საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

“ბიჭიკოს საფრთხობელა” და ოპოტელევიზიები! – საერთო მედია
დეკემბერი 7, 2023

“ბიჭიკოს საფრთხობელა” და ოპოტელევიზიები!

“საერთო გაზეთს” ესაუბრა სასამართლო
სამედიცინო ექსპერტი
მაია ნიკოლეიშვილი:
ქალბატონო მაია, წინა კვირას პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, ზურაბიშვილი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს კანონებისთვის ვეტოს დადებას. რა ფენომენთან გვაქვს საქმე?

-მისი ქცევა მისივე პიროვნებიდანაც გამომდინარეობს და, ამავდროულად, იგი დასავლური ულტრალიბერალური პროექტის ნაწილიცაა. ეს უკვე ჩონჩხად ქცეული პროექტია, რომელიც საშინელებათა ფილმების მსგავსად (სადაც ადამიანებს ჯერ ხელი სძვრებათ, მერე ფეხი და ა.შ., თანდათან იშლებიან), თავის ნაწილებს ნელ-ნელა კარგავს. ქართულმა ულტრალიბერალიზმმა კლასიკური ლიბერალიზმი მთლიანად გაანადგურა. დღეს კონსერვატიზმი სჭარბობს, რასაც მივესალმები, თუმცა კლასიკური ლიბერალიზმიც უნდა არსებობდეს, მით უმეტეს, ჩვენისთანა ქვეყანაში. ზურაბიშვილი ფსევდოლიბერალების და “შინ ევროპელების” ანუ, დასავლური ფასეულობების პროექტში ინტეგრირდა. დღევანდელი დასავლეთის პოლიტიკური ელიტა დეგრადირებულია. ეს კოლოსია, რომელიც ხის ფეხებზე დგას და ხვალ-ზეგ ჩამოიშლება. ქართულ პოლიტიკაში ფასეული გახდა ეროვნული ღირებულებები, რაც ახალ ოპოზიციას – კონსერვატორებს აქვთ. ამ გზაგასაყარზე პრეზიდენტმა ფსევდოლიბერალიზმი და ევროპული ღირებულებები აირჩია. აღსანიშნავია, რომ ზურაბიშვილს მხოლოდ დნმ აქვს ქართული, თორემ მისი კულტურული კოდი ფრანგულია. იგი გახლავთ ქალი-ღამურა, რომელიც არც იქითაა, არც -აქეთ. იგი სხვა არჩევანს ვერც გააკეთებდა. არჩევანის გზაზე მას “ნაცმოძრაობა” დახვდა, თავისი სატელიტებით, რომლებიც მისთვის სასურველ ფიგურებს არ წარმოადგენენ. ზურაბიშვილი არ არის ნაცების მიმართ სიმპათიით განწყობილი, მაგრამ სხვა არჩევანი არ დარჩა. პარლამენტში ნიკო ნიკოლაძით იწონებდა თავს. ეს უკანასკნელი ქართული ფასეულობებისთვის იბრძოდა და არა იმისთვის, რა გზასაც სალომე დაადგა. სინამდვილეში, ეს ქალი დიდ დისკომფორტს განიცდის – ვინც აფურთხებდა, აგინებდა, დღეს მათ გვერდით დგომა უწევს. ეს ადვილი არ არის. ამას ხელს უწყობს მისი ფსიქოტიპიც -ღამურას კომპლექსის გამო საოცარი ინფანტილური, ბავშვური სიჯიუტე ახასიათებს.
 ზურაბიშვილი მაღალი რანგის დიპლომატი არასდროს ყოფილა. დიახ, იგი მხოლოდ იმ პროექტში, იმ ადამიანებთან ხედავს საკუთარ თავს, რომლებიც საერთოდ არ მოსწონს. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. სიმპათიებს მხოლოდ მისი ადმინისტრაციიდან იმსახურებს, რომელსაც ხელფასს სახელმწიფო უხდის. ზურაბიშვილს გუნდური მუშაობა თავისი კომპლექსების, ამბიციების გამო ძალიან უჭირს. იგი ინდივიდუალისტია. მას თავი სხვაზე აღმატებული ჰგონია მხოლოდ იმიტომ, რომ საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა. არადა, იგი არავისზე მეტად განათლებული არ არის. გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ბევრს არაფერს ნიშნავს. ამაზე სეროჟას ნათქვამი მახსენდება: თუ “გარაჟში” დაიბადები, ავტობუსი იქნებიო?! რადგან საფრანგეთში დაიბადე, არ ნიშნავს, რომ ვინმეზე აღმატებული ხარ.

ჯერ ერთი, ფრანგი ქართველზე აღმატებული არ არის. მას ეს არ ესმის, რადგან საბჭოთა კავშირთან ბრძოლაშია ჩარჩენილი. როგორც ყველა ამერიკელი, ისიც ყველა ქართველს ისე გვიყურებს, როგორც რუსს. ქართველი ხარ, სომეხი თუ აზერბაიჯანელი, მნიშვნელობა არ აქვს, ე.ი. რუსი ხარ. ამერიკა ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს ყველას რუსეთად აღიქვამს. აქედან გამომდინარე, სალომესთვისაც უცხონი ვართ. სხვათა შორის, პრეზიდენტი იმპიჩმენტის პროცედურის დღეს დაგვემუქრა: სულ სხვა სალომეს გაჩვენებთო. ესეც ბავშვური ინფანტილობაა. მის გამოსვლაში იგრძნობოდა თავის შეცოდებაც, ნიკოლაძით თავმომწონეობა და ა.შ. საბოლოოდ, ის პოლიტიკოსი კი არა, ინდივიდუალისტია, რომელიც იქ მოხვდა, სადაც არ უნდოდა. იგი იძულებული იქნება, იმ ხალხთან ერთად გასწიოს ჭაპანი, ვინც სულაც არ ეპიტნავება, მაგრამ დავალება აქვს შესასრულებელი _ ფსევდოლიბერალიზმის ჩონჩხს როგორმე ხორცი უნდა შეასხას. არადა, ეს შეუძლებელია _ მკვდარი ჯერ არავის გაუცოცხლებია. ჩვენ დღეს გზაგასაყარზე, დუღილის პროცესში ვართ. ამ ეტაპზე ჭარბი კონსერვატიზმი საქართველოს გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია. შემდგომ ის კლასიკური ლიბერალიზმით უნდა გაზავდეს. ამის დროც მოვა. დღეს, როცა მსოფლიო ახალი წესრიგი ყალიბდება, ჩვენი მთავარი ამოცანა გადარჩენაა.

დღეს ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ ვართ სუვერენული ქვეყანა. ჩვენი სუვერენიტეტი მხოლოდ ქალღალდზეა. ჩვენ არც ეკონომიკური სუვერენიტეტი გვაქვს, არც ენერგეტიკული და არც სამხედრო. საკუთარი თავის არც დაცვა შეგვიძლია, არც გამოკვება. ამიტომ ისევ და ისევ ის ღუზა უნდა ვიპოვოთ, რომელიც გადაგვარჩენს. ქვეყნები, რომლებიც ამას ვერ შეძლებენ, ჩაიყლაპებიან. უნდა მოვძებნოთ ის ფორმა, რითაც საქართველო გადარჩება. ამიტომ დღეს მშვიდობის შენარჩუნება უმთავრესია. მშვიდობა დღეს ნიშნავს სიცოცხლეს, ხოლო ომი _ ერის განადგურებას. საქართველოში ომი, რისკენაც მავანი გვიბიძგებს, საქართველოს და ერის განადგურებას უდრის. ოღონდ, ეს აბსოლუტურად უმნიშვნელოა ულტრალიბერალებისთვის, რადგან მათთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ღირებულს არაფერს წარმოადგენს. ისინი გლობალისტები არიან. მათთვის არც ის წარმოადგენს პრობლემას, მთელი საქართველო ამერიკის ნაწილი რომ გახდეს. ეროვნული ღირებულებები მათთვის უცხო ცნებაა.
-ქალბატონო მაია, ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვარამია ნაცების ბორდს უხელმძღვანელებს და სიასაც თავად შეადგენს.
– ვინ არის გვარამია?! – ჩონჩხის თავის ქალა ვინ იქნება, რა მნიშვნელობა აქვს. “ბიჭიკოს საფრთხობელას” თავი ხაბეიშვილის იქნება, გვარამიასი თუ სხვისი, ამით არაფერი იცვლება. მნიშვნელოვანი სულ სხვაა – საქართველოში ახალი პოლიტელიტების შექმნის პროცესი დაიწყო. ნაცები და მისი სატელიტები – ძველი პოლიტიკურ-იდეოლოგიური ელიტა, გაკოტრებულია. ოპოზიციური ტელემედიები ჩონჩხადქცეულ ნაცებს და მათ თავკაცებს – “ბიჭიკოს საფრთხობელებს” ძალით აცოცხლებენ და ხელებს მექანიკურად აქნევინებენ. თორემ, გვარამია დიდი ხანია, აღარაფერს წარმოადგენს, წონა აღარ აქვს.

ამ ელიტამ თავისი დრო და ციკლი უკვე მოჭამა. როგორც მოგახსენეთ, ახალი პოლიტიკური ელიტა იქმნება კონსერვატიზმის სახით. რეალურად ეს დუღილის პერიოდია. ძველმა პოლიტიკურ-იდეოლოგიურმა ელიტამ საკუთარი ციკლი ამოწურა ისე, როგორც მისმა პატრონმა. ამ ყველაფრის სახე, ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ, არის ბაიდენი. რუსი პოლიტოლოგი ბეზრუკოვი ამბობს: ის, რაც ამერიკაში ხდება, 1987-88 წლებს მაგონებს, როცა ვგრძნობდით, რომ რაღაც ირყეოდა, მაგრამ არ ვიცოდით, რეალურად რა ხდებოდაო. ასევეა კოლექტიური ბაიდენიც. ამ დღეებში ბაიდენმა აღიარა, რომ მსოფლიო წესრიგი იცვლება. რა იქნება შემდეგ? _ ჰეგემონი ომებში გაიხლართა, შეიძლება, მესამე ომიც დაიწყოს სამხრეთ ევრაზიის მიმართულებით. ასე რომ, ლიბერალ-დემოკრატებმა თავიანთი ციკლი მოჭამეს. ვიმეორებ, ეს ციკლი ჩვენთანაც მთავრდება. ამ არეულობაში კოლოსი, რომელიც ხის ფეხებზე დგას, დაცემისას ქვეშ ბევრს მოიყოლებს. ამიტომაც ვამბობ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა გადარჩენაა. გახსოვთ, როგორ ჩარეცხა მიშამ სიტყვიერად თავის დროზე პოლიტიკურ-იდეოლოგიური ელიტა ხელოვნურად.

დღეს რეალურად მიშას პოლიტიკურ იდეოლოგიური ელიტა გახლავთ ჩარეცხილი. ოღონდ ეს ბუნებრივად, კანონზომიერად მოხდა. აი, ამ პროცესების მომსწრე ვართ. ყოველდღე ღმერთს ვთხოვ, გარშემო ომი არ დაიწყოს და ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო როგორმე ამ განსაცდელს გადაურჩეს.
ბოლოს ერთ საკითხზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. როცა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებს თვალს ვადევნებდი, გამოიკვეთა, რომ ჩუგოშვილი პრაქტიკოს იურისტად ვერ ჩამოყალიბდა და ეს მხოლოდ მისი პრობლემა როდია. მას უფრო ენჯეოიურისპრუდენტობა ეტყობოდა. ენჯეო იურისტების ფლანგი ჩამოყალიბდა, რომლებიც, სამწუხაროდ, მთელი ცხოვრება ენჯეოში რჩებიან და აღარ ვითარდებიან. არადა, ენჯეოს დანიშნულებაა, საწყისი სტარტი მოგცეს და მერე სამუშაო დამოუკიდებლად თავად უნდა მოძებნო. ჩვენთან ენჯეოდამოკიდებულების მთელი კასტა ჩამოყალიბდა, რაც სირცხვილია. ამ ადამიანებმა საკუთარი ვერაფერი შექმნეს, არადა სტარტი ჰქონდათ, მხარში დაუდგნენ, გრანტები მიიღეს და მერე დამოუკიდებლად უნდა განვითარებულიყვნენ. პრაქტიკულად, ჩვენთან ენჯეოპარაზიტები ჩამოყალიბდნენ. სახელმწიფოს შენი განსხვავებული აზრით განვითარებაში უნდა მიეხმარო, კი არ უნდა ებრძოლო. სამწუხაროდ, აქ ენჯეოს იდეა მთლიანად დამახინჯდა. ეს ადამიანები მერე კერძო სექტორში, ბიზნესში კი არ წავიდნენ, არამედ პარაზიტებად დარჩნენ. იცით, რატომ? – იმიტომ, რომ ისინი ჩვეულებრივ ლენინის პროფესიონალ რევოლუციონერებად ჩამოყალიბდნენ. დიახ, ჩვენი ენჯეოების ძალიან დიდი ნაწილი პროფესიონალი რევოლუციონერები არიან. ისინი ენჯეოების საფარქვეშ არიან, სხვა ქვეყნის ინტერესებს ახორციელებენ და საკუთარ სახელმწიფოს ვნებენ. ანუ, უნდათ საქართველო ისე განვითარდეს, როგორც ეს დამკვეთს სურს. ამ პრივილეგირებულ რევოლუციონერებს ინახავს არა მათი პარტია, არამედ სხვა ქვეყნები, რათა ისინი საქართველოს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

თამარ შველიძე