ბერაიამ სექსუალურად შემავიწროვა უნდა ვუჩივლო-აქუს ნაშიერი

აქუს უსახური თეონა ირაკლი ბერაიას სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს არადა ეს უმსგავსო დედაკაცი ვის რაში სჭირდება…
„უკვე გავიარე კონსულტაცია იურისტებთან და ვამზადებთ მიმართვას სახალხო დამცველისთვის, რათა დაადგინოს სექსუალური შევიწროების ფაქტი“, – მეუბნება თეონა აქუბარდია. ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს, 31 ოქტომბერს, პარლამენტის სასესიო დარბაზში გამართული პოლემიკისას, მმართველი გუნდის დეპუტატმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
იურისტები ირაკლი ბერაიას უხამს რეპლიკაში არა ე.წ. რიგით სიტყვიერ შეურაცხყოფას, არამედ სექსუალურ შევიწროებას ხედავენ, რომელიც აკრძალულია საქართველოს კანონით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, თეონა აქუბარდია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში მიმართოს სასამართლოსაც და ირაკლი ბერაიას მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტზე დაიწყოს დავა.
თეონა აქუბარდია, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ანუ ირაკლი ბერაიას მოადგილეცაა, კოლეგის რეპლიკებს არა მხოლოდ გენდერულ, არამედ მუქარის ჭრილშიც განიხილავს:
„ნამდვილად არ ვაპირებ შემოვიფარგლო ბერაიას მიერ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით. აქ საუბარია რისკებზე, როდესაც მთელი სპეცსამსახურები დგას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის უკან. დიახ, ვფიქრობ, რომ ეს არის არა მხოლოდ შევიწროება, არამედ, ეს არის გაფრთხილება სუს-ის მეთოდებით, რომ თუ არ გავჩუმდები, ამას შეიძლება დამატებით სხვა ზომებიც მოჰყვეს. მათ შორის, არ გამოვრიცხავ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ფაბრიკაციის გამოქვეყნებას. შესაბამისად, მე ამ საქმეს ვუყურებ, ერთი მხრივ, გენდერის ჭრილში და, მეორე მხრივ, ეს არის სუს-ის მეთოდებით ბრძოლა საკუთარი მოადგილის წინააღმდეგ“.
31 ოქტომბრის პარლამენტის სხდომაზე, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა. თქვა, რომ მიზეზი, რის გამოც აქუბარდია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ “მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება”. შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზების კასკადი კი დაასრულა ფრაზით: „მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს“.
დაიცავს თუ არა იმუნიტეტი ბერაიას, თუკი თეონა აქუბარდია სასამართლოში წავა?
ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ვერ დაიცავს და აი, რატომ:
„ეს რომ იყოს სისხლის სამართლის საქმე, სიტუაცია სხვაგვარი იქნებოდა, მაშინ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტის თაობაზე… და ა.შ. მაგრამ როდესაც საქმე ეხება სექსუალურ შევიწროებას და დისკრიმინაციას, ამ დროს პარლამენტარს არ იცავს იმუნიტეტი. სექსუალური შევიწროება შედის სექსუალური ძალადობის საერთაშორისოდ აღიარებულ ფორმებში და ვერაფერი გადაფარავს მის სიმძიმეს“.
სექსიზმისა და მიზოგინიის ტალღა პარლამენტში
სექსისტური, მიზოგინური გამონათქვამები და პოლიტიკური ოპონენტების გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ქართულ პოლიტიკაში არცთუ იშვიათი მოვლენაა. 31 ოქტომბერი არ ყოფილა გამონაკლისი.
პოლიტიკური ოპონენტები მიზოგინიასა და სექსიზმს მაშინ მიმართავენ, როდესაც სურთ, დააკნინონ პოლიტიკური „მტერი“ ქალი (და არა მხოლოდ ქალი), ცდილობენ ისინი წარმოაჩინონ არასრულფასოვან, დაბალი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანებად და ასე შეეცადონ მათ „დამარცხებას“, დისკრედიტაციასა და დამცირებას.
მართალია, 31 ოქტომბერს, დღის ბოლოს, ირაკლი ბერაიამ კოლეგის მიმართ გამოთქმული ღირსების შემლახავი და სექსისტური გამონათქვამების გამო ბოდიში მოიხადა და ის „ემოციურად გადაჭარბებულად“ შეაფასა, თუმცა, ამ სიტყვიერი „სინანულის“ გარდა მას სხვა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე არც კი უფიქრია.
„შეირგეთ ბოდიში“-ო, ასე მიმართა ოპოზიციას ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი ბერაიას თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.
ირაკლი ბერაიას აგრესიისა და უხამსი გამონათქვამების გამართლებას პირველ ნოემბერს თავგამოდებით ცდილობდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც აქეთ ადანაშაულებდა ქალ დეპუტატებს „უღირს“ და „არაქალურ“ საქციელში, რომლითაც ისინი ახდენენ „ქართველი ქალის, პოლიტიკოსი ქალის დისკრედიტაციას“:
„არავითარი მორალური უფლება, განსაკუთრებით ამ ქალ დეპუტატებს არ აქვთ ისაუბრონ არც ზრდილობაზე, არც ეთიკასა და არც არაფერზე. თქვენ იცით, როგორ იქცევიან ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში. ყველაზე სამარცხვინოდ იქცევიან. ჩვენი შემოღებულია გენდერული კვოტები და გენდერული კვოტების დისკრედიტაციას ახდენენ ეს ადამიანები. ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ გენდერული კვოტების პირობებში, გაუმჯობესდებოდა პარლამენტში გარემო, შემცირდებოდა პოლარიზაცია, იქნებოდა ნაკლები უზრდელობა, ეთიკის წესების დარღვევა და ა.შ. ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. რა თქმა უნდა, ასეთები არ არიან ქართველი ქალები, როგორებიც ეს ქალები არიან. ისინი ახდენენ ამ ფენომენის დისკრედიტაციას, რასაც ჰქვია ქალი, პოლიტიკოსი ქალი“.
ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, რომ ქალი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ირაკლი ბერაიამ ბოდიშის მოხდით ღირსეული საქციელი ჩაიდინა. ქალ კოლეგებს კი შეახსენა ორი თვის წინ, კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაშლილი ბანერი, რომლის გამოც ბოდიში არავის მოუხდია:
„თეა წულუკიანი ქალი პოლიტიკოსი არ არის? რა ბანერი გაუშალეს მას, ხო გახსოვთ ეს ყველაფერი? სად იყო მაშინ ქალი პოლიტიკოსის პატივისცემა, სად იყო კაცი პოლიტიკოსების რეაქცია ოპოზიციიდან, ბოდიში მოისმინეთ ვინმესგან? თეონა აქუბარდიას, ხატია დეკანოიძეს, სამნიძეს და სხვებს, წითლიძეს და ა.შ. ღირსება არ ეყოთ, რომ ბოდიში მოეხადათ არაქალური საქციელისთვის, უწმაწურობისთვის, მათ შორის, რაც ჩაიდინეს ქალი პოლიტიკოსის მიმართ. ანუ ღირსება აქვს ბერაიას, რომელმაც სინანული გამოხატა და ღირსება არ აქვს ამ ქალებს, რადგან არცერთხელ ბოდიში არ მოუხდიათ საკუთარი ბილწსიტყვაობისთვის, უწმაწურობისთვის და შეურაცხყოფისთვის“.
20 სექტემბერს, თინა ბოკუჩავამ, ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ და სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს და მისი ტრიბუნის წინ გაშალეს „ქართული ოცნების“ დროშა წარწერით, „Русский военный корабль, иди на х*й!“.
საქართველოს პარლამენტი, 2023 წლის 20 სექტემბერი, თეა წულუკიანის სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გაშალეს ბანერი
ამ ჟესტს პარლამენტში, 20 სექტემბერს, არაერთი სექსისტური გამონათქვამი მოჰყვა როგორც პარლამენტის წევრებისგან, მათ შორის, ირაკლი კობახიძისგან, ისე პარლამენტის თავმჯდომარისგან და თავად კულტურის მინისტრისგან, თეა წულუკიანისგანაც.
ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასიის“ თავმჯდომარე, ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ დიდი ხანია აკვირდება და სწავლობს პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ უკანასკნელ პერიოდში, ქართული პოლიტიკის ე.წ. კულტურის ნაწილადაა ქცეული ქალი კოლეგების მიმართ დამამცირებელი მოპყრობა, სექსიზმი და მიზოგინია:
„ყოველი საგნობრივი მსჯელობისას, რომელშიც ქალი დეპუტატები მონაწილეობენ და განსხვავებულ ან კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებენ, მათ წინააღმდეგ ხდება ძალადობის ელემენტების გამოყენება. და ეს ხდება იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ქალები განაიარაღონ, არ ისმოდეს განსხვავებული აზრი და, მეორე მხრივ, ამ ტენდენციას სხვებისთვის მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს, რომ თუკი შენ ჩაერთვები პოლიტიკაში და განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებ, სათანადო პასუხს მიიღებ და იცოდე, ამისთვის არავინ დაისჯება“.
31 ოქტომბერს, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“.
ისინი ამბობენ, რომ ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა, რომლებმაც საქართველოში დიდი ძალისხმევა გასწიეს გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, ბრძოლით მოპოვებული მიღწევების გაუმჯობესების ნაცვლად, რეგრესი მიიღეს:
„პარლამენტის ინციდენტი მოტივაციას უკარგავს ქალებს, რომლებსაც სურთ, აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში ან გახდნენ პოლიტიკის შემქმნელები. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ წარმოუდგენელია ქვეყანამ მიაღწიოს თანასწორობას მაშინ, როცა ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც თავად უნდა იყოს სწორი პოლიტიკის შემქმნელი და ხელს უწყობდეს უთანასწორობის აღმოფხვრას, უხეშად ირღვევა ქალთა უფლებები და ხელი ეწყობა პატრიარქატის გაძლიერებას. მეტიც, ყოველივე ეს ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას, სტატისტიკურად საგანგაშოდ მზარდი ფემიციდის შემთხვევების ფონზე.
საერთაშორისო პრაქტიკით, სანქციები განსხვავდება ქვეყნისა და საკანონმდებლო ორგანოს მიხედვით და შეიძლება მოიცავდეს სიტყვის უფლების ჩამორთმევას, გაფრთხილებას პარლამენტის თავმჯდომარის ან საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილი პირებისგან, საყვედურს, ფინანსურ ჯარიმას, მანდატის შეჩერებას და გარიცხვას“, – ნათქვამია განცხადებაში.