საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ქინძო,ისევ გლდანის ციხისკენ მიმავალი გზა ჩანს პერსპექტივნად! – საერთო მედია
ნოემბერი 29, 2023

ქინძო,ისევ გლდანის ციხისკენ მიმავალი გზა ჩანს პერსპექტივნად!

  მეოთხე ტანკისტი და მსოფლიო სასიძო
ახლახან ხმა გავრცელდა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა 45-ე კონგრესმა, უკრაინული მხარის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე, რეზოლუციიდან ამოიღოო.
სიმართლე გითხრათ, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეა თუ ჭორი, არ დავინტერესებულვარ, რადგან ია ფარულავასა და ნანუკა ჟორჟოლიანის ჭუკჭუკმა გადამრთო თავისკენ. ია იგონებდა, ლოს-ანჟელესიდან მიშამ ჩამომიყვანა, ქალო, საქმროს აართვა ჩემი თავი, ია ცოლად მიმყავსო და მეც მეტი რა მინდოდაო? მერე რა მოხდა, მიშამ როგორ და რატომ “გადააგდო”, აღარ არის საინტერესო, ია პირველი გადაგდებულია თუ ბოლო? თანაც, იას სიმღერა არ გამიგია არც მეგრულად, არც იტალიურად ან ინგლისურად, არც უკრაინულად, სომხურადაც კი, და დარჩა ასე, უსტატუსოდ… რა უნიჭო ყოფილა ია, “ახ, სირუნ, სირუნის” მღერაზე ადვილი რა არის?
ბიჯოო, ეს ჩვენის “კამო” რა ხვადაგი კაცია! უკვე ეჭვი გამიჩნდა, ყველა მიშამადიდებელი იასავით გაბრიყვებული ხომ არ არის, ნეტავ, აბა, რამ გააფრენინათ დორბლიან პათოლოგზე ასე ერთობლივად? ამდენი ქალი, ამდენი მიტოვებული, ამდენი ბავშვი… ჭორაობა მეზარება, თორემ ხვადაგი ქინძისგან მიქინძულ სამ-ოთხ ქალს მეც გავიხსენებდი და კიდევ ძმაკაცისა თუ ახლო ნათესავების ცოლებსაც…
მიშას სიყვარულებზე კლარნეტისტი თუ საქსოფონისტი ლიზა იასკო გამახსენდა, მის გახსენებაზე კი _ უკრაინა!
მახსოვს, არსენ ავაქოვს შენიშვნა მისცეს, შენ შურაცხყოფა მიაყენე საჯაროდ, წყლიანი ჭიქა როგორ ესროლე გუბერნატორ სააკაშვილსო?! ავაქოვმა შეიცხადა, როგორ გეკადრებათ, შეურცხყოფა არც მიფიქრია, მხოლოდ ქინძი მოვრწყე საჯაროდო…
ისე, ქინძს უნდა ხოლმე მორწყვა, ხშირადაც კი, უფრო უკეთაც კი, რათა დაეტყოს, რა ქინძიცაა.
შავი ღრუბლები შეიკრა უკრაინის პოლიტიკურ ცაზე ოდესის გუბერნატორის თავზე მეხის დასაცემად, მით უფრო, რომ თავისი უაზრო ლაყლაყით საკუთარი პერსონის წინააღმდეგ მიდიოდა ყოველი პირის გაღებაზე და ამოაყოფინეს კიდეც თავი ჯერ არაჟნის კონტეინერში, შემდეგ გლდანში და კვლავაც გლდანი ეზომება.
როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ვფიქრობდი, რა მოუშორებელი და, რაც მთავარია, მაოხრებელი გახდა ეს ერთი “ცენტრი-კაცი”, გვარ-სახელით მიხეილ (მიშა) სააკაშვილი-მეთქი და ისეთი უცნაური დამთხვევები ამოაგდო მეხსიერებამ, ხალისი შემოიტანა ჩემს ფიქრებში და ხუმრობის გუნებაზე დამაყენა.
არ მახსოვს, ვისი ნათქვამია: “არ არსებობს “შემთხვევით” და “დაემთხვა”, არსებობს ღმერთის სურვილი, რომ დარჩეს ინკოგნიტოდ”.
კარგად გვახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილს, თვითონ, თუ ვინმეს ზეგავლენით ან რჩევით, სიმბოლოებით უყვარდა საუბარი. ამდენად, ერთგვარ სიმბოლურ წინასწარმეტყველებად შეუძლია მიიღოს ის, რაც კინოფილმებმა შემოინახეს და, ერთგვარად, ქრონოლოგიურად სახალისოდ აეწყო.
1966 წელს, პოლონეთში ტელეეკრანებზე გამოჩნდა სამამულო იმის თემაზე გადაღებული სერიალი (მე შავ-თეთრი გამოსახულებით მაქვს ნანახი) “ოთხი ტანკისტი და ძაღლი” (რეჟისორები: ანჯეი ჩეკალსკი და კონრად ნალეცკი. საბჭოთა კავშირში ფილმი 1968 წელს გავიდა ტელეეკრანზე). ფილმის მთავარი ოთხეულიდან ერთი, მძღოლი-მექანიკოსის გრიგოლ სააკაშვილის პერსონაჟი იყო, კავკასიური ტემპერამენტის მქონე ერთადერთი ტანკისტი, რომელიც პოლონელი არ იყო და დაიღალა იმის ახსნით, სად მდებარეობდა საქართველო.
მხოლოდ ერთი წუთით, ფიგურალურად და სიმბოლურად წარმოვიდგინოთ, რომ ეს ის სააკაშვილია, რომელიც თავდაპირველად გამოჩნდა და წარმოჩნდა საქართველოს პოლიტიკურ არენაზე. ახალაღმოცენებული ახალგაზრდა სააკაშვილი ისევე უყვარდა ხალხს, როგორც ტანკისტი სააკაშვილი _ მაყურებელს;
როგორც ტანკისტი სააკაშვილი ირჯებოდა საქართველოს წარმოსაჩენად და გასაცნობად პოლონეთში, ისე ირჯებოდა პოლიტიკოსი სააკაშვილი არა მხოლოდ პოლონეთში და კაჩინსკისთან, არამედ მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება ტანკისტი სააკაშვილის ტემპერამენტს, პოლიტიკოს სააკაშვილთან შედარებაც კი უხერხულია, თუმცა ტანკისტის დახასიათების ერთ-ერთი მთავარი შტრიხი სწორედ მისი ტემპერამენტია...
1979 წელს ეკრანებზე გამოვიდა ნანა მჭედლიძის კომედიური ჟანრის მხატვრული ფილმი “იმერული ესკიზები”, ანუ ტანკისტი სააკაშვილის საბჭოთა ეკრანებზე გამოჩენიდან 10-11 წლის შემდეგ. შედარებაში რომ გადავიყვანოთ, პოლიტიკოსმა სააკაშვილმა უკვე რომ გამოაჩინა საკუთარი რეალური სახე და ნანა მჭედლიძის ფილმში, დაფაზე ჩნდება სიმბოლური წარწერა-ნახატი, რაც მის მიმართ ხალხის დამოკიდებულებას გამოხატავს.
1984 წელს თენგიზ აბულაძემ გადაიღო ფილმი-ტრილოგია “მონანიება”, რომელიც ეკრანებზე გამოსვლამდე ვიდეოკასეტებით ვრცელდებოდა და აღნიშნული ფილმის ნამალავად ყურების გამო არაერთ ადამიანს შეექმნა პრობლემა საბჭოთა უშიშროებასთან (პირადად მე და ჩემი ახლობლები ღმერთის სურვილით ვართ გარჩენილები…).
ვისაც “მონანიების” თავდაპირველი ვერსია აქვს ნანახი, აუცილებლად ემახსოვრება ერთი მომენტი _ როდესაც დატუსაღებულთან ამანათის გადასაცემად მიდის პატიმრის გულშემატკივარი ქალი, ის ასახელებს პატიმრის გვარ-სახელს – მიხეილ სააკაშვილი! შემდეგ, რატომღაც, ფილმიდან ეს ვარიანტი გააქრეს, თუმცა, ძველი ვარიანტი მაინც არის შემორჩენილი აქა-იქ.
ვინ ჩაერია ფილმის ამ უმცირესი მონაკვეთის “აორთქლებაში”, რატომ და რა წინმსწრები მიზნით, ეს მხოლოდ იმდროინდელი უშიშროების ერთ კონკრეტულ პირს, ან ვიწრო წრეს ეცოდინება, მაგრამ ფაქტი ფაქტია (თემურ ალასანია რა შუაშია, სულაც არ მიხსენებია!)!
პოლიტიკოს მიხეილ სააკაშვილის რეალურ “ვარიანტშიც” ასე “უცნაურად” არის ჩარეული საბჭოთა უშიშროება და არა მხოლოდ;
რეალურ “ვარიანტშიც” ასე “უცნაურად” აქრობენ მისი დანაშაულებრივი საქმიანობების გამოაშკარავების ყველა მცდელობას;
რეალურ “ვარიანტშიც” ასე იცავს საბჭოთა უშიშროების სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის “უცნობი ფრთა”, როცა ძალიან გაუჭირდება…
მოკლედ რომ ვთქვათ, გვარი და სახელი “მიშა სააკაშვილი” ცალ-ცალკე და ერთად, შემონახულია სოციალისტური ქვეყნების კინომატოგრაფიაში და საოცარი სიზუსტით ასახავს საქართველოს ერთ-ერთი პრეზიდენტის, საქართველოში სისხლიანი რეჟიმის განმახორციელებელი, სისხლის სამართლის უამრავ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის, სიაფანდი პოლიტიკოსის მიხეილ სააკაშვილის წარსულსა და ეჭვშეუვალად დადასტურებულ მომავალს.
ფილმები წინასწარმეტყველურად თვითონ დალაგდნენ ქრონოლოგიურად _ ხალხისთვის საყვარელი სააკაშვილი (ტანკისტი; პოლიტიკოსი); “მიშა ყ*ე” დაფაზე და “მიშა, მკვლელო!” (სიმბოლური ნახატი-გამოსახულება და პოლიტიკოსი მიშა), “პატიმარი მიხეილ სააკაშვილი” ფილმში და სისხლის სამართლის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი…
რაგინდ ხელი აფაროს ვიღაცამ (ვიღაცებმა) ვითომ პოლიტიკოს მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას და ფილმივით, დასასჯელ დამნაშავეთა ნუსხიდან ამოიღოს მისი გვარ-სახელი, როგორც ფილმის პირველი ვარიანტი არ არის გამქრალი და დაკარგული, ისე არ დაიკარგება ის საქმეც, რომელსაც ლოგიკური დასასრული ექნება – პატიმარი მიხეილ სააკაშვილი!
ადამიანს, რომელსაც სჯერა სიმბოლოების, ერთგვარად კი უნდა შეძრწუნდეს, როდესაც მისი არაფრით გამორჩეული გვარ-სახელი (ერთად და ცალ-ცალკე) რატომღაც, აუხსნელი დამთხვევით ასე საოცრად ლაგდება წინსწრებით, თითქოს პლანეტებმა თავიანთი კოსმიური კანონზომიერების შესაბამისად დაალაგეს…
მიშა-უკვდავმა ჯერ არ იცის, რა ხასიათზე დადგებიან პლანეტები. ჰოდა, კოტრიალობს ახლა ეს ხვადაგი ქინძი “ვივამედში” და ისვენებს მოძალებული ქალებიდან ერთსღა ჩამოკიდებია, იმასაც, ეტყობა, იმის გამო, რომ ეჩვენება, თითქოს სადღაც, მივიწყებულში, საღეჭი კბილი აწუხებს ყრუდ… კოტრიალობს და აპროტესტებს, “ოცნება” საბჭოთა კგბ-სავით იქცევა, ჩემს ხმას ახშობს, რომ ხალხს ვერ მივაწვდინო და ხალისი დამეკარგოსო.
საინტერესოა, ხვადაგი ქინძი მიშა საკუთარ “სასწაულმოქმედ” ბოტასებსა და მირონმდინარე მაისურს რა სურვილს უთქვამს, უპირველესად, “შმოტკებო, ქალები კვლავ მიმრავლეო”, თუ “საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს, თორემ კიდევ ერთ ფილმს ამომიქექავს ეს უსაქმური ზურა ოშხერელიო”.
უსაქმური თავი აბია, მე კი ამოვუქექავ და იმის იქითაც წავალ!
ჯერ რა ღვთის რისხვაა, რომ ჩინელებს ლაო-ძი ჰყავდეთ, სუნ-ძი ჰყავდეთ და ქართველებს ეს არასრულყოფილი ქართველი ქინ-ძი?!
ჩემი ბავშვობის მეგობარი ერვანდა ასე ჰკითხავდა: მიშაჯან, ცავატანემ, “კავკასკაია პლენნიცა” გახსომს? ჰოდა, ჯიგარო, “ტავარიშჩ საახოვი” რას ამბობს, აბა, ბაშკა გაატოკე: მე მარტო ორი გზა მაქ, ან პირდაპირ მმაჩის ბიუროში მივდივარ, ან ეგრევე პრაკურორთანაო”.
ქინ-ძი მმაჩის ბიუროში ვერ წავა, ერთი ცოლი ორი ბავშვით ზედ აწერია და დანარჩენებს სადღა მიიწერს?
ისევ გლდანის ციხისკენ მიმავალი გზა ჩანს პერსპექტივნად.
აი, თქვენ კი გეცეთ პაპიჩემის ვირგლა ვირი!!!

“საერთო გაზეთი”
ზურა ოშხერელი