია!
ვუყურებ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ე.წ. რადიკალურ და არარადიკალურ ოპოზიციას და ცნობილი ქართული მულტიპლიკაციური ფილმისა არ იყოს, “სულ ვირთხები და ვირთხები” მელანდება!
მხოლოდ ვირთხა რომ იყოს სასასაუბრო თუ საძებარი, რა უჭირს, პოლიტიკურმა (არა მხოლოდ) სიბინძურემ ტარაკნების გაჩენაც იცის!
ვუყურებ საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ უდაბნოს და ე,წ. რადიკალებისა თუU არარადიკალური ოპოზიციის შემხედვარეს, მხოლოდ “ვირთხები” და “ტარაკნები” მელანდება. უკაცრავად, თქვენ სხვა რამეს ხედავთ?
ღვთისგან გაჩენილი გველკუებისადმი მორიდება და იდუმალი ტრფობა მაქვს, ერთგვარად პატივს ვცემ, ამდენად, მოკლედ განვმარტავ, რომ ტერარიუმი სივრცეა, სადაც ინახავენ წყალხმელეთა ცხოველებსა და ქვეწარმავლებს მათზე დაკვირვების საწარმოებლად ან სხვა მიზნით – ღმერთო, გამანდე დიდი საიდუმლო, საქართველო ტერარიუმია?
სხვაგვარად როგორ ვიკითხო, როდესაც უცხო ქვეყნის აგენტებს შუბლზე აწერიათ დანომრილი ვირთხობა, ხოლო ტარაკნებს – მიშამადიდებლობა?
ვირთხაც არის და ვირთხაც!
დაგვიდგა თორიას კასრი ვიღაც მადლიანმა და ძალიან გონიერმა კაცმა, გველისმჭამელმა (“გველისმჭამელი” _ წიგნის წაკითხვა სავალდებულოა!) შუაგულ კავკასიაში, კონკრეტულად, საქართველოში, თბილისში. ვხედავთ, აღვიქვამთ, მაგრამ არ ვაღიარებთ “იმ კაცს”, ვიღაც პუტინს დავდევთ მსოფლიო კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილები -მეცინებაღა, “კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო” კი არა და, პუტინი რა შუაშია?
ჰო, ზის ის საბრალო პუტინი სადღაც, ბაიკალ-ამურის ტერიტორიაზე ბუნკერში, ცახცახებს და მისი ექვსი ორეული 52 ქვეყნის ვირთხის ჟლეტით ერთობა? -რა ვიცი,… რეალობიდან გამომდინარე, უხერხულია ამის შემდგომი განხილვა…
სიტყვა ერთგვარად გამიგრძელდა, არადა ორ ძვირფას ქალბატონზე მქონდა მცირედი კომენტარის გამოთქმის სურვილი. ქართველებმა ვიცით: “მულო, შენ გეუბნები, რძალო – შენ გაიგონეო”.
დიდი სიმპათია მაქვს-მეთქი, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ბოლო დროისათვის ერთგვარად მესიმპათიურებიან ქალბატონები: ხათუნა სამნიძე -მკივან-მაგინებელი და ხატია დეკანოიძე-სახელგატეხილი (გნებავთ, საქართველოში, გნებავთ -უკრაინაში).
განა რა არის გასაოცარი, როდესაც ადამიანი შეწუხდება საკუთარი უგვანობით და მოძღვარს მიაკითხავს, მაგრამ ამათი მოძღვარი სად არის, რწმენის რომელ აბსტრაქციაში, ვერ დავადგინე!
ვიყავით არაგველურ სიტუაციაში – არ გვყავდა არანაირი პარტია. ერთი სასიკვდილე “საბჭოთა კავშირი” იყო და ყველამ ვიცოდით, რომ სულს ღაფავდა. აი, იმ სასიკვდილე დროს “ლოალურად” არსებობდა “რესპუბლიკური პარტია”! საბჭოთა უშიშროებამ სწორედ რომ “ლოალურად” დაუშვა ამ პარტიის არსებობა _ მხოლოდ მე მეჩვენება, რომ ეს ამბავი ერთგვარად საინტერესოა?
ჩემი პირადი ნაფიქრი საკითხავად რომ დამღლელი არ იყოს, მცირედით გადავუხვევ _ მეუღლე მეზღვაური მყავდა (კაპიტნის მეორე თანაშემწე შორეულ ნაოსნობაში) და მას ვკითხე: ვახო, მართლა ასეა, ვირთხები წინასწარ გრძნობენ უბედურებას და გემიდან გარბიან?…მიპასუხა: თუ ჯანმრთელია, გარბის! ვერ გავიგე-მეთქი? რა ვერ გაიგე? ჯანმრთელი – ჯანმრთელია, იცის, რომ შეძლებს! ნახევრად ჯანმრთელმა იცის, რომ ვერ გაუძლებს იმას, რაც ელოდება – ვირთხები გენიოსები არიან!
დედას ვფიცავარ, დავასკვენი, რომ “რესპუბლიკელები” პოლიტიკური ვირთხები არიან, მაგრამ პატივსაცემები რატომ არიან, ქალბატონი ხათუნა სამნიძის ამასწინდელ გამოიხდომა-აღიარებამდე ვერ მივხვდი!
საწყალ ლევან ბერძენიშვილს “რესპუბლიკური პარტიიდან”, 3%-იან ჩამშვებს უწოდებდნენ, ეს ქალბატონი რამდენპროცენტიანია, ნეტავ?
ქალბატონი ხათუნა და მასზე მიდევნებული ბევრი “ხათუნები” ის ჩვეულებრივი ჯანმრთელი ვირთხები არიან, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ ხომალდი კი იძირება, მაგრამ ჯანი მოსდევთ, რომ ის წინააღმდეგობები გადალახონ, რაც მეორე ხომალდზე აძვრომამდე წინ დახვდებათ.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ქალბატონი ხათუნ(ებ)ა ის თვითმყოფადი განყენებული ძალაა, რომელსაც იმის თქმის რამენაირი ძალა შესწევს, რაც თქვა? “ატამანს აუხირდა ეგორი?”
დიდი ხნის განმავლობაში სულ მაინტერესებდა და ხელსაყრელ შემთხვევას არ ვუშვებდი ხელიდან, მეკითხა, რანაირად არის ეს საქმე “გამოწყობილი”, როდესაც ხელისუფლებასაც და ე.წ. ოპოზიციასაც ერთი მისწრაფება აქვთ (ვგულისხმობ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას), მაგრამ გადაულახავი “პოლარიზაცია” აქვთ-მეთქი. შავ მასალაზე თეთრი ძაფით ამოგვირისტებული იყო (არის) ის არაადეკვატური მოცემულობა, რისი გამოსწორებაც არ უნდა “მქარგავს”. გასაგები არაფერია, გაგებული გვაქვს, რომ მღვრიე წყალში თევზი ადვილი დასაჭერია, უბრალოდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მაქსიმალურად აწმინდავებს ამღვრეულს… ვიღაც პირფერობაში ჩამითვლის, მაგრამ პირუთვნელი ადამიანები დამიდასტურებენ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სწორედ რომ სამართებლის პირზე გვატარებს ისე, რომ მცირედადაც კი არ დავზიანდეთ… ამას თუ ვერ დაინახავ, უბრალოდ, უმადური ხარ!
ევროკავშირი! ესენი, “ძალიან ევროპელები”, აი, ისინი “შიგ ევროპაში, სახლში რომ მიდიან”, იმ “სახლში” რატომ დარბიან და ვირთხობენ, არ მისცეთ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიო?
მართალია, დღემდე ვერ ჩამომიყალიბა ვერავინ ორ პუნქტად, რა სარგებელი ექნება საქართველოს ამ კავშირის წევრობიდან და რა ზარალი, მაგრამ რასაც ორივე დაპირისპირებული მხარე ესწრაფვის, ქალბატონი ხათუნა სამნიძე რატომ ადებს ხელს ე.წ. ოპოზიციას, რომ ამ ერთობლივი მიზნის მიღწევაში “ვიღაც-ვიღაცები” დიდ გარჯაში არიან საქართველოს წინააღმდეგ?
ერთგვარად გამეცინა, როდესაც საქართველოს მავნებლებად დასახელდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (ერთიანი კი არა, ერთმანეთს ხელისცეცებით ეძებენ მზის შუქზე), “ლელო” და განყენებულად ნიკა გვარამია. დანარჩენები სად არიან, “ქართული ოცნების” მზეს იფიცებენ? “ბოდიშა თვალპაჭუნასა” და მისთანების გამოტოვება შეიძლებოდა?!
მიყვარს ოფიციალურიად გამოთქმული ფრაზები “მმართველი პარტია დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებდა”, – ჩემო კარგო მმართველო პარტიავ, რანაირად ამტკიცებდი? კრებსითმა ხათუნა სამნიძეებმა დადეს აღიარებითი ჩვენება, თორემ ჯერ კიდევ შუა მტკიცებაში იქნებოდი… იმის იქით წავიდოდი, აკაკი ბობოხიძიდან მოვყვები, მაგრამ ვიღას ახსოვს მუშტი-კრივა ოქლაქი და, თანაც, უბრალოდ, უხერხულია…
ვირთხა რომ პატივსაცემი “გენია” არ იყოს, ფილმი “ფანტომი ოპერაში” მრავალი ინტერპრეტაციიით არ გამოვიდოდა…
განა რამეა, ისედაც ვიცოდით, ვინ სად დადიოდა და რატომ, მაგრამ ქალბატონმა ხათუნამ და ქალბატონმა ხატია დეკანოიძემ მოიშვლიპეს მანტია და ტიპიური ვირთხები ახალი სტილით გამოჩნდნენ.
“ვირთხა” სულაც არ არის შეურაცხმყოფელი სიტყვა! ბატონმა რეზო მიშველაძემ ჩემს ჯგუფელს უთხრა, ახლა შევამჩნიე, ჩოჩორის თვალები გაქვსო. მოკვდა გოგო ტირილით. გურჯაანელი იყო, თორემ რა აატირებდა, კაცმა კომპლიმენტი უთხრა. ასეა “ჩემი ვირთხის” ამბავიც…
ელემენტარულია, 2024 წლის არჩევნები ახლოვდება და ძირგამძვრალი გემი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რა სახარბიელოა? სხვათა შორის, როდესაც პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე იყო საუბარი და ვინმე შარლ მიშელზე იყო ჩამოკიდებული ყველა, მაშინაც ქალბატონმა ხათუნამ თქვა “ქუჩაში ქვეყნის ბედი არ წყდებაო”, რატომ დავიკარგოთ? მერე რა, რომ ქვეყნის მტარვალები ისე მიიშალ-მოიშალნენ, ირანული ჯილა ყაისნაღიდან ერთ თვალსაც ვერ ამოიყვან…
ესენი ჯანდაბას – ის “გირჩი” მთლად გამოგირჩდა, თუ რა დაემართა, რა “გენდერი” აუტყდა ყოველივე უგვანოს მოტრფიალე ე.წ. პარტიას, ქალბატონი ხათუნას მატარებელს ებმება ლიანდაგების გამწმენდად?
ერთი აზრი მინდა ჩამოვაყალიბო, მაგრამ თუ კამერების თანხლებით “გირჩი” პლანს არ დამითესავს რედაქციის წინ ან რედაქციაში, ხოლო “რესპუბლიკელები” “სემ სოროკს არ მიცეკვებენ” (ეკა კვესიტაძის პლაგიატი გავხდი) _ არაფერი გამოვა!
ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს, მაგრამ ვინ მიპასუხებს? – არავინ! როდესაც ეს ერთიანი ჯაზბანდა იმ “შიგ ევროპაში” მიდიოდნენ, სხვადასხვა კაბინეტებში შედიოდნენ თუ როგორ იყო? და თუ ერთმანეთის ნაუბარი ესმოდათ, მაშინ სად იყვნენ და ახლა რა წყალმა ამოუსხათ ერთობაში?
როგორც საქმის ვითარება გვიჩვენებს, “მატარებელი-2024” მალე გამოვა დეპოდან და ყველა უსაქმური, ბილეთიანი და უბილეთო ცდილობს, შეახტეს. დოკუმენტური კადრები მაქვს ნანახი, ზოგი ინდოეთში არსებულ ვითარებას გადმოგვცემს და ზოგი -პაკისტანისას. ზუსტად ის კადრები მიდგება თვალწინ, როდესაც წარმოვიდგენ, ვინ როგორ ჩამოეკონწიალება ჩვენს საარჩევნო მატარებელს. მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს, კუზანოვის კლინიკა ვერ უშველით და რა სახის პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებენ და სად, რომ “ნაცები” და მისთანები ვეღარავინ იცნოს?
აშშ-ის ახალი ელჩი, რაგინდ “მარსკაია პეხოტის უსტაბაში” იყოს, ჯერ საქართველოს “გაგნებაში” არ არის და სანამ მსოფლიოს ენების ჩიქორთულ ნაზავზე ეს ჩვენის პრეზიდენტი რამეს გააგებინებს, ის ნაცგემიც ჩაილურის წყალს დალევს და პლასტიკურნატანჯი “ლამაზმანიც” ზედ მიჰყვება.
მე მიქვამს და თქვენ -დაიხსომეთ!
“საერთო გაზეთი”